დათუნია ფულადი საჩუქრით

სანამ ვინმეს თავდებად დაუდგებით: რისკები და შესაძლო შედეგები

159
(განახლებულია 12:53 03.08.2019)
სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემები, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები, დაყადაღებული საბანკო ანგარიშები, სასამართლო პროცესები და ჩამორთმეული ქონება არ არის უცხო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - თავდებობა. თუ კარგად არ ხართ ინფორმირებული, რას ნიშნავს თავდებობა, შესაძლოა, ერთ დღესაც წარსულში გაკეთებული სიკეთე უკან პრობლემად დაგიბრუნდეთ.

პრობლემა ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში  არ ვეცნობით ხელშეკრულებას და ისე ვუდგებით ვინმეს თავდებში, ვერ ვაცნობიერებთ,  რა პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც მეგობარს ვუდგებით თავდებად ბანკიდან სესხის გამოტანის დროს და რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა.

რა არის თავდებობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, რომ კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.  ანუ, თუ მესამე პირი არ შეასრულებს ვალდებულებას, გადააცილებს გადახდის თარიღს, საკრედიტო კომპანიას შეუძლია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს.

თავდები პირი ძირითადად მაშინ მოითხოვება, როცა მსესხებელს არ აქვს საკმარისი შემოსავალი სესხის მისაღებად,  ან კომპანია გარკვეულ რისკს ხედავს. სესხის გაცემისას კრედიტორი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ასევე თავდები პირის ფინანსურ შესაძლებლობას, განიხილავს მათ შემოსავალს, საკრედიტო ისტორიას და ამის მიხედვით ამტკიცებს სესხს.

თუ მაინც გადაწყვეტთ, ვინმეს თავდებში ჩაუდგეთ, გაითვალისწინეთ:

- შემდგომი გაურკვევლობისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ყურადღებით გაეცანით გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობებს.

-არ მოაწეროთ ხელშეკრულებას ხელი მანამ, სანამ არ მიიღებთ სრულ ინფორმაციას იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც მისი გაფორმების შედეგად დაგეკისრებათ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო განხილვის ეტაპზე რთული იქნება იმის მტკიცება, რომ შეგნებულად არ იცოდით თავდებობის შინაარსი, რადგან:

- თავდებობის დოკუმენტზე ხელის მოწერა არის დოკუმენტის გაცნობის, მისი შინაარსის გააზრებისა და შედეგების გაცნობიერების საფუძველი

გახსოვდეთ! თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, კრედიტორი უფლებამოსილია:

- მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებლო ფურცელი თანხის იძულებით ამოღების თაობაზე

-აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ დასახელებულია თავდები და ვალის გადახდა მთლიანად მას ეკისრება!

გაითვალისწინეთ! აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, თავდებობის საკითხთან დაკავშირებით შემოსული სააღსრულებლო საქმეებიდან დაახლოებით 30-40%-ს თავდები ფარავს.

თუ ვინმეს თავდებში ჩაუდგებით, უფლება გაქვთ,  მიიღოთ დეტალური ინფორმაცია  ვალდებულების შესრულების პროცესის შესახებ. მაგალითად, კრედიტორმა უნდა გაცნობოთ ნებისმიერი ცვლილება, ან მოვალის მიერ თანხის გადახდის დაგვიანება.  წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თქვენ წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა ზიანს ცვლილების შეუტყობინებლობა.

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც აგებს თავდები პასუხს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის.

მაგალითად, ნიკოლოზმა ბანკთან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან აიღო ვალი 5 ათასი ლარის ოდენობით, თქვენ, როგორც ნიკოლოზის მეგობარმა, თავდებობის ხელშეკრულება გააფორმეთ ბანკთან და ნიკოლოზთან ერთად იკისრეთ სესხით გათვალისწინებული ვალის გადახდა. შეიძლება, ამ ხელშეკრულებით განისაზღვროს, რომ თავდების პასუხისმგებლობა 2 ათასი ლარია. მაშინ თქვენ მხოლოდ ამ თანხის ფარგლებში აგებთ პასუხს.

სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა

მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ  სოლიდარული და სუბსიდიური თავდებობა.

თუ ხელშეკრულებით მხარეები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან მოქმედებს სუბსიდიური თავდებობის წესები, რაც გულისხმობს,  რომ თავდებისადმი მიმართვა მოვალის ვალდებულების შესრულების მიზნით შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება (სასამართლოს გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა). წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდებს შეუძლია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.

თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას სოლიდარულად, მაშინ კრედიტორს ექნება შესაძლებლობა, ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლო ღონისძიებების გატარების გარეშე მოსთხოვოს თავდებს მოვალის ვალდებულების შესრულება. ამ შემთხვევაში თავდები გარკვეულწილად უთანაბრდება მოვალეს.

თუ თქვენ მოგიხდათ ვალის გადახდა, ძირითადი მოვალის მიმართ კრედიტორის მოთხოვნა თქვენზე გადმოდის, ანუ  მევალე ახლა უკვე თქვენ წინაშე იქნება ვალდებული, დაფაროს ვალი.

გაითვალისწინეთ, რომ თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, რომელსაც საბანკო დაწესებულებები იყენებენ, შაბლონურია და ყველა მათგანი თავდებში მყოფ პირს მაქსიმალურად მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გირჩევთ: სანამ ვინმეს დაუდგებით თავდებად, დაფიქრდით არსებული რისკების შესახებ. გახსოვდეთ, რომ თქვენ საკუთარ თავზე იღებთ პასუხისმგებლობას, გადაუხდელობის შემთხვევაში დაფაროთ სხვისი ვალი.

 

159