ჩირიფრუტის პროდუქცია

ტკბილეულზე უარის თქმა არ შეიძლება: დასახელდა დიეტის დროს დასაშვები ნუგბარი

956
(განახლებულია 17:09 11.06.2020)
ადამიანის ტვინის მუშაობა ძლიერ არის დამოკიდებული გლუკოზაზე, ამიტომ რაციონიდან ტკბილეულის სრულად ამოღება დაუშვებელია.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. როდესაც წონის დაკლება გვინდა, ერთ-ერთი პირველი, რაზეც უარს ვამბობთ – ტკბილეულია. მაგრამ არის კი გამართლებული ეს ნაბიჯი?

მედიკოსები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინის მუშაობა ძლიერ არის დამოკიდებული გლუკოზაზე და თუ რაციონიდან რადიკალურად გამოვრიცხავთ ტკბილეულს, ნეირონებს საკვები მოაკლდება და მათი მუშაობა გაუარესდება. 

გარდა ამისა, დიდი ხანია დამტკიცდა, რომ ასეთი ზომები იწვევს შიმშილისა და უგუნებობის მუდმივ შეტევებს. ამიტომ დიეტოლოგების რჩევაა, ისე დაიკლოთ წონაში, რომ რაციონიდან ნუგბარი მთლად არ გამორიცხოთ.

ისინი ასახელებენ რამდენიმე სახის ტკბილეულს, რომელთა მიღებაც დიეტაზე ყოფნისას დასაშვებიცაა და აუცილებელიც.

თაფლი — ამ ბუნებრივ ტკბილეულს აქვს ისეთივე კალორიულობა, როგორიც ჩვეულებრივ შაქარს. 1 ჩაის კოვზი დაახლოებით 35 კილოკალორიაა, შაქრის ასეთივე ულუფის ენერგეტიკული ღირებულება კი 30 კილოკალორიაა. მაგრამ თაფლში შედის სასარგებლო მიკროელემენტების დიდი რაოდენობა, მაგალითად, В ჯგუფის ვიტამინები, ვიტამინები С, РР, H, K, E. გარდა ამისა, ეს პროდუქტი შეიცავს პანთოტენისა და ფოლიუმის მჟავებს, მრავალ მინერალურ ნივთიერებას.

მართალია, თაფლი მდიდარია ფერმენტებით, რომლებიც მადას აღძრავს, მაგრამ იმავდროულად სასარგებლო გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე.

სპეციალისტები გვირჩევენ – თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, მიიღოთ ის დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით. 

ჩირი — შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. მაღალი კალორიულობისა და საკვები ნივთიერებების გაზრდილი კონცენტრაციის გამო გამხმარი ხილი სწრაფ დანაყრებას იწვევს. მთავარია, რომ ულუფა დღეში 30 გრამამდე შეზღუდოთ და მიირთვათ ნელ-ნელა, რათა მომენტით დატკბეთ და დანაყრება იგრძნოთ.

მარმელადი — მის მოსამზადებლად ხილსა და კენკრას იყენებენ, შედეგად – საბოლოო პროდუქტში რჩება პექტინები. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, დადებითად მოქმედებს კუჭის მუშაობაზე, ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან.

გარდა ამისა, ბრიტანელმა სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა დროსაც დადასტურდა, რომ პექტინს შეუძლია შეაფერხოს კიბოს უჯრედების განვითარება. ასე რომ, მარმელადი არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. 

პასტილა და ზეფირი — ამ გემრიელობებშიც ბევრია პექტინი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნატურალური პროდუქტი შეიძინოთ. ამიტომ საგულდაგულოდ შეისწავლეთ ინგრედიენტები. 

პასტილასა და ზეფირს შეუძლია საჭმლის მომნელებელი ორგანოების გაღიზიანების შემცირება. ამიტომ კარგია მათი გამოყენება კუჭ-ნაწლავის დაავადების, მაგალითად, გასტრიტის დროს. ფიგურა რომ არ გაიფუჭოთ, დღეში 30 გრამზე მეტი არ მიირთვათ.

შავი შოკოლადი — შოკოლადის მუქი სახეობები აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ჰიპოტონიის დროს იწვევს სისხლის წნევის რეგულირებას და ამცირებს სტრესს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დღეში 15-30 გრამით შემოვიფარგლოთ — ეს ფილის დაახლოებით 1/5-ია. შოკოლადის ასეთი ულუფის მიღება ზიანის გარეშე შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სპორტით არიან დაკავებული ან აქტიური ცხოვრების წესს იცავენ.

956
თემები:
სასარგებლო რჩევები (244)
ღობე ეზოს გარშემო

როდის შეუძლია მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება იცოდეთ თქვენი უფლებები

876
(განახლებულია 18:56 10.07.2020)
იცოდით, რომ საქართველოს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს უფლებას აძლევს – თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს?

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ შემთხვევები, თუ როდის ანიჭებს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს თქვენი ნაკვეთის გამოყენების უფლებას, ან რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ის აღნიშნული უფლებით.

სამეზობლო სამართალს „სამოქალაქო კოდექსი“ არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. კანონი, პირველ რიგში, მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს.

მართალია, კანონი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გვაძლევს შესაძლებლობას – ჩვენი შეხედულებისამებრ ვფლობდეთ, ვსარგებლობდეთ და განკარგავდეთ ჩვენს უძრავ ქონებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და ზიანს აყენებს მას.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეულწილად ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესს და ადგენს მის მიერ აუცილებელი გზის მოთხოვნის შესაძლებლობას.

არის შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა, როგორიცაა საავტომობილო გზა, წყალმომარაგების ქსელი და ა.შ. ამ შემთხვევაში ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან, რომლის ნაკვეთიც უერთდება აღნიშნულ კომუნიკაციებს.

მოდით, უფრო მარტივად ავხსნათ, როდის აძლევს კანონი უფლებას მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს:

თუ მის ნაკვეთს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ

1. საჯარო გზას უკავშირდება მხოლოდ თქვენი მიწის ნაკვეთის მეშვეობით;

2. ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან მიერთებისათვის კომუნიკაციებმა აუცილებლად თქვენი მიწის ნაკვეთი უნდა გაიაროს.

ამ ორ შემთხვევაში არ გაქვთ უფლება, მეზობელს აუკრძალოთ თქვენი მიწის ნაკვეთით ამგვარი სარგებლობის უფლება და მას შეუძლია მოგთხოვოთ, რომ ითმინოთ თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

თუ მეზობლის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა ან გაყვანილობა თქვენს ნაკვეთზე გადის, თქვენ უნდა მოგცენ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

გაითვალისწინეთ, თუ აუცილებელი გზა (მიწის ნაკვეთთან სხვა ალტერნატიული მისასვლელი) ან გაყვანილობა უკვე არსებობდა და იგი მეზობლმა თვითნებურად გააუქმა, მაშინ თმენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და მეზობელიც თქვენი ნაკვეთის ხარჯზე ვეღარ მოითხოვს აუცილებელ გზას. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ თვითნებური მოქმედება წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი არსებობა/არარსებობა.

თუ თქვენ უარს აცხადებთ, ითმინოთ თქვენ მიერ აუცილებელი გზის გადაცემა, მეზობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აუცილებელი გზის დადგენა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს აუცილებელი კავშირი სხვადასხვა ობიექტებთან, განმცხადებელს/მოსარჩელეს ეკისრება.

თუმცა, ვიდრე მეზობელს გაანაწყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ ცუდი მეზობელიც კი კარგ ნათესავს სჯობია და ხშირად ადამიანი გაჭირვების დროს მეზობლების იმედად რჩება.

 

876
თემები:
სასარგებლო რჩევები (244)
რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

291
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

291
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
მთის მდინარე

მესტიაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა: მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

28
მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე, მულახის თემის ტერიტორიაზე მდინარე მულხურაში Mitsubishi Delica-ს მარკის ავტომობილი გადავარდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მანქანაში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა მდინარიდან მანქანის ამოტანა შეძლეს, თუმცა მანქანის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ.

ნიკა ლატარია

28
თემები:
შემთხვევები საქართველოში