მამაკაცი ასხამს შამპანურს

საუკეთესოა „პახმელიაზე“: მეცნიერი აბსოლუტურად მარგებელ პროდუქტს ასახელებს

206
(განახლებულია 16:31 16.06.2020)
ბიოლოგი განმარტავს, რატომაა ეს უძველესი პროდუქტი შესანიშნავი გამოსავალი მძიმე „პახმელიის“ დასაძლევად.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ნაბახუსევის დასაძლევად იდეალური საშუალება — სამკურნალო თვისებებით ცნობილი რძემჟავა პროდუქტი აირანია, აცხადებს ფიტოთერაპევტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ ლუშჩიკი.  

ფიტოთერაპევტის თქმით, აირანი, რომელიც მომთაბარე ხალხებიდან გავრცელდა ჯერ კიდევ 15 საუკუნის წინ, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. პროდუქტი მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესზე, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.  

„აირანი მჟავე პროდუქტია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას და დამატებით გადაამუშავებს ყველაფერს, რაც მანამდე არ გადამუშავდა. აირანის ცილები იოლად ათვისებადი საკვები სუბსტრატია. ამ მხრივ მისი მარგებლობა არის აბსოლუტური“, — განმარტა ლუშჩიკმა. 

ირკვევა, რომ სწორედ ამ თვისებების წყალობით აირანი შესანიშნავი პროდუქტია არა მარტო ორგანიზმის განტვირთვა–გაწმენდისთვის, არამედ მძიმე ნაბახუსევის წინააღმდეგ გამოსაყენებლადაც.

საუკეთესო საშუალებები ნაბახუსევზე: მეცნიერთა რეკომენდაციები>>

  • „სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ აირანი ეხმარება ნაბახუსევის დაძლევას“, — ირწმუნება სპეციალისტი.

ფიტოთერაპევტის განმარტებით, მჟავე პროდუქტებში ყოველთვის ჭარბობს წყალბადი, რომელიც აღადგენს უჯრედებს და დადებით როლს ასრულებს ორგანიზმისთვის.

 

206
თემები:
სასარგებლო რჩევები (245)
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

146
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

146
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ბავშვები შადრევანში

როგორ დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

270
(განახლებულია 21:18 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატება 32 გრადუსს, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები უნდა იყოს მიღებული ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი – ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ღია სივრცეში ყოფნა არ არის მისაღები.

თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიძლება დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსის, ხოლო ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისგან, როდესაც, პირიქით, ჯობს დავხუროთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, საქართველოში ამ პერიოდში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინერალული წყლები არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ორგანიზმში სითხე იყოს შენარჩუნებული და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ: ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველია, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

270
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
კიკვიძის პარკი

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

0
პარში მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (კიკვიძის) გაიხსნა, იუწყება მერიის ვებგვერდი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 ათას 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 ათას 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 500 ათასი ლარი გამოიყო.

0
თემები:
თბილისის მერია