რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

422
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

422
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე (13)
არაქისი

არაქისი, იგივე მიწის თხილი სასარგებლო და მავნე თვისებები

87
(განახლებულია 13:10 10.08.2020)
არაქისს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია – კარგია გულის მუშაობისთვის, ენერგიულობისთვის და ა.შ. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.

არაქისი  – მიწის თხილი (Arachis) — პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მისი 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია Arachis hypogaea. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, ჩინეთში, ინდოეთში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკას მიიჩნევენ.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კაკლის უღელი>>

მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა:

  • ცილები – 26,4 გ
  • ცხიმები – 45,3 გ
  • ნახშირწყლები – 9,8 გ
  • ნაცარი – 2,7 გ
  • წყალი – 8 გ

კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე – 500–800 კკალორიაა.

მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.

არაქისის სასარგებლო თვისებები:

• არაქისი სასარგებლოა გულისთვის. მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ასევე, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.

• არაქისი ზრდის ენერგიას. მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.

• არაქისის ზომიერი მიღება ხელს არ უშლის წონაში დაკლებას.

ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>

• არაქისი ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის შეიცავს პოლიფენოლის ანტიოქსიდანს, რომელიც სასარგებლოა კუჭის კიბოს შესაჩერებლად. 

• არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.

• არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გაუმჯობესებისთვის.

• არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.

• არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად, ასთმა) შანსი ბავშვებში.

უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი>>

• არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების გავითარების ალბათობის, სულ ცოტა, 70%–მდე შემცირება.

• არაქისი კანს ჯანსაღ ელფერს აძლევს, დევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ტოქსინებს, რაც კანს ბევრად უფრო რბილსა და ლამაზს ხდის.

• არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას – ის შეიცავს დიდი რაოდენობით С–ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.

არაქისის მიღება არ შეიძლება:

როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, განსაკუთრებით ალერგია ვითარდება არაქისის ზეთზე.

მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.

ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.

უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>

მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.

87
თემები:
სასარგებლო რჩევები
იოდი

იოდის ბადე მარტივი, იაფი და ეფექტური

428
(განახლებულია 15:21 09.08.2020)
იოდის ბადე მრავალი დაავადების განკურნებაში გვეხმარება. მისი გაკეთება მარტივია, იაფიც გვიჯდება და თან - შედეგიც ეფექტურია. ამისთვის მხოლოდ იოდი და ბამბის ჩხირებია საჭირო.

იოდი ძირითადად გამოიყენება ჭრილობების, ნაკაწრების, ანთების, დაზიანებების, ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს.

რატომ მაინც და მაინც ბადე?

იოდის ბადე ბაქტერიებს ერთმანეთისგან აცალკევებს და ასეთ მდგომარეობაში ისინი უფრო სწრაფად იხოცებიან.

იოდი არა მარტო ხოცავს ბაქტერიებს, არამედ ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს — თუნდაც მიკროსკოპული დოზით. ის პირდაპირ აგებს პასუხს ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. იოდი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ორსული ქალის ორგანიზმში, რათა ბავშვი ნორმალურად განვითარდეს.

იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დონის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ჩაატარეთ ცდა: გაიკეთეთ იოდის ბადე ფეხის შიდა მხარეს, შემდეგ დააკვირდით — თუ ორგანიზმმა ბადე 4 საათზე ნაკლებ დროში შეიწოვა, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა გაქვთ; თუ ამას ხუთი და მეტი საათი მოუნდა, ორგანიზმს იოდის უკმარისობა აქვს და მისი კომპენსირებაა საჭირო.

ნახეთქები ქუსლზე: მიზეზები და მოშორების ხერხები>>

იოდის მიღება საკვების მეშვეობით შეიძლება. მას შეიცავს ზღვის კომბოსტო, იოდირებული მარილი, თევზის ცხიმი და, ზოგადად, ზღვის პროდუქტები, ასევე კომბოსტო, ბანანი, ლიმონი, ყურძენი, ტკბილი წიწაკა.

თუ ბადე 24 საათი არ შეიწოვა, ე.ი. იოდის ნორმალური შემცველობა გაქვთ.

იოდის ბადე ასევე შველის ხველებას, მაგრამ იოდით მკურნალობა მაშინ შეიძლება, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება. ბადე პირდაპირ ყელზე ან მკერდზე გაიკეთეთ, თუმცა, უცბად არა — შეამოწმეთ, რომ კანზე რაიმე ალერგიული რეაქცია არ გაჩნდეს (დაელოდეთ დაახლოებით 10-15 წუთი).

იოდის ბადე ეხმარება სურდოსაც — ცხვირზე წვრილი ბადე გაიკეთეთ.

გაციებისას ასევე შველის ბადის გაკეთება ფეხის კანჭსა და ტერფზე. გაფრთხილდით — იოდმა შეიძლება კანი დაწვას.

დაზიანებისას იოდის ბადე მაშინვე არ უნდა გაიკეთოთ — მხოლოდ 24 საათის შემდეგ, რაც დაზიანებულ ადგილზე დაიდებთ კომპრესს; როდესაც შეშუპება დაცხრება, შეგიძლიათ გაიკეთოთ იოდის ბადე.

ფეხის აბაზანა სულ ორი ინგრედიენტისგან და საოცარი შედეგი>>

იოდის ბადე ფართოდ გამოიყენება კისრის, ბეჭების, წელის ტკივილისას.

ამგვარად, იოდის ბადე მრავალმხრივ შეიძლება გამოვიყენოთ. თანაც, ეს ძალიან იაფი და მოსახერხებელია.

428
თემები:
სასარგებლო რჩევები
კახა კალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

9
დეპუტატის მანდატისთვის მმართველი პარტიიდან კახეთში ამავე რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იბრძოლებს

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა. ის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე თელავში კანდიდატი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

კალაძემ აღნიშნა, რომ კახეთი ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. „ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.

მისი თქმით, კახეთი მალე გახდება უფრო ძლიერი და მდიდარი, ხოლო რეგიონის წარმატებისთვის ბრძოლაში ყველა ერთად უნდა ჩაებას.

შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია. მთავრობის მეთაური უფრო კონკრეტული იყო და რეგიონის მიღწევებზე 2012 წლის შემდეგ ციფრებით ისაუბრა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს ყველა პროექტი და პროგრამა, რომლებიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება, და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად.

„ქართული ოცნების“ ლიდერები გამარჯვების მოლოდინში: ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა>>

„ყველას კარგად გვახსოვს რამხელა კონცენტრირებული ყურადღება იყო მიმართული კახეთისკენ. მარტივი მაგალითს მოგიყვანთ – 2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს კი 278 000 ტონა ყურძენი, 5 – ჯერ მეტი, ეს არის ჩვენი, ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, რომელიც აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, ირაკლი ქადაგიშვილმა კარგად იცის რეგიონის პრობლემები და არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყებს მუშაობას რეგიონის შემდგომ განვითარებაზე.

დეპუტატობის კანდიდატმა კი განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

„ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა, ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან კახეთის გუბერნატორობის ოთხწლიან პერიოდს საუკეთესო წლები უწოდა.

„გირჩის“ ლიდერი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს>>

ის ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ განავითარებს რეგიონის სოციალურ–ეკონომიკურ პოტენციალს, ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება.

„მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის მთავარი მეტოქეები თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში იქნებიან ოპოზიციური პარტიების კანდიდატები: „ევროპული საქართველოდან ზურაბ ჭიაბერაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ბოტკოველი.

9
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020