მოწევის ამკრძალავი ნიშანი

სიგარეტისთვის თავის დანებება გასუქების გარეშე შეიძლება: ELLE რამდენიმე საიდუმლოს ამხელს

342
(განახლებულია 12:14 28.10.2020)
სიგარეტისთვის თავის ისე დანებება, რომ წონაში არ მოიმატოთ, აბსოლუტურად რეალურადაა შესაძლებელი. ქვემოთ რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ.

თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებთ, მოკლე ხანში არაერთ სასიკეთო ცვლილებას შენიშნავთ: კანის ფერი დაგეწმინდებათ, კბილები სითეთრეს დაიბრუნებს, ენერგია მოგემატებათ... მაგრამ ამასთან ერთად, თუ არ გაფრთხილდებით, ბონუსად ზედმეტ კილოგრამებსაც მიიღებთ.  

როგორც წესი, ადამიანი წონაში მატებას მოწევისთვის თავის დანებებიდან ორი-სამი თვის შემდეგ იწყებს. ამასთან, სხვებზე მეტად ისინი სუქდებიან, ვინც მოწევის დაწყებამდე სიგამხდრით გამოირჩეოდა. საქმე ისაა, რომ ერთი კოლოფი სიგარეტი დღეში 200 კილოკალორიას წვავს, ხოლო ნიკოტინი შიმშილის შეგრძნებას თრგუნავს. თანაც, ასტიმულირებს რა სეროტონინის გამომუშავებას, ნიკოტინი ენერგიის არათანაბარ გამოტყორცნას უწყობს ხელს, რაც მერე ასე ენატრებათ ხოლმე ყოფილ მწეველებს.

ყველა ეს ფაქტორი რამდენადმე ართულებს ამოცანას, მაგრამ, საბედნიეროდ, ნებისმიერ პრობლემას შეიძლება მოეძებნოს გადაჭრის გზა. მთავარია, კომპლექსურად მივუდგეთ მას. ქვემოთ რამდენიმე საინტერესო საიდუმლოს გაგიმხელთ.

ნუ ელოდებით კარდინალურ ცვლილებებს

სიგარეტისთვის თავის დანებების პირველივე დღეს მკაცრ დიეტაზე გადასვლა წმიდა წყლის სიგიჟეა. ორი ძნელად შესასრულებელი ამოცანის გაერთიანება გარდაუვლად მარცხით დასრულდება.

თუ მკაცრი დიეტის ნაცვლად უბრალოდ ზოგ კვებით ჩვევას შეცვლით, გამარჯვება ბევრად გაგიიოლდებათ.

დასაწყისისთვის უარი თქვით ნებისმიერ ნახევარფაბრიკატსა და კონსერვზე. წესად აქციეთ ახალი მწვანილეულის სალათის ჭამა ყოველდღე. გარდა ამისა, შეიტანეთ რაციონში ზღვის პროდუქტები: იოდი ცხიმის ნატურალური მწველია. 

დააბალანსეთ გემოები 

გახსოვდეთ, რომ ნიკოტინი რეცეპტორებს თრგუნავს და საჭმლის ინსტიქტურ მოთხოვნილებას ცვლის. ანუ, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მწეველები მკაფიო გემოს კერძებს ეტანებიან — ძირითადად ცხარესა და ცხიმიანს, ხოლო ტკბილეულის მიმართ გულგრილობას იჩენენ.

სამწუხაროდ, მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ეს ჩვევები არსად ქრება და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. სანამ თქვენი რეცეპტორები აღდგება, უნდა მიირთვათ კარგი ხარისხის ის პროდუქტი, რომელიც ნამდვილად გიყვართ. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ სწრაფად, დატკბით თითოეული ლუკმით და შეიგრძენით გემო ბოლომდე.

მოემზადეთ „შაქრის დეფიციტისთვის“

როგორც კი ორგანიზმი ნიკოტინისგან გაიწმინდება, აუცილებლად მოგინდებათ ტკბილეული. არ იძალადოთ თავზე: დღეში ერთხელ. დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადის ფილის ნახევარი.
სხვა დროისთვის კი მოიმარაგეთ უშაქრო საწუწნი კანფეტები.

ეწვიეთ აფთიაქს

მწეველებს უკიდურესად არ ჰყოფნით С ვიტამინი, რომლის ბოლო მარაგს ორგანიზმი ნიკოტინურ სტრესთან ბრძოლისას ხარჯავს. ამიტომ აუცილებელია იზრუნოთ ვიტამინური ბალანსის აღდგენაზე.

ამისათვის დილით უნდა მიირთვათ ფორთოხლის ფრეში, შუადღითა და ძილის წინ კი თითო ჭიქა ასკილის წვენი.

უნდა გახსოვდეთ, რომ С ვიტამინი წევის სურვილს თრგუნავს!

გარდა ამისა, მოიმარაგეთ მინერალური წყალი მაგნიუმის მაღალი შემცველობით, ან მაგნიუმის აბები — სტრესის მოსახსნელად და კარგი ძილისთვის.

არ დაჯდეთ ერთ ადგილზე

ნახევარსაათიანი სწრაფი სვლა, გორგოლაჭებით სიარული თუ ცურვა სწორედ იმდენივე კილოკალორიას (200 კკლ) წვავს, რამდენსაც ერთი კოლოფი სიგარეტი.

ამიტომ შეეცადეთ თანაბარზომიერად ივარჯიშოთ ერთი კვირის განმავლობაში — ერთმანეთს შეუნაცვლოთ დატვირთვა.
მათთვის, ვინც ნერვოზულობას გრძნობს მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, იდეალურია იოგა.

არ მოდუნდეთ

მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში მატების რისკი ორი წლის განმავლობაში რჩება. ამიტომ არ გეგონოთ, რომ თუ ექვსი თვის განმავლობაში გასუქებას გადაურჩით, შეგიძლიათ მოდუნდეთ და განცხრომას მიეცეთ.

საბედნიეროდ, სწორად კვებისა და რეგულარული ვარჯიშის ჩვევა 21 დღეში ყალიბდება, ხოლო სამ თვეში ცხოვრების განუყრელი ნაწილი ხდება.

ასე რომ, სიგარეტის გადაგდებიდან სამი თვის შემდეგ ცხოვრება ბევრად გაგიიოლდებათ.
 

342
თემები:
სასარგებლო რჩევები (368)
ექიმი პაციენტს ფილტვებს უმოწმებს

ცნობილი გახდა ხელშემშლელი მიზეზი: კორონავირუსის შემდეგ ფილტვები თავისით აღდგება, თუ...

112
(განახლებულია 17:13 01.12.2020)
კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ფილტვები თავისთავად აღდგება, თუ ადამიანი თვითონ არ შეუშლის ხელს ორგანიზმს რეგენერაციის პროცესში.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის ფილტვები კორონავირუსის გადატანის შემდეგ თავისით აღდგება, თუ ადამიანი ხელს არ შეუშლის, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში პულმონოლოგმა ალექსანდრ კარაბინენკომ.

მისი თქმით, კორონავირუსული პნევმონია ტოვებს ისეთ პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც გარკვეული დრო სჭირდება. ფიბროზული ცვლილებების ვრცელი ზონა განკურნების შემდეგ კვლავ რჩება ავადმყოფის ფილტვებში, ხველა და ქოშინი დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა, დაახლოებით თვე-ნახევრამდე გაგრძელდეს. თუმცა აღდგენის სრული პროცესი აუცილებლად გაივლის, თუ თავად არ შევუშლით ხელს ამაში.

„ჩვენს ორგანიზმში რეგენერაციის პროცესი მიმდინარეობს — როდესაც ზოგი უჯრედი კვდება და ახალი იბადება. შედეგად – ფილტვების სტრუქტურა აღდგება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს სრულად არ ხდება. ეს იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი საკუთარ თავს თავადვე ანადგურებს“, — თქვა პულმონოლოგმა.

მისი თქმით, ფილტვებს გამოჯანმრთელების საშუალებას მწეველები არ აძლევენ. რის გამოც ეს არის არა მარტო მავნე ჩვევა, არამედ ნელი თვითმკვლელობა.

  • „თუ ადამიანი ეწევა, მისი ფილტვები მძიმე პნევმონიისგან ან კორონავირუსისგან არასდროს გამოჯანმრთელდება. მოწევა ამ დაავადებების შემდეგ — მხოლოდ ნელი თვითმკვლელობაა. თუ არ მოწევთ, ფილტვები თავისთავად აღდგება“, — განმარტა ექიმმა.

ამასთან კარაბინენკომ დააზუსტა, რომ ფილტვების აღდგენის პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დრო სჭირდება ამისთვის. სპეციალისტის თქმით, ფილტვების გამოჯანმრთელება საშუალოდ სამი თვიდან ერთ წლამდე გრძელდება. ამავდროულად ბევრია დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტის მდგომარეობასა და ფიზიკურ ფორმაზე.

112
თემები:
სასარგებლო რჩევები (368)
თუ ვარჯიშობთ, მაგრამ წონაში არ იკლებთ, ესე იგი, მსუბუქი ცხიმი მძიმე კუნთებმა ჩაანაცვლა

რატომ ვერ ვიკლებთ წონაში დიეტის მიუხედავად

423
(განახლებულია 17:04 01.12.2020)
ხშირია, როდესაც წონაში კლების მსურველები ხანგრძლივი დიეტების მიუხედავად სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რა არის დიეტის დაბალი ეფექტურობის მიზეზი და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, „Sputnik–საქართველოთან“ ექიმი-ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა საუბრობს.

ნატა პატარაია

- რატომ ვერ ვიკლებთ წონაში დიეტის მიუხედავად?

- მოდით, პირველ რიგში განვმარტოთ, რას ნიშნავს ტერმინი „დიეტა“. დიეტა არის სწორი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი, ჯერადი კვება. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი აღნიშნავს, რომ არის დიეტაზე და ვერ იკლებს, მაგრამ რეალურად ამ დროს იკვებება დღეში ერთხელ და თვლის, რომ ის არის სწორ კვებაზე და უკვირს, რატომ ვერ იკლებს.

ასევე ხშირად ხდება, როცა მოდის პაციენტი და ჰყვება, რომ რაღაც პერიოდი მონოდიეტაზე იმყოფება, ანუ იღებს მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტს და ვერ იკლებს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც ვერ მოხდება წონის კლება. მაგრამ თუ პაციენტი იღებს სწორ, დაბალანსებულ კვების რაციონს და მაინც ვერ ხდება წონის კლება, მაშინ უკვე სასურველია ნივთიერებათა ცვლის ძირეული გამოკვლევა. კერძოდ: ნახშირწყლოვანი და ლიპიდური (ცხიმების) ცვლის შემოწმება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება, სისხლში ვიტამინების მიკრო- და მაკროელემენტების დონის გადამოწმება, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ჩამოთვლილ პუნქტებში გარკვეული დარღვევები არის მიზეზი წონაში ვერდაკლების. გარდა ამისა, არსებობს ასევე ე.წ. შენელებული მეტაბოლიზმი, რაც ასევე გავლენას ახდენს წონის შეჩერებაზე.

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
photo: courtesy of Tinatin Katcharava
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

- რა არის მეტაბოლიზმი და რა იწვევს მის შენელებას?

- მეტაბოლიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა ქიმიური რეაქციის აღსაწერად და რომელიც მონაწილეობს უჯრედების და ორგანიზმის ცოცხალი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მეტაბოლიზმი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: კატაბოლიზმი – მოლეკულების დაშლა ენერგიის მისაღებად, და ანაბოლიზმი – უჯრედებისთვის საჭირო ყველა ნივთიერების სინთეზი. ჭარბი წონის, სიმსუქნის განვითარების და დიეტების დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელება. სწორ, დაბალანსებულ რაციონალურ კვებასთან და რეჟიმულ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს სწორი, გამართული მეტაბოლიზმი ჰქონდეს.

- ახლა, მოდით, გამოვყოთ ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც იწვევენ მეტაბოლიზმის შენელებას:

1. სტრესი: სტრესის დროს ორგანიზმი წვავს ნაკლებ კალორიას არასტრესულ მდგომარეობასთან შედარებით.

2. არარეგულარული კვების რეჟიმი: შეცდომაა დღეში ერთხელ ან ორჯერ კვება, რადგან ამ დროს ორგანიზმი ინახავს კალორიებს და, პირიქით, არ ხდება მათი გახარჯვა, ამიტომ რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 3-4-ჯერ კვება, მცირე ულუფებით და მრავალფეროვანი საკვებით.

3. ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების დეფიციტი (განსაკუთრებით რკინის და იოდის): ამ შემთხვევაშიც ხდება ნივთიერებათა ცვლის შენელება და იზრდება განსაკუთრებით ტკიბლეულის მიმართ მოთხოვნილება.  

4. ნიტრატებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული: უნდა ვეცადოთ საკვები იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა, რათა თავიდან ავიცილოთ ნიტრატების მიერ მიყენებული ზიანი ორგანიზმის მეტაბოლიზმზე.

5. ძილის ცირკადული რიტმის დარღვევა: დღის გვიან დაწყება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაზე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ძილი იყოს სრულფასოვანი დაახლოებით ღამის 11-12-დან დილის 7-8 საათამდე.

6. წახემსებები კვებებს შორის: წახემსება ხილით ან იშვიათ შემთხვევაში რომელიმე ტკბილეულით მაინც ცალკე კვებად უნდა ჩავთვალოთ.

7. ჰორმონალური დისბალანსი: ამ პრობლემის გამოსარიცხად წელიწადში მინიმუმ ერთხელ რეკომენდებულია ჰორმონალური სპექტრის შემოწმება. 

8. თვითნებური მკაცრი მონოდიეტები: ერთი სახეობის საკვების მიღება თვითნებურად პირიქით ანელებს მეტაბოლიზმს.

- როგორ უნდა შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი წონის კორექციის შემდეგ?

- ზოგადად, სასურველია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ვაქციოთ ჩვენს ყოველდღიურობად. კოვიდპანდემიის პირობებში უკვე ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. რაც შეეხება მიღებულ შედეგს, ამ შემთხვევაში წონის კორექციას, სასურველია ორგანიზმს მივეხმაროთ ზომიერი ფიზიკური აქტივობით. მაქსიმალურად ვეცადოთ კვება იყოს ისევ მრავალფეროვანი, დაბალანსებული, ჯერადი. სითხე მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლ დღეში. ყოველთვის უნდა აღინიშნოს რეკომენდაციების გაცემისას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე. ასევე სასურველია „კვებით დატვირთული“ დღეების შემდეგ მოვაწყოთ ე.წ „განტვირთვის“ დღეები, რაც გულისხმობს დღის განმავლობაში, მაგალითად, 500 მლ კეფირის ან მაწონის მიღებას, მასთან ერთად 0,5 კგ ვაშლი და 0,5 კგ კიტრი. ასეთ დღეებში, ისევე, როგორც ყველა სხვა დღეს, უნდა მივიღოთ წყალი საჭირო რაოდენობით. 

- ახალი წელი მოდის, რომელიც წარმოუდგენელია ქართული სუფრის გარეშე, შედეგად – ბევრი უჩივის წონაში მატებას...

- სხვათა შორის, პაციენტები ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოიქცნენ სუფრაზე. ყოველთვის ვურჩევ, რომ დააგემოვნონ ყველა შემოთავაზებული საკვები (დაგემოვნება გულისხმობს ერთი ორი ლუკმის გასინჯვას). დამერწმუნეთ, ესეც სრულიად საკმარისი იქნება დასანაყრებლად. ამით ჩვენს გემოვნების რეცეპტორებსაც ვასიამოვნებთ და ჩვენი ნერვული სისტემაც კმაყოფილი დაგვრჩება.  

 

423
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

სროლა კლდიაშვილის ქუჩაზე დაჭრილია ორი მამაკაცი

0
(განახლებულია 22:15 01.12.2020)
ერთ-ერთი დაჭრილი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე 15 ნომერში ორი მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.

დაჭრილთაგან ერთი „ნიუ ჰოსპიტალში“, მეორე კი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებთ ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

გამოძება დაწყებულია სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში