ქალი პლაჟზე

რუჯი ხარისხიანი და ჯანსაღი იქნება, თუ... პროფესორი აუცილებელ ხილ-ბოსტნეულს ასახელებს

175
(განახლებულია 17:22 19.06.2020)
კლინიკური დერმატოლოგი, კანის სნეულებათა კათედრის პროფესორი ასახელებს პროდუქტებს, რომლებიც ხარისხიანი და უსაფრთხო რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. პროდუქტები, რომლებიც ბეტა–კაროტინს, სელენს, ლიკოპინსა და ტრიპტოფანს შეიცავენ, ზაფხულის რუჯის ფორმირებას უწყობს ხელს, აცხადებს კლინიკური დერმატოლოგი, პროფესორი ელენა სნარსკაია. 

პროფესორის თქმით, ხარისხიანი რუჯის მიღებაში დაგეხმარებათ ატამი, გარგარი, ნესვი, საზამთრო და ყურძენი, ასევე ბოსტნეული – მეტი რაოდენობით პომიდორი და ბროკოლი.

რუჯისთვის ასევე სასარგებლოა ცილები — ღვიძლი, წითელი ხორცი და თინუსი.

„ჩამოთვლილი პროდუქტები ეფექტს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების წყალობით ახდენენ, რაც რუჯიან კანს ჯანსაღ სახეს აძლევს. მაგალითად, პომიდორი, ხორცი და თინუსი შეიცავენ ტიროზინს — ამინომჟავას, რომელიც ხელს უწყობს პიგმენტ მელანინის გამომუშავებასა და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას“, — აცხადებს სნარსკაია.

სპეციალისტი გაფრთხილებთ, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო რუჯის მისაღებად მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მკაცრად განსაზღვრულ დროს — დილის 7-დან 11 საათამდე, შემდეგ კი საღამოს 4 საათიდან შეგიძლიათ დარჩეთ.

ამასთან, მზის აბაზანების მიღებისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ფოტოპროტექტორები SPF-ით — კანის ფერის მიხედვით.

175
თემები:
სასარგებლო რჩევები (243)
ღობე ეზოს გარშემო

როდის შეუძლია მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება იცოდეთ თქვენი უფლებები

262
(განახლებულია 18:56 10.07.2020)
იცოდით, რომ საქართველოს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს უფლებას აძლევს – თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს?

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ შემთხვევები, თუ როდის ანიჭებს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს თქვენი ნაკვეთის გამოყენების უფლებას, ან რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ის აღნიშნული უფლებით.

სამეზობლო სამართალს „სამოქალაქო კოდექსი“ არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. კანონი, პირველ რიგში, მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს.

მართალია, კანონი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გვაძლევს შესაძლებლობას – ჩვენი შეხედულებისამებრ ვფლობდეთ, ვსარგებლობდეთ და განკარგავდეთ ჩვენს უძრავ ქონებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და ზიანს აყენებს მას.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეულწილად ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესს და ადგენს მის მიერ აუცილებელი გზის მოთხოვნის შესაძლებლობას.

არის შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა, როგორიცაა საავტომობილო გზა, წყალმომარაგების ქსელი და ა.შ. ამ შემთხვევაში ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან, რომლის ნაკვეთიც უერთდება აღნიშნულ კომუნიკაციებს.

მოდით, უფრო მარტივად ავხსნათ, როდის აძლევს კანონი უფლებას მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს:

თუ მის ნაკვეთს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ

1. საჯარო გზას უკავშირდება მხოლოდ თქვენი მიწის ნაკვეთის მეშვეობით;

2. ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან მიერთებისათვის კომუნიკაციებმა აუცილებლად თქვენი მიწის ნაკვეთი უნდა გაიაროს.

ამ ორ შემთხვევაში არ გაქვთ უფლება, მეზობელს აუკრძალოთ თქვენი მიწის ნაკვეთით ამგვარი სარგებლობის უფლება და მას შეუძლია მოგთხოვოთ, რომ ითმინოთ თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

თუ მეზობლის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა ან გაყვანილობა თქვენს ნაკვეთზე გადის, თქვენ უნდა მოგცენ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

გაითვალისწინეთ, თუ აუცილებელი გზა (მიწის ნაკვეთთან სხვა ალტერნატიული მისასვლელი) ან გაყვანილობა უკვე არსებობდა და იგი მეზობლმა თვითნებურად გააუქმა, მაშინ თმენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და მეზობელიც თქვენი ნაკვეთის ხარჯზე ვეღარ მოითხოვს აუცილებელ გზას. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ თვითნებური მოქმედება წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი არსებობა/არარსებობა.

თუ თქვენ უარს აცხადებთ, ითმინოთ თქვენ მიერ აუცილებელი გზის გადაცემა, მეზობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აუცილებელი გზის დადგენა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს აუცილებელი კავშირი სხვადასხვა ობიექტებთან, განმცხადებელს/მოსარჩელეს ეკისრება.

თუმცა, ვიდრე მეზობელს გაანაწყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ ცუდი მეზობელიც კი კარგ ნათესავს სჯობია და ხშირად ადამიანი გაჭირვების დროს მეზობლების იმედად რჩება.

 

262
თემები:
სასარგებლო რჩევები (243)
რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

255
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

255
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
პარლამენტის სხდომა

სუს–ი: საქართველოში ტერორისტული საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი

0
პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ალექსანდრე ხოჯევანიზე ანგარიშით წარდგა, დახურულ ფორმატში გაიმართა

 

თბილისი, 10 ივლისი  — Sputnik.  საქართველოს სახეელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა (სუს–ი) და სხვა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ქვეყანაში ტერორიზმიდან მომდინარე  საფრთხეები მინიმუმამდეა დაყვანილი, განაცხადა  სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პარლამენტში. 

ხუთშაბათს ხოჯევანიშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

 „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში გატარებულმა ზომებმა, მათ შორის, ტერორიზმის მომხრეების დაკავებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყანაში დღეს არსებულ კონტროლირებად გარემოზე“, – განაცხადა ხოჯევანიძემ.

კორუფციასთან ბრძოლა

გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა 91 სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. პასუხისგებაში მიეცა 135 ადამიანი, მათ შორის ქრთამის, თაღლითობის, სამსახურებრივი გულგრილობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის და ა.შ. გატარებული ღონისძიებების შედეგად რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს. 

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ერთ–ერთი მიღწევაა. საქართველოში დასჯადია როგორც ქრთამის აღება, ისე ქრთამის მიცემა. ამასთან, ქრთამის აღება ექვსიდან 15 წლამდე, ქრთამის მიცემა კი სამიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქტუალური საკითხები
ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თავის გამოსვლაში, ასევე, ისაუბრა ჰიბრიდულ ომზე, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებზე; საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევებზე და კიბერსადაზვერვო ოპერაციებზე. 

გარდა ამისა, ხოჯევანიშვილი 2019 წლის 20–21 ივნისის მოვლენებსაც შეეხო, როდესაც თბილისის ცენტრში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელი.

მისი თქმით, აღნიშნული მოვლენები ძალიან მტკივნეულად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და უკონტროლო ვითარება ასევე აღნიშნულის მიღების ნორმად დამკვიდრების მცდელობები, მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობისათვის“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

როგორც მან დასძინა, მსგავსი აქტივობები, შესაძლოა, მყისიერად იყოს გამოყენებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისათვის.


0
თემები:
საქართველოს პარლამენტი