მითები კვების შესახებ: ის რაც უნდა იცოდეთ „ორგანულ“ პროდუქტზე

112
(განახლებულია 14:46 07.08.2019)
მარიამ ბერიძე
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა და აქვე დგება დღეს ძალზე პოპულარული „ორგანული" პროდუქტების ავკარგიანობის საკითხი.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

და მაინც როგორია სწორი, რაციონალური კვება? ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ. სრულ ინფორმაციულ ქაოსში ნამდვილად ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით, დავამსხვრიოთ მითი ორგანული საკვების შესახებ. ორგანული საკვები რომ კარგია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ.

რა იგულისხმება ორგანულ საკვებში? ტერმინი „ორგანული“ პროდუქტის სისუფთავეს აღნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ორგანული საკვები სინთეზური ქიმიკატების გარეშეა მოწეულ-მოყვანილი. მათში წესით, არც პესტიციდ-ჰერბიციდების, არც ანტიბიოტიკების და არც ემულგატორების კვალი არ უნდა შეინიშნებოდეს.

ირგვლივ რომ მიმოვიხედოთ „ყვავის“ ორგანული საკვების ბიზნესი, რადგან ყველას სურს უკეთესი საკვები, როგორც ჩვენთვის, ასევე ნაკლებად გვსურს გარემოს დაზიანება და დაბინძურება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორგანული პროდუქტების ყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ფერმერები არ იყენებენ სინთეზურ პესტიციდებს.

უნდა იცოდეთ, რომ პროდუქციას, რომელსაც აქვს ორგანულის სერტიფიკატი, მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ: მოყვანილი  უნდა იყოს ისეთ ნიადაგზე, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეუტანიათ სინთეზური ქიმიკატები, მინერალური სასუქები, ზრდის სასტიმულაციო ქიმიური საშუალებები, გენმოდიფიცირებული თესლი. მზა პროდუქცია არ შეიცავს საკვებდანამატებს, საღებავებს, არომატიზატორებს.

თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სინთეზური პესტიციდები შეიცვალა ბუნებრივით, რომლებიც არ არის შესწავლილი და ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი აქვს თუ არა რაიმე გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ძალიან მცირე განსხვავებაა ორგანულად მოყვანილსა და ჩვეულებრივ მოყვანილი პროდუქტის ნუტრიენტებს (საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები) შორის.

არის ორგანული საკვების მიღება  უკეთესი ჯანმრთელობის გარანტია? კვლევები აჩვენებს, რომ ორგანული საკვები მართლაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, თუმცა ის აუცილებლად არ ნიშნავს ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარანტიას.

ამასთან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ  ორგანული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელსაც აქვს ოფიციალური სერტიფიკატი. სერტფიცირებული ბიოპროდუქტი კი ელიტურ კლასს მიეკუთვნება. ასე რომ, ყურადღებით შეისწავლეთ ნაწარმის ეტიკეტი, რათა მისი ყიდვისას და საკმაოდ მაღალი ფასის გადახდისას მოტყუებული არ დარჩეთ.

წყარო:  Medical News

 

 

 

112