ვინ არ არის ვალდებული, გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი

გამოწერა
საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. ის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადია, რომელსაც იხდიან როგორც რეზიდენტი ფიზიკური პირები, ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავალს საქართველოში არსებული წყაროდან იღებენ.

ბუნებრივია, ჩნდება კითხა, თუ ვინ არიან რეზიდენტი პირები. რეზიდენტად ითვლება ის პირი, რომელიც მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში; ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

როგორც ხედავთ, საშემოსავლო გადასახადს ჩვენ ქვეყანაში თითქმის ყველა იხდის და ის ადამიანს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ეხსნება. დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც კანონი საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს.

ზოგადი წესის მიხედვით, ფიზიკური პირის შემოსავალი 20%-ით იბეგრება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა კანონმდებლობა ამცირებს, ან სულაც ათავისუფლებს ფიზიკურ პირს ამ თანხისგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა საცხოვრებელი ბინის გაქირავება: თუ ადამიანი გააქირავებს ფართს და ამის შესახებ საგადასახადო ორგანოს აცნობებს, მისი შემოსავალი მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება, ხოლო თუ კომერციულ ფართს გააქირავებს, ეს შეღავათი აღარ შეეხება და უკვე 20%-ით დაიბეგრება.

დაკავება - Sputnik საქართველო
თუ მოულოდნელად დაგაკავეს...იცოდეთ თქვენი უფლებები

დაბეგვრას ექვემდებარება შემდეგი სახის შემოსავლები:

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები - 20%-ით

დივიდენდები - 5%-ით

პროცენტები - 5%-ით

როიალტი (გადასახადი, რომელსაც პირი იხდის კონკრეტული ფასეულობის დროებით გამოყენებისთვის), გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიღებული როიალტისა - 20%-ით.

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი - 3%-ით.

ფიზიკური პირის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, მიერ 1000 ლარზე მეტი ქონების უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

ოფისში - Sputnik საქართველო
დღის თემა: საქართველოში შესაძლოა ორ სამსახურში მუშაობა აიკრძალოს

პირები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან თავისუფლები არიან:

- პირი, რომლის წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 3 ათას ლარს არ აღემატება.

- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეები

- პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება

- მარტოხელა დედა

- პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);

- პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;

- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამი ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 ათას ლარამდე.

- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

ოფისის თანამშრომელი პოზიტიურ განწყობაზე - Sputnik საქართველო
თუ სამსახურიდან უკანონოდ გაგათავისუფლეს... იცოდეთ თქვენი უფლებები

- ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;

- იმ პირის 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

რაც შეეხება მემკვიდრეობით მიღებული შემოსავლის დაბეგვრას:

არ იბეგრება პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი.

შეგახსენებთ, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილთაშვილი და მისი შვილი, ასევე მშობელი და მშვილებელი. მეორე რიგის მემკვიდრეები კი არიან: და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები.

თუ მესამე, ან მეოთხე რიგის მემკვიდრეები ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიიღებენ ქონებას, რომლის ღირებულებაც 150 ათას ლარს არ აღემატება, არც ეს ქონება დაიბეგრება.

მესამე რიგის მემკვიდრეები კი არიან ბებია, პაპა და მათი დედ-მამა, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან, ხოლო მეოთხე რიგისა – ბიძა, დეიდა, მამიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0