ხელების ფორმის წყარო

როცა ორგანიზმს წყალი აკლია: რა არის გაუწყლოება და როგორ ამოვიცნოთ ის

1071
(განახლებულია 09:00 01.08.2020)
წყლის ბალანსი, ეს არის ის აუცილებელი მდგომარეობა, რაც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია და აუცილებლად უნდა იქნეს დაცული.

ორგანიზმში წყლის ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ ჯანმრთელად ვიგრძნოთ თავი. განსაკუთრებით ზაფხულში ხდება წყლის დაკარგვა, თანაც არაერთი გზით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ დავატენიანოთ ჩვენი ორგანიზმი, რომ არ მოხდეს დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა, რაც იწვევს დეჰიტრატაციას, იგივე გაუწყლოებას.

რა არის გაუწყლოება

როცა ადამიანი იმაზე მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს, ამ დროს ვითარდება დეჰიდრატაცია, იგივე გაუწყლოება. როდესაც ორგანიზმში ნორმალური წყლის შემცველობა იკლებს, ხდება მინერალების ბალანსის არევა, რაც მოქმედებს მის ფუნქციონირებაზე.

ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს  განუვითარდეს, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებსა და მოხუცებში. მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გაუწყლოების აღმოფხვრა დიდი რაოდენობით სითხის მიღებით არის შესაძლებელი, მძიმე ფორმის დროს კი აუცილებელია სამედიცინო ჩარევა.

რა იწვევს გაუწყლოებას

პირველი და ყველაზე მარტივი მიზეზი, რამაც შესაძლოა გაუწყლოება გამოიწვიოს არის სითხის არასაკმარისი მიღება, ან დაძაბული დღის რეჟიმი. ასევე კლიმატური მდგომარეობა, ფიზიკური ვარჯიში და არასათანადო საკვები. გაუწყლოება შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების შედეგად, მაგალითად მუდმივი ღებინების, დიარეის, მაღალი ტემპერატურის, ან ოფლიანობის  დროს.

განსაკუთრებული ყურადღება ჩვილებს და ჯერ ენაამოუდგმელ ბავშვებს სჭირდებათ, რადგან ისინი დამოუკიდებლად ვერ სვამენ წყალს და ვერც გვეუბნებიან, რომ სწყურიათ. ასევე მოხუცებს, რადგან დაბერებასთან ერთად მცირდება ორგანიზმში სითხის მარაგი, მისი შენახვის უნარი, ამასთან ასაკოვან ადამიანს უქვეითდება წყურვილის გრძნობა და აუცილებელია ხშირად შევახსენოთ მათ, რომ მიიღონ წყალი.

როგორ ვლინდება გაუწყლოება

ის ვლინდება არაერთი გამოხატულებით, როგორიც შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის შეფერხებული მუშაობა, ძილ-ღვიძილის ფაზების დარღვევა, კანის სიმშრალე, კანის აქერცვლა, ძილიანობა და სხვა მსგავსი გამოვლინებები.

ვინ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს

ბავშვები, მოხუცები, ქრონიკულ დაავადებათა მქონე პირები, ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მუშაობენ ან ვარჯიშობენ, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ცხოვრების წესის გამო უფრო ადვილად ემართებათ გაუწყლოება და მეტად საყურადღებო არიან.

როგორ ამოვიცნოთ გაუწყლოება

გაუწყლოების ნიშნები ყველა ასაკში განსხვავებულია. მაგალითად, ახალშობილებსა და ბავშვებთან გამოიხატება პირის სიმშრალე, უცრემლო ტირილი, სამი საათზე მეტხანს მშრალი საფენი, თვალებისა და ლოყების ჩაცვენა, მოდუნება ან გაღიზიანება. ზრდასრულებში გაუწყლოება გამოიხატება ძლიერი წყურვილით, გაიშვიათებული შარდვით, შარდის გამუქებით, მოთენთილობით, თავბრუხვევით, მეხსიერების დაქვეითებით და გონებაგაფანტულობით.

გაუწყლოების დროს დიდია არტერიული წნევის დაქვეითების ალბათობა,  ნორმალურზე სწრაფია გულისცემა და შემცირებულია კიდურებისკენ სისხლის მიდენა.

როგორ ხდება დიაგნოსტირება

გაუწყლოების დიაგნოზს ექიმები ფიზიკური ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე სვამენ. დიაგნოზის დასაზუსტებლად, ასევე გაუწყლოების ხარისხის დასადგენად პაციენტს უტარდება სისხლისა და შარდის ანალიზი.

როგორ ავიცილოთ თავიდან გაუწყლოება

გაუწყლოების თავიდან აცილება საკმაოდ მარტივია. უნდა ვეცადოთ, რომ არ დაველოდოთ წყურვილის შეგრძნებას და დღე-ღამეში შეძლებისდაგვარად რაც შეიძლება მეტი წყალი მივირთვათ. თუ ადამიანს არ აქვს წყურვილის შეგრძნება, ვერავინ აიძულებს წყლის დალევას, მაგრამ თუ გონივრულად მიუდგებით საკითხს, მივხვდებით, რომ  წყალი ყოვლად აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. დაახლოებით ნახევარ საათში ერთხელ, სულ მცირე 100 მლლ. წყალი მაინც უნდა მივიღოთ. ამ დროს, გაუწყლოება ნამდვილად არ დაემუქრება ორგანიზმს. როცა ცხელა, ტენიანობა მაღალია, გარეთ ვარჯიშის ან მუშაობის დროს საუკეთესო გამოსავალია გრილი წყლის სმა. შეიძლება ელექტროლიტების შემცველი სპორტული სასმელების მიღება.

როგორ ვუმკურნალოთ გაუწყლოებას

მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზა დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენაა. მედიკოსები მკურნალობის კურსს პაციენტის ასაკის, დეჰიდრატაციის სიმძიმისა და მიზეზის მიხედვით არჩევენ.

თუ გაუწყლოება ახალშობილებსა და ბავშვებშია გამოხატული, ამ დროს ინიშნება  ურეცეპტოდ გასაცემი დასალევი სარეჰიდრატაციო ხსნარები. ეს ხსნარები განსაზღვრული თანაფარდობით შეიცავს წყალს, მარილებს და აღადგენს სითხის, ასევე ელექტროლიტების ბალანსს. მოზრდილ ბავშვებში, ასევე  დასაშვებია წყალში გაზავებული ელექტროლიტების შემცველი სპორტული სასმელები.

რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გაუწყლოების დროს საკმარისია მეტი წყალის ან სხვა სითხის მიღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კოფეინის შემცველი სასმელები ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.

მძიმე გაუწყლოების დროს კი, განურჩევლად პაციენტის ასაკისა, საჭიროა მიმართოთ ექიმს და მოხდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ამბულატორიულად ან ჰოსპიტალში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

 

1071
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
დიეტა

სახელდება სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც გახდომას უშლის ხელს

103
(განახლებულია 17:27 18.09.2020)
კვების სპეციალისტების თქმით, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოდ მიიჩნევა, თუმცა რეალურად ისინი ხელს უშლის წონაში დაკლებას

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik.  არსებობს პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი წონის დაკლებას ხელს უშლის, იუწყება გამოცემა Clarin-ი დიეტოლოგ როსა მარია ესპინოზაზე დაყრდნობით.

ესპინოზას თქმით, ასეთ პროდუქტად მიიჩნევა მშრალი ბურბუშელა საუზმისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრ შაქარს შეიცავს და ამავე დროს მასში საერთოდ არ შედის უჯრედისი.

გარდა ამისა, ექსპერტი გვირჩევს, თავი ავარიდოთ მზა ტომატ-პასტის შეძენას და შინ დავამზადოთ ის, ვინაიდან ქარხნულ პროდუქციაში დიდი რაოდენობით შაქარი შედის.

ესპინოზას თქმით, გახდომაში ხელის შემშლელად ასევე შეიძლება ჩაითვალოს სმუზი. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ამ სასმლის კვირაში ხუთზე მეტი ულუფა გულ-სისხლძრღვთა დაავადებას იწვევს.

კიდევ ერთი სპეციალისტი, კვების ტრენერი სიუზანა ლეონი წონაში დაკლების მსურველებს ურჩევს, არ მიირთვან ჩირი (რომელშიც შაქრის მაღალი კონცენტრაციაა) და ასევე მოერიდნენ ბალზამიკოს, რომლის 100 გრამიც 22 გრამ შაქარსა და 110 კკლ-ს შეიცავს.

სპეციალისტის თქმით, ასევე ძალიან კალორიულია სოიოს სოუსიც: 100 გრამი 175  კალორიას და დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

103
თემები:
სასარგებლო რჩევები
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი

მითი თუ რეალობა: ვნებს თუ არა ღორის ხორცი ადამიანის ჯანმრთელობას

614
(განახლებულია 19:46 17.09.2020)
პაპა-ბებიებისგან, ნათესავ-მეზობლებისგან არაერთი სამედიცინო მითი გვსმენია. მითი კი, მოგეხსენებათ, სინამდვილისგან ხშირად შორს დგას. სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღემდე შემორჩა მცდარი შეხედულებები და მკურნალობის მეთოდები, რომლებიც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე.

საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ ღორის ხორცის ავკარგიანობაზე. ხშირად ღორის ხორცი ხასიათდება როგორც არაჯანსაღი ხორცი და ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ მისი მიღება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოქმნის. როგორც აღმოჩნდა, ღორის ხორცი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ღორი არ იცოხნება, შესაბამისად, იგი არ გადაამუშავებს საკვებს ხელმეორედ და ამიტომ ღორის სხვა მახასიათებლები უფრო თავსებადია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ვიდრე საქონლის. ამასთან, თუ ღორი იზრდება ღია ცის ქვეშ, ამ შემთხვევაში მის ხორცში დიდი რაოდენობით ომეგა 3 იქნება. ღორის ხორცი ცილების წყაროა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი დიეტა სასარგებლოა სპორტსმენებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან წონაში დაიკლონ. ღორის ხორცი მატებს ენერგიას და ფიზიკურ აქტივობას, ეხმარება ადამიანებს დაავადების შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში ან ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციაში.

ინფექციონისტმა მაია ბუჭაშვილმა გააქარწლა მითი, თითქოს ღორის ხორცი ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

- შეიძლება ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი არ იყოს და ამდენ მსჯელობას არც იმსახურებდეს, ზოგს გაუკვირდება, ამ გაგანია პანდემიის დროს რა დროს ეს არისო, უბრალოდ, საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების კიდევ ერთი უმარტივესი მაგალითი მინდა მოვიყვანო.

პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ არ ჭამს ღორის ხორცს და დარწმუნებული არიან, რომ ამით ძალიან უწყობენ ხელს თავიანთ ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებით ხშირია ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.

გაუგებარია, საიდან მოდის ეს ძალიან მყარად დამკვიდრებული აზრი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ღორის ხორცს რაიმე სპეციფიკური მავნებლობა ახასიათებდეს ძროხის ხორცთან შედარებით.

ღორის ხორცთან მებრძოლთა ერთ-ერთი არგუმენტი ალბათ ის არის, რომ ცხიმიანია, თუმცა არგუმენტად ეს ვერ გამოდგება, რადგან თუ ჩვენ განვიხილავთ კუნთოვან ნაწილს (ანუ „მჭლე“), სატურირებული ცხიმის შემცველობით, ძროხის ხორცი აღემატება ღორისას. მეორე მხრივ, მთელი რიგი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების შემცველობით ღორის ხორცს უპირატესობებიც გააჩნია (გარდა რკინისა, რომელიც მეტია ძროხის ხორცში).

ასევე დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ბავშვებს (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებს) არ უნდა მივცეთ ღორის ხორცი. თუ დავაკვირდებით, დასავლეთის ქვეყნებში ბავშვთა კვებაში ჩვეულებრივ არის წარმოდგენილი ღორის ხორცი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაში არ არის აკრძალული ჩვილი ბავშვებისთვის ღორის ხორცის გამოყენება.

დასკვნა კი ის არის, რომ როდესაც რაღაც შეზღუდვებს ვუწესებთ ჩვენს თავს (ან, პირიქით, როდესაც რაღაც პროდუქტის თუ ნივთიერების მარგებლობის გვჯერა), კარგი იქნება, თუ შესაბამის არგუმენტებს მოვიძიებთ. ეს პირველ რიგში ეხება ჯანდაცვის მუშაკებს, რომლესაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პაციენტებისთვის თუნდაც ასეთი მარტივი რეკომენდაციების მიცემის დროს და მათი ეს რჩევები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით.

 

614
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (48)
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

19
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

19
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020