ჩაი და გვირილები

ჩაის გურმანებისთვის: როგორ შევარჩიოთ და დავაყენოთ საუკეთესო ჩაი

529
(განახლებულია 19:30 13.08.2019)
ბევრი ჩვენგანისთვის ჩაის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. უამრავი ადამიანისთვის კი დილა სწორედ ფინჯანი ჩაით იწყება.

ჩაი, როგორც მასტიმულირებელი, ისე მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე -  ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას, პროდუქტიულობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას. მას „გამოსაფხიზლებლად“ და „ენერგიის მოსამატებლად“ ვსვამთ.  ყოველივე ამის მიზეზია ჩაიში  შემავალი ალკალოიდი კოფეინი. სწორედ კოფეინი გვეხმარება გამოვფხიზლდეთ და ვიყოთ  უფრო პროდუქტიული, თუმცა მისი მოქმედების გასვლის შემდეგ ადამიანს დაღლილობა ეუფლება.

ჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად
ჩურჩხელა და ჩირი ჩაისთან ერთად

დაიმახსოვრეთ, უშაქრო ჩაის არ გააჩნია ენერგეტიკული ღირებულება (კალორიები).

ბევრს აინტერესებს, რომელი უკეთესად აფხიზლებს - ჩაი თუ ყავა? კოფეინის შემცველობა ყავის ნაყოფსა და ჩაის ფოთოლში დაახლოებით ერთნაირია - ზოგ ჩაის ფოთოლში კოფეინი მეტიც კია, ვიდრე ყავაში. თუმცა  კოფეინის შემცველობა სასმელში მისი მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული. კერძოდ, ჩაის მომზადების მეთოდები უფრო „რბილია“, ყავა კი მომზადებამდე საკმაოდ ძლიერ ზემოქმედებას განიცდის - მოხალვა, მაღალი ტემპერატურისა და ზოგჯერ მაღალი წნევის წყლის ზემოქმედება. შედეგად ყავის ჭიქაში კოფეინის შემცველობა საშუალოდ 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ფინჯან ჩაის ჭიქაში.

გაითვალისწინეთ, ჩაიში შემავალი კოფეინის მოქმედება  უფრო ნელი და ხანგრძლივია, ვიდრე ყავაში შემავალი კოფეინისა. ამიტომ თუ ყავა სწრაფად და შედარებით მოკლე პერიოდით გაფხიზლებთ,  ჩაი  უფრო რბილ,  უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ ეფექტს იძლევა.

გაითვალისწინეთ, არასასურველია ჩაის და ზოგადად კოფეინის შემცველი სასმელების მიღება ალკოჰოლთან ერთად, ან დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

© Sputnik / Alex Shlamov
"დააგემოვნეთ თურქული ჩაი!" ანუ სტამბულის ნაწილი თბილისში

როგორ შევარჩიოთ ჩაი

ბაზარზე ხშირად შეგვხვედრია შავი ჩაი, ყვითელი ჩაი, მწვანე ჩაი და სხვა. დაიმახსოვრეთ,  ჩაის ფერი ფოთლის დამუშავების ტექნოლოგიაზე  არის დამოკიდებული. რაც უფრო ღია ფერისაა  ჩაი, მით უფრო ნაკლებად არის იგი დამუშავებული და მეტ სასარგებლო (ბიოლოგიურად აქტიურ) ნივთიერებას შეიცავს. სამაგიეროდ მეტად დამუშავებული (უფრო მუქი) ჩაი უფრო არომატული და გემრიელია.

კოფეინის შემცველობის მიხედვით, შავი და მწვანე ჩაი არ განსხვავდება, ამიტომ გამომაფხიზლებელი ეფექტი ორივეს ერთნაირი აქვს.

ალბათ გასაკვირი არავისთვის არის, რომ ყველაზე იოლი მოსახმარი ერთჯერადი პაკეტების ჩაია. თუმცა, ფრთხილად იყავით!  რადგან  მომხმარებელი ვერ ხედავს, თუ რა არის მოთავსებული პაკეტში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ასეთი  ჩაის ფალსიფიკაცია. ამ დროს იყენებენ ძალიან დაბალი ხარისხის ჩაის, თითქმის მტვერს, რომელსაც გემოს, არომატისა და ფერის მისანიჭებლად სხვადასხვა საკვებ-დანამატებს უმატებენ.

როგორ გავიგოთ პაკეტის ჩაი ფალსიფიცირებულია, თუ არა

დაასხით ჩაის პაკეტს ცივი წყალი - ჩაის ნატურალური მღებავი ნივთიერებები ძნელად იხსნებიან ცივ წყალში, ხოლო დამატებული საღებავები კი უცებ
თუ ჩაის ჭიქაში ჩაგდებულმა ლიმონის ნაჭერმა ნაყენის ფერი არ შეცვალა, თქვენ ფალსიფიცირებულ ჩაის მიირთმევთ


როგორ შევარჩიოთ შავი ჩაი:

კარგი ხარისხის ჩაის არჩევა თუ გინდათ, გირჩევთ ბაიხის (ანუ ფანტია, loose tea) ფოთლოვანი ჩაი შეიძინოთ, რადგან რთულია მისი ფალსიფიცირება.

ჩაის ფოთლები მუქი და მბზინვარე უნდა იყოს;

ნუ შეიძენთ ჩაის, რომელიც მხოლოდ მუყაოს კოლოფშია შეფუთული. ასეთ შეფუთვაში ჩაი ძალიან მალე კარგავს არომატს. კარგი ჩაი ფოლგაში ან ცელოფანში მაინც უნდა იყოს შეფუთული.

ახლა კი გირჩევთ, როგორ დააყენოთ ჩაი ნამდვილი გურმანებისთვის

ყველამ ვიცით, რომ ჩაი ფერს მდუღარე წყლის რამდენჯერმე დასხმისასაც იძლევა, მაგრამ დაიმახსოვრეთ: სასარგებლო და გამომაფხიზლებელი მოქმედება მხოლოდ ახალდაყენებულ ჩაის აქვს!  წინა დღეს დაყენებული ჩაი ჯამრთელობას ნამდვილად არ დააზიანებს, მაგრამ გემო და არომატი ამ ნაყენს უფრო ნაკლები ექნება, რადგან ეთერზეთები ორთქლდება. ნაყენი აგრეთვე კარგავს თავის სასარგებლო თვისებებსაც - მასში შემავალი ვიტამინები იშლება,  

კარგი ჩაის დასაყენებლად 1 ფინჯანი ჩაისთვის 1 ჩაის კოვზი ჩაი უნდა გამოიყენოთ.  არ იხმაროთ რკინის ჩაიდანი ან თერმოსი, ფერის დასაყენებელი ჩაიდანი ფაიფურის ან შუშის უნდა იყოს და ის ჯობია, წინასწარ გაათბოთ. შავი ჩაის ფერის დასაყენებლად გამოიყენეთ მდუღარე (90-95 გრადუსი) წყალი, მწვანე ჩაისთვის კი ნაკლები ტემპერატურის (65-80 გრადუსი). ჩაიდანს დაახურეთ ნაჭერი და დააყენეთ. კარგი შავი ჩაის დაყენებას 5 წუთი უნდა, მწვანე ჩაისას - დაახლოებით 3 წუთი.

გაითვალისწინეთ, მართალია წინა დღის დაყენებული ჩაი კარგავს გემოს და არომატს,  ამ დროს ნაყენში მატულობს კოფეინის რაოდენობა და დიდი ხნის წინ დაყენებული ჩაი უფრო მეტად აფხიზლებს. 

 

529
რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

168
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

168
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
რუჯის მიღება

მზით დამწვრობა: დაზიანებული კანის მოვლის უპირველესი წესი პროფესორისგან

87
(განახლებულია 14:08 08.07.2020)
პროფესორი განმარტავს, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმ შემთხვევაში, თუ მზით დამწვრობა მიიღეთ, და რამდენიმე აუცილებელ რეკომენდაციას გასცემს.

თბილისი, 8 ივლისის – Sputnik. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მზეზე გასული ადამიანები დამწვრობის მიღებით რისკავენ, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სვეტლანა ჟაბოევამ.

მან მსმენელებს მისცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მზით დამწვრობის შემთხვევაში.

„პირველ რიგში აუცილებელია გრილი წყლით დაბანა ჭარბი ოფლისა და გარეგანი დაბინძურების მოსაშორებლად, შემდეგ კი პრაქტიკულად სველ კანზე დამამშვიდებელი კრემის წასმა. კრემი უნდა იყოს სააფთიაქო პროდუქტი, რომელიც ბეპანთენს ან სხვა დამაშვიდებელ და დამატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს. არ არის საჭირო არანაირი სპირტიანი, ზეთოვანი საშუალებები. ეს უნდა იყოს არა ცხიმოვანი კრემი, არამედ მსუბუქი ემულსია. კრემის კანზე დატანა აუცილებელია ყოველ 3-5 საათში“, — განმარტა პროფესორმა.   

მისი თქმით, თუ კანმა აქერცვლა დაიწყო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცილოთ ის თვითნებურად. ამ დროს მხოლოდ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების დატანაა სასურველი. ეს შეიძლება იყოს დამატენიანებელი ემულსია, რძე, შეიძლება იყოს ჰიდროგელური ან ქსოვილის ნიღბები, რომლებიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს.

  • ჟაბოევა აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მექანიკური, ქიმიური სკრაბების გამოყენება აქერცლილი კანის მოსაშორებლად, „მხოლოდ მისი დარბილებაა საჭირო, რათა ისინი ბუნებრივი გზით მოწყდეს და მოშორდეს კანს“.

ექიმი განმარტავს, რომ თუ დამწვრობის შემთხვევაში ხელთ არანაირი სამკურნალო საშუალება არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ კანზე ნებისმიერი რძემჟავა პროდუქტი წაისვათ — მაგალითად, ნაღები, რომელიც ასეთ დროს საუკეთესო იქნება.

87
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
ბარბარე 21

პროსტიტუციიდან ქველმოქმედებამდე - რა ბედი ეწია „მამიდას" საროსკოპოს

0
(განახლებულია 16:21 09.07.2020)
მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეშურდება საქართველოში იმდენი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა მაღალი კლასის მომსახურეობითა და სერვისით. ყველას სახელი შესაძლოა ვერ გავიხსენოთ, მაგრამ არც ისე გამორჩეული, პატარა სასტუმროს „ჭალის ჩიტების“ სახელს დღეს ბევრი ვერ ივიწყებს.

ამის მიზეზს მიხვდებით, თუ გეტყვით, რომ სასტუმროს მეპატრონე საზოგადოებისათვის „მამიდას“ ნიკით ცნობილი შორენა ხუცურაული გახლდათ. მუხედავად მავანთა მიერ ამ სასტუმროში გატარებული დღეებისა, რომელიც ზოგისთვის ტკბილი მოგონება იყო, ზოგისთვის კი იმედგაცრუება, ის სასტუმრო აღარ არის თქვენ რომ გვახსოვთ...

გასული წლის მაისში აქ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამოძიებამ სასტუმრო „ჭალის ჩიტები“, როგორც პროსტიტუციის ობიექტი დალუქა. ყველა მთავრობისგან დევნილ ქალს, ერისა და ბერის „მამიდას“, როენა ხუცურაულს კი „ამაგი“ არ დაუფასეს, ხელბორკილები დაადეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„მამიდა“ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ აღიშნულ ობიექტზე ქველმოქმედების მიზნით სათნოების სახლის დაარსებას აპირებდა…

 „Sputnik საქართველოს“ როენა ხუცურაულმა მოუთხრო, თუ როგორ აქირავებს დღეს სიმბოლურ ფასად სასტუმროს შშმ პირების დასახმარებლად და არც სამომავლო გეგმები დამალა. მისი ნათქვამიდან ყველაზე ნიშანდობლივი კი მაინც ერთი რამ იყო - „ჩემს სიბერეს ჩემს სასტუმროში ვხედავ“.

ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
ბარბარე 21

„ქველმოქმედების მიზნით სასტუმროში სათნოების სახლის გახსნას ვაპირებდი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შევძელი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გავხადე და პანსიონატისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ათას ლარად გავაქირავე. ესეც დახმარებაა. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ამ კეთილ საქმეში თავადაც ჩავერთვები. ყველაფერი ღვთის ნებაა. როცა წლებში შედიხარ ადამიანი, უკვე სხვანაირად ფიქრობ. ჩემს სიბერეს კი ჩემს სასტუმროში ვხედავ“ - გვითხრა როენა ხუცურაულმა.

ქველმოქმედება - ლამაზი სიტყვაა, ქმედება - კიდევ უფრო ლამაზი. ხოლო ნებისმიერი ქმედება, თუ სიკეთეს არ ემსახურება მხოლოდ შიშველი ინსტინქტია. ძნელია ისაუბრო ქველმოქმედი ადამიანის მოტივაციაზე. ალბათ, ეს უფრო ბუნებრივი მოთხოვნილებაა, სიამოვნებაა, რაც ნებისმიერ ხორციელ სიამოვნებაზე გაცილებით ძლიერია.

„მამიდას“ ნათქვამის პატივისცემის მიუხედავად, ჩვენმა ჟურნალისტმა მისი მონათხრობი გადაამოწმა, ესტუმრა ახლა უკვე თავშესაფარს და როგორც აღმოჩნდა მას პირობა შეუსრულებია…

Ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
Ბარბარე 21

დაწყებული საქმიანობა მოხუცთა თავშესაფრის, „ბარბარე 21“-ის მფლობელმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა მერაბ შათირიშვილმა განაგრძო. დაწესებულების კედლებში კი ახალი სიცოცხლე დაიწყო. მთლიანი შენობა და ცალკეული ოთახები მოძღვარმა აკურთხა, აურა გაიწმინდა და ახლა შენობის ფანჯრებიდან ბენეფიციარების ბედნიერი ხმა გამოდის.

შენობა 16 ბენეფიციარზეა გათვლილი. თითოეულ ოთახს აქვს თავისი სველი წერტილი, ცხელი და ცივი წყალი, გათბობა. სართულებს შორის გადასაადგილებლად კი არის ადაპტირებული ლიფტიც.

სააგენტოსთან საუბრისას მერაბ შათირიშვილმა აღნიშნა, რომ შენობა ხუთი წლით იქირავა, სხვა სასტუმროებს კი მოუწოდა როენა ხუცურაულისაგან მაგალითი აიღონ.

Ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
Ბარბარე 21

„მეპატრონეს თავად სურდა თავშესაფრის დაარსება. ნებართვაც ჰქონდა, თუმცა, შემდეგ ცოტა გაუჭირდა თავის გართმევა, დამიკავშირდა და ბოლოს იგივე მიზნით ხუთი წლით ვიქირავე. ქირას სიმბოლური თანხაც შეიძლება ვუწოდოთ. მანამდე მეპატრონეს არ ვიცნობდი. მიკვირს რატომ არის როენას სასტუმრო ასეთი ყურადღების ცენტრი, ან დღეს რა აზრი აქვს ადრე აქ რა იყო. თვითონ ცხოვრებამ გარკვეულწილად იმ გზით წაიყვანა, რომ გართობის ადგილი ყოფილიყო, მაგრამ თბილისის სხვა ნებისმიერ სასტუმროშიც, წყვილს შეუძლია ღამის გათენება. ასეთ სასტუმროებს ვურჩევ ასეთ სიკეთის სახლებად გადაკეთებას, ვიდრე შეფარულად ყოფნას“ - ისაუბრა შათირიშვილმა.

Ბარბარე 21
© Sputnik / Shota Nozadze
Ბარბარე 21

კითხვაზე, თუ როგორ ახდენს თავშესაფარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, მერაბ შათირიშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად შაბათს, ვაკის პარკში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, სადაც მათი თავშესაფრიდან ბენეფიციარი იღებს მონაწილეობას.

ასე მოხდა... ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ქველმოქმედი და პატიოსანი ადამიანი შეემატა, „სასტუმროების ბიზნესს“ კი ერთი მზრუნველი ადამიანი გამოაკლდა.

რამდენად ქველმოქმედია „მამიდა“ ეს საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა აქვე ცნობილი ფრაზა აგეკვიატება - ყველამ თავის მამიდას მიხედოს...

ჩვენ კი დავსძენთ, სასიამოვნო სიახლეები კარგია, თუნდაც მოულოდნელი იყოს!

0