CV-ს შევსება

როგორ დავწეროთ CV

255
(განახლებულია 16:26 05.03.2019)
მუშაობის დაწყება გსურთ? რას ელოდებით, შეცვალეთ CV. რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რჩევებს, როგორ შევადგინოთ წარმატებული რეზიუმე.

როგორც იქნა, შესაფერისი ვაკანსია იპოვეთ, დრო გამონახეთ რეზიუმეს შესადგენად, მოკალათდით კომპიუტერთან და მარტივი გზაც მოიფიქრეთ: CV-ს წერის ნაცვლად ახალი შეტყობინების წერას იწყებთ: „შეგიძლია CV დამიწერო?“ – „გაგზავნა“.

პასუხი: „არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია გასწავლო, როგორ შეადგინო წარმატებული რეზიუმე“.

თუ პუბლიკაცია უკვე აქამდე წაიკითხეთ, ესე იგი უკვე შევთანხმდით, რომ რეზიუმე აუცილებელია (თავადაც კარგად იცით რისთვის) და უნდა გვქონდეს ხარისხიანი რეზიუმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ოფისის ხალხისთვის ყავასთან ერთად სასაუბრო თემა გახდებით.

ხარისხიანი რეზიუმეს შესადგენად, პირველ რიგში, შაბლონი უნდა მოძებნოთ. უფასო რესურსები მარტივად შეგიძლიათ მიიღოთ მაიკროსოფტისგან (Microsoft resume templates). შერჩეული რეზიუმე შეგიძლიათ დაამუშაოთ და შეცვალოთ სურვილისამებრ.

Microsoft-ის რეზიუმეთა შაბლონების გადმოსაწერად შეასრულეთ შემდეგი მოქმედება: გახსენით Word-ის ფაილი, მიეცით ბრძანებები: File – New და გახსენით მოცემული ფანჯარა. ამის შემდეგ შეგიძლიათ სურვილისამებრ აირჩიოთ New Resume Samples.

თუ Microsoft-თან მუშაობა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, გთავაზობთ შედარებით გამარტივებულ მეთოდს: შებრძანდით საიტზე - https://cvmkr.com/?lang=ge და შექმენით ქართულენოვანი, პროფესიონალური რეზიუმე რამდენიმე წუთში უფასოდ.

თუ გსურთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე ასევე უფასოდ შექმნათ, დაგეხმარებათ Europass - https://europass.cedefop.europa.eu/documents/curriculum-vitae .

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ინგლისურის ცოდნა შედგენილ რეზიუმეში კარგად ჩანს.

არ არსებობს CV-ს წარმატებული მოდელი, რომელიც ყველა სამუშო სექტორს ერგება. მაგალითად, შემოქმედებითი პროფესიის აპლიკანტების CV შესაძლებელია იყოს არასტანდარტული ფორმატის, რაც მის კრეატიულობაზე მიანიშნებს.

თუმცა შედგენისას არსებობს ის მთავარი მოთხოვნები, რომლებსაც არ უნდა გადავუხვიოთ.

წაიკითხეთ ასევე აქ: როგორ მივიღოთ უცხოეთის მოქალაქეობა

პერსონალური ინფორმაცია

სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა, აპლიკანტის განათლება (უნივერსიტეტის სრული დასახელება), სწავლის პერიოდი, მიღებული ხარისხი. დაწყებითი სკოლის მითითება სავალდებულო არ არის.

პროფესიული (სამუშაო) გამოცდილება

დაწყებული ქრონოლოგიურად ყველაზე ახლიდან, მუშაობის დაწყების და დასრულების თარიღების მითითებით. სასურველია მიუთითოთ ის სამსახურები, რომელშიც იყავით მოხალისე, სტაჟიორი, ან მუშაობდით არასრული განაკვეთით.

დამატებითი კვალიფიკაციები და ტრენინგები

როდესაც გრაფა საშუალებას გვაძლევს, ჩამოვთვალოთ სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტრენინგები ქრონოლოგიურად ყველაზე ახლიდან, მივუთითოთ ენებისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა დონეების მიხედვით, რატომ არ გამოვიყენოთ?

სხვა

სასურველია აგრეთვე მითითებული იყოს მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო მონაცემები. უპირატესობა ენიჭება ბოლო სამუშო ადგილიდან რეკომენდაციას.

დიპლომები, რეკომენდაციები, სერტიფიკატები, მართვის მოწმობა და სხვა დამხმარე დოკუმენტები არ მიამაგროთ იმავე ფაილს. ეს ყველაფერი მოთხოვნის შემთხვევაში შეგიძლიათ ცალკე ფაილად გაგზავნოთ.

უმჯობესია CV იყოს არაუმეტეს ორი გვერდისა და Word-ის ფორმატიდან გადაიყვანოთ PDF ფორმატში. ფორმატების შეცვლაში დაგეხმარებათ შემდეგი საიტი: https://smallpdf.com/word-to-pdf .

ყურადღება მიაქციეთ ყველა სათანადო დეტალს, არ დაუშვათ სინტაქსური ან ორთოგრაფიული შეცდომები.

არავითარ შემთხვევაში არ გაგზავნოთ რეზიუმე ისეთი მეილის მისამართიდან, როგორიცაა: Takuna123@gmail.com; busuna_koko@mail.ru ანუ მოფერებითი ან გამაოგნებელი კომბინაციით შექმნილი მეილიდან. სასურველია თქვენი სახელი და გვარი აკადემიურად წარმოადგინოთ: Shotanozadze94@gmail.com ან Zedginidzetammo@gmail.com.

რეზიუმეს გადაგზავნისას ელექტრონული ფოსტის მესიჯის sudject ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იგი საერთოდ არ განიხილონ.

რა ინფორმაცია არ არის სასურველი რეზიუმეში?

ოჯახური მდგომარეობის, დაბადების ადგილისა და თარიღის, მისამართის, ეროვნებისა და სურათის მითითება არაპროფესიონალ დამქირავებელს დისკრიმინაციის საშუალებას აძლევს, ხოლო პროფესიონალს ნაკლებად აინტერესებს.

რეზიუმეს გაგზავნას ყოველთვის აქვს აზრი. მოსაზრებები იმის შესახებ, რომ დამსაქმებლები ითხოვენ 50-წლიან სამუშაო გამოცდილებას, დრაკონის დამარცხებას, ვერტმფრენის მართვის მოწმობას, ტელეკინეზის საფუძვლების ცოდნას და უპირატესობა მიენიჭებათ ნობელის პრემიის ლაურეატებს – გადაჭარბებულია. მეტსაც გეტყვით, საქართველოში რომ სამუშაო ადგილების დეფიციტია, ეს ზარმაცი ხალხის მოგონილია. თქვენ კი, თუ პუბლიკაცია აქამდე წაიკითხეთ, სულაც არ მგონია, რომ ზარმაცი ხართ. ხალხსაც ნუ მოუსმენთ, ისინი ყოველთვის რაღაცას ამბობენ.

კარიერულ წინსვლას და წარმატებას გისურვებთ!

255