განქორწინება

თუ მეუღლეს განქორწინება არ სურს... იცოდეთ თქვენი უფლებები

781
(განახლებულია 14:22 08.11.2019)
ბედნიერებაა, როდესაც შეხვდებით იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას დაუფიქრებლად გაატარებთ და დარწმუნებული ხართ, მასთან ქორწინება ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს.

თუმცა, ბედნიერი და მყარი ოჯახური თანაცხოვრების მიღწევა არცთუ ისე იოლია. როგორც კი ბედნიერი ცხოვრების ილუზია და ურთიერთობები იმსხვრევა, მაშინვე თავს იჩენს უამრავი ყოფითი და მიწიერი პრობლემა, რომელთან გამკლავება ბევრისთვის საკუთარ ძალებს აღემატება.

ამ ყველაფერზე სტატისტიკაც მეტყველებს. სამწუხაროდ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში იმატა განქორწინებების რაოდენობამ. რიცხვებს რომ ჩავხედოთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, თუ 2012 წელს განქორწინების რაოდენობა 7 136 იყო, ეს რიცხვი ყოველწიურად იზრდებოდა და 2018 წლისთვის 10 288-ს მიაღწია. საინტერესოა, რომ ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 10 წელია.
ეს მხოლოდ დარეგისტრირებული მონაცემებია. გაცილებით უარესი სურათი შეიძლება მოგვცეს იმ წყვილთა სიამ, რომლებიც ოფიციალურად არ არიან რეგისტრირებული, ან ოფიციალურად არ არიან განქორწინებული.

რა ხდება ურთიერთობების დამსხვრევის შემთხვევაში, როგორ ხდება განქორწინება ოფიციალურად, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე განქორწინების წინააღმდეგია?

თუ ორივე მეუღლე თანახმაა

დავის არარსებობისა და განქორწინების თაობაზე ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში ქორწინების შეწყვეტა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (იუსტიციის სახლში).

განქორწინების რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

· იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;

· სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

· საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობას;

მეუღლეები შესაბამის ორგანოს ერთობლივი განცხადებით, ან მათი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით მიმართავენ.

ერთობლივი განცხადების შემთხვევაში მეუღლეებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება, ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ქორწინების მოწმობა.

გაითვალისწინეთ!

განქორწინების რეგისტრაციის თაობაზე მეუღლეთა ერთობლივი განცხადების წარდგენის შემთხვევაში თუ განქორწინების აქტის რეგისტრაციამდე ერთ-ერთმა მეუღლემ გადაიფიქრა და რეგისტრაციაზე წერილობითი უარი თქვა, განქორწინების რეგისტრაცია არ განხორციელდება! 

განქორწინება ერთი-ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზეც მოხდება, თუ:

· არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;

· მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

· მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ;

· მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

გაითვალისწინეთ!

ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

თუ განქორწინების შესახებ განცხადება კანონიერმა წარმომადგენელმა შეიტანა, მას დამატებით დასჭირდება სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა და მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დაიმახსოვრეთ!

განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, ხოლო განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს.

განქორწინების რეგისტრაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

· იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები

· 10%-ით – სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.

ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან!

თუ ერთი მეუღლე უარს აცხადებს განქორწინებაზე:

განქორწინებისთვის ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია, რადგან მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინება. თუ ერთი მხარე განქორწინების წინააღმდეგია, მაშინ გადაწყვეტილების მიღების გზა მხოლოდ სასამართლოა. საქმეს განიხილავს მოსამართლე და შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას.

სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად, რომლის მაქსიმალური ვადა 6 თვეა, მაგრამ თუ სასამართლო მაინც დაადგენს, რომ მათი თანაცხოვრება შეუძლებელია, იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ერთ-ერთი მეუღლე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლეს უფლება აქვს, 6-თვიანი ვადის გასვლის გარეშეც მიიღოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.

განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლში.

გაითვალისწინეთ, განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს. ასევე ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

781
გოგონა აყვავებული ხის ტოტებში

რატომ უნდა შეარჩიოთ მეტი ყურადღებით კოსმეტიკური საშუალებები ორსულებისა და ბავშვებისთვის

34
(განახლებულია 16:11 02.07.2020)
თითქოს ჩვეულებრივი ამბავია – დედებს ხშირად დაჰყავთ გამოპრანჭული პატარა გოგონები ლამაზი სამოსით, პაწაწინა ტუჩებზე პომადით, შეღებილი თმით და ფრხილებზე ათასფერი ლაქით. მოინდომა პატარამ და უფროსებმაც მარტივად აუსრულეს სურვილი...

იცით რამდენ ქიმიურ ნივთიერებას ეხებიან პატარები ყოველდღიურად? გსმენიათ რამე პარაბენების, ფტალატების, ფენოლების მავნე ზემოქმედების შესახებ ორგანიზმზე? რას ნიშნავს ყოველივე ეს, რა გავლენას ახდენს ის ბავშვის ჯანმრთელობაზე, ამ ყველაფრის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- რა გზით შეიძლება ეს მავნე ნივთიერებები მოქმედებდეს ბავშვის ზრდასა და ჯანმრთელობაზე?

- უკანასკნელ ათწლეულებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაჩქარდა არა მარტო ბავშვის ზრდის ტემპი, რასაც აქსელერაცია ეწოდება, არამედ სქესობრივი მომწიფებაც უფრო ადრე დგება, ვიდრე გასულ საუკუნეში. ყველა დედამ იცის – მენსტრუაციის დადგომის შემდეგ გოგონას სიმაღლეში ზრდა ნელდება, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ხშირად კავშირშია წონის მატებასთან, მომდევნო ეტაპებზე კი ძუძუს და საკვერცხის დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.

- სად იმალება მავნე ქიმიკატები?

- პარაბენები კონსერვანტებია, რომლებიც ზრდიან კოსმეტიკური საშუალებების ვარგისიანობის ვადას. ამიტომ მათ ხშირად შეხვდებით შამპუნებში, დასაბან გელებში, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში.

ფტალატებს სუნამოებში, დეოდორანტებში, შამპუნებში, ფრჩხილის ლაქებში და კოსმეტიკურ საშუალებებში იპოვით. ამ მავნე ნივთიერებებს ზოგიერთი პლასტმასაც შეიცავს. ამიტომ როცა საქმე ბავშვთა კვებისთვის საჭირო ჭურჭელს ეხება, განსკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ფენოლები, მათ შორის ტრიკლოზანი, ანტიბაქტერიული საპნების და კბილის პასტის შემადგენლობაშია. ცნობისათვის: აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო ტრიკლოზანის შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებების მოხმარებას რეკომენდაციას არ უწევს. ფენოლები შედის ასევე პომადებში, თმის ლაქებში, კანის ლოსიონებში და ის ზრდის ამ საშუალებათა მოქმედების ვადას.

რაც შეეხება ლაურილ სულფატს, რომელიც ასაქაფებელი ნივთიერებაა და შედის ბევრი საპნის, შამპუნის, ტანის გელის შემადგენლობაში, აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო მას არ განიხილავს, როგორც კანცეროგენს, თუმცა ამ ნივთიერებას შეუძლია კანის გაღიზიანება და უმჯობესია, თუ ჩვილების შამპუნებსა და ტანის გელებში არ იქნება.

- რისი დაზიანება შეუძლიათ ქიმიკატებს?

- ის, რომ ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან, საყოველთაოდ ცნობილია.

- შეუძლიათ თუ არა მათ ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე?

- როგორც ჩანს, დიახ! ამ მავნე ნივთიერებებს აქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინონ ბავშვის ენდოკრინულ სისტემაზე, მათ აქვთ ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) მსგავსი მოქმედება და ამიტომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც დგება.

რაც შეეხება ვაჟებს, მეცნიერებმა ასეთი კორელაცია ვერ აღმოჩინეს. როგორც ჩანს, მამაკაცის სასქესო ჰორმონების – ანდროგენების მაგვარი მოქმედება მათ არ აქვთ და ამ გზით არ მოქმედებენ ვაჟების რეპროდუქციულ სისტემაზე.

საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარების მანძილზე არსებობს რამდენიმე კრიტიკული პერიოდი, როცა მავნე ფაქტორების ზემოქმედება განსაკუთრებულად აისახება მის ორგანიზმზე, მათ შორის მუცლადყოფნის და ადრეული განვითარების პერიოდებში.

- რა შეიძლება გავაკეთოთ?

- შეძლებისდაგვარად ეცადეთ გამოიყენოთ ბიოპროდუქტები. შეზღუდეთ პლასტმასის კონტეინერების გამოყენება საკვების მოსამზადებლად და შესანახად. ბავშვის ჭურჭლის შერჩევისას უპირატებოსობა უსაფრთხო პროდუქციას უნდა მიენიჭოს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატით. ასეთ პროდუქციას წამყვანი მწარმოებლები გვთავაზობენ.

კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არ შეიცვას პარაბენებს, ფტალატებს და ფენოლებს. შეზღუდეთ პირადი ჰიგიენის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ტრიკლოზანს შეიცავს (საპნები, კბილის პასტები). გახსოვდეთ, ხელზე მიკრობების გასანადგურებლად სრულიად საკმარისია ხელის ჩვეულებრივი საპნითა და წყლით დაბანა.

და, ბოლოს, არ არის აუცილებელი თქვენი პატარა პრანჭია აუცილებლად პარაბენგაჟღენთილი მაკიაჟით, ფრჩხილის ლაქით და შეღებილი თმით წარუდგინოთ სამყაროს, ის ხომ ისედაც ძალიან ლამაზი და საყვარელია.

 

34
მყიდველი მაღაზიაში

თუ მაღაზიაში ნივთი გაგვიტყდა ვინ იხდის პროდუქციის ღირებულებას

134
(განახლებულია 21:20 01.07.2020)
ალბათ არც ისე იშვიათია ისეთი ადამიანი, ვისაც მაღაზიაში შემთხვევით დახლზე დადებული რაიმე ნივთი არ გასტყდომია, ან დაუზიანებია, მათგან ბევრს უხერხული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დაუყოვნებლივ გადაუხდია ნივთის საფასური.

არ არსებობს მკაცრად გაწერილი ნორმა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გადაიხადოს გამტყდარი ან დაზიანებული ნივთის საფასური. ხშირად მომხმარებელს უწევს მისი გადახდა, ზოგჯერ მაღაზიის მფლობელები არა მომხმარებელს, არამედ კონსულტანტს ადანაშაულებენ, ზოგჯერ კი საქმე სასამართლომდეც მისულა.

ჩვენ მაინც გირჩევთ, დაზიანებული პროდუქციის ღირებულების გადახდამდე კარგად გაერკვიოთ თქვენს უფლებებში.

როგორც აღვნიშნეთ, კა­ნონში დე­ტა­ლუ­რად არ არის გა­წე­რი­ლი, რა შემ­თხვე­ვა­ში დაეკისრება სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მომ­ხმა­რე­ბელს და რა შემ­თხვე­ვა­ში – არა. თუმცა, თუ მომხმარებელმა პროდუქცია გან­ზრახ, ან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით დააზიანა, რა თქმა უნდა, ზა­რა­ლი მან უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს.

მაგალითად, თუ თქვენ ნივთი თქვენივე დაუდევრობით დაგივარდათ ხელიდან და გატყდა, ვალდებული ხართ გადაიხადოთ მისი საფასური, რადგან თქვენი გაუფრთხილებლობით დაზიანდა.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ნივთი შემთხვევით, უნებლიედ გატყდა?

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, თუ როგორაა განლაგებული მა­ღა­ზია­ში პროდუქცია. უდავოა, ნივ­თე­ბი ისე უნდა იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა შემთხვევით ვერ და­ა­ზი­ა­ნოს და რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. როდესაც საქონელი დაცულია შესაბამისი თაროებით, მისი გადმოვარდნა მარტივი მიზეზით ვერ მოხდება. ამიტომ სრული უფლება გაქვთ ნივთის დაზიანებაში მაღაზია დაადანაშაულოთ.

გასაგებად რომ ვთქვათ, სავაჭრო ობიექტმა თავისი სივრცე ისე უნდა მოაწყოს, რომ გამორიცხოს მომხმარებლის მიერ ნივთის უნებლიე დაზიანება.

მაგალითად, თუ თაროებს შორის ძალიან ვიწრო გასასვლელია, ან ახლადშემოტანილი პროდუქციის ყუთები აწყვია და გავლა ჭირს და ამ დროს მომხმარებელს უზიანდება ნივთი, ამ შემთხვევაში მას შეუძლია იდავოს, რადგან მაღაზიაში დარღვეულია უსაფრთხოების წესები, მომხმარებელი ვერ მოძრაობს თავისუფლად და გაზრდილია პროდუქტის დაზიანების რისკიც. შესაბამისად, მომხმარებელი ამ სიტუაციაში არაა ვალდებული ნივთის ღირებულება გადაიხადოს.

ალბათ ხშირად უხერხულ სიტუაციაში პატარა ბავშვსაც ჩავუგდივართ, როდესაც ქვემოთა თაროზე განლაგებულ რაიმე ნივთს იღებს და უტყდება. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება ნივთის საფასურის გადახდაზე დავა, რადგან მაღაზიის ადმინისტრაციამ სათანადოდ არ იზრუნა ობიექტის უსაფრთხოებაზე და ადვილად დაზიანებადი, მსხვრევადი ნივთები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსა.

მაგრამ თუ ბავშვი მაღაზიაში დარბის და განზრახ აზიანებს პროდუქციას, ნივთის ღირებულების გადახდა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

ასე რომ, გაითვალისწინეთ, ნივთის დაზიანებაზე ან გატეხვაზე პასუხისმგებლობა გარემოებებსა და გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.

თუმცა, თუ მაღაზიის მფლობელი და თქვენ განსხვავებულად ფიქრობთ, სიმართლის დამტკიცების ერთადერთი გზა სასამართლოა. სასამართლოს შეუძლია მიმართოს როგორც მომხმარებელმა, ასევე სავაჭრო ობიექტმაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასამართლომდე საქმე იშვიათად მიდის, განაჩენი კი ძირითადად მომხმარებლის სასარგებლოდ გამოაქვთ.

გაითვალისწინეთ, თუ დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდა მოგიწიათ, იგი თქვენს საკუთრებაში გადმოვა.

თუ სიტუაცია გამწვავდა და მაღაზიის ადმინისტრაცია დაჟინებით ითხოვს თქვენგან დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდას, თქვენ შეგიძლიათ საპატრულო პოლიცია გამოიძახოთ, რომელიც ადგილზე შეადგენს ოქმს, სადაც ასახული იქნება მომხდარი. პოლიციის მოსვლამდე კი შეგიძლიათ ფოტო-ვიდეომასალაც გადაიღოთ, თუ ფიქრობთ, რომ უდანაშაულო ხართ და ნივთიც იმის გამო დაზიანდა, რომ უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო.

თუ მიიჩნევთ, რომ პოლიციის გამოძახება არაა საჭირო, მაშინ მაღაზიის ადმინისტრაციისგან მოითხოვეთ საქონლის დაზიანების აქტის შედგენა და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, შემდეგ კი სასამართლოს მიმართავთ, ან მონიტორინგის სამსახური ჩაერთვება. თუ ადმინისტრაციამ პირადობის მოწმობა მოგთხოვათ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელების წინაშე ხართ ვალდებული, რომ პირადობის მოწმობა წარადგინოთ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

134
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„უსაფუძვლო ბრალდებები“: რუსეთმა NYT-ის ახალ სტატიაზე კომენტარი გააკეთა

0
(განახლებულია 16:22 02.07.2020)
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც თალიბებსა და რუსეთს შორის შეთქმულების შუამავალს ასახელებს

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში  რუსეთსა და თალიბებს შორის „შეთქმულების" სავარაუდო მტკიცებულებებზე კომენტარი გააკეთეს. ავღანეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორ ზამირ კაბულოვის განცხადებით, New-York Times-ის სტატიაში მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებები გაჟღერდა.

„ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება, მაგრამ ისინი არ არსებობს. ეს უსაფუძვლო ბრალდებებია“, — განუცხადა РИА Новости-ს“ კაბულოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასოდეს სმენია სტატიის ფიგურანტ, ნარკოტიკების კონტრაბანდისტ რახმატ აზიზის შესახებ. გამოცემის ცნობით, იგი თითქოს ორი მხარის მთავარი შუამავალი იყო.

მისი თქმით, პუბლიკაციის კითხვის დროს უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ვიდრე პასუხები.

„სიყალბესაც ასევე  საგულდაგულოდ მომზადება სჭირდება“, — თქვა კაბულოვმა.

მანამდე  NYT-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავღანეთში რუსეთსა და „თალიბანს“ შორის შეთქმულებაში შუამავალი დაასახელა. სტატიის ავტორების თქმით, ეს არის ნარკოტიკების კონტრაბანდისტი რახმატ აზიზი.

კიდევ უფრო ადრე NYT-მა სპეცსამსახურების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა თითქოს ჯილდოს სთავაზობდა თალიბანის ბოევიკებს ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმებისთვის. ამასთან, სტატიაში არავითარი მტკიცებულება არ იყო მოყვანილი. მოგვიანებით „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულ მუჯაჰიდმა ოფიციალურად უარყო ამერიკული გამოცემის ბრალდებები.

0
თემები:
რუსეთი დღეს