მითები კვების შესახებ: ყველა კალორია თანაბარია?

CC0 / Pixabay / ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული
ზღვის პროდუქტები და ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით დავამსხვრიოთ მითები კალორიების შესახებ. ბევრი ადამიანისთვის კალორიები და მათი დათვლა დიეტასთან და მოხდენილ ფიგურასთან ასოცირდება. თუმცა რეალურად ის ჯანსაღი კვების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

რა არის კალორია? ყველას გვსმენია, ალბათ, თუ არ ჭამ, ენერგია არ გექნება, ჭამე, დღეს ბევრი სამუშაო გექნება, და ა.შ. საკვები არის ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი სხეულისთვის. როცა უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე ვხარჯავთ, ის „რეზერვში“ გადადის ცხიმის სახით. თითოეული პროდუქტი – ხორცი, ხილი, ბოსტნეული, ღვინო სხვადასხვა რაოდენობის „ენერგიას“ შეიცავს. საჭირო ხდება ამ ენერგიის დათვლა, რისთვისაც შემოღებულია ერთეული – კალორია. ცალკე ეს სიტყვა არაფრისმთქმელია, მაგალითად, 500 კალორია ბევრია თუ ცოტა?  გასაგებად რომ ვთქვათ, გაუხარჯავი კალორიები ცხიმებად გარდაიქმნება. რეალურად ადამიანს ასუქებს გაუხარჯავი კალორიების დიდი რაოდენობა და არა ცხიმის ჭარბი შემცველობა.

ბევრი ადამიანისთვის წონაში დაკლება სწორედ კალორიების დათვლასთან ასოცირდება. ყოველდღიურად განსაზღვრული, დათვლილი კალორიებით შედგენილ მენიუს მიირთმევენ და ნამდვილად სამყაროს დამხობას ნიშნავს მათთვის, თუ კალორიების ცოტა მეტი რაოდენობა მიიღეს. მაშინვე სასწორზე დგებიან და შიშით ელოდებიან წონაში კატასტროფულ მატებას. თუ ხშირად იცავთ დიეტას, მსგავსი გრძნობა უცხო არ იქნება თქვენთვისაც.

უმეტესობას გვჯერა, რომ ყველა კალორია თანაბარია და თანაბარი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა,  სულაც არაა ასე.

მართლაც დაკავშირებულია თუ არა წონის კლება კალორიების დათვლასთან? ეს ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება: თუ იმაზე მეტ კალორიას დავწვავთ, ვიდრე მივიღებთ, შევძლებთ წონის დაკლებას. თუმცა, ამ თეორიას მრავალი პრობლემა აქვს. დაბალი ღირებულების კალორიები შეიძლება აგვერიოს მაღალი ღირებულების კალორიებში. მაგალითად, 300 გრამი ქათმის ხორცის ჭამა არ არის იგივე, რაც 300 გრამი ნამცხვრის ჭამა. ქათამს აქვს ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, რომლებიც სხეულს უფრო მეტად აკმაყოფილებს და აჯანსაღებს.

კალორიები ასევე განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ ვამზადებთ საკვებს. მაგალითად, შემწვარი კვერცხი შეიცავს 66 კალორიით უფრო მეტს, ვიდრე მოხარშული კვერცხი. კალორიების დათვლა არ უნდა გავხადოთ ციფრებით თამაში, არამედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორად შერჩეული პროდუქტებით ვიღებთ მათ.

ეცადეთ, დიეტაში რაც შეიძლება ნაკლები რაფინირებული და გადამუშავებული საკვები შეიტანოთ. გაამდიდრეთ თქვენი მენიუ მარცვლეულითა და მაღალცილოვანი საკვებით.

ყველა ახალი ამბავი
0