მსოფლიო ქალაქები - ამსტერდამი

როგორ დავსაქმდეთ ჰოლანდიაში: პრაქტიკული რჩევები

1575
(განახლებულია 21:05 06.11.2019)
დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ჰოლანდიის დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

ნიდერლანდების ეკონომიკური მდგომარეობა 2009 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად გაუმჯობესდა, ამან კი გავლენა იქონია შრომის ბაზარზეც. გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი საჯარო და ბიზნეს-სექტორებში, მომსახურების სფეროში, ასევე დისტრიბუციაში.

ჰოლანდიის მთავრობისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შრომითი იმიგრაციის პოლიტიკა, თუმცა აქცენტი ძირითადად მაღალკვალიფიციურ მიგრანტებზე კეთდება. ეს ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ სამუშაო ადგილები სწორედ მაღალკვალიფიციურ სექტორებში იქმნება და უმაღლესი განათლების სპეციალისტებს მოითხოვს.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ჰოლანდიაში

ნიდერლანდების შრომის ბაზარზე ძირითადად ე.წ. ცოდნის მუშაკებს (knowledge worker) მოითხოვენ. ესენი არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნის განვითარების წყაროდ განიხილებიან.

ჰოლანდიაში მაღალ დონეზეა განვითარებული შრომის ბაზრის ანალიზისა და მონიტორინგის სისტემა. აღნიშნულ წყაროებზე დაყრდნობით პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი აკეთებს ერთიან ანალიზს, თუ სად არის მოთხოვნა  ჰოლანდიის შრომის ბაზარზე.

მოთხოვნადი პროფესიებიდან უმრავლესობისთვის უმაღლესი განათლება არის საჭირო, თუმცა არის გამონაკლისებიც, სადაც იღებენ პროფესიული განათლების მქონე კადრებსაც.

ჰოლანდიაში, შრომითი დეფიციტის იდენტიფიცირების შემდეგ, პირველ რიგში ადგილობრივ უმუშევრებში ეძებენ შესაბამის კადრებს. თუ ისინი ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, მაშინ ძიება ევროკავშირის მასშტაბით გრძელდება. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ყურადღება გადადის მესამე ქვეყნებისკენ.

ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირები წარმოადგენენ.

იმიგრანტი მუშახელის შესვლა ჰოლანდიაში დამსაქმებლის ინიციატივით და მისი კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე ხდება.

მაღალკვალიფიციურ მიგრანტებს ჰოლანდიაში „ცოდნის მიგრანტებს“ (knowledge migrant) უწოდებენ. სწორედ მათი მიზიდვა წარმოადგენს პრიორიტეტს ქვეყნისთვის. პარალელურად მცირდება ნაკლები განათლებისა და შემოსავლის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა.

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ჰოლანდიაში – პრაქტიკული რჩევები

ჰოლანდიაში დასაქმების მსურველმა მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი. ამისათვის მათი პოტენციური დამსაქმებელი განაცხადს აკეთებს იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში. დასაქმებულთა დაზღვევის ორგანიზაცია კი მოიძიებს, არსებობს თუ არა შესაბამისი კანდიდატი ჰოლანდიაში ან ევროკავშირში, ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებში.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ თუ თქვენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხართ, გათავისუფლდებით შრომის ბაზრის ტესტისგან და არ დაგჭირდებათ შრომის ნებართვა. ამ შემთხვევაში ჰოლანდიაში დასაქმებისათვის საკმარისია მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მიღება.

გაითვალისწინეთ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტად ითვლება პირი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის ხარისხი) საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსიტეტში (უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგის პირველი 150 უნივერსიტეტი).

განაცხადების შეფასება ქულების მიხედვით ხდება, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დამსაქმებლისგან უკვე მიღებული კონტრაქტი და ხელფასის რაოდენობა. სწორედ ამ კრიტერიუმის გამო დაბალკვალიფიციური მიგრანტები ნაკლებად ხვდებიან ჰოლანდიურ შრომის ბაზარზე.

 

1575
გაზირებული სასმელი

ნამდვილად არის თუ არა გაზიანი სასმელი მავნე ორგანიზმისთვის: რა არის მითი და რა რეალობა

298
(განახლებულია 21:27 24.09.2020)
იშვიათად შეხვდებით ბავშვს, ხშირად ზრდასრულ ადამიანსაც, რომელსაც ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა ან სხვა გაზიანი სასმელები არ უყვარს.

ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ გაზიანი სასმელი ვნებს, თუმცა მიზეზი, თუ რატომ არის ის მავნე, არ იცის, ან მცდარი ინფორმაცია აქვს ამის შესახებ. ალბათ ხშირად გაგიგით „გაზგასული ბორჯომი“, „გაზგასული ლიმონათი“, მითია თუ რელობა ეს ტერმინი და რეალურად რაში მდგომარეობს გაზიანი სასმელის მავნებლობა, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუჭაშვილი საუბრობს.

- ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს სჩადიან. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითია, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის.

განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.

საქმე ისაა, რომ გაზიანი სასმელის მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკებს, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.

შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს.

არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად, არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები.

298
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მაღვიძარა

ყველანაირი დიეტა ფუჭია, თუ სწორად არ გძინავთ: მეცნიერები გვირჩევენ

1167
(განახლებულია 19:31 24.09.2020)
ირკვევა, რომ წონაში დაკლების მსურველთა ყველა მცდელობა, რაოდენ მკაცრადაც არ უნდა იცავდნენ დიეტას, ფუჭი და ამაო გამოდგება, თუ სწორად არ დაიძინეს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია იმ კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.

საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.

2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც ნაკლები ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთ-ნახევარი საათი ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვა-ნახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.

რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონა ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.

ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები გამოუძინებლობის გამო წონის მატებას მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი, პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.

1167
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
რთველი

რთველი 2020: მევენახეებმა 191 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

17
(განახლებულია 16:30 27.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 191 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.

დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 20 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ამ დროისათვის მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 195 მლნ ლარი მიიღეს.

27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 137 ათასი ტონა რქაწითელი, 45 ათასი ტონა საფერავი, 3,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 10 ათას ტონას აღემატება, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. 163-მა ღვინის კომპანიამ უკვე გადაამუშავა ყურძენი, აცხადებენ ღვინის სააგენტოში.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

საქართველოდან თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება >>

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

17
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა