თავის ტკივილი

რამ დაგღალა? შესაძლოა, თქვენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი გქონდეთ

218
(განახლებულია 14:53 17.09.2019)
რუბრიკა ფასილიტატორის სტუმარია მოზრდილთა ნევროლოგი, წერეთლის უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი ეთერ ტოგონიძე.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი აქტუალური და, შეიძლება ითქვას, არც ისე მარტივად დასაძლევი სამედიცინო მდგომარეობაა. მას ახასიათებს ძლიერ გამოხატული დაღლილობა, რაც კონკრეტულ გამომწვევთან არ არის კავშირში. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის არსებობაზე ეჭვი შეგვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც აუხსნელ დაღლილობას თან ახლავს შემდეგი სიმპტომებიდან რამდენიმე:

1. კოგნიტური უნარების გაუარესება (მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება);

2. ყოველდღიური აქტივობების მკვეთრი შემცირება;

3. დატვირთვის შემდგომი გამოფიტვა – დაღლილობა იმატებს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას, ხოლო დასვენების შემდგომ მხოლოდ უმნიშვნელოდ გაივლის;

4. არასრულფასოვანი ძილი, რომლის შემდეგაც ადამიანი გამოუძინებელი რჩება;

5. ფეხზე დგომის აუტანლობა (სიმპტომები ძლიერდება ფეხზე დგომისას), თავის, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, კისრისა და მკერდის ლიმფური კვანძების გადიდება. ამავდროულად აღნიშნული სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს არაუმცირეს ექვსი თვისა;

არსებობს შემთხვევები, როცა დაღლილობა და სისუსტე იმატებს ხანგრძლივი ძილის და დასვენების შემდეგაც.

რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

სამწუხაროდ, სინდრომის გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია. არ არსებობს სპეციფიკური დიაგნოსტიკური საშუალება, არც პაციენტის ფიზიკური გასინჯვით ვლინდება საყურადღებო ცვლილებები, რაც დიაგნოსტიკაში დაგვეხმარებოდა. თუმცა არსებობს უამრავი კვლევა, რაც მეტყველებს სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ვირუსული, ფსიქოლოგიური, იმუნური, ენდოკრინული თუ ოქსიდაციური სტრესის როლზე სინდრომის განვითარებაში; ასევე საუბარია გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე, მაგრამ საბოლოოდ დადასტურებული, როგორც გამომწვევი, ჯერ არ არის. ძირითადად დიაგნოზს ვსვამთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების და მისი ხანგრძლივობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ამ სიმპტომების სხვა სავარაუდო მიზეზები გამოირიცხება.

გახსოვდეთ, სინდრომის ადრეული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მართვა გაცილებით უკეთეს შედეგს გვაძლევს და ამცირებს ისეთი გართულებების რისკს, როგორიცაა ღრმა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და შრომისუნარიანობის ძლიერი შეზღუდვა.

რამდენად ხშირია ეს სინდრომი და თუ არსებობს გარკვეული რისკის ჯგუფები?

საქართველოში ამ სინდრომის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, მაგრამ ცნობილია, რომ აშშ-ში 2.5 მლნ ადამიანიდან 836 ათასს აღენიშნება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. დამეთანხმებით, არ არის მცირე რიცხვი. ამ სინდრომით უფრო ხშირად ავადდებიან ქალები, სიმპტომების გამოვლენის საშუალო ასაკი არის 30-40 წელი. სტრესი სინდრომის განვითარების ერთ-ერთი ძლიერი რისკ-ფაქტორია.

როგორ ხდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა?

თავად სახელწოდებაც მიუთითებს, რომ ეს სინდრომი არის ქრონიკული მდგომარეობა, შესაბამისად, მისი განკურნება ვერ ხერხდება. პაციენტებს ახასიათებთ სიმპტომების გამწვავების და ე.წ. ნათელი, უსიმპტომო პერიოდების მონაცვლეობა. ამიტომ მკურნალობა ძირითადად არის სიმპტომური და მოიცავს მედიკამენტოზურ ჩარევას, ფსიქოთერაპიას, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას და ცხოვრების წესის შეცვლას. ასევე არსებობს შემთხვევები ალტერნატიული მედიცინის (მასაჟი, იოგა) საფუძველზე სიმპტომების შემცირების მხრივ. კურორტოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან გასამკლავებლად. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა მდიდარია სამკურნალო კურორტებით, შესაბამისად, ფართო არჩევანის საშუალება გვაქვს, მაგრამ მათგან გამოვყოფ კურორტებს, რომლებიც განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით ხასიათდება ნერვული, იმუნური, გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დარღვევების დროს, რაც ახასიათებს ხოლმე ქრონიკული დაღლილობის სინდრომს.

ურეკი–გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლი, სადაც უნიკალური, განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშაა, საუკეთესო ადგილია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. სადღეღამისო აეროთერაპია, ჰაერისა და მზის, ზღვისა და მაგნიტური ქვიშის აბაზანების კომპლექსი არეგულირებს აღგზნება-შეკავების პროცესებს თავის ტვინში, აძლიერებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას და იმუნობიოლოგიურ რეაქტიულობას, ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გარემოს არასასურველი პირობების მიმართ ადაპტაციურ რეაქციებს.

წყალტუბოს რადონულ-კარბონატული წყლის სამკურნალო თვისებები კარგად არის შესწავლილი. ის ავიწროებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, აღრმავებს და აიშვიათებს სუნთქვას, ასუსტებს ნერვული სისტემის აღგზნებას და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას.

წყალტუბოს კარსტული მღვიმეები – განსაკუთრებული მიკროკლიმატი, მისი დაბალი ტემპერატურა, ტენიანობა, მტვრისგან თავისუფალი, მიკროელემენტებით მდიდარი ჰაერი და დაბალი განათების გარემო დადებითად მოქმედებს დეპრესიაზე, ნევროზსა თუ სხვა ფსიქონევროლოგიურ პრობლემებზე. კურნავს ჰიპერტონულ დაავადებას.

ბახმარო – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთის კურორტი – კლიმატის განსაკუთრებულობას ქმნის მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავი. ბახმაროში დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა სხვადასხვა ტიპის ანემიის დროს.

ამასთანავე, მთის კლიმატი მატრენირებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, მობილიზებას უწევს მის სარეზერვო ძალებს, შესაბამისად, აკაჟებს ორგანიზმს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

და, ბოლოს, გახსოვდეთ, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია ამის გჯეროდეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.

 

218