რა არის ბავშვის „ნასიცხი“ და როგორ ვებრძოლოთ მას: პედიატრის რეკომენდაცია

გამოწერა
დაცხა და სიცხემ საზაფხულო პრობლემებიც მოიტანა. დღეს ნასიცხზე მოგიყვებით, რომელსაც სამედიცინო ლიტერატურაში უფრო რთული სახელი აქვს – ოფლით გამოწვეული წითელი დერმატოზი.

რა იწვევს ნასიცხს და როგორ დავიცვათ მისგან პატარა, ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
რა არის ბავშვის „ნასიცხი“ და როგორ ვებრძოლოთ მას: პედიატრის რეკომენდაცია - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

- რა იწვევს ნასიცხს?

- ზაფხულში გარემოს ტემპერტურა მკვეთრად მატულობს და პატარა ოფლიანობს. კანის ფორები ვიწროა, მათი დახშობა კანის გაღიზიანებას იწვევს, რაც წვრილი წითელი გამონაყარის სახით ვლინდება.

ეს უსიამოვნო წითელი კოპლები მეტად გამოიხატება ფიზიოლოგიურ ნაოჭებში, სხეულის ზედა ნაწილებში. ნასიცხი წლის ცივ დროსაც შეიძლება განვითარდეს, თუ პატარას ძალიან თბილად აცმევთ, რის გამოც ის ოფლიანობს.

ნასიცხის განვითარებას ხელს უწყობს ახალშობილის და ჩვილის კანის ანატომიურ-ფიზოლოგიური თავისებურებები – კანი თხელია, მის ფენებს შორის კავშირი სუსტია, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ყოველივე ამის გამო კანი პატარა ასაკში ადვილად ზიანდება და ღიზიანდება, მეორადი ინფექციის შეჭრა და გავრცელება სწრაფად ხდება.

პატარა ბავშვის ფეხები - Sputnik საქართველო
როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს და რა პერიოდია ამისთვის საუკეთესო

- სტკივა თუ არა გამონაყარი პატარას?

- საბედნიეროდ, არა, გამონაყარი მტკივნეული არ არის, თუმცა მას შესაძლოა თან მცირე ქავილი ახლდეს და ბავშვს დისკომფორტს უქმნიდეს.

- როგორ დავეხმაროთ?

- ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ, ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ დღის მანძილზე, საღამოს კი დასაბანი საშუალებაც გამოიყენოთ. მთავარია, პატარას ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია. თუ წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და გულდასმით გაამშრალეთ.

ნუ გამოიყენებთ ტალკს და ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით მხოლოდ უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ.

ბავშვები ზღვაზე - Sputnik საქართველო
როგორ შევარჩიოთ კურორტი ბავშვისთვის – პედიატრის რჩევები

არ გამოიყენოთ სინთეზური ქსოვილებისგან შეკერილი სამოსი. ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა კანის სუნთქვას და „განიავებას“ ხელი შეუწყოთ.

ყურადღება მიაქციეთ კანის სისუფთავეს. მიკრობების შეჭრისას შესაძლებელია კანი უფრო მეტად დაზიანდეს, წარმოიქმნას ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანების დიდი კერები, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საშიშროებას უქმნის.

ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კონდიციონერი, ოთახის ტემპერატურა 22-23 გრადუსი უნდა იყოს.

არ დაივიწყოთ სითხეების გაზრდილი რაოდენობით მიწოდება. ოფლის სახით ხომ პატარა სითხეს კარგავს, რამაც შესაძლებელია გადახურება და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.

ნასიცხი, თავისთავად, საშიში არ არის, მაგრამ თუ გამონაყარი გავრცელდა, კანი მეტად გაღიზიანდა, შენიშნეთ ჩირქოვანი გამონაყარი, აუცილებლად ეწვიეთ ვიზიტით თქვენს ექიმს.

მზიან, მხიარულ ზაფხულს გისურვებთ, ოღონდ საზაფხულო პრობლემების გარეშე!

 

ყველა ახალი ამბავი
0