შვილები და მშობლები

როგორ მოქმედებს მშობლებს შორის ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე

2221
(განახლებულია 16:04 24.12.2018)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე.

ბავშვი სამყაროს პირველად მშობლების სახით ეცნობა. მათ ძლიერად აქვთ განვითარებული შეგრძნებითი და ენერგეტიკული მხარე. ბავშვისთვის ზიანის მისაყენებლად აუცილებელი არაა მშობლების მხრიდან აგრესიის ან ერთმანეთის მიმართ ბრაზის გამოხატვა. ბავშვების ემოციური, ქცევითი და სოციალური განვითარება ზიანდება მაშინაც კი, როდესაც მშობლები საკუთარ თავში იკეტებიან და ერთმანეთის მიმართ ნაკლებ სითბოს გამოხატავენ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ხშირად გულმოდგინედ მალავენ ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს, ბავშვები ამას ყოველთვის გრძნობენ. ისინი უარყოფითი ენერგიის გავლენის ქვეშ ექცევიან და საბოლოოდ კონფლიქტური ურთიერთობები მათ მიერ სამყაროსა და საკუთარი თავის აღქმის საფუძველი ხდება.

არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ მშობლები ზოგჯერ კამათობენ, მაგრამ ის, თუ როგორ აკეთებენ ამას, სხვადასხვაგვარად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე.

ბავშვი უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მაშინ განიცდის, როდესაც გამოხატული ემოციები პოზიტიურია არა მარტო მის მიმართ, არამედ მშობლებს შორისაც. ბავშვები იმდენად მგრძნობიარენი არიან მშობლებს შორის არსებული დაძაბულობის მიმართ, რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ურთიერთობაზე. ბავშვს მშობლების ურთიერთობის საფუძველზე ექმნება ზოგადი წარმოდგენა ურთიერთობებზე, რომელზე დაყრდნობითაც ის აყალიბებს სიახლოვის, ინტიმურობის, ემოციების გამოხატვის, სქესთა შორის პატივისცემის ხატებსა და სქემებს, რომელთაც შემდგომ იყენებს.

მშობლების ინტენსიურ უთანხმოებას პირდაპირი კავშირი აქვს ბავშვის განვითარების პრობლემებთან. ასეთ დროს ბავშვებს უყალიბდებათ ურთიერთობის პრობლემები, ანტისოციალური ქცევა, დაბალი თვითშეფასება, ქცევის დარღვევები, დეპრესია და შფოთვა, სირთულეები თანატოლებთან და ავტორიტეტულ ფიგურებთან, აქვთ ასევე აკადემიური პრობლემები და წარმატების მიღწევისკენ სირთულეები.

როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ მშობლებს შორის რაღაც არასასიამოვნო ხდება, ეს ზრდის მათ შფოთვას და წუხილს. როცა მათ ეშინიათ და თავს გრძნობენ დაუცველად, ისინი ახშობენ თავიან ემოციებს, ცდილობენ გაექცნენ არსებულ სიტუაციას, ამის გამო ხშირად ჩნდება ინტერნეტდამოკიდებულება, აგრესიული ქცევები, ჩაკეტილობა და სხვა მრავალი პრობლემა.

მშობლებს შორის კონფლიქტის დროს ბავშვებს ეუფლებათ დანაშაულის განცდა. ისინი ხშირად ფიქრობენ: „მე რომ უკეთესი ვიყო, ეს არ მოხდებოდა“. ხშირად ასეთი ბავშვები მარტოსულები არიან.

ზოგჯერ მშობლები ბავშვისგან მოითხოვენ უთანხმოებისას დაიჭირონ დედის ან მამის მხარე. ამგვარად ისინი ბავშვებს ითრევენ თავიანთ პრობლემებში. მშობლები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ბავშვი ყველფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს, მას არ გამოეპარება არც ერთი თქვენი მიმიკა თუ გამოხედვა. მაშინაც კი, როცა ის თამაშობს და თქვენ გგონიათ, რომ არაფერი ესმის, ან ვერაფერს იგებს, ყველაფერი პირიქითაა: არც ერთი გაბრაზებული მზერა და კრიტიკა არ რჩება ყურადღების მიღმა.

როდესაც მშობლების ემოციური საჭიროებები არ არის თანხვედრაში, ხშირია უსიამოვნება და ამის შემსწრენი ბავშვები ხდებიან, ეს პირდაპირ დესტრუქციულად მოქმედებს მათზე.

როდესაც მშობლების პირადი ემოციური საჭიროებები თანხვედრაშია, ისინი შვილებს სთავაზობენ ემოციურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასეთი მშობლები შვილებს უფლებას აძლევენ, იყონ ბედნიერები.

რეკომენდაციები მშობლებს:

- ნურასდროს იჩხუბებთ შვილების თანდასწრებით;

- ნურასდროს იმანიპულირებთ მათით;

- ნურასდროს დააყენებთ მათ არჩევანის წინაშე – დაიჭიროს რომელიმე თქვენგანის მხარე;

- რთულია, მაგრამ ეცადეთ ნეიტრალურ გარემოში მოაგვაროთ კონფლიქტი;

- ნუ შეურაცხყოფთ ერთმანეთს შვილის თანდასწრებით;

- და თუ მაინც შეესწრო ბავშვი თქვენ კონფლიქტს, აუცილებად დაელაპარაკეთ მას ორივე თქვენგანი და მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რომ მისი ბრალი არ არის, შესაძლოა, ერთმანეთზე გაბრაზდეთ, მაგრამ ამით თქვენი სიყვარული მის მიმართ უცვლელია.

რთულია პრობლემის დამალვა, მაგრამ მაშინ, როდესაც საფრთხე თქვენი შვილების ფსიქოემოციურ განვითარებს ეხება, კარგი იქნება, თუ გააკონტროლებთ საკუთარ თავს და კონფლიქტს მაქსიმალურად მშვიდად მოაგვარებთ.

 

2221
თემები:
მშობლები და შვილები-2018 (72)