თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სპაგეტის მომზადებისას ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ, რის გამოც ის უგემური გამოდის, აცხადებს იტალიელი მზარეული, კულინარიული წიგნების ავტორი და ტელეწამყვანი სილვია კალოკა.
მთავარ შეცდომებს შორის სპეციალისტმა ერთ–ერთ უპირველესად ის ფაქტი დაასახელა, რომ ზოგი შუაზე ამტვრევს მაკარონებს, ვინაიდან ისინი ქვაბში არ ეტევა. ამ დროს კი, რაც უფრო გრძელია სპაგეტი, მით მარტივად ეხვევა ჩანგალზე და ამასთან არც სოუსი წვეთავს.
მზარეულის თქმით, სპაგეტი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიმტვერეს, თუ მას სუპში ამატებთ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სჯობს უფრო მოზრდილი ჭურჭელი გამოიყენოთ და სპაგეტი მთელი სიგრძით მოათავსოთ მასში.
სილვია კალოკას თქმით მეორე შეცდომა — ეს სპაგეტის ხარშვისას წყალში ზეთის დამატებაა, რასაც ხშირად მიმართავენ დიასახლისები იმის იმედით, რომ მაკარონები ერთმანეთს არ შეეწებება.
„თუ წყალში ზეთს დაამატებთ, ის უბრალოდ ზემოთ ამოტივტივდება და როდესაც წყალს გადაწურავთ, ფენად გადაეკვრება სპაგეტის. ეს კი ხელს შეუძლის მაკარონებს სოუსით გაჟღენთვაში“, — განმარტა მზარეულმა.
კოლოკას თქმით, იმისათვის, რომ მაკარონების შეწებება თავიდან ავირიდოთ, სჯობს ხარშვის პროცესში რამდენჯერმე ჩავამატოთ წყალში მარილი და კარგად მოვურიოთ.
ამასთან, სპეციალისტი გვირჩევს, რომ მაკარონი ყოველთვის მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ, რათა წყალი გამუდმებით დუღილის რეჟიმში იყოს და სპაგეტი წებოვან მასად არ გადაიქცეს.
ამასთან მაკარონი მაშინ უნდა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავუწუროთ წყალი, როცა გვეჩვენება, რომ სრულ მომზადებას ერთ–ორი წუთი აკლია — შერჩენილი სითბო მზადების პროცესს ბოლომდე მიიყვანს.
კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებული რესტორნების შეფ–მზარეული ანდრეა ტრანჩერო აცხადებს, რომ მოხარშვის შემდეგ მაკარონისთვის ცივი წყლის გადავლება უდიდესი შეცდომაა.
მისი განმარტებით, ეს სახამებელს აშორებს მაკარონს, რაც რეალურად თქვენს კერძს მხოლოდ გემრიელსა და აბრეშუმივით ნაზს ხდის.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინფარქტის რისკის შესამცირებლად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვების რაციონსა და სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, ასევე საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება, აცხადებს კარდიოლოგი და გულ–სისხლძარღვთა ქირურგი ვლადიმირ ხოროშევი.
მისი თქმით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა მეტი რაოდენობით ხილ–ბოსტნეული უნდა მიირთვას, ხოლო ხორციანი კერძები კვირაში მხოლოდ ორ–სამჯერ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ჰაერზე სეირნობას, ეს აძლიერებს ვენური სისხლის მიწოდებას გულის მარჯვენა პარკუჭში და ამასთან კარგად ავარჯიშებს ხერხემალსა და თავის ტვინს.
ხოროშევმა გულის ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო და ეფექტურ სავარჯიშოდ ეგრეთ წოდებული დუნდულებზე სიარული დაასახელა.
კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო, ექიმის თქმით, არის „ოქროს თევზი“. ამისათვის უნდა დაწვეთ ზურგზე ამოძრაოთ სხეული ისე, რომ თავი და ტერფები არ გაანძრიოთ.
ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სავარჯიშოები კარგია ხერხემლისა და კუნთების გასამაგრებლად და ასევე ებრძვის ცელულიტებს.
მანამდე ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს. გარდა ამისა, მეცნიერების ინფორმაციით, მოახლოებულ შეტევაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს კბილის ტკივილი, ნადები კბილებზე და ასევე ოფლიანობაც კი.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter–ის მეშვეობით საბერძნეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ძლიერი მიწისძვრის გამო.
🇬🇪 stands in full solidarity with 🇬🇷 during these difficult times!
— MFA of Georgia (@MFAgovge) March 4, 2021
Our thoughts are with all the people of 🇬🇷 affected by the heavy earthquake. Wishing the Greek people courage and strength in this ordeal! @GreeceMFA
საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრის თავდაპირველი მაჩვენებელი 5,9 მაგნიტუდა იყო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა უფრო მაღალი მაჩვენებლით.
ადგილობრივი მასმედია იუწყებოდა, რომ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლები დაინგრა – მიწისძვრამ დაანგრია სახლები, ეკლესიები, ასევე გამოიწვია ღვარცოფები.
„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ მძიმე დღეებში. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთან არის, რომლებიც მძიმე მიწისძვრის გამო დაზარალდნენ. ბერძენ ხალხს სიმამაცესა და გამძლეობას ვუსურვებთ ამ მძიმე გამოცდის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თესალიაში იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.