პოლიფარმაცია - როგორ მოვიქცეთ, როცა ექიმი საჭიროზე მეტ მედიკამენტს გვინიშნავს

© Pixabay / jarmolukზედმეტი წამლები
ზედმეტი წამლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ფასილიტატორის" სტუმარია დიპლომირებული მედიკოსი და ჯანდაცვის მაგისტრი მიხეილ დიაკონიძე.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. პოლიფარმაცია — საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერა, პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ხშირად გაიგებთ საზოგადოებისგან, რომ ფინანსური ინტერესის გამო ექიმი იმაზე მეტ მედიკამენტს უნიშნავს პაციენტებს, ვიდრე კლინიკურად ნაჩვენებია ავადმყოფის მდგომარეობისათვის. ბუნებრივია, როდესაც არასაჭირო წამლების დანიშვნა ხდება ეს დანაშაულია და გარდა ფინანსური დანაშაულისა ექიმი დამნაშავეა სამედიცინო ეთიკის გათვალისწინებითაც, რაც მას მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს. რიგ ევროპულ ქვეყნებში ამას სხვადასხვა გზით ებრძვიან, ერთ-ერთ მეთოდს კი ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის ღია და გამჭირვალე თანამშრომლობა წარმოადგენს.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
ახალი რეგულაცია – ექიმები ზედმეტ წამლებს ვეღარ გამოწერენ

პრობლემის გამოძახილია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ინიციატივა, რაც შემდეგში მდგომარეობს: ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს ხუთ და მეტ მედიკამენტს, ექნება საშუალება გადაამოწმოს ექიმის დანიშნულება. თუ ექიმის მიერ გაცემული პასუხი მისთვის არ იქნება კომპეტენტური და დამაკმაყოფილებელი, მას შეუძლია მიმართოს უწყებას. ექიმები მუშაობენ ელექტრონული რეცეპტის პროგრამაში, რომელიც არის ჯანდაცვის პორტალზე განთავსებული. პაციენტს ამ დანიშნულების გადამოწმება შეუძლია. საჭიროების შემთხვევაში ეს დანიშნულება მოხვდება პოლიფარმაციის საკითხებთან დაკავშირებულ კომისიაზე განხილვისთვის. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება. არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება.

ეს ძირითადად შეეხება დანიშნულებაში არსებულ ერთი და იგივე შემადგენლობისა და მოქმედების პრეპარატებს. ბუნებრივია ეს ინიციატივა მისასალმებელია და მოწონებას იმსახურებს თუმცა პოლიფარმაციას როგორც სენს ძალიან ბევრი წახნაგი აქვს და მას სისტემური მიდგომა სჭირდება. თუ ამ პრობლემას შევხედავთ, როგორც დაავადებას ეს იქნება სიმპტომის მკურნალობა და ვფიქრობ საჭიროა სახელმწიფომ შემდეგ ნაბიჯზე თავად დაავადებას უმკურნალოს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ სიმპტომით.

ერთ-ერთი აფთიაქი თბილისში - Sputnik საქართველო
ზედმეტი წამლები: პაციენტები ექიმების გაკონტროლებას შეძლებენ

საზოგადოებისათვის პოლიფარმაციაზე ბევრად უფრო მტკივნეულია თავად მედიკამენტების ხარისხი და ფასი, რომლის დარეგულირებაც შესაძლებელია მიუხედავად არსებული სირთულეებისა. რიგითი პენსიონერისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ მისი პენსია წვდებოდეს საჭირო მედიკამენტებს და არსებითად არაფერს ცვლის რაოდენობა ამ შემთხვევაში, დიდი ფასის არსებობისას სამი წამლის შეძენაც კი პრობლემას წარმოადგენს. ასევე პოლიფარმაციის პრევენციის შემოთავაზებული ინიციატივა აუცილებლად იქონიებს გავლენას ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე, რაც არც თუ ისე სახარბიელოა დღევანდელ დღეს და მიუხედავად იმისა რომ ამის მიზეზები საზოგადოებას გააჩნია, ექიმის მიმართ საკმაოდ ცუდი და არასამართლიანი დამოკიდებულებაა ხშირად საზოგადოების მხრიდანაც რაც არცერთ მხარეს არ წაადგება და აუცილებელია სახელმწიფომ და საზოგადოებამ ერთობლივად იმუშაოს ნდობის აღდგენაზე. უამრავი კვლევა შეგვიძლია ვნახოთ მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ნათლად დავინახავთ, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამლების მნიშვნელობა და ეფექტი პაციენტების უმრავლესობისათვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაც ვფიქრობ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებული ინიციატივაზე და უფრო კონკრეტულად მიმართვიანობაზე აუცილებლად აისახება. ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშვნისას აუცილებელია ექიმმა შეძლებისდაგვარად განუმარტოს პაციენტს წამლის საჭიროება, მოქმედება და შედეგი.

ექიმი - Sputnik საქართველო
იურისტები შშმ პირებს „ბოროტ მედიკოსებთან" ბრძოლაში დაეხმარებიან

თუ სახელმწიფო შემდეგ ნაბიჯზე შეძლებს წამლის ფასის ზედა ზღვარის განსაზღვრას და ასევე ხარისხის კონტროლის მექანიზმებს გააუმჯობესებს, ეს რადიკალურად შეცვლის არსებულ სურათს. აუცილებელია ამ პრობლემასთან ბრძოლაში კლინიკური ფარმაცევტების ჩართულობა და ამ რესურსის მიღება შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რომელიც საქართველოში სამედიცინო განათლების საუკუნოვან ჰაბს წარმოადგენს.

ეს ინიციატივა დამყარებულია სხვადასხვა ევროპული ქვეყნების მაგალითებზე და მოდელებზე. ყველაფერთან ერთად აუცილებელია სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება იყოს ღირსეული და შრომასთან შესატყვისი, რომელიც არსებული პრობლემების წახნაგებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დღევნდელი მოცემულობით პოლიფარმაციის პრევენციის არსებულ მექანიზმს დადებითად და იმედით უნდა შევხვდეთ და საინტერესო იქნება ერთი წლის თავზე პროგრამის მუშაობის შეფასება და ანგარიში, რაც დაგვანახებს სრულ სურათს გაამართლა თუ არა აღნიშნულმა.

ყველა ახალი ამბავი
0