სანოტარო ბიურო

თუ მშობელმა ქონება სხვას უანდერძა... იცოდეთ თქვენი უფლებები

28627
(განახლებულია 16:24 01.05.2019)
საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეული საკითხია, როდესაც საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობის გამო უახლოესი ნათესავები და ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ხოლმე ერთმანეთს.

ხშირად მოქალაქეებმა არ იციან, რა განისაზღვრება მემკვიდრეობითი სამართლით, რომ გარდა ქონებისა, მათ მემკვიდრეობით მამკვიდრებლის ვალებიც გადაეცემათ. ასევე არ იციან მემკვიდრეების რიგითობა, ვინ არის უპირატესი. წარმოდგენა არ აქვთ, რომ შვილები ერთნაირი უფლებით სარგებლობენ და თანაბრად იღებენ ქონებას. ეს ყველაფერი კი შემდეგ უამრავი დავისა და ხელჩართული ჩხუბის მიზეზიც ხდება.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია კანონით დარეგულირებული მემკვიდრეობა (სამკვიდრო), რამდენი სახის მემკვიდრეობა არსებობს, როგორია მემკვიდრეების რიგითობა, რა არის სავალდებულო წილი და ა.შ.

ოჯახის წევრებთან თუ ნათესავებთან ქონებრივ ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მშვიდობიანად მიიღოს თავისი საკუთრება, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

რა არის სამკვიდრო?

– ქონება, რომელიც თქვენ გრჩებათ მემკვიდრეობით, შეიძლება შედგებოდეს უძრავი და მოძრავი ნივთებისგან. ასევე, როდესაც გარდაცვლილს დარჩა შეუსრულებელი ვალდებულებები, სამკვიდრო ქონებასთან ერთად ეს ვალდებულებებიც თქვენზე გადმოვა. მაგალითად, თუ თქვენ მემკვიდრეობით გადმოგეცათ პეტრე სამჭკუაშვილის ქონება, რომელსაც პავლე თვალჭრელიძის ვალი დარჩა გადასახდელი, ამ ნასესხები ფულის დაბრუნების მოვალეობაც თქვენ დაგეკისრებათ.

ასევე მემკვიდრეობით გადმოგეცემათ წილი, რომელიც მამკვიდრებელს საერთო საკუთრებაში ეკუთვნოდა. მაგალითად, თუ სამჭკუაშვილს მეზობელთან ერთად ნაყიდი ჰყავდა ძროხა ან მანქანა, მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებაში მისი წილის ღირებულებაც შევა.

მემკვიდრეობით არ გადმოგეცემათ პირადი ხასიათის ნივთები, უფლებები და მოვალეობები. მაგალითად, ალიმენტის ან პენსიის მიღების უფლება, საგვარეულო წიგნები (ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენიებელი და სხვა საკულტო ნივთები, საფლავი. დოკუმენტაცია კი არ იყოფა და ის მამკვიდრებლის ოჯახს, ან მთელს სამკვიდროს რჩება საკუთრებად.

მემკვიდრეობის სახეები

- გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონება მემკვიდრეებზე ორი სახით გადადის: 1. კანონით მემკვიდრეობით, 2. ანდერძით. თუმცა, შესაძლოა, ორივე სახით გადავიდეს. მაგალითად, თუ თქვენ პეტრე სამჭკუაშვილმა ანდერძით მხოლოდ სამკვიდროს ნაწილი დაგიტოვათ, მეორე ნაწილზე კანონით მემკვიდრეობა გავრცელდება (თუ გეკუთვნით).

გასათვალისწინებელია, რომ კანონით მემკვიდრეობით სამკვიდრო გადადის მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს ანდერძი, ან ანდერძი სამკვიდროს მხოლოდ ნაწილს ფარავს, ან კიდევ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდა.

მემკვიდრეთა რიგითობა: როდესაც საქმე ეხება კანონით მემკვიდრეობას, აქ ყველაფერი გარკვეულია. სამოქალაქო კოდექსი კანონით მემკვიდრეთა ხუთ რიგს ითვალისწინებს:

1. შვილები (მათ შორის მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაბადებულები), მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)

2. და-ძმა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გარდაცვლილები არიან, დისშვილები და ძმისშვილები

3. ბებია-პაპა

4. ბიძები, დეიდები, მამიდები

5. ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი (თუ ისინი გარდაცვლილები არიან, მაშინ მათი შვილები)

გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ რიგში გაერთიანებული მემკვიდრეები თანასწორი წილის მიღების უფლებით სარგებლობენ. მაგალითად, თუ თქვენ პეტრე სამჭკუაშვილის შვილი ხართ, მისი ქონება თქვენზე, თქვენს და-ძმაზე, დედასა და თქვენს ბებია-პაპაზე თანაბრად განაწილდება. 

კანონის მიხედვით, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას. მაგალითად, თუ თქვენ პეტრე სამჭკუაშვილის ძმა ხართ (მეორე რიგის მემკვიდრე) და მას ერთი შვილი მაინც ჰყავს, თქვენ მის სამკვიდროს ვერ მიიღებთ.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის.

რას ნიშნავს ანდერძით მემკვიდრეობა?

– თქვენ შეგიძლიათ თქვენი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოთ ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე, მესამე პირებსაც. მაგალითად, თქვენს მეგობარს, მეზობელს, მეუღლის მამიდაშვილს და ა.შ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ანდერძის შედგენისას?

- მის შესადგენად მემკვიდრის თანხმობა საჭირო არაა.

- მისი შედგენის შემდეგაც, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ კიდეც ანდერძი.  

- უნდა იყოთ სრულწლოვანი (18 წლის და ზევით) ქმედუნარიანი პირი. აღსანიშნავია, რომ თუ პირმა ანდერძის შედგენის შემდეგ დაკარგა ქმედუნარიანობა, ეს ანდერძზე გავლენას არ მოახდენს.

- ანდერძი პირადად უნდა შეადგინოთ, დაუშვებელია, რომ სხვა პირს დაავალოთ მისი შედგენა.

- თუ ანდერძში რამდენიმე მემკვიდრეს მოიხსენიებთ, შეგიძლიათ თითოეული მათგანის წილი განსაზღვროთ – რომელს რა ქონება შეხვდება. მაგალითად, ერთ მემკვიდრეს შეახვედროთ სახლი, მეორეს – ავტომობილი, მესამეს – კატა და ა.შ. თუ ზუსტად არ განსაზღვრავთ, ვის რა ქონება უნდა გადაეცეს, მაშინ მემკვიდრეებს შორის სამკვიდრო თანაბრად გადანაწილდება. მაგალითად, თუ შვილებს სახლს ანდერძით უტოვებთ და არაფერია ნათქვამი იმაზე, თითოეულს რა შეხვდება, მაშინ ეს სახლი მათზე თანაბრად გადანაწილდება. ასევე შეგიძლიათ რამდენიმეს წილი განუსაზღვროთ და დანარჩენს არა.

- ანდერძი წერილობითი ფორმით უნდა შეადგინოთ. შეიძლება ის იყოს სანოტარო წესით დადასტურებული, ან მის გარეშე, ეს თქვენ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, გაითვალისწინეთ, ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძს უფრო მეტი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე სახლში თქვენით დაწერილს.

რას ნიშნავს მემკვიდრის სავალდებულო წილი?

– აღსანიშნავია, რომ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს ეკუთვნით სავალდებულო წილი, მიუხედავად იმისა, გაითვალისწინა თუ არა ისინი მოანდერძემ თავის ანდერძში.

სავალდებულო წილი შეადგენს იმ წილის ნახევარს, რასაც თითოეული მათგანი კანონით მემკვიდრეობით დროს მიიღებდა. მაგალითად, თუ თქვენ მემკვიდრეობით უნდა მიგეღოთ ათასი ლარი და მამამ ანდერძში არ გაგითვალისწინათ, მაშინ თქვენ სავალდებულო წილის სახით 500 ლარს მიიღებთ. აუცილებელია სავალდებულო წილის განსაზღვრის დროს თავდაპირველად გავარკვიოთ, თუ რამდენი მემკვიდრეა სავალდებულო წილის მიმღები.

სავალდებულო წილის მიღების უფლება მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან წარმოიშობა. მაგრამ თუ ამ წილის მიღებამდე  უფლებამოსილი პირი გარდაიცვალა, სავალდებულო წილი მემკვიდრეობით გადავა მის მემკვიდრეებზე. 

ზოგადად, მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას თავის სავალდებულო წილზე, მაგრამ ის არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრის წილის გაზრდას, არამედ გადავა ანდერძით მემკვიდრეებზე. 

და, ბოლოს, მნიშვნელობა არ აქვს, დედის მუცლიდან გამოგყვათ ქონება, თუ ვინმემ გიანდერძათ, მთავარია კარგად იცოდეთ თქვენი უფლებები, რომ დაიცვათ თქვენი მემკვიდრეობა.

 

28627
თემები:
სასარგებლო რჩევები (216)
ჭრელკაბიანი გოგო მილოცვით

რა გეკრძალებათ საკუთარ დაბადების დღეზე: მაგიური მინიშნებები

180
(განახლებულია 20:29 26.05.2020)
დაბადების თარიღი უძველესი დროიდან მიიჩნევა იდუმალ და მაგიურ დღედ. სწორედ ამიტომაც უკავშირდება მას უამრავი მისნობა, რომელთა დაცვაც, ხალხური რწმენით, წარმატებასა და იღბალს უქადის ადამიანს.

 

180
თემები:
ხალხური ცრურწმენები
ტყემალი

ტყემალი ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის

727
(განახლებულია 15:41 25.05.2020)
ტყემალს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება. კარგად მოქმედებს ის მამაკაცებზეც...

ტყემალი (Prúnus cerasiféra) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე. არის ხე ან ხისმაგვარი ბუჩქი. მისი სამშობლოა ამიერკავკასია.

ტყემალი ველურად და კულტურაში გავრცელებულია ბალკანეთში, შუა და მცირე აზიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.

საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრამდე სიმაღლეზე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია „გულდედავა“, „გაზაფხულის მერცხალი“, „წითელი დროშა“, „ქუთაისი“, „რიონი“, „ხვავიანი“ და სხვ.

ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და ტყემლის სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი განუმეორებელი და უნიკალური შემადგენელი ნაწილია.

ტყემლის შემადგენლობა და კალორიულობა

ტყემლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 34 კკალორიაა.

ტყემალი
ტყემალი

ტყემალში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. ესენია ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, პექტინები, ვიტამინები С, В-ჯგუფის, პროვიტამინი А, ბევრია მასში კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ტყემლის ფერი მისი შემადგენლობით განისაზღვრება. მაგალითად, ყვითელში ბევრია შაქარი და ლიმონმჟავა და თითქმის არაა მთრიმლავი ნივთიერებები, ხოლო მუქი ფერის ნაყოფში ბევრია პექტინები.

ტყემლის სასარგებლო თვისებები

უდავოა ტყემლის სასარგებლო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მასში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც ის გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ამასთან, ამ ხილის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

კალიუმის არსებობა ტყემლის შემადგენლობაში გულის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

ხილის შემცველობაში შაქრის მცირე რაოდენობის გამო მისი მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც.

ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>

ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. რადგანაც ტყემალი დაბალკალორიულია, მისი მიღება ნებადართულია ჭარბი წონის დაკლების პროცესში.

ტყემალი კარგი საშუალებაა რესპირატორული, კუჭის დაავადებების დროს, ასევე როგორც მსუბუქი გამხსნელი საშუალება.

დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება.

ტყემალი ასევე გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, ტყემლის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა დაბანისთვის. ის კანის ცხიმიანობას ებრძვის. ხილის ნაყოფის რბილობის გამოყენება შეიძლება ნიღბის სახით, ეს ნაყენი სახეს გამონაყარისგან წმენდს. ნაყოფისა და დაქუცმაცებული კურკის ნარევი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის, ყელისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავებისთვის.

კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები>>

ამასთან, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ტყემლის ყვავილიც. ყვავილზე დამზადებული ნაყენი მამაკაცებს ეხმარება პროსტატის მკურნალობასა და ერექციის გაუმჯობესებაში. ტყემლის მურაბით, როგორ სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალებით, მკურნალობენ ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

რადგანაც ტყემლის შემადგენლობაში ამიგდალინის მჟავა შედის, მისი გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის დროს.

ტყემლის მიღება არარეკომენდებულია:

ინდივიდუალური აუტანლობის დროს, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.

ტყემლის კურკაში არის მავნე ნივთიერებები, რამაც მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.

ტყემლის ნაყოფი ადამიანმა ზომიერი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს.

 

727
თემები:
სასარგებლო რჩევები (216)
გიორგი გახარია

გახარია: ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც ჩვენს მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა

11
(განახლებულია 14:41 27.05.2020)
საქართველომ მის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსი მოქალაქეების დაახმარებლად ძალზე ეფექტურად და ხელმომჭირნედ უნდა გამოიყენოს, აღნიშნა პრემიერმა

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად არსებული ეკონომიკური რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მთავრობის მეთაური დეპუტატებს დღეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

„მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მოახლეობის დახმარება უცხოეთში მყოფ ქართველებსაც ეხებოდა. მან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს თითქმის 22 ათას მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 720 მოქალაქე.

11
თემები:
საქართველოს პარლამენტი