მშობლები ბავშვით

შვილად აყვანა და გაშვილება საქართველოში: აუცილებელი პროცედურები და პრობლემები

183
(განახლებულია 16:55 15.05.2019)
შვილად აყვანა და გაშვილება – ეს ის საკითხებია, რომლის გარშემო საზოგადოებრივი ინტერესი ყოველთვის მაღალია.

ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში ადამიანები შვილად აყვანის რიგს წლობით ელოდებიან. ეს კი ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვილად აყვანის 3 ათასამდე მსურველია, ხოლო გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა 220-ია. მათგან 153 შშმ პირია, რომელთა შვილად აყვანა არავის უნდა. რამდენიმე ბავშვს თავად არ სურს გაშვილება და საბოლოოდ გასაშვილებელი სტატუსის მქონე მხოლოდ 35 ბავშვი რჩება.

ადრე მშვილებელს, რომელიც რიგითობის მიხედვით პირველი იყო, უფლება ჰქონდა შეთავაზებაზე იმდენჯერ ეთქვა უარი, ვიდრე მისი მოთხოვნების შესაბამისი ბავშვი არ გამოჩნდებოდა. ცხადია, ეს აფერხებდა და ახანგრძლივებდა ათასობით მსურველისათვის შვილად აყვანის პროცესს. ამჟამად კი დაწესებულია შეზღუდვა და მესამე შეთავაზების შემდეგ ადამიანი იხსნება რიგითობიდან, თუმცა მას ეძლევა უფლება, თავიდან ჩადგეს რიგში.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით მოკლედ ვისაუბროთ, რა პროცედურებს გულისხმობს ბავშვის შვილად აყვანა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მშვილებელი, ვის ენიჭება უპირატესობა და ა.შ.

ვის შეუძლია ბავშვის შვილად აყვანა:

- უნდა იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები

- სრულწლოვანი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს

ვის ეკრძალება ბავშვის შვილად აყვანა:

- პირს, რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო

- პირს, რომელსაც მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო შეეზღუდა მშობლის უფლება-მოვალეობები

- პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს

- პირს, რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს

- პირს, რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, მსჯავრდებულია ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული. ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში კი პირს ეკრძალება ბავშვის შვილად აყვანა მიუხედავად იმისა, მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა.

ვის ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი:

გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს

- რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად

- რომელიც არის ობოლი

- რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად

- რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება

- რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე

პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში.

პროცედურები და  დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა შვილად აყვანისთვის

თუ ბავშვის შვილად აყვანა გსურთ და ზემოთ აღნიშნულ პირობებს აკმაყოფილებთ, მაშინ საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად უნდა მიაკითხოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, დაწეროთ განაცხადი და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- ქორწინების მოწმობის ასლი - ქორწინების შემთხვევაში,  განქორწინების მოწმობის ასლი - განქორწინების შემთხვევაში, ხოლო გარდაცვალების მოწმობის ასლი - მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა

- სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს ამ ინფორმაციას)

- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი ასეთის არსებობის შემთხევაში. ასევე მშვილებლად რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიაროთ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში აღრიცხვიდან მოიხსნებით.

- ნასამართლობის შესახებ ცნობა

- პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა

- სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი.

გარდა ამისა, ადგილზე ივსება სპეციალური ფორმა, თუ რა მოთხოვნები აქვს მშვილებელს, ანუ რა ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ეროვნების მქონე ბავშვი სურს რომ იშვილოს. ყველაზე ხშირად მშვილებლებს ასაყვანი ბავშვის მიმართ შემდეგი მოთხოვნები აქვთ: ბავშვი  უნდა იყოს  ქერა, ცისფერთვალება ან ყავისფერთვალება, 0-3 წლამდე, ლამაზი და ნიჭიერი, გენეტიკურად ჯანმრთელი, მართლმადიდებელი ან მოუნათლავი, არ უნდა იყოს ამორალური ყოფაქცევის მშობლების შვილი, ან ალკოჰოლისა და მავნე ნივთიერებების მომხმარებელთა შვილი, არ უნდა იყოს ნაპოვნი და ა.შ.

ამის შემდეგ სოციალური მუშაკი შვილად აყვანის მსურველის შესწავლა- შეფასებას დაიწყებს. თუ მშვილებელის  ოჯახში ყველაფერი ნორმალურად არის, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგები და სოციალური მუშაკისგან დადებითი შეფასება მიიღო, ის რეგისტრირდება მონაცემთა ერთიან ბაზაში და ელოდება შეთავაზებას.

შეზღუდვები, რომლებიც შვილად აყვანასთან დაკავშირებით არსებობს:

- აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე

- აკრძალულია მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს (მშობლებს) ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება

- აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა

- მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა

- მშვილებელსა და 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 49 წელზე მეტი (ზედა ასაკობრივი ზღვარი). გამონაკლის შემთხვევაში მშვილებელსა და 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა შესაძლებელია იყოს 49 წელზე მეტი, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება დაქორწინებულ მშვილებლებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

- დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს

- მშვილებელი ოჯახისათვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის, ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით

ვის ენიჭება უპირატესობა ბავშვის შვილად აყვანის დროს:

აღსანიშნავია, რომ ვინც შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს, მათ მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი. კერძოდ, გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს:

- მშვილებელს, რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს

- მშვილებელს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი კანონით დადგენილ პირთა წრიდან

- მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი

- მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული აღსაზრდელი.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რიგში დგომა არ ნიშნავს გარანტირებულად შვილად აყვანას. ეს მხოლოდ შანსია, რომელიც ადამიანს ან მიეცემა, ან - არა.

 

183
თემები:
სასარგებლო რჩევები (116)