მყიდველი მაღაზიაში

თუ მაღაზიაში ნივთი გაგვიტყდა ვინ იხდის პროდუქციის ღირებულებას

489
(განახლებულია 21:20 01.07.2020)
ალბათ არც ისე იშვიათია ისეთი ადამიანი, ვისაც მაღაზიაში შემთხვევით დახლზე დადებული რაიმე ნივთი არ გასტყდომია, ან დაუზიანებია, მათგან ბევრს უხერხული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დაუყოვნებლივ გადაუხდია ნივთის საფასური.

არ არსებობს მკაცრად გაწერილი ნორმა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გადაიხადოს გამტყდარი ან დაზიანებული ნივთის საფასური. ხშირად მომხმარებელს უწევს მისი გადახდა, ზოგჯერ მაღაზიის მფლობელები არა მომხმარებელს, არამედ კონსულტანტს ადანაშაულებენ, ზოგჯერ კი საქმე სასამართლომდეც მისულა.

ჩვენ მაინც გირჩევთ, დაზიანებული პროდუქციის ღირებულების გადახდამდე კარგად გაერკვიოთ თქვენს უფლებებში.

როგორც აღვნიშნეთ, კა­ნონში დე­ტა­ლუ­რად არ არის გა­წე­რი­ლი, რა შემ­თხვე­ვა­ში დაეკისრება სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მომ­ხმა­რე­ბელს და რა შემ­თხვე­ვა­ში – არა. თუმცა, თუ მომხმარებელმა პროდუქცია გან­ზრახ, ან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით დააზიანა, რა თქმა უნდა, ზა­რა­ლი მან უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს.

მაგალითად, თუ თქვენ ნივთი თქვენივე დაუდევრობით დაგივარდათ ხელიდან და გატყდა, ვალდებული ხართ გადაიხადოთ მისი საფასური, რადგან თქვენი გაუფრთხილებლობით დაზიანდა.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ნივთი შემთხვევით, უნებლიედ გატყდა?

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, თუ როგორაა განლაგებული მა­ღა­ზია­ში პროდუქცია. უდავოა, ნივ­თე­ბი ისე უნდა იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა შემთხვევით ვერ და­ა­ზი­ა­ნოს და რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. როდესაც საქონელი დაცულია შესაბამისი თაროებით, მისი გადმოვარდნა მარტივი მიზეზით ვერ მოხდება. ამიტომ სრული უფლება გაქვთ ნივთის დაზიანებაში მაღაზია დაადანაშაულოთ.

გასაგებად რომ ვთქვათ, სავაჭრო ობიექტმა თავისი სივრცე ისე უნდა მოაწყოს, რომ გამორიცხოს მომხმარებლის მიერ ნივთის უნებლიე დაზიანება.

მაგალითად, თუ თაროებს შორის ძალიან ვიწრო გასასვლელია, ან ახლადშემოტანილი პროდუქციის ყუთები აწყვია და გავლა ჭირს და ამ დროს მომხმარებელს უზიანდება ნივთი, ამ შემთხვევაში მას შეუძლია იდავოს, რადგან მაღაზიაში დარღვეულია უსაფრთხოების წესები, მომხმარებელი ვერ მოძრაობს თავისუფლად და გაზრდილია პროდუქტის დაზიანების რისკიც. შესაბამისად, მომხმარებელი ამ სიტუაციაში არაა ვალდებული ნივთის ღირებულება გადაიხადოს.

ალბათ ხშირად უხერხულ სიტუაციაში პატარა ბავშვსაც ჩავუგდივართ, როდესაც ქვემოთა თაროზე განლაგებულ რაიმე ნივთს იღებს და უტყდება. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება ნივთის საფასურის გადახდაზე დავა, რადგან მაღაზიის ადმინისტრაციამ სათანადოდ არ იზრუნა ობიექტის უსაფრთხოებაზე და ადვილად დაზიანებადი, მსხვრევადი ნივთები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსა.

მაგრამ თუ ბავშვი მაღაზიაში დარბის და განზრახ აზიანებს პროდუქციას, ნივთის ღირებულების გადახდა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

ასე რომ, გაითვალისწინეთ, ნივთის დაზიანებაზე ან გატეხვაზე პასუხისმგებლობა გარემოებებსა და გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.

თუმცა, თუ მაღაზიის მფლობელი და თქვენ განსხვავებულად ფიქრობთ, სიმართლის დამტკიცების ერთადერთი გზა სასამართლოა. სასამართლოს შეუძლია მიმართოს როგორც მომხმარებელმა, ასევე სავაჭრო ობიექტმაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასამართლომდე საქმე იშვიათად მიდის, განაჩენი კი ძირითადად მომხმარებლის სასარგებლოდ გამოაქვთ.

გაითვალისწინეთ, თუ დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდა მოგიწიათ, იგი თქვენს საკუთრებაში გადმოვა.

თუ სიტუაცია გამწვავდა და მაღაზიის ადმინისტრაცია დაჟინებით ითხოვს თქვენგან დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდას, თქვენ შეგიძლიათ საპატრულო პოლიცია გამოიძახოთ, რომელიც ადგილზე შეადგენს ოქმს, სადაც ასახული იქნება მომხდარი. პოლიციის მოსვლამდე კი შეგიძლიათ ფოტო-ვიდეომასალაც გადაიღოთ, თუ ფიქრობთ, რომ უდანაშაულო ხართ და ნივთიც იმის გამო დაზიანდა, რომ უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო.

თუ მიიჩნევთ, რომ პოლიციის გამოძახება არაა საჭირო, მაშინ მაღაზიის ადმინისტრაციისგან მოითხოვეთ საქონლის დაზიანების აქტის შედგენა და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, შემდეგ კი სასამართლოს მიმართავთ, ან მონიტორინგის სამსახური ჩაერთვება. თუ ადმინისტრაციამ პირადობის მოწმობა მოგთხოვათ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელების წინაშე ხართ ვალდებული, რომ პირადობის მოწმობა წარადგინოთ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

489
სტაფილო და სტაფილოს წვენი

რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო და ვის ეკრძალება იგი: დიეტოლოგი გირჩევთ

407
(განახლებულია 20:15 27.11.2020)
სტაფილო ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელია, ამცირებს ქოლესტერინს, აახალგაზრდავებს კანს და აადვილებს წონაში კლებას. კიდევ თუ რატომ არის სტაფილო სასარგებლო, ამის შესახებ ექიმი-დიეტოლოგი ოლგა კორაბლიოვა საუბრობს.

პირველად სტაფილოს მოყვანა ავღანეთში დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ დაიწყეს და თანაც ღეროებისა და არა მისი ძირხვენების გამო. მწარე გემოს მიუხედავად, მათ საკვებად იყენებდნენ.

სასარგებლო თვისებები

სტაფილოში უამრავი ვიტამინი A და ბეტა-კაროტინია, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმიცა და ადამიანის გარეგნობაც. მაგალითად, თუ ადამიანს ვიტამინ A-ს დეფიციტი აქვს, კანი შრება და ჩნდება ქერტლი.

„ვიტამინი A გავლენას ახდენს თვალის კუნთებზე, ბადურაზე. როცა ადამიანი ბინდისას უფრო ცუდად ხედავს, დღის განმავლობაში თვალებში ქვიშის შეგრძნება უჩნდება და ქუთუთოები უწითლდება, მან აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება მენიუს“, — ამბობს ექიმი.

სტაფილო შეიცავს B ჯგუფის, ასევე E და C ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმს გაციებისა და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ამასთან, თერმული დამუშავების დროს სტაფილოში შემავალი ვიტამინების 2/3-მდე იკარგება, ამიტომ პროდუქტი უმჯობესია უმი სახით მიიღოთ.

როგორც დიეტოლოგი ამბობს, სტაფილოს მაქსიმალური სარგებელი შუაგულში კი არა, კანშია. სწორედ იქაა უფრო უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკოები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

მან, ვისაც რკინის ნაკლებობა აღენიშნება, უნდა მიირთვას სტაფილოს წვენი, ვინაიდან სწორედ ამ სახით შეიწოვება კარგად ეს ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ 100 გრამი სტაფილოს წვენი 0,7 მილიგრამ რკინას, ანუ დღიური ნორმის ხუთ პროცენტს შეიცავს.

ექიმები ხშირად სტაფილოს სამკურნალო კვების სახითაც ნიშნავენ. მაგალითად, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების, სანაღვლე გზების დისკინეზიის, უმადობის დროს. სტაფილოს სარგებელი ის არის, რომ ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას. კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს სტაფილოს წვენი არ იწვევს გულძმარვას.

გაახალგაზრდავებისთვის

პოპულარულია ნიღბები სტაფილოთი ან სტაფილოს წვენით — ეს კანს გამოშრობისგან იცავს, ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის ნორმალიზებას, E ვიტამინის დიდი რაოდენობის წყალობით აღადგენს კანის ზედა ფენას, კურნავს მცირე ბზარებს და ხსნის ანთებას. ხოლო ვიტამინი C არეგულირებს სახის ფერს და ალაგებს სიფერმკრთალეს.

გასახდომად

სტაფილოს კალორიულობა დაბალია — 100 გრამზე მხოლოდ 33 კილოკალორია. მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი A აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხოლო ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გადაქცევას.

მატონიზირებელი თვისებები

სტაფილო ამაგრებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ებრძვის ანემიას. როდესაც ჰემოგლობინი დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივზე სწრაფად იღლება და ხშირად თავს იჩენს მოთენთილობა. სტაფილოს წვენს ხშირად ზოგადგამაჯანსაღებლად ან ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის ნიშნავენ.

 

© Sputnik / Denis Aslanov
სტაფილოს კექსი

ვის ეკრძალება სტაფილო

სტაფილოს გამოყენება არასასურველია ღვიძლის დაავადებების დროს: თუ ეს ორგანო ჯანმრთელი არ არის, ის ვერ აითვისებს კაროტინს.

სტაფილოზე უკუჩვენებებს შორის ასევე არის კუჭისა და ნაწლავის წყლული და ენტერიტი (წვრილი ნაწლავის კედლების ანთება).

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ სტაფილო

სტაფილო არ უნდა იყოს რბილი და უსწორმასწორო, არ უნდა ჰქონდეს ლაქები და ბზარები (ეს ნიშნავს, რომ შუაგული დაზიანებული აქვს).

უნდა იცოდეთ, რომ თუ სტაფილოს ხშირი ფოჩები და ღეროები აქვს, ძირხვენა, სავარაუდოდ, მაგარი იქნება.

გაწმენდილი სტაფილო მაცივარში ერთ კვირამდე ინახება, გაუსუფთავებელი — დაახლოებით ერთი თვე. ხოლო თუ მას სარდაფში ან აივანზე შეინახავთ ნულიდან შვიდ გრადუსამდე ტემპერატურაზე, მაშინ ის შვიდიდან ცხრა თვემდე გაძლებს უვნებლად.

 

407
თემები:
სასარგებლო რჩევები
პურის დაჭრა

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

116
(განახლებულია 15:51 27.11.2020)
ექიმ-დიეტოლოგის თქმით, თუ გახდომა გსურთ, პური აუცილებლად უნდა მიირთვათ, და სპეციალისტი განმარტავს, როგორი უნდა იყოს ის.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პური წონაში დაკლებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, თუ ის შესაბამისად იქნება გამომცხვარი, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სასურველია პურის შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყოს.

„ის არ უნდა იყოს გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, ანუ არ უნდა იყოს გაწმენდილი. უკეთესია, თუ პური იქნება მთელმარცვლოვანი, ჭვავის ფქვილის, ქატოიანი. და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე: მარგარინის, კულინარიული ცხიმებისა თუ გამაფხვიერებლებისა“, — ამბობს დიეტოლოგი.

ამასთან ერთად სოლომატინა გვირჩევს, მივირთავთ არა ახალი, რბილი პური, არამედ უკვე გამომშრალი, ვინაიდან ის ბევრად სასარგებლოა.

„ასეთი პური ნელა ხვდება კუჭში. ჩვენ ის ჯერ კარგად უნდა დავღეჭოთ, ნერწვით დავარბილოთ. ამასთან სახამებლის ათვისება უკვე პირის ღრუში იწყება და რაც უფრო მეტ სახამებელს აითვისებს ორგანიზმი საწყის ეტაპზე, მით უკეთესი“, — გვირჩევს ექიმი.

სოლომატინა ამბობს, რომ ქატოსა თუ ჭვავის პურში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი და В ჯგუფის ვიტამინები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ნერვული სისტემისა თუ კუჭ-ნაწლავის სისტემის მიკროფლორისთვის. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს როგორც იმუნიტეტის მდგომარეობას, ისე ადამიანის გუნება–განწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, აღნაგობასაც კი.

„საოცარია, მაგრამ პური გახდომის მსურველებს წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება. როცა ჩვენ კერძს პურთან ერთად მივირთმევთ, ის დამატებით მოცულობას ქმნის და, შესაბამისად, სწრაფად ავსებს კუჭს, აჩენს რა სიმაძღრის შეგრძნებას. პურის გარეშე ადამიანი უფრო მეტ საჭმელს იღებს და, შესაბამისად, ბევრად მეტ კალორიასაც“, — გამარტავს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, პურის საშუალო ულუფა დღის განმავლობაში 2–3 ნაჭერია. თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს რაოდენობა ადამიანის ცხორების წესიდან და მისი რაციონის კალორიულობიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს.

 

116
თემები:
სასარგებლო რჩევები
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში