შალვა ამონაშვილი

„თითის ქნევით აღზრდა აღარ ამართლებს“: ოქროს წესი, რომელიც თანამედროვე მშობლებს დაეხმარება

331
(განახლებულია 16:53 09.10.2019)
დამეთანხმებით, ბავშვის აღზრდა არ არის მარტივი. ხშირად მშობლები განიცდიან დროის დეფიციტს და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ შვილებს. ამასთან, ბევრი მშობელი ჩივის, რომ არ უჯერებს შვილი, არ მეცადინეობს, ხშირად ცელქობს, რაც საგონებელში აგდებს მას.

ბევრ მშობელს აინტერესებს, არსებობს კი რაიმე ოქროს წესი, რაც ამ დროს დაეხმარება მასაც და ბავშვსაც? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე პედაგოგი, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი საუბრობს.

- ხშირად აქვთ მშობლებს პანიკა, რომ ვეღარ იმორჩილებენ შვილებს, არ უნდათ ბავშვებს სკოლაში სიარული, სწავლა. მშობელს კი არ აქვს იმდენი დრო, რომ სულ შვილთან გაატაროს. რა ქნას ამ დროს მშობელმა, არსებობს რაიმე ოქროს წესი, რაც დაეხმარება მშობელსაც და ბავშვსაც?

- თავდაპირველად ვისაუბროთ როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა ბავშვების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი არის ერთი წლის, ორის, 15-ის თუ 17-ის. როცა აღზრდაზეა ლაპარაკი, ახლანდელ მშობლებს უნდათ ჩქარა აღზარდონ შვილი, მოასწრონ აღზრდა, მოკლე მეთოდები გამოიყენონ, ერთი სიტყვა უთხრან და ბავშვმა ათი გაიგოს, მოუწოდონ და ბავშვი მაშინვე გაიქცეს და შეუსრულოს დავალება. მაგრამ არ უნდათ ახალგაზრდა მშობლებს გაიგონ, რომ ბავშვს თავისი ბუნება აქვს და არ შეუძლია არ დაემორჩილოს თავის ბუნებას. გარდა ამისა, არც ის უნდათ გაიგონ, რომ ახლანდელი ბავშვები სხვა თაობაა. ეს არ არის არც ჩემი თაობა, არც მომდევნო თაობა. ჩემი თაობა ჩვეულებრივი თაობა იყო, ახლა არის ინდიგო ბავშვების თაობა. ეს თაობა სხვა განცდებით და სხვა მზაობებით მოდის. ბუნებაში მათ სხვა რაღაცები უწყვიათ, სულში სხვა რაღაცები აქვთ ჩადებული. ის, ვინც ამზადებდა ამ ბავშვებს დასაბადებლად, იმანვე სულში ჩაუწყო რაღაც სხვა მიმართულებები და მოდიან ასეთი შვილები. მოდიან და ჩვენ გვეხამუშება, რადგან გვაქვს ძველი გამოცდილება, თითის ქნევით აღზრდა, ან გადაჭარბებული სიყვარულით აღზრდა. ეს მეთოდები დღეს აღარ მართლდება. ავტორიტარული თუ დაშაქრული ურთიერთობები ბავშვებთან აღარ ჭრის. ამ დროს მშობელი ექცევა ჩიხში. ერთი მხრივ დაკავებულია, ბევრი სამუშაო აქვს, მეორე მხრივ უნდა მოასწროს რაღაც, მესამე მხრივ აღარ გამოდის ის, რაც უნდა გააკეთოს ბავშვთან. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ჯერ ერთი რამ უნდა გავარკვიოთ – ვიღებთ ჩვენ ამ ბავშვებს ისეთებს, როგორებიც არიან, თუ არა.

რით მოვიდნენ ისინი? ისინი მოვიდნენ ნიჭით და ჰიპერაქტიურობით, მოვიდნენ ცოდნით. ეს ცოდნა შინაგანად ისეთი დიდია, რომ სასკოლო ცოდნა ბავშვს უკვე ეჩვენება მცირედ. როცა დღევანდელ ბავშვს პირველ კლასში ასწავლი 1+1=2-ს, ეს მას არ აინტერესებს, რადგან მისი ინტერესი უფრო ფართოა და ჩვენ დავავიწროეთ. ამიტომ მასწავლებელი საყვედურობს მშობელს, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია, არ ემორჩილება მას.

- მივიღოთ ჰიპერაქტიური ბავშვი თუ გავაბრუნოთ უკან?

- უკან გაბრუნება აღარ გამოვა. ან უნდა მივიღოთ, ან ჩვენ ნებას დავუმორჩილოთ ის. ავაგოთ ჩარჩო, შევქმნათ ყალიბი, შევაგდოთ ეს ბავშვი ამ ყალიბში და გარედან ჩავძახოთ რაღაც სიტყვები და ნელ-ნელა ამ ყალიბში ჩამოვქნათ სტანდარტული ბავშვები.

- როგორ მოიქცნენ, რას ურჩევთ ახალგაზრდა მშობლებს?

- უნდა მიიღონ ბავშვი ისეთი, როგორიც მივიდა მათთან. დღეს ძალიან გონებაგახსნილი ბავშვები მოდიან, ბევრი რამ აინტერესებთ, მოაქვთ დიდი ნიჭი და ცოდნა. მათი სულია გაფართოებული. ისინი ასეთები არიან და უნდა მივიღოთ ასეთებად. ის მეთოდები, რომლითაც მე გამზარდა დედამ, დღეს აღარ ჭრის და თანამედროვე მშობელს აღარ გამოადგება. მაშასადამე, მშობელი უნდა შეიცვალოს ბავშვის მიმართ. უნდა შევიცვალოთ ჩვენი წარმოდგენა ბავშვზე. აუცილებლად უნდა გაიხსნას მშობელთა სკოლები. უნივერსიტეტები იხსნება, რომ კაცმა ექიმობა ისწავლოს და ვინ თქვა, რომ ბავშვის აღზრდას ნაკლები ცოდნა სჭირდება?  აინშტაინი ამბობდა, ატომის გახლეჩვა უფრო ადვილია, ვიდრე შვილის აღზრდაო. შეიძლება დიდი მეცნიერი იყო, აღმოჩენები გააკეთო, მაგრამ ბავშვი ვერ აღზარდო. ჩემი აზრით, სკოლიდანვე უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს – როგორი დედა ან მამა უნდა იყვნენ. თუ ესენი არ ვასწავლეთ, მარტო ფიზიკა და ქიმია მის ცხოვრებას არ შექმნის.

- ბაშვები ინტერნეტის ტალღაზე დაჯდნენ, სხვა ინფორმაციული წყაროები აქვთ და მშობლები დაშორდნენ მათ. ამ რთულ და დაკავებულ დროში როგორ უნდა მოიცალოს მშობელმა, რომ თავის აღზრდაზე იფიქროს, როგორ შეუსაბამოს ეს ბავშვებს?

- ეს გარემო შვილებს კიდევ უფრო შორს წაიყვანს ჩვენგან. პირველი, რაც მშობლებს უნდა შევთავაზოთ, ეს არის მისი წარმოდგენის შეცვლა საკუთარი შვილის მიმართ. უნდა ჩავუდოთ თავში, რომ შვილის მიმართ გამგებები გახდნენ. დაიმახსოვრე, შენი შვილი მოვლენაა შენ ოჯახში, შენ ცხოვრებაში. ის გაჩუქეს, მოგანდეს. მართალია შენ გააჩინე, მაგრამ ის შენი არ არის. ის ღვთით მოვლენილი არსებაა, რომელიც შენი მეშვეობით უნდა შევიდეს ცხოვრებაში, ამის შემდეგ კი უნდა წავიდეს შენგან. ბავშვი არის მოვლენა შენ ცხოვრებაში. როგორ უნდა მოვექცე მოვლენას? ისე, როგორიც ის არის. მოვლენას ვერ შევცვლით. ვერ შეცვლი კავკასიის ღრუბლებს, ისინი ასეთები არიან. უნდა მიიღო, უყურო და დატკბე მათით.

 

331
ექიმი და პაციენტი

პროსტატის კიბო: ყველაზე საშიში და ხშირი დაავადება მამაკაცებში

139
(განახლებულია 20:32 15.07.2020)
პროსტატა არის პატარა ჯირკვალი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებშია. მისი დანიშნულება სქელი, თეთრი ფერის სითხის, ე.წ. პროსტატის წვენის გამოყოფაა, რომელიც ერევა სპერმაში და ქმნის სათესლე სითხეს. პროსტატის უპირველესი დანიშნულება რეპროდუქციული ფუნქციაა.

საქართველოში 50 წელს ზემოთ მამაკაცებს ხშირად ემართებათ პროსტატის სიმსივნე, ან პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება. რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, პრევენციის მიზნით რა ასაკში უნდა მიმართოს მამაკაცმა ექიმს, ასევე, რატომ არის საქართველოში გავრცელებული შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ამის შესახებ რეგიონული ჰოსპიტლის უროლოგიური სამსახურის უფროსი გიორგი ხვადაგიანი საუბრობს.

- რა ნიშნებით ხასიათდება პროსტატა?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ძალიან მიღებულია ტერმინი, „პროსტატა მჭირს“. სინამდვილეში ეს არის ორგანო, რომელიც ყველა მამაკაცს გააჩნია. შესაბამისად, ყველა მამაკაცს აქვს პროსტატა. რაც შეეხება დაავადებას, პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდებაც და პროსტატის სიმსივნეც, ორივე არის მამაკაცის ასაკობრივი დაავადება და, შესაბამისად, პირდაპირ კავშირშია ასაკთან. მას ახასიათებს ტკივილი შარდვის დროს, შარდის ნაკადის და მისი ინტენსივობის შემცირება, წყვეტილი ნაკადით შარდვა, წვის შეგრძნება შარდვის დროს, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და ა.შ. ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს.

- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მამაკაცმა კონსულტაციებზე სიარული?

- კონსულტაციებზე სიარული, როგორც წესი, მამაკაცებს არ სჭირდებათ 40 წლამდე. 40 წლიდან ხდება როგორც სიმსივნის განვითარების რისკის მატება, ასევე კეთილთვისებიანი გადიდების რისკი. უმეტესობა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 50 წლიდან არის სახელმწიფო სკრინინგი. არსებობს PSA ტესტი, რომელიც პროსტატის სიმსივნის ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირებას უწყობს ხელს.

ავთვისებიანი სიმსივნე კლინიკურად არ არის გამოხატული და ამიტომ შეიქმნა ეს სკრინინგი, ანუ მეთვალყურეობა. უსიმპტომო პაციენტებმა, მამაკაცებმა 50 წელს ზემოთ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ ეს სკრინინგი.

- 80 წლის მამაკაცების 90 პროცენტს აქვს პროსტატის სიმსივნე, თუმცა ეს არის კლინიკურად გამოვლენილი...

- დიახ, ეს არის კლინიკურად გამოვლენილი, შესაბამისად, ეს მონაცემები ე.წ. ავტოფსიით, ანუ გვამური კვლევის შედეგად არის მიღებული. დიდი უმრავლესობა ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ საერთოდ არ იცის პროსტატის კიბოს არსებობის შესახებ. შესაბამისად ჩვენი მთავარი მიზანია გამოვავლინოთ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ რისკი, რომ სიმსივნით გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

- ანუ, ისე უპრობლემოდ მიმდინარეობს ეს პროცესი, რომ შესაძლოა გარდაიცვალოს ადამიანი და არ იცოდეს, რომ სიმსივნე ჰქონდა?

- დიახ, ეს სრულებით შესაძლებელია.

- ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა შარდ-კენჭოვანი დაავადება. იქნებ ამ მიმართულებითაც გვესაუბროთ...

- შარდ-კენჭოვანი დაავადება ძალიან გავრცელებულია ზოგადად რეგიონში და არა მარტო საქართველოში. მაგალითად, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში. სავარაუდოდ, ეს განპირობებული უნდა იყოს კლიმატური პირობებით, წყლის შემცველობით და გენეტიკური ფაქტორებით. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ უკვე ძალიან დიდი ზომის ქვის შემთხვევაში აკითხავს ექიმს.

- თირკმელში კენჭის დაშლის უმტკივნეულო მეთოდი თუ არსებობს?

- მედიცინაში უმტკივნეულო არაფერი არ არის, თუმცა ნაკლებად მტკივნეული არის ე.წ. ენდოსკოპიური ოპერაციები. თუ ორ სანტიმეტრზე დიდი არ არის კენჭი, ჭრილობა საერთოდ არ ექნება პაციენტს. თუ ორ სანტიმეტრზე დიდია, მაშინ არის ჭრილობა, მაგრამ მხოლოდ 1,5 სანტიმეტრი, საიდანაც ხდება თირკმელში ინსტრუმენტით შესვლა და კენჭის დამტვრევა.

- არის ისეთი შემთხევა, როცა ადამიანს ჰქონდა კენჭი, იმკურნალა და მკურნალობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ისევ აქვს კენჭები?

- ქართველი პაციენტების ერთ-ერთი მითია, რომ თუ კენჭის დაშლა ერთხელ გაიკეთა, მეორედ არ დაემართება. სინამდვილეში, როგორც თავიდან საერთოდ არ იყო კენჭი, მაგრამ გაჩნდა რაღაც გარემო პირობებიდან გამომდინარე, ან გენეტიკური მიზეზებით, პროცედურის შემდგომ ასევე ძალიან მაღალია რისკი, რომ კვლავ გაჩნდეს. თუმცა შეიძლება პრევენციის მიზნით რაღაც პროცედურების ჩატარება, რომ შემცირდეს რეციდივების სიხშირე.

- რა არის სერთოდ კენჭი და პრევენციის მიზნით რა შეიძლება გაკეთდეს?

- რთული სათქმელია რა არის კენჭი, რადგან ის არსებობს უამრავი სახეობის, სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული. თირკმლის კენჭი შემადგენლობით არის ბევრნაირი. შესაბამისად, ერთი მიმართულებით თქმა, თუ საიდან გაჩნდა ეს კენჭი, ძალიან რთულია. თუმცა, ერთი უნივერსალური პრევენციის საშუალება არის ჭარბი სითხის მიღება. მინიმუმ ორი ლიტრი შარდი უნდა იყოს გამოყოფილი დღე-ღამის განმავლობაში. ეს არის პრევენციის საუკეთესო საშუალება, რა სახის კენჭიც არ უნდა იყოს. უნდა ვსვათ ბევრი წყალი, ამ დროს შარდი არის ბევრი და მინერალების კონცენტრაცია მცირდება, ანუ შარდი ხდება გაზავებული. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შეწებება და კენჭად გარდაქმნის ალბათობა ნაკლებია.

- სითხეა ღვინოც, ამ შემთხვევაში რა ხდება?

- მთავარია შარდის რაოდენობა. ღვინო ღვიძლისთვის არ არის კარგი, თორემ შარდის თვალსაზრისით არაფერს არ გვიშლის. თუმცა კიდევ ერთხელ გირჩევთ, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რათა მკურნალობა იყოს დროული და თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.

 

139
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

279
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

279
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
წარმოსახვა პანიკის შეტევისას

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

0
(განახლებულია 13:11 15.07.2020)
როგორ მოქმედებენ ვარსკვლავები ჩვენს ფობიებზე? რისი ეშინიათ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ცალკეული ნიშნის წარმომადგენლებს? ამაზე სფეროს ექსპერტები მოგვითხრობენ

იმისთვის, რომ შიში დავძლიოთ, მასზე ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, მათ შორის, როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი ჩვენს ფობიებზე.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი

ვერძი ბუნებით იდეალისტია, მზადაა, ნებისმიერი გზით მიაღწიოს საწადელს, ოცნების გზაზე ძალას არ იშურებს. ამიტომ ეშინია, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. ნებისმიერი შეზღუდვა მასში განცდებს იწვევს. მაგალითად, ეშინია კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში). ხანდახან კი ისოლოფობია აშინებს (მარტოობის შიში).

კურო

კუროსთვის სტაბილურობაა მნიშვნელოვანი. მთელი ძალებით ებღაუჭება სტაბილურ სამსახურს. ხვალინდელ დღეში რომ იყოს დარწმუნებული, მას უსაფრთხოების ფინანსური „ბალიში“ ესაჭიროება. ამიტომ ეშინია ცვლილებების. ასევე კურო ცდილობს, არ შეეხოს მისტიკას, რომელსაც მისი გეგმების მოულოდელად დანგრევა შეუძლია,

ტყუპი

კომუნიკაბელური და სიცოცხლის მოყვარული ტყუპი მუდამ პირველობისკენ ისწრაფვის. მისთვის წამების ტოლფასია მეორეხარისხოვანი როლის თამაში. ტყუპს ეშინია არასწორი გადაწყვეტილების მიღების, რის გამოც დიდხანს შეიძლება იორჭოფოს თავის ქმედებებში და ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული. ტყუპს უყურადღებოდ დარჩენის ეშინია.

კირჩხიბი

კირჩხიბებზე დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს ნებისმიერი კრიტიკა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ კრიტიკით მათი დათრგუნვა უნდათ. გულდახურულები არიან, რის გამოც პირად ცხოვრებაში ხშირად არ უმართლებთ. ეშინიათ, რომ საყვარელი ადამიანი მათ ვერ გაუგებს, ამიტომ ხშირად განმარტოვდებიან ხოლმე. ასევე ახასიათებს კლაუსტროფობია და აგორაფობია (დახურული და ღია სივრცის შიშები).

ლომი

ლომები ტემპერამენტიანი ხალხია. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წუთს გრძნობდნენ თავისუფლებასა და უპირატესობა–პირველობას გუნდში. ისინი ვერ იტანენ დაცინვას. მიუხედავად მათში ჩადებული ძალისა, ლომებს ტკივილის შეგრძნებებისა ეშინიათ, ამიტომ მათთვის ექიმთან ვიზიტი ღამის კოშმარს ემსგავსება. ასევე ხშირად აქვთ სიმაღლის შიში.

ქალწული

ქალწულები ყაირათიანი და ხელმომჭირნე არიან. ისინი დიდი ყურადღებით ეკიდებიან თავიანთ ნივთებს და არ უყვართ, როცა ვინმე სხვა ეხება მათ. სჯერათ, რომ თითოეულ ნივთს თავისი ენერგეტიკა აქვს. არავის აქვს უფლება, მათ ჩვეულ რეჟიმში ჩაერიოს, ეშინიათ უწესრიგობის. მათ ირგვლივ მხოლოდ „შერჩეული“ ადამიანები არიან, რადგან კრიტიკის ეშინიათ. ხანდახან მერყეობაც სჩვევიათ. ეშინიათ იმ ადამიანებთან კონტაქტის, რომლებმაც მათ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ. ვერ იტანენ მწერებს.

სასწორი

სასწორი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ გარშემომყოფებისგან ქებას არ მოისმენს. მათ მიმართ ნათქვამ ნებისმიერ უსიამოვნო სიტყვას მათში წინსვლის სურვილის გაქრობა შეუძლია. ყოველთვის იმისკენ ისწრაფვიან, რომ ირგვლივ მყოფებზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინონ, მათთვის მნიშვნელოვანია დადებითი იმიჯის შენარჩუნება. თუმცა ამის გამო პირად ცხოვრებაში ხშირად მარცხდებიან. სასწორს მარტოობისა და სიკვდილის ეშინია.

მორიელი

თუ გულით არ უნდათ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვერავინ აიძულებს რამის გაკეთებას. მათთვის ღამის საზარელი კოშმარია საკუთარ თავზე ძალადობა. ეშინიათ დროის უქმად დაკარგვის. ხანდახან უყვართ საკუთარი მნიშვნელობის წარმოჩენა, ჩვენება, თითქოს უკარება არიან; თუმცა შინაგანად საოცრად სიფაქიზით გამოირჩევიან. საგულდაგულოდ მალავენ საკუთარ ფიქრებს სხვებისგან, რომ ვერავინ შეძლოს მათ სულში ჩახედვა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს სისუსტედ მიაჩნიათ საკუთარი ემოციების გამომჟღავნება, ამიტომ ურჩევნიათ, რომ ტრიუმფი თუ ვარდნა მარტომ გადაიტანონ. თავს უკარება და უხეშ ადამიანად წარმოადგენენ, რომ მათი სისუსტე ვერავინ დაინახოს. ადრენალინი რომ განიცადონ. საფრთხის შუაგულში შეუძლიათ მოულოდნელად აღმოჩენა. მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ხელეწიფებათ. თუმცა ძალიან ეშინიათ, თუ რამე კონტროლიდან გამოდის, ეშინიათ არაამქვეყნიურ ძალებთან დაკავშირების, ასევე მცირე მწერების, რომლებიც სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს.

თხის რქა

მიზანსწრაფული თხის რქებისა ბევრს შეიძლება შეშურდეს.რადგანაც თავიანთ სურვილს არიან ჩაბღაუჭებული, საკუთარ მომავალზე შიშობენ. ხანდახან ფსონზე ყველაფერს ჩამოდიან. არასდროს აღიარებენ საკუთარ სისუსტეებს, რომლებთან შერიგებაც ძალიან უჭირთ. ვერ იტანენ ხშირ ურთიერთობებს, რადგან მათთვის კომფორტულია მარტო ყოფნა. საშინლად ეშინიათ საკუთარი შინაგანი ჭეშმარიტი „მეს“ ხალხის წინაშე გამოაშკარავებისა, ამიტომ ქცევის სხვადასხვა მოდელს ირგებენ. მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში ვინმე დააზღვევს. ბევრ თხის რქას აშინებს სიმაღლე და სიღრმე.

მერწყული

მერწყულები ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას. უცნობმა სიმპტომებმა და ტკივილმა ისინი, შესაძლოა, პანიკაში ჩააგდოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი განსაკუთრებულად ნიჭიერი წარმომადგენლებით ამაყობს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რომ თავიანთი შემოქმედება ადამიანებამდე მიიტანონ. ამის გამო მათ ეშინიათ, რომ ვერ გაუგონ და არ აღიარონ. მათთვის საშინელებაა რუტინული საქმიანობა. ეშინიათ სიბნელეში და დახურულ კარს მიღმა ძილის.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

თევზები

თევზებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. უჭირთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. არ იღლებიან განუწყვეტელი ურთიერთობებით. მთელი ცხოვრება ეძებენ ადამიანს, რომელსაც დაეყრდნობიან. მაგრამ მიუხედავად კომუნიკაბელურობისა, საჯაროობის ეშინიათ. განიცდიან, რომ შეიძლება დასცინონ. ვერ იტანენ სიმაღლეს.

0