ნაყინი ხილით

აციებს თუ არა ყელს ცივი წყალი ან ნაყინი და როგორ მოქმედებს ორგანიზმზე გაზიანი სასმელები

545
(განახლებულია 16:44 22.07.2020)
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება საქართველოში, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდიით, სიცხესთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დიდი რაოდენობით სითხის მიღებაა. ჩვენც არ ვაყოვნებთ და გაგრილების მიზნით აქტიურად მივირთმევთ მაცივრის ცივ, ხშირად კი ყინულიან წყალს, გეახლებით ნაყინს, გაზიან სასმელებს.

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ზაფხულის პერიოდში ცივი წყალი, ნაყინი, აციებს ყელს და იწვევს ანთებით პროცესებს. მითია ეს ყველაფერი თუ რეალობა, ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი, თსსუ-ის პროფესორი ლიკა ლომიძე საუბრობს.

ლიკა ლომიძე
ლიკა ლომიძე

ზაფხულის, ზღვის და ქვიშის სეზონთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური წყალთან შეხებაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გადახურება–გადაცივება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ხოლმე მზის სხივებთან ზედმეტ ურთიერთობას, ან ზედმეტ ცივ წყალთან და ნაყინთან ურთიერთობას, რომელსაც, დამეთანხმებით, ბავშვები კი არა, დიდებიც ვერ ავუვლით ხოლმე ზაფხულობით გვერდს.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ ადამიანი ჯანმრთელია, თუ მისი ყელი არ არის ქრონიკულ მდგომარეობაში, არ არის ხშირად მოავადე, იმუნური სისტემა ძლიერი აქვს, ნაყინი და ცივი წყალი მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ნაყინი და ცივი წყალი არ იწვევს იმ ანთებით პროცესს, რომელსაც ხშირად მიაწერენ მათ მოქმედებას. თუმცა, არსებობს რისკის ჯგუფი, რომლებზეც გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას და ხელს უწყობს ანთებით პროცესებს.

ესკიმო
© CC0 / Pixabay
ესკიმო

რისკის ჯგუფში მოიაზრებიან ქრონიკული ტინზილიტით დაავადებული ადამიანები – როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულებიც. ასევე ქრონიკული ფარინგიტით და ლარინგიტით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ რემისიის პერიოდები, ზოგჯერ ხანგრძლივიც კი. შესაძლოა მათ არც იციან, რომ აქვთ ეს ქრონიკული ტინზილიტი და ხშირად არის ფარული სახის ტინზილიტი, როცა არ გამოვლინდება ანთებით და ხშირი ანგინებით. ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ნებისმიერმა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა გამოიწვიოს მისი გამწვავება.

თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგო მინდა ვთქვა გაზიან სასმელებზე, რომელიც არ არის სასურველი ყელისთვის. ხშირად აღიზიანებს ყელს, განსაკუთრებით მოზრდილებში. უმეტესად იწვევს ფარინგიტებს, რაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ჩვენი არასწორი თუ არაჯანსაღი კვების გამო. გაზიანი სასმელი არის ერთ-ერთი ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორი იმისა, რომ გამოიწვიოს ფარინგიტი.

ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე
© Sputnik / Alexander Imedashvili
ბორჯომი და ქართული ლიმონათი სუფრაზე

ჩივილები ძირითად იწყება ხმის ჩახლეჩვით, ხმის დაკარგვით, ზოგჯერ ხდება ყელის გამოშრობა, რომელიც გამოიხატება ხოლმე მშრალი ხველით, ტკივილით და ყლაპვის გაძნელებით. თუ ეს შემდეგ გართულდა და პაციენტს არ მივეცით მკურნალობის საშუალება, ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია სხვა გართულებებიც გამოიწვიოს, როგორიც არის ლიმფადენიტი, ანუ ჯირკვლების გადიდება კისრის მიდამოში, ტემპერატურული რეაქცია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა მაჩვენებლებიდან, დაწყებული 37-დან, დამთავრებული მაღალი ტემპერატურული რეაქციებით. შესაძლოა გამოვლინდეს ზედმეტი ჩამონადენი ცხვირ-ხახაში, რომელსაც ჰიპერსეკრეცია ეწოდება.

ამ ყველაფერს სხვადასხვა მიზეზი იწვევს. არ ვამბობ, რომ მხოლოდ გაზიანი სასმელები, ნიგზვიანი და ცხარე საკვები, რომელსაც ხშირად ვიღებთ. ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა. თუ არის ბაქტერიული, ან ინფექციით გამოწვეული, ამას, რა თქმა უნდა, მოხსნა სჭირდება. შესაძლოა გამოკვლევებიც დასჭირდეს პაციენტს, ნაცხის ანალიზი იქნება ეს თუ სხვადასხვა ლარინგოსკოპია, ბრონქოსკოპია და ა.შ. ამის შემდეგ ექიმი შესაბამის დანიშნულებას მისცემს პაციენტს.

545
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)
ექიმი სინჯავს ცხვირის მდგომარეობას

ცხვირის ძგიდის გამრუდება: რა შემთხვევაშია საჭირო ოპერაცია?

73
(განახლებულია 16:36 23.09.2020)
გარდა იმისა, რომ ცხვირის ძგიდის გამრუდება შეიძლება თანდაყოლილი იყოს, ეს შესაძლოა დარტყმის შედეგადაც მოხდეს, ამბობენ ექსპერტები.

ხშირად ადამიანებს, რომლებსაც გამრუდების სიმპტომები უვლინდებათ, აღარც კი ახსოვთ, როდის და რას მიარტყეს ცხვირი — ეს შეიძლება რამდენიმე წლის წინაც მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ ხრტილები ასაკთან ერთად უფრო მყიფე ხდება და სიმრუდეც ძლიერდება.

რა პრობლემებს ქმნის ძგიდის გამრუდება?

ძგიდე იჭერს ცხვირის კედლებს. მათი შეშუპების დროს სუნთქვა ძნელდება და ხშირად სურდო ჩნდება. ზოგჯერ ცხვირი იმდენად იჭედება, რომ ადამიანს მხოლოდ ერთ გვერდზე შეუძლია ჩაძინება. ცხვირის კედლებზე ზეწოლამ შეიძლება მისი ტკივილი გამოიწვიოს და მერე ეს ტკივილი შუბლზეც გავრცელდეს. გამრუდებული ძგიდის მქონე პაციენტები ხშირად თავის ტკივილსაც უჩივიან.

ირღვევა ჰაერის ნორმალური მოძრაობა. გამრუდებული ძგიდის მხრიდან ჰაერი ძლივს შედის ცხვირის სინუსებში — პატარა ღრუებში, რომლებიც ძვლების შიგნით მდებარეობს. თუ სინუსი არ „განიავდა“, ის შეიძლება ანთებითი გახდეს და ჰაიმორიტი გამოიწვიოს.

ცხვირის ლორწოვანი გარსი თხელდება. მუდმივი წნევა და ანთება აშრობს ლორწოვან გარსს, რაც ზრდის ცხვირიდან სისხლდენების ალბათობას და სასუნთქ გზებს უფრო დაუცველს ხდის ინფექციების მიმართ.

რთულდება სუნის გარჩევა. ადამიანი სუნს ცხვირის მცირე უბნის წყალობით გრძნობს. გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანებს, მუდმივი შეშუპების გამო, ხშირად ყნოსვა უუარესდებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ გამრუდებული ძგიდის შემთხვევაში?

  • თუ შემთხვევით გაარკვიეთ, რომ ძგიდე მრუდეა, მაგრამ ეს არ იწვევს რაიმე სიმპტომებს და არ გირთულებთ ცხოვრებას, მაშინ სამედიცინო მანიპულაციები საჭირო არ არის;
  • თუ გაქვთ სურდო, ძილის პრობლემები, სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელმაც სუნთქვის გასაადვილებლად შეიძლება მედიკამენტები დანიშნოს. ჩვეულებრივ, ეს არის მარილიანი ხსნარი და წვეთები, ან აბები შეშუპების მოსახსნელად. ექიმს ასევე შეუძლია ანტიჰისტამინური საშუალებების ან კორტიკოსტეროიდული სპრეის დანიშვნა. ეს საშუალებები ცხვირში გაჭედვას ხსნის, მაგრამ პრობლემის ძირეულ მიზეზს ვერ აგვარებს;
  • თუ ძგიდე მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს, ექიმი სეპტოპლასტიკისკენ გადაგამისამართებთ. ეს არის კლასიკური ოპერაცია ძგიდის გასასწორებლად. ქირურგი ხრტილის ან ძვლის მრუდე ნაჭერს იღებს და ძგიდეც შუა ხაზზე დგება.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხვირის ფორმა შეიძლება შეიცვალოს, თუ გამრუდება ძალიან ძლიერი იქნება. 

73
თემები:
სასარგებლო რჩევები
ნანუკა ჟორჟოლიანი

დაიკელით უსაფრთხოდ და სწრაფად: დიეტა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასურველი წონა დაიბრუნა

921
(განახლებულია 18:20 22.09.2020)
ბევრი ადამიანი საჭიროებს წონის კონტროლს, ამისთვის კი სხვადასხვა დიეტას მიმართავენ. დღეს მეტად აქტუალურია და ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების დროს ორგანიზმი დაცულია შლაკების, ქოლესტერინის თუ სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. 18-საათიანი დიეტა, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეებიც აქტიურად მიმართავენ. სწორედ ამ დიეტით დაიკლეს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ.

წლების მერე ნანუკამ სასურველი ფორმა სწორედ აღნიშნული დიეტით დაიბრუნდა და სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებს გამოცდილება გაუზიარა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ამდენწლიანმა წვალებამ და რინგმა საკუთარ წონასთან დამარწმუნა, რომ ჩემ შემთხვევაში (ყველაფერი ინდივიდუალურია) გაამართლა ცომის და ტკბილის ამოღებამ. შიმშილი იწვევს განგაშს და სტრესს და შემდეგ უფრო მატებას. ბევრი წყალი, ბოსტნეული. ცოტა ბურღული. 16 საათიანს ვაკეთებ ბოლო სამი თვეა და ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ბოლო კვება 18:00, პირველი 10:00“, – წერს ფეისბუქ-გვერდზე ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ნანუკამ 16-საათიანი შუალედი გაზარდა და 18-საათიანზე გადავიდა.

„ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც. ვარ 18 საათიანზე“, – წერს ნანუკა.

რას ნიშნავს 18-საათიანი დიეტა

18-საათიანი დიეტის დროს 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში – მხოლოდ წყალი. ამ პერიოდის განმავლობაში არ მიირთმევთ არც ჩაის და არც ყავას.

თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ აღნიშნული რეჟიმის ზუსტად დაცვას, შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8 საათის მერე, შუადღის 2 საათამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, 7-ის მერე შუადღის პირველ საათამდე.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ თუ მოკლე დროში გსურთ სასურველი შედეგის მიღწევა, რაციონში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა, სრულად ამოიღეთ გაზიანი სასმელები.

თუ 18-საათიანი შუალედის დაცვა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ 16-საათიანი დიეტით და შემდეგ გაზარდოთ შუალედი.

აღნიშნული დიეტის დროს მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, ან დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ დაკლებულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე სწრაფად, როგორც ეს სხვა დიეტების შემდეგ ხდება.

როგორც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტავს, შესაძლოა 18-საათიანი შიმშილი ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა მოუწოდებს ადამიანებს, დიეტის დაწყებამდე მიმართონ ექიმს.

„18-საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა“, – ამბობს უჩავა.

გაითვალისწინეთ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს.

 

921
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

0
(განახლებულია 15:43 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik.  ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული  სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის  მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის გარგლებში იგეგმება.

 „ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შექვმნათ.  მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

0
თემები:
თბილისის მერია