არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები – ფსიქოლოგიური მეტასტაზი

© Pixabay / Greyerbabyმოწყენილი ბავშვი
მოწყენილი ბავშვი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები უდიდეს სატანჯველს უქმნის ადამიანებს. მათ ფორმირებას კი ბავშვობაში ეყრება საფუძველი. ბავშვი ისე ევლინება ამ ქვეყანას, რომ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე. მათ შესახებ ცოდნას იგი სხვებთან ურთიერთობაში იძენს და ასე ყალიბდება ცივილიზებულ ადამიანად. ეთიკა ყალიბდება ფსიქოანალიზის სტრუქტურული მოდელის ენაზე სუპერეგოს ფორმირებით. ბავშვი სწავლობს „სწორისა“ და „არასწორის“ გარჩევას, რა არის კარგი და რა – ცუდი. სუპერეგო შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციუმის „კოლექტიური სინდისის“ ინდივიდუალიზებული გამოხატულება. ადამიანი, ჩვეულებრივ, გრძნობს პასუხისმგებლობას ირგვლივ მყოფთა წინაშე. როცა ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართებით რაიმე შეცდომა დავუშვით, ვგრძნობთ სინდისის ქენჯნას. გამწვავების შემთხვევაში ის ისეთივე მტანჯველი ხდება, როგორც დასჯა. ეს არის დანაშაულის განცდა, რაც სინდისის ემოციური გამძაფრებაა. ის შესაძლოა აღმოცენდეს არა მარტო მას შემდეგ, როცა ადამიანმა რაიმე ცუდი ჩაიდინა, არამედ მაშინაც კი, როცა ქმედების განხორციელება არ მომხდარა. ვთქვათ, ბავშვი გაბრაზებულია მშობლებზე და მოსდის აგრესიული აზრები, თუმცა რეალურად არაფერს არ აკეთებს. თვით ამ ფიქრებმა შესაძლოა წარმოშვას დანაშაულის განცდა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი - Sputnik საქართველო
თუ საჭესთან ძილი მოგერიათ...

რა არის არასრულფასოვნების განცდა

არასრულფასოვნების განცდა საკუთარი თავის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა, როცა ადამიანი თავს სხვებზე ნაკლოვნად განიცდის, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად, ზნეობრივად. ახასიათებს საკუთარი მიღწევის შეუფასებლობა, ძალებში დაურწმუნებლობა. არასრულფასოვნების განცდა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ზოგიერთ ადამიანში გახდეს გადამეტებული. შედეგად ვლინდება არასრულფასოვნების კომპლექსი – საკუთარი სისუსტის გაზვიადებული, გადამეტებული განცდა. ავსრიელმა ფსიქოანალიტიკოსმა ალფრედ ადლერმა გამოყო ტანჯვის სამი ფორმა, რისი განცდაც ბავშვობაში ადამიანს უვითარებს არასრულფასოვნების კომპლექსს:

1) ორგანოების არასრულფასოვნება;

2) გადაჭარბებული მზრუნველობა;

3) მშობლების მხრიდან გარიყულობა (ფრუსტრაცია)

ბავშვებს გარკვეული თანდაყოლილი ფიზიკური არასრულფასოვნებით შეიძლება განუვითარდეთ ფსიქოლოგიური არასრულფასოვნების გრძნობა. მეორე მხრივ, ბავშვები, რომელთა მშობლებიც მათ მაგივრად ასრულებენ ყველაფერს, იზრდებიან დაურწმუნებლები საკუთარ შესაძლებლობებში. მათ აწუხებთ ღრმად ჩაძირული არასრულფასოვნების განცდა, რადგან დარწმუნებული არიან, რომ თავად არ შეუძლიათ ცხოვრებისეული საკითხების გადალახვა. საბოლოოდ კი მშობლების მხრიდან ბავშვის გარიყვამ შეიძლება გამოიწვიოს მათში არასრულფასოვნების კომპლექსი იმ მიზეზით, რომ გარიყული ბავშვები ყოველთვის გრძნობენ თავს არასასურველად. ისინი ცხოვრებას გადიან დაურწმუნებლები საკუთარ შესაძლებლობებში, რომ იქნებიან ვინმესთვის სასურველი, საყვარელი და შესატყვისად დაფასებული.

პირღია ძილი - Sputnik საქართველო
რატომ ვხვრინავთ – როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

არასრულფასოვნების და დანაშაულის განცდის მიზეზები

როცა არასრულფასოვნების და დანაშაულის განცდის მიზეზებზე ვსაუბრობთ, უდიდესი მნიშვნელობისაა 6 წლამდე ასაკში შემხვედრი რისკ-ფაქტორები და სიტუაციური ნიუანსები, რომლებიც ბავშვისთვის მატრავმირებელია. ეს რისკ-ფაქტორები ან ბავშვის მოთხოვნილებების, ფუნქციების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, ან მისთვის საფრთხის აღმოცენებასთან.

ფუნქციურ შეზღუდვასთანაა კავშირში ჭამის, მოშარდვის, ტირილის, თამაშის, მოტორიკის, მასტურბაციის შეკავება სიტყვით ან ქმედებით აკრძალვისას. მაგალითად, ჭამის დაძალება. საჭმელი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმეტად ცხელი; ჭამის პროცესი შეუღლდეს ძლიერ გამღიზიანებელთან, მაგალითად, ჭექა-ქუხილის ხმა, ძლიერი ბრახუნი, ყვირილი, მოულოდნელად უცხო სახის, წვერებიანი კაცის დანახვა. მოშარდვისა და კუჭში გასვლისას ბავშვის დაცინვა, უსიამოვნო, ზიზღიანი სახის მიღება, „რა საშინელი სუნი დააყენა“. აქვე მოიაზრება ზიზღიანი დამოკიდებულება ბავშვის დორბლების, ნარწყევის, ჭამისგან მოთხუპნული პირის მიმართ. ამ შემთხვევაში მშობელს საკუთარი ზიზღიანობის პრობლემატიკაზე აქვს სამუშაო. ეს მოთხოვნილებები და ფუნქციები ფსიქოანალიზური გაგებით სექსუალური ბუნებისაა, სასიამოვნოა, ჩვენი მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება კი იწვევს უსიამოვნო განცდებსა და შიშს, რომელიც მის მოთხოვნილებებს ედება, ერწყმის და გაუცნობიერებელ კომპლექსს, უარყოფით განწყობას ქმნის: მინდა – არ შეიძლება; მოთხოვნილება + შიში. ამ შიშიდან გამომდინარე კი აქვეა არასრულფასოვნების განცდა: „მინდა ჩემი მოთხოვნილებების, ფუნქციების დაკმაყოფილება, მაგრამ არ შეიძლება; ე.ი. რა ცუდი ვარ, რომ მინდა ისეთი რამ, რაც არ შეიძლება“.

ბავშვი მამასთან - Sputnik საქართველო
ძილის დარღვევები – როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა უძილობა გვაწუხებს

მაგალითებში ჩანს, რომ რისკ-ფაქტორები ძალიან ნიუანსურია, თუმცა ისინი პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი ტრავმები. კონტროლირებადი ტრავმის მაგალითებია მშობელთა ზიზღიანობა, ჭამის დაძალება, დაცინვა, ტირილის, თამაშის, მასტურბაციის აკრძალვა და შერცხვენა. მსგავსი ქმედებების გაკონტროლება თავად მშობელს შეუძლია და შეეძლო ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინა შვილისთვის, როცა ვიცით, თუ რა ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ მათ და რა შეიძლება მივიღოთ მომავალში. მაგრამ მეორე, არაკონტროლირებადი რისკ-ფაქტორებია ჭამის პროცესში ჭექა-ქუხილის ხმა, მოულოდნელი ძლიერი ხმაური, ვინმეს დაყვირება, წვერებიანი კაცის დანახვა, ამ ყველაფრის თავიდან აცილება და გაკონტროლება მშობელს არ შეუძლია და არც ისაა გამოსავალი ბავშვი კოლბაში ჩავსვათ და ყველა გამღიზიანებლის პრევენცია მოვახდინოთ. ამით მივიღებთ ასოციალურ, არაადაპტირებულ ბავშვს. ეს კი მეორე უკიდურესობაა. ჩვეულებრივ, სოციალურ გარემოში ჩამოყალიბებისას ბავშვი მაინც მიიღებს ფსიქიკურ ტრავმებს, ეს გარდაუვალია. ამიტომ ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია გაკონტროლებადი რისკ-ფაქტორები ავაცილოთ მათ მაქსიმალურად, დანარჩენ ტრავმებს კი განეიტრალება, ფსიქოპროფილაქტიკა სჭირდება. ზემოთ აღწერილ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად აქტიური ფსიქოპროფილაქტიკა იწყება 2 წლის შემდეგ, როცა ბავშვს შეუძლია უკვე ლაპარაკი და უსიამოვნო განცდებისა და შიშების შესახებ ვერბალიზაცია. თუ ბავშვი შეაშინა წვერებიანმა კაცმა ან ნებისმიერმა მოვლენამ, არასწორია იმწამსვე მის დამშვიდებას ვეცადოთ, რომ „აქ არაფერია საშიში და რა სულელია, რეების ეშინია?“ მსგავსი ქმედება ბავშვში არასრულფასოვნების განცდას ქმნის, რომ მართლაც სულელია, ასეთი რამეების რომ ეშინია. მასში არსებული ნეგატიური ენერგია არსად არ იკარგება და მომავალში უფრო მძიმე შედეგებს მოვიმკით. მნიშვნელოვანია, ვკითხოთ, ვიზუალურად წარმოვისახოთ და ავაწერინოთ ის საფრთხე, რაც ბავშვს წარმოუდგენია, რომ კონკრეტულ საშიშ სიტუაციაში მისი აზრით დაემართება, შემდეგ კი წარმოვიდგინოთ ის, თუ რისი გაკეთება სურს ბავშვს ამ საშიშროების დასამარცხებლად. ეს რეფლექსიაა, ფიქრთა დენადობა, რაც ეხმარება ბავშვს, რომ დაასრულოს, კარგად დაინახოს საკუთარი ნეგატიური ფიქრები, გარეთ გამოუშვას ნეგატიური ემოციები. თანდათან ბავშვი აღმოაჩენს, რომ იქ საფრთხე არ არის, ან მას იმაზე მეტად ეშინოდა რაიმე მოვლენის, ვიდრე ეს სინამდვილეშია სახიფათო.

ექიმი უსინჯავს პაციენტს პულსს - Sputnik საქართველო
ეპილეფსია - მკურნალობა და დიაგნოსტირება: როგორ მოვიქცეთ თუ შეტევის თვითმხილველი გავხდით

არასრულფასოვნების განცდებისა და შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემებისათვის ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია:

1) დაბანვისას ტკივილის მიყენება, წყალთან ურთიერთობის, ბანაობისას თამაშის შეზღუდვა (თერაპიაზე პაციენტები დიდი გულისტკივილით იხსენებენ ხოლმე ამ აკრძალვებსა და უსიამოვნებებს). შემდგომ ნუ გაგვიკვირდება, რომ ბავშვს ან ზრდასრულს არ უყვარს ბანაობა, პირადი ჰიგიენა, ეშინია წყლის და ა.შ. წყალთან კომუნიკაცია, ბანაობა ასევე სასიამოვნო, სექსუალური მოთხოვნილება და ფუნქციაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუზღუდავთ პატარებს. მითითება „არ ისიამოვნო წყლით“ შესაძლოა მივიდეს შემდეგ გადაწყვეტილებამდე ბავშვობაში და ზრდასრულობაშიც გაგრძელდეს: „წყლით სიამოვნების მიღება არ შეიძლება, ამიტომ არ დაიბანო, დარჩი ბინძური“.

2) ოჯახში უმცროსი და-ძმის დაბადება - რასაც შეიძლება მოჰყვეს ეჭვიანობა, დედის დაკარგვის განცდა, მშობლების მხრიდან უყურადღებობის განცდები, უპირატესობის მინიჭება და-ძმის მიმართ, ამ ფიქრების ფონზე აღმოცენებული მრავალი შიში, არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები, რომ „ცუდი ვარ, არ მიყვარს ჩემი ძმა, მინდა, რომ ისევ ერთადერთი ბავშვი ვიყო“.

მოტირალი ბავშვები - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები: ვინ გახდება ჩვენი შვილი - მსხვერპლი თუ მდევარი

3) მშობლების სექსუალური აქტის ხილვა - შესაძლოა ეს ძალადობის აქტად იყოს აღქმული, რომ, ვთქვათ, მამა სჯის დედას რაღაცის გამო და ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს, ახლა კი დედას შესაძლოა რამე მოუვიდეს და აღარ ჰყავდეს. მსგავსი მოგონებები ძალიან მტკივნეულად განიცდება ხოლმე თერაპიაზე.

4) საკუთარი სიშიშვლის, სასქესო ორგანოების მიმართ ინტერესის, მასტურბაციის აკრძალვა და კასტრაციით დამუქრება.

5) დედის დაკარგვის განცდა და შიში - დედის მხრიდან მიტოვების მუქარა „ცუდი“ საქციელის გამო, ბავშვის მომზადებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე დედის სახლიდან გასვლა, გაპარვა, რაც ბავშვმა შესაძლოა კოშმარულ საფრთხედ აღიქვას, რომ დედამ ალბათ მიატოვა და იმიტომ მიატოვა, რომ ის ცუდი ბავშვია და დედას აღარ უყვარს.

6) დედ-მამის ჩხუბი - აქაც ბავშვი საკუთარ დანაშაულსა და ბრალეულობას შეიძლება ხედავდეს.

7) დაძალება - ჭამის, სქესის შესაბამისი სათამაშოებით თამაშის, და-ძმის სიყვარულის, კონკრეტული ტანსაცმლის ჩაცმის დაძალება; არ შეიძლება გამოხატოს შიში, არ შეიძლება ტირილი (განსაკუთრებით ბიჭებისთვის), აუცილებელია ძლიერი, აგრესიული იყოს, რათა თავი დაიმკვიდროს; დღისით დაძინების დაძალება; სითამამის, სილაღის დაძალება, რომ არ შეიძლება ბავშვი იყოს ჩუმი, მორცხვი, ზოგჯერ დაბნეული. მშობელს ხშირად არ მოსწონს საკუთარი შვილი ისეთი, როგორიც ის არის და აძლევს მითითებას: „არ იყო საკუთარი თავი, იყავი სხვა ბავშვი!“ ადარებენ სხვა ბავშვებს და ეუბნებიან: „შენც რატომ არ შეგიძლია იმ მეზობლის, ან ნათესავის ბავშვივით აქტიური, ცოცხალი და სწრაფი იყო? ასეთი ნელი და მოსაწყენი როგორ ხარ?..“ მშობლებმა შესაძლოა არჩიონ უმცროსი ბავშვი უფროსს, ან ძმა დას ან პირიქით. დედამ შეიძლება მუდმივად შეადაროს თავისი შვილი სხვა ბავშვებს: „პატარა საბა უკვე ორბორბლიან ველოსიპედს ატარებს, არადა ის ერთი წლით პატარაა შენზე“. მშობლების მსგავსი ქცევები თავად მათივე თვითშეფასებით არის განპირობებული. ისინი საკუთარი თავის მიღების მდგომარეობაში რომ არ არიან, ამიტომ ვერ იღებენ შვილს ისეთს, როგორიც ის არის. პირველ რიგში საკუთარი მშობლებისგან უარყოფილი და გაკრიტიკებული ბავშვი ფიქრობს და იფიქრებს, რომ მას რაღაც ისე ვერ აქვს, რაღაც სჭირს. ეს განცდები შესაძლოა მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს, გადაიზარდოს არასრულფასოვნების კომპლექსში და დანაშაულის განცდაში – რატომ არის ასეთი?

ბედნიერება - Sputnik საქართველო
როგორ ვიპოვოთ ბედნიერების საკუთარი რეცეპტი

ეს განცდები საკუთარი თავისკენ მიმართული ვექტორის აგრესიაა, ფსიქოლოგიური მეტასტაზია, რომელმაც შესაძლოა მიგვიყვანოს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემამდე და აშლილობამდე, როგორიცაა: შიშები, თვითშეფასების პრობლემატიკა, კომინიკაციური სირთულეები, დეპრესია, პანიკური აშლილობა, ფობიკური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და ა.შ. აუტოაგრესიის უკიდურესი გამოხატულებაა სუიციდი.

აღნიშნულ პრობლემატიკაზე მუშაობა შესაძლებელია ბავშვობაში ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკით, რომელიც შესაძლოა განახორციელოს მომზადებულმა მშობელმა ან ფსიქოთერაპევმა, ხოლო გარდატეხის ასაკსა და ზრდასრულებში კი საჭიროა ფსიქოთერაპია. სამწუხაროდ, არასრულფასოვნების კომპლექსსა და თვითშეფასების პრობლემატიკას საკუთარი თავის ხელში აყვანა, თვითშეგონება, სარკეში ყურება და საკუთარი თავისათვის შემოძახილი, რომ „მე ლამაზი ვარ, ძალიან კარგი ვარ და ყველაფერს შევძლებ“, არ შველის, ან შესაძლოა დროებითი თვითშთაგონებითი ეფექტი ჰქონდეს. აქ ბავშვობისდროინდელ, არაცნობიერ ტენდენციებთან გვაქვს საქმე, რომლებიც გასაცნობიერებელი და რეფლექსიით ტექნიკურად დასამუშავებელია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0