ბრიუსელი

როგორ დავსაქმდეთ ბელგიაში ლეგალურად? - პრაქტიკული რჩევები

988
დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ქვეყნიდან ქვეყანაში უკეთესი სამუშაოს მოსაძებნად. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის მთავარ გამოსავლად შრომითი მიგრაცია რჩება. ასეთი ქვეყნების რიგებშია საქართველოც.

საქართველოდან ემიგრაციაში ყველაზე ხშირად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – ბელგიის  დასაქმების პოლიტიკა და როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოყენებულია სამუშაო ძალის შემდეგი სახის კლასიფიკაცია:

არაკვალიფიციური მუშაკები – სამუშაო ძალა, რომელიც ფიზიკურად ასრულებს სამუშაოს და არ სჭირდება სპეციფიკური განათლება

კვალიფიციური მუშაკები – პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა

მაღალკვალიფიციური მუშაკები – უმაღლესი (აკადემიური და/ან პროფესიული) განათლების მქონე სამუშაო ძალა

ბელგიის შრომის ბაზრის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მოსახლეობა ეკონომიკურად არაა აქტიური. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სიმწირის გამო კი ვაკანსიების შევსება პრობლემური ხდება.

ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ წინა წლებში ბელგია გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობის მიხედვით მოწინავე ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირში. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ბელგიის განვითარებისათვის.  პრობლემის გადასაჭრელად ცდილობენ გადაამზადონ ადგილობრივი კადრები, თუმცა,  ამავე დროს აქტიურად ეძებენ მესამე ქვეყნების მოსახლეობაში მაღალკვალიფიციურ კადრებსაც.

მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე ბელგიაში:

ბელგიის  დასაქმების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს „დეფიციტური პროფესიების“  სიას. აღნიშნული სია მოქმედებს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში ბინადრობის ნებართვის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზეც.

ბელგიაში  გამოყოფილია პროფესიათა ოთხი ძირითადი ჯგუფი, რომელშიც დამსაქმებლებს ყველაზე მეტად უჭირთ ვაკანსიების შევსება. ესენია:

1. ექიმები და სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, გაითვალისწინეთ, რომ ბელგიაში განსაკუთრებული მოთხოვნაა ექთნებზე,

2. ICT სფეროს პროფესიონალები (ბიზნეს ანალიტიკოსები, ანალიტიკოსი დეველოპერები, ქსელისა და მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორები; პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტები ა.შ.),

 3. ტექნიკურ - ინდუსტრიული ინჟინრები.  ინჟინერია ბელგიელ ახალგაზრდებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს და ძალიან დაბალია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობაც ამ სფეროში,

4. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი (მიმტანები, მზარეულები, სასტუმროს მიმღები, ოთახის დამლაგებლები და ა.შ.)

მიგრანტი მუშახელის დასაქმება ბელგიაში – პრაქტიკული რჩევები

გაითვალისწინეთ, რომ თუ ბელგიაში ლეგალურად დასაქმება გადაწყვიტეთ,  აუცილებლად უნდა გქონდეთ სამუშაო შეთავაზება ბელგიური კომპანიისაგან. ევროკავშირის სხვა ქვეყნების  მსგავსად, ბელგიური კომპანია პირველ რიგში დასაქმების სამსახურს აცნობებს თავისი სურვილის შესახებ დაიქირავოს მესამე ქვეყნის მოქალაქე. აღნიშნულის შემდეგ კი უნდა ჩატარდეს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი.

ე.წ. შრომის ბაზრის ტესტის მიხედვით, თუ დამსაქმებელს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავება სურს, ის ვალდებულია აცნობოს ადგილობრივ დასაქმების სამსახურს, რომელიც ვაკანსიას გამოაქვეყნებს თავის ვებ-პორტალზე. თუ აღნიშნულ პოზიციაზე ვერ მოხერხდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრის პოვნა გერმანიაში, მაშინ დასაქმების სააგენტო თანხმდება შრომისა და ბინადრობის ნებართვა გასცეს მესამე ქვეყნის მოქალაქეზე.

ბელგიაში სამუშაოდ არსებობს ორი ტიპის სამუშაო ნებართვა - A და B. თუ თქვენ პირველად მიდიხართ ბელგიაში სამუშაოდ, უნდა მოიპოვოთ B ტიპის ნებართვა, რომელიც კონკრეტული სამუშაოსთვის და კონკრეტული პერიოდით (მაქსიმუმ 12 თვე) გაიცემა. თუმცა, შეგიძლიათ მისი განახლებაც. რაც შეეხება A ტიპის ნებართვას, იგი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუკი პირი დაადასტურებს რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ოთხი  წელი მაინც მუშაობდა ბელგიაში B ტიპის ვიზით.

სამუშაო ნებართვაზე განაცხადი ელექტრონულად კეთდება. ამ ეტაპზე ბელგიაში არ უნდა იმყოფებოდეთ.  თუ თანხმობა მიიღეთ, ამის შემდეგ უკვე  საჭიროა გრძელვადიანი (D ტიპის) ვიზის მიღება და უკვე ბელგიაში ჩასვლის შემდეგ ბინადრობის უფლების მოპოვება.

გაითვალისწინეთ, ბელგიაში ლეგალურად მუშაობისათვის აუცილებელია საზღვარგარეთ მიღებული კვალიფიკაციების აღიარება.

 

988
მტირალი მამაკაცი

იტირე ანუ რა უნდა ქნა, როცა ყელში „ბურთი გეჩხირება“

148
(განახლებულია 19:35 13.08.2020)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი, პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის“ წამყვანი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი.

ტირილი ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვილი ბავშვი გარე სამყაროსთან ურთიერთობას ტირილით ამყარებს. ამ გზით ცდილობს საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. შემდეგ, როდესაც ბავშვი იზრდება და უკვე მეტყველებით შეუძლია მოთხოვნილებებისა და სურვილების დაფიქსირება, ტირილი სხვა ფუნქციას იძენს.

ანა ჯუღელი
photo: courtesy of Ana Jugheli
ანა ჯუღელი

აღსანიშნავია, რომ ადამიანი სამი სახის ცრემლს გამოყოფს, ესენია:

ბაზალური (ძირითადი) – საცრემლე ჯირკვლები ამ სახის ცრემლს მუდმივად აწარმოებენ. ის უზრუნველყოფს თვალის ტენიანობის შენარჩუნებას.

რეფლექსური – გამღიზიანებლისგან გამოწვეული ცრემლი. მაგალითად, თვალში რაიმეს მოხვედრით, ქარით, კვამლით და ა.შ. გამოწვეული. ცრემლი ამ დროს თვალის დამცავის ფუნქციას იძენს.

ემოციური – ემოციის ტალღის მოწოლისას გამოყოფილი ცრემლი.

როდესაც ტირილზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ემოციური ცრემლები იგულისხმება.

ტირილი ადამიანის ფიზიოლოგიური რეაქციია გარკვეულ ემოციურ სტიმულებზე, მაგალითად, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე, სიხარულზე და ა.შ.

ადამიანს ტირილის საშუალებით შეუძლია განიმუხტოს მოზღვავებული ემოციისგან. ტირილის დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, რაც ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას.

ცრემლების მეშვეობით ადამიანს შეუძლია მიიღოს თანაგრძნობა. ამ შემთხვევაში ცრემლებს მეორადი სარგებელი აქვს.

ადამიანი ბავშვობიდანვე ირჩევს ქცევის გარკვეულ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ერგება გარემოს, სოციუმს, რომელთა საშუალებითაც იღებს სხვადასხვა ტიპის სარგებელს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია შეიძლება იყოს ტირილი.

თუ იტირებს, იცის, რომ აუცილებლად მიიღებს სასურველს (ბავშვობიდანვე განმტკიცებული აქვს ეს ქცვევა). მსგავსი ტიპის ქცევა შენარჩუნებული იქნება იქამდე, ვიდრე ის „მუშაობს“. თუ ამ ქცევით სასურველს ვეღარ მიიღებს, მოუწევს სხვა სტრატეგიის შემუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ტირილი ბავშვობიდანვე იკრძალება. ტირილი მიაჩნიათ სისუსტედ, მხოლოდ გოგონებისთვის დამახასიათებელ ქცევადაც კი. ჩვენ ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლად ვიქცევით, ამის გამო ადამიანი ზრდასრულობაშიც არ აძლევს საკუთარ თავს ტირილის უფლებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ტირილი ადამიანს როგორც ფსიქიკის, ასევე ფიზიოლოგიური განტვირთვისთვის სჭირდება. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ტირილი გინდათ, შეგრძნება გაქვთ, რომ ყელში „ბურთი გაგეჩხირათ“ და ვერაფერს უხერხებთ. ტირილის შემდეგ კი ეს ბურთულა ქრება და თქვენც შედარებით მსუბუქად გრძნობთ თავს.

ტირილისას ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი გრძნობები და ემოციები, ისე რომ არ დათრგუნოს ისინი. გრძნობების იგნორირებამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს გაუცნობიერებელ ნეგატიურ განცდებამდე, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ხშირად სომატურ ჩივილებად ვლინდება. 

ტირილი ხშირად სიტუაციის სხვაგვარად დანახვის საშუალებას გვაძლევს. ის არ შველის მძიმე სიტუაციებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, თუმცა იძლევა ემოციური განმუხტვის საშუალებას და შემდეგ თითქოს საჭირო ხედვა და რესურსიც კი უჩნდება ადამიანს კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედებისთვის.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანები თავად წყვეტენ სად იტირონ. იტირონ სხვების თანდასწრებით თუ იტირონ, როდესაც მარტო დარჩებიან.

„ნუ ტირი, ნუ აჩვენებ სხვებს, რომ სუსტი ხარ“, „დიდი ბიჭები არ ტირიან“, „შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ნუ ტირი“ – დარწმუნებული ვართ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები, ან შეიძლება თავადაც გითქვამთ სხვებისთვის.

გვახსოვდეს, რომ ტირილი ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა მოზღვავებულ ემოციურ სტიმულებზე, რომელსაც ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს. შემდეგ ჯერზე, თუ ცრემლები მოგადგებათ, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგრცხვებათ და მიეცით თავს ტირილის უფლება, ნახავთ, როგორ დაგამშვიდებთ ის – შეძლებთ ცხოვრებას პოზიტიური თვალით შეხედოთ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირი ტირილი შეიძლება დეპრესიული მდგომარეობის ნიშანი იყოს – თუ ტირით ძალიან ხშირად, მიზეზის გარეშე და ტირილი უკონტროლოა, აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

 

148
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ნათია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძე: თუ გინდა შენი შვილი ძლიერ პიროვნებად აღზარდო, არ დასცინო მის გამოთქმულ აზრებს

472
(განახლებულია 18:08 13.08.2020)
არსებობს „აუცილებლად წასაკითხი“ წიგნები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე ძალიან ღრმა, მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გვაწვდიან.

ასეთი წიგნების რიცხვს მიეკუთვნება ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის წიგნი „შიშო, გამოდი გარეთ“, რომელიც აერთიანებს ავტორის ჩანაწერებს, ბლოგებს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: თვითშეფასების პრობლემა, ადამიანური ურთიერთობები, დეპრესია, შიში, შფოთვა, სიყვარული და ა.შ. გთავაზობთ წიგნიდან ამონარიდს, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას შეეხება. სადაც ავტორი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და ინდივიდუალური.

„ხშირად მშობლის ცდუნებაა – ის თვისებები აღზარდოს ბავშვში, რაც მას თავადაც არ გააჩნია, პირად მაგალითსაც ვერ აძლევს ბავშვს და ავიწყდება, რომ ჯერ თავისი თავი ვერ აღზარდა ისე, რომ თვითკმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს და მაინც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ სხვისი აღზრდა უფრო იოლია.

ერთხელ ჩემი ახლობლის ჩხუბს შევესწარი თავის 7 წლის ბავშვთან: „გააჩუმებ ენას?“ – ბოლო სიტყვისთვის იბრძოდა დედა.

„აბა, ვცადოთ, აი, შენ, ამხელმა ქალმა შეძელი და გაჩუმდი ცოტა ხანს“ – შევთავაზე. გაუჭირდა, ვერ გაჩუმდა, მაგრამ აღიარა, რომ მეტს ითხოვდა ბავშვისგან, ვიდრე ეს გონივრულია.

არ დაგავიწყდეთ: ნებისმიერ კითხვაზე ნებისმიერი პასუხი გამომდინარეობს იქიდან, რა არის თქვენი სურვილი, როგორი პიროვნების აღზრდა გსურთ. თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს დასცინოთ ბავშვობაში მის მიერ გამოთქმულ აზრს, არ დაუწუნოთ ნამუშევარი, არ დაუწუნოთ არც გემოვნება, მიეცით უფლება ისე ეცვას, როგორც მოსწონს, მიუხედავად იმისა, სულელურად გეჩვენებათ მისი ჩაცმულობა თუ არა.

არ დაუწუნოთ მუსიკა, რომელსაც უსმენს, წიგნი, რომელიც იტაცებს. ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ არჩევანი შესთავაზეთ, ბევრი რამ დაათვალიერებინეთ, აჩვენეთ, ესაუბრეთ, მაგრამ არ მოახვიოთ თავს თქვენი აზრი, გადაწყვეტილება ყოველთვის თავად მიიღოს.

თუ გინდათ გურმანი იყოს, არ დააძალოთ საკვების მიღება, ამ დროს ბავშვს არაცნობიერი პროტესტი უვითარდება და „კრიჭა ეკვრება“.

თუნდაც უფრო ნაზი ძალადობა – „დედის ხათრით ჭამე, ერთიც მამიკოსი“ რომ განვიხილოთ, სერიოზულად გიფიქრიათ ამ ფრაზებზე? ან თქვენი ქცევის ნამდვილ შინაარსზე, ფარული ძალადობით და სხვისი პყრობის სურვილით რომაა გამსჭვალული? – „ჩემი ხარ, რასაც მინდა გაჭმევ, რასაც მინდა ჩაგაცმევ, მე უკეთ ვიცი, რა არის შენთვის საჭირო და კარგი, არ მაინტერესებს, რამდენად სასიამოვნოა ჩემი სიკეთე შენთვის“.

– ბავშვში კი რა ხდება? ხათრი, ცხადია, უკეთესი ვარიანტია იმ კატასტროფული „მესიჯისგან“ განსხვავებით, „გუდიანი კაცი“ რასაც შეიცავს, როცა ბავშვში შეყვანილია შიშის გამო მორჩილების კოდი, თუმცა ხათრით მორჩილებაც ასევე გამოუსწორებელ კონფორმისტს გაზრდის. თავი დავანებოთ იმას, რომ ძალით იმის ჭამა, რაც არ გინდა, უსიამოვნებად აქცევს ამ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო საქმიანობას და შემდგომში ზოგადად ცხოვრებისთვის „გემოს ჩატანების“ უნარს დააბლაგვებს.

თუ გინდათ პატივისცემა ასწავლოთ საკუთარი და სხვისი პირადი სივრცის მიმართ, ნუ შეეჭრებით სულში, მიეცით საშუალება, ჰქონდეს თავისი დაცული კუთხე, სადაც თქვენ არასდროს „დაულაგებთ“ ნივთებს თქვენი შეხედულებისამებრ.

ნურასდროს გააჩუქებთ მის სათამაშოს ან ნივთს მასთან შეუთანხმებლად. თუ გსურთ ცხოვრებაში უმწეოდ არ გრძნობდეს თქვენი შვილი თავს და მზად იყოს ყოველგვარი სირთულის დასაძლევად, არასდროს გააკეთოთ მის მაგივრად ის, რისი გაკეთებაც უკვე თვითონ შეუძლია. არც ზედმეტი ყურადღებით შეზღუდოთ მისი ფუნქციური განვითარება და არც უყურადღებობით აგრძნობინოთ თავი დაუცველ არსებად, რომლის ბედი ნაკლებად გაინტერესებთ. შვილი უნდა გრძნობდეს ზრუნვას და მხარდაჭერას თქვენგან, მაგრამ არა აგრესიულ, ვამპირულ ლტოლვას, რომ მის მაგივრად გსურთ გაიაროთ მისი ცხოვრება.

ყველა უხერხულ კითხვაზეც კი ბავშვს უპასუხეთ გულახდილი და ნამდვილი პასუხი, არა მიკიბულ-მოკიბული, არა ტყუილი, უბრალოდ მისი ასაკის შესაბამისად შერჩეული სიტყვებითა და მოზომილი განცდით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ღირსია – პასუხობდნენ სერიოზულად.

ნუ წაუყენებთ შვილს თქვენს წარმოსახვასა და სურვილებში არსებულ ზედმეტ მოლოდინს, ვერგამართლების, ვერმიღწევის შემთხვევაში ხელმოცარულის ფსიქიკა განუვითარდება. ეს კი მომდევნო წარმატებებშიც ხელს შეუშლის.

ნურც იმას შთააგონებთ, რომ მას ბევრი არაფერი შეუძლია. პირიქით, იცოდეს, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევს. მაგრამ მთავარი ისაა, იმას მიაღწიოს, რაც მას სურს და დამატებით იარაღად ერთი რამის კეთება მაინც ისწავლოს კარგად, რაც ნებისმიერ დროს გადაარჩენს და ულუკმაპუროდ არ დატოვებს. რა საქმიანობაც უნდა იყოს ეს, მთავარია, აკეთოს ხალისით, ღირსების გრძნობით და არა უკიდურესი აუცილებლობისგან გამოწვეული ტანჯვით.

თუ გსურთ ლაღი იყოს თქვენი შვილი, გარდა სასარგებლო გაფრთხილებისა, რომ არ უნდა დაიწვას ხელი უთოზე, არ გადავიდეს გადასასვლელზე არასწორ ადგილზე და სხვ., ნუ ჩადებთ ბავშვში თქვენს შიშებსა და შფოთვას. ნუ გაუჩენთ უნდობლობას სამყაროს და ადამიანების მიმართ.

ვინც უღიმის სიცოცხლეს, ის უკანაც იღებს საპასუხო ღიმილს ყველასგან და ყველაფრისგან.

ეს არ გახლავთ რჩევები. ეს მსუბუქად განხილული უბრალო სიტუაციები და ვარიანტებია, რაც, შესაძლოა, დაემთხვეს თქვენს სურვილებსა და კითხვებს და ოდნავ სასარგებლო გამოდგეს ვინმესთვის“.

 

472
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ისრაელის დროშა

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანა

14
(განახლებულია 11:11 14.08.2020)
ეს ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოდან სამშობლოში ბრუნდებიან, ორკვირიანი იზოლაციის გავლა არ მოუწევთ

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ასეთი ქვეყნებიდან დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები ორკვირიან იზოლაციას აღარ გაივლიან. ამის შესახებ იუწყება პირველი არხი ისრაელის მასმედიაზე დაყრდნობით.

ისრაელი საჰაერო სივრცის სხვა ქვეყნებისთვის გახსნას, სავარაუდოდ, 16 აგვისტოდან გეგმავს. ამ ეტაპზე ავიამიმოსვლის გახსნა სხვა ქვეყნების მოქალაქეების ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას არ ითვალისწინებს.

საქართველოსთან ერთად ისრაელმა „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანა ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ–კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანი8ა, სლოვენია და ავსტრია.

საქართველო „მწვანე ქვეყნების“ ნუსხაში ცოტა ხნის წინ უკრაინამაც შეიყვანა.

14
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში