ფეისბუქის ლოგოტიპი

ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი

772
(განახლებულია 20:11 22.06.2020)
როგორ ვიზრუნოთ და დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისგან – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია

პანდემიამ სრულიად შეცვალა როგორც ჩვენი, ასევე მოზარდების ცხოვრება. დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, თუ ბავშვები პანდემიამდე შედარებით ნაკლებ დროს ატარებდნენ ინტერნეტთან, დადიოდნენ სკოლაში, ჩართული იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებში, თვითზოლაციის პერიოდმა ბავშვები თითქმის მიაჯაჭვა ინტერნეტ-სივრცეს. სწავლების დისტანციური პროცესიდან დაწყებული, თანატოლებთან კომუნიკაციის მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ტელეფონი და კომპიუტერი გახდა.

ბავშვების მიერ ინტერნეტის და გაჯეტების ხშირი გამოყენების პრობლემა აქამდეც აქტუალურად იდგა მშობლების წინაშე, ხოლო შექმნილმა ვითარებამ უფრო მეტად გაზარდა ინტერესი და კითხვებიც.

განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ინტერნეტის და ტელეფონის გამოყენება თითქმის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ვინაიდან ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს ცოცხალი ურთიერთობები თანატოლებთან და ახლობლებთან. მოგეხსენებათ, ტელეფონის გამოყენება გაჩუმების ან კვების მიზნით, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად იყენებენ მშობლები, მეტად საზიანოა ბავშვის განვითარებისთვის.

მაგრამ უკვე სკოლის ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელიც კი ხდება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ინფორმაციის მოძიების, საგანანმანათლებლო თამაშების თუ სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინტერნეტის მოხმარებამ არ მიიღოს გარკვეული დამოკიდებულებითი ხასიათი და სრულად არ მოიცვას მოზარდის ცხოვრება.

პანდემიის პირობებში, ზემოთ აღიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა ნორმადაც ჩაითვალოს ბავშვების მხრიდან მომატებული ინტერესი ტექნიკისადმი. აქ პრობლემა ინტერნეტის მოხმარების სიხშირეზე მეტად მდგომარეობს იმაში, თუ რა სახის ინფორმაციას უსმენს და უყურებს ბავშვი. მნიშვნელოვანია მშობლის აქტიური ჩართულობა ამ კუთხით და ბავშვისთვის გარკვეული საკითხების ახსნა – რასაც უყურებს ან თამაშობს მისი შვილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა მშობლების მხრიდან ის რისკ-ფაქტორები, რაც თან ახლავს ინტერნეტის გამოყენებას, რომელიც ცნობილია კიბერბულინგის სახელით. კიბერბულინგი – ეს არის ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა. ტრადიციული ბულინგის მსგავსად, ასე ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით ძალადობის, აგრესიის და ჩაგვრის გავრცელება ხდება. თუ მოზარდები პანდემიის დროს მეტად მოიხმარენ ინტერნეტ-სივრცეს, არსებობს გარკვეული რისკები იმისა, რომ შესაძლოა მოზარდი გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მოზარდის ფსიქოლოგურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომ აუცილებელია მშობლების მეტი ყურადღება ამ კუთით, რათა ინტერნეტ აქტივობით ჩვენი შვილი არ გახდეს გარკვეული ძალადობის მსხვერპლი.

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით გვერდებს თუ მომხმარებლებს, რომლებიც სხვების ფოტო-ვიდეოს ან პირად მიმოწერას ასაჯაროებენ. ამას მოჰყვება ამ ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფა. ხშირ შემთხვევაში პირადი მიმოწერის ან კადრების გარეშე პირის ხელში მოხვედრა შანტაჟის, მუქარის, დაშინების საფუძველი ხდება.

ხშირად კიბერბულინგის მსხვერპლი დაუდევრობის ან ნაკლების სიფრთხილის გამო ვხდებით, ხშირად კი ამას სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული ჩვენი პერსონალური ინფორმაცია იწვევს.

მშობლების მხრიდან საყურადღებო ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდნენ კიბერბულინგის არსებობაზე:

- თუ ვხედავთ, რომ მოზარდს ეცვლება ხასიათი ინტერნეტის მოხმარების შედეგად;

- ხდება უფრო სევდიანი, იმატებს აგრესიულობა, ადვილად ღიზიანდება;

- თავს არიდიებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას;

- შფოთავს, როცა ვინმე ურეკავს ან იღებს ტექსტურ შეტყობინებას;

- ძილის რეჟიმი შეცვლილი და დარღვეული აქვს;

- უარს ამბობს ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა და ა.შ.

თვითიზოლაციის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება ბავშვებთან ერთად დღის რეჟიმის დაგეგმვა, რათა შევამციროთ გაჯეტების გამოყენების სიხშირე და ბავშვების ცხოვრება გავხადოთ მეტად მრავალფეროვანი. შესაძლოა ყოველთვის ვერ მოხერხდეს ზუსტად დაგეგმილი დღის წესრიგის შესრულება. ეს არ უნდა გახდეს მოზარდებისთვის რუტინულად შესასრულებელი და მოსაბეზრებელი, რათა პირიქით არ გამოვიწვიოთ პროტესტი ბავშვებში და  შეუსრულებლობის შემთხვევაში არ გახდეს ბავშვებისთვის შფოთვისა და აგრესიის წყარო.

ციფრული ტექნოლოგიების ზომიერი გამოყენება მოზარდებში, განსაკუთრებით თვითიზოლაციის პირობებში, მეტად მნიშვნელოვანია სტრესის დაძლევის კუთხით. მთავარია მშობლების მეტი ყურადღება და ჩართულობა, თუ რა შინაარსის თამაშებს ან ინფორმაციას ისმენენ ბავშვები. აუცილებელია მშობლების და ბავშვების ინფორმირება კიბერბულინგის შესაძლო ფაქტებზე, რათა მოხდეს თავიდან აცილება იმ რისკების, რაც ახლავს ინტერნეტის მოხმარებას.

დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვა ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების ჯანსაღ ადაპტაციას.

 

772
იოგურტის საუზმე

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა იოგურტი?

31
(განახლებულია 12:16 25.02.2021)
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა და აქვე დგება დღეს ძალზე პოპულარული „ნუგბარი“ პროდუქტის - იოგურტის ავკარგიანობის საკითხი.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

და მაინც როგორია სწორი, რაციონალური კვება? ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ. სრულ ინფორმაციულ ქაოსში ნამდვილად ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, დავამსხვრიოთ მითი  იმის შესახებ, რომ  იოგურტი  ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი  შემადგენელი ნაწილია.  იოგურტი რომ კარგია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ.

იოგურტი  ნამდვილად მოსახერხებელი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტია. მას  აქვს ცილების, კალციუმის, მინერალებისა და ვიტამინების ძალიან მაღალი შემცველობა და  სასარგებლოა არა მხოლოდ ძვლებისა და კბილებისთვის, არამედ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორისთვისაც.

ზოგი იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს და  ჩვეულებრივ ეტიკეტზე უნდა ჰქონდეს წარწერა  „ცოცხალი“. ეს ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავებში  ბაქტერიების ბალანსის გაუმჯობესებას, რასაც ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს.

მაშ, სად არის პრობლემა? სამწუხაროდ, ყველა იოგურტი არ არის ხარისხიანი და თუ ცუდ არჩევანს გავაკეთებთ, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას.  მაღაზიის დახლებზე იოგურტების უდიდესი არჩევანი გვაქვს: ცხიმიანი თუ ნაკლებ ცხიმიანი, ტკბილი თუ უშაქრო, გარდა ამისა, მაღაზიებში არსებული იოგურტის უმეტესობა არომატულია, რაც ნიშნავს, რომ ის სავსეა შაქრით. მაქსიმალურად მოერიდეთ მოერიდეთ ტკბილ, არომატიზირებულ იოგურტებს, რადგან სარგებლის მოტანის ნაცვლად, მან შეიძლება კუჭ-ნაწლავი დაგიზიანოთ.

ასევე, მოერიდეთ,  იმპორტირებულ იოგურტებს, რომელთა უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს.  ბუნებრივია, როცა იოგურტის შენახვა თვეობითაა შესაძლებელი, მასში არანაირი ცოცხალი ბაქტერია არ იქნება.

უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ იოგურტს დანამატების გარეშე, რადგან ის არ შეიცავს საღებავებს,  არომატიზატორებს  და კონსერვანტებს. შეიძლება,  ზოგიერთი  არომატიზატორების მოხმარება უსაფრთხოც იყოს, მაგრამ მათ არც  სარგებელი არ მოაქვთ ჯანმრთელობისთვის.

დაიმახსოვრეთ, იოგურტის სარგებლიანობის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი მისი შენახვის ვადაა - რაც უფრო ნაკლებია ეს დრო, მით უფრო სასარგებლოა პროდუქტი.

ბოლოს, კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, როგორ შევარჩიოთ და შევამოწმოთ იოგურტი:

- იოგურტის შენახვის ვადა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ ეტიკეტზე 3-4 თვეა მითითებული, ე.ი. იოგურტს კი არა, მის მსგავს პროდუქტს ყიდულობთ, რომელიც ცოცხალ ბაქტერიებს არ შეიცავს და არც სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მის ერთადერთ ღირსებად მხოლოდ გემო შეიძლება ჩაითვალოს.

- გაითვალისწინეთ, რომ ორ კვირაზე მეტი შენახვის ვადა ჩვეულებისამებრ იმპორტირებულ ნაწარმს აქვს.

- იოგურტის ხარისხის მთავარი კრიტერიუმი ცხიმის შემცველობაა. ყველაზე კალორიული ნაწარმის ცხიმიანობა კი 20%-ს არ აღემატება.

- დაიმახსოვრეთ, იოგურტის ხარისხი მისი სისქით არ განისაზღვრება. რადგან სისქეს არა ცხიმის, არამედ ე.წ. მშრალი ნივთიერების ხარჯზე არეგულირებენ.


31
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ექოსკოპიაზე ორსულობა დადგინდა

რატომ ვერ ორსულდებიან ჯანმრთელი ქალები? - ექიმის განმარტება

197
(განახლებულია 16:25 24.02.2021)
ქალის უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ჯანრთელობის პრობლემებიც

ანუ, თუ ქალს რეპროდუქციული ორგანოები წესრიგში აქვს, მაგრამ მაინც ვერ ოსრულდება, ესე იგი, პრობლემა „თავშია“, მიაჩნია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოთერაპევტ ელეონორა კოზლოვას.

მისი თქმით, უნაყოფობის შემთხვევების ნახევარი რაიმე ტიპის ფიზიოლოგიური პრობლემებით აიხსნება, დანარჩენ შემთხვევებში კი მიზეზი ფსიქოსომატიკაში იმალება. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიურ განწყობაში — თანაც როგორც ქალის, ისე მამაკაცისა.

„ფსიქოლოგიური უნაყოფობა — ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, არ სურს ჰყავდეს შვილი. ზოგჯერ ეს არის ორსულობისა თუ მშობიარობის შიში, კონკრეტული მამაკაცისგან შვილის გაჩენის სურვილის არქონა, ფეხმძიმობით გამოწვეული ფიზიკური ცვლილებებისადმი შიში და სხვა“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, ფსიქოლოგიური უნაყოფობის მიზეზები ასევე შეიძლება იყოს: კარიერის წინა პლანზე წამოწევა, საკუთარი თავისადმი ზედმეტად მაღალი მოთხოვნები (პერფექციონიზმი), ბავშვის გაზრდა–აღზრდისთვის არასაკმარისად კომფორტული პირობები, ბავშვობის დროინდელი ტრავმები, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრების სურვილი (განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალმა ცოტა ხნის წინ დააღწია თავი ზედმეტად მკაცრ მშობლებს).

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ადამიანის ტვინს უზარმაზარი გავლენა აქვს სხვა ორგანოებზე. შესაბამისად, „თუ მან რაიმე არასწორად მიიჩნია, შეუძლია სხვა ორგანოებს გარკვეული ოერაციების შესრულება აუკრძალოს“.

„მაგალითად, თუ ქალს მომავალი ორსულობის მიმართ ეჭვები აწუხებს, ტვინს შეუძლია ისარგებლოს ამით და სიგნალი გაუგზავნოს რეპროდუქციულ ორგანოებს, არ დაუშვან ნაყოფის ჩასახვა, ან თავიდან მოიშორონ უკვე ჩასახული ნაყოფი“, — ამბობს რეპროდუქტოლოგ–ფსიქოთერაპევტი.

ფსიქოლოგიური უნაყოფობის რისკი განსაკუთრებით მაღალია მგრძნობიარე ნატურისა და ასევე იმ ქალებში, რომლებიც ყველაფერს „საკუთარ თავში იმარხავენ“. აქედან პირველების პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად აზვიადებენ არსებულ თუ მოსალოდნელ სიძნელეებს, ხოლო მეორეებისა ის, რომ ემოციებს გამოსავალს არ აძლევენ.

ამასთან ექიმი განმარტავს, რომ არ შეიძლება თავს ნაჩქარევად დავუსვათ უნაყოფობის დიაგნოზი. საქმე ისაა, რომ სტატისტიკის თანახმად, აქტიური სექსუალური ცხოვრების პირობებში ქალების 85% ერთი წლის განმავლობაში ორსულდება, ხოლო 95% — ორი წლის განმავლობაში.

როგორ დავადგინოთ ფსიქოლოგიური უნაყოფობა

ქალებში ფსიქოლოგიური უნაყოფობის პროვოცირება შეუძლია შემდეგ ძირითად მიზეზებს:

  • სისტემატური სტრესი სამსახურში;
  • თავის დადანაშაულება უნაყოფობაში, ან ფიქრი იმაზე, რომ ეს არის სასჯელი თქვენი ცხოვრების წესის გამო;
  • პარტნიორის მიმართ უნდობლობა და ფიქრი, რომ ის მზად არ არის ბავშვის დაბადებისთვის;
  • გაურკვევლობა, გჭირდებათ თუ არა ბავშვი სწორედ ახლა;
  • ზოგადი დეპრესიის ნიშნები;
  • გადაუჭრელი ფინანსური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები, რაც ბავშვის დაბადებას უკავშირდება;
  • ბოლო პერიოდში განცდილი სერიოზული ფსიქოლოგიური რყევა (ახლობლის დაკარგვა, ხანძარი, დიდი ფინანსური კრახი);
  • გარშემო მყოფების მხრიდან გამუდმებული პრესინგი, ანუ გამუდმებული შეკითხვები ორსულობაზე.

როგორც ელენა კოზლოვა ამბობს, პირველი, რაც ფსიქოლოგიური უნაყოფობის შემთხვევაში უნდა გააკეთოს ქალმა, ეს ისაა, რომ ხმამაღლა წარმოთქვას ყველა თავისი პრობლემა და აზრი. მეორე ნაბიჯი — ეს პარტნიორის გამოკითხვაა, რა აწუხებს და აშფოთება მას.

მამაკაცები, როგორც წესი, ნაკლებად საუბრობენ ამ თემაზე, მაგრამ გამორიცხული არ არის, წყვილის უნაყოფობის მიზეზი სწორედ მამაკაცის შინაგანი შფოთვები იყოს.

ფსიქოლოგიური უნაყოფობის მკურნალობა

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენცა და თქვენს პარტნიორსაც ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ;

შემდეგ თავიდან მოიშოროთ ყველანაირი ღელვა და ფიქრი ორსულობაზე — უბრალოდ მოდუნდით. რაც ნაკლებს იფიქრებთ იმაზე, რომ თქვენი მიზანი ბავშვის გაჩენაა, მით უფრო მალე გამოგივათ დაფეხმძიმება;

თუ სამსახურში სტრესს განიცდით, აიღეთ შვებულება და სადმე შორს წადით მეუღლესთან ერთად. ან რაიმე ახალი „პროექტი“ წამოიწყეთ, მაგალითად, დაიწყეთ რომელიმე უცხო ენის შესწავლა.

მთავარი ისაა, რომ ორსულობაზე ფიქრები თავში არ შეუშვათ!
197
თემები:
ექიმი გირჩევთ
საწარმო

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

0
(განახლებულია 13:41 25.02.2021)
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის  სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი აუცილებლობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოიშვა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საბჭო ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე  უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და „აზიის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათი წვლილის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

0