ირმა კვაჭაძე

ემოციური გადაწვის სინდრომი, ანუ სულიერი გადაღლა: რჩევები ფსიქოლოგისგან

46617
(განახლებულია 17:18 21.06.2018)
შოთა ნოზაძე
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსინთეზის სპეციალისტი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის „ფსიქოლოგია დღეს“ დამფუძნებელი ირმა კვაჭაძე.

ემოციური გადაწვის სინდრომის მთავარი მიზეზი სულიერი გადაღლაა. სინდრომი ჩნდება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მასში არსებულ რესურსზე მეტ მოთხოვნას უყენებს ხანგრძლივი დროით, რის შედეგადაც ირღვევა ორგანიზმის ჰომეოსტაზი და იწყება ორგანიზმის გამოფიტვა.

ემოციური გადაწვის სინდრომი ჩვენი რეალობის თანმხლები ამბავია. თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობა, რომელიც მოიცავს დაძაბულობას, სტრესს, იშვიათად თუ გულისხმობს სრულფასოვნად დასვენებას. ამ რიტმში ადამიანებისთვის არ არის ადვილი შეინარჩუნონ მგრძნობელობა და თავიანთი ადამიანური  თვისებები. სინდრომს შენელებული ნაღმის მექანიზმი აქვს, რის შედეგადაც ხშირია პრობლემები ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისას და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა. ადამიანი ხდება ცივი, გულგრილი, სხვა ადამიანებისა და სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ; ირგვლივ მყოფები აღიზიანებენ ან ხდებიან მოსაწყენი.

რატომ ხდება სულიერი გადაღლა

ხშირად ეს არის პროფესიული დეფორმაცია, დამახასიათებელი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დღის განმავლობაში მჭიდრო კავშირი აქვს უშუალოდ ხალხთან. სხვა სიტყვებით, ემოციური გადაწვის სინდრომი ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც ჩნდება სამუშაო სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. ახასიათებს ემოციის თანდათანობითი განლევა, ასევე მცირდება ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია, რის შედეგადაც სახეზე გვაქვს ემიცური, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, გამოფიტვა, ქვეითდება შესრულებული სამუშაოთი მიღებული კმაყოფილების დონე და პირადი პასუხისმგებლობა. აღნიშნული სინდრომი ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმია, რომელსაც ადამიანი ავლენს ტრამვატული პროფესიული სტრესის ზემოქმედების შედეგად. ანუ ადამიანი უბრალოდ წყვეტს მათზე რეაგირებას. რა თქმა უნდა, ასეთ „დაცვას“ აქვს დადებითი მხარეც, რაც გამოიხატება ენერგიის აკუმულაციაში, ენერგია აღარ იხარჯება იმაზე, რისი შეცვლაც მოცემულ სიტუაციაში შეუძლებელია; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ნეგატიური გავლენაც საქმის ხარისხზე და პირად ურთიერთობებზე.

რისკ–ჯგუფი

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ემოციურ გადაწვას მოაქვს საზოგადოებისთვის სერიოზული ზიანი — ეკონომიური და ფსიქოლოგიური. მაგალითად, აღწერენ შემთხვევებს, როდესაც გამოცდილი მფრინავები უშუალოდ აფრენის წინ განიცდიდნენ უსაფუძვლო შიშს და მერყეობას. ასეთ ემოციურ „საქანელას“ შეუძლია არა მხოლოდ პირადი „დრამის“ გამოწვევა. უფრო ხშირად რისკ–ჯგუფი მოიცავს იმ პროფესიებს, სადაც ადამიანებს პირადი ენერგიისა და სითბოს გაცემა უწევთ – მასწავლებლები, ექიმები, სოციალური მუშაკები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.

როგორ ამოვიცნოთ სინდრომი?

ამჟამად დაახლოებით 100 სიმპტომია გამოყოფილი, რაც თან ახლავს ემოციური გადაწვის სინდრომს, ხშირად შესაძლოა ქრონიკული გადაღლის სინდრომში შეგვეშალოს. აქვს სამი საკვანძო მახასიათებელი, რომელიც მას სხვა, მსგავსი სიმპტომების მქონე სინდრომებისგან განასხვავებს:

ემოციური გადაწვის სინდრომს წინ უსწრებს აქტიურობის მომატების ფაზა. სამუშაოთი მთლიანად მოცვა, სხვა მოთხოვნილებებზე უარის თქმა. ამ ფაზის შემდეგ ჩნდება პირველი სიმპტომები — ემოციური გამოფიტვა. ეს არის დაძაბულობის, ფსიქიკური და ფიზიკური რესურსების განლევის, ძილის უკმარისობის (გამოუძინებლობის შეგრძნების) ეტაპი. ჩნდება გულგრილობა, დაღლა, იცვლება დამოკიდებულება სამსახურის მიმართ.

მეორე სიმპტომად პირადი პასუხისმგებლობის დაქვეითება უნდა მივიჩნიოთ. თავიდან ეს სიმპტომი იწყება უბრალო გაღიზიანებით, რომელიც დროდადრო გადადის აგრესიაში. საბოლოო ჯამში კი ადამიანს სრულიად აღარ აინტერესებს საკუთარი პროფესიული საქმიანობა, აღარაფერი აღარ იწვევს ემოციებს — არც პოზიტიურს და არც ნეგატიურს. კლიენტი ან პაციენტი აღიქმება როგორც უსულო ობიექტი.

სინდრომის მესამე სიმპტომად შესაძლოა საკუთარი შესაძლებლობების ნეგატიური შეფასება მივიჩნიოთ – ქვეითდება თვითშეფასება, ქრება საკუთარი ეფექტურობის აღქმის შეგრძნება. ადამიანს ჰგონია, რომ მას არ ჰყოფნის პროფესიული უნარები, ვერ ხედავს პერსპექტივას, შესაბამისად, მუშაობის ხარისხი მკვეთრად ქვეიდება.

სინდრომის განვითარების ფაქტორები

ჰუმანურობა, თანაგრძნობისადმი მიდრეკილება, სირბილე;

სამუშაოთი გატაცების და გაიდეალებისადმი მიდრეკილება;

ინტრავერტისტობა და არამდგრადობა;

მაღალი თვითკონტროლი ნაწილობრივ უარყოფითი ემოციების ჩახშობისას;

ავტორიტარიზმი, როგორც მმართველობის სტილი;

დეპრესიისა და შფოთვისკენ მიდრეკილება შინაგანი სტანდარტის მიუღწევადობის და უარყოფითი ემოციების „გადამალვის“ გამო;

სამსახურებრივი არასასიამოვნო მდგომარეობების მძაფრი აღქმა.

რეკომენდაციები — „შენელდი“

იპოვეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის. ასეთი შესვენებები აუცილებელია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის;

განსაზღვრეთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები;

დასახეთ ადეკვატური, რეალისტური მიზნები;

დაგეხმარებათ რელაქსაცია, სუნთქვითი ვარჯიშები;

სპორტი, ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი არეგულირებს ორგანიზმის ჰომეოსტაზს;

დაიჯერეთ საკუთარი ფასეულობა და ნაკლებად აკრიტიკეთ საკუთარი თავი;

შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილეთ კონკურენცია, დაძაბულობასა და შფოთვას მივყავართ სინდრომამდე უფრო სწრაფად;

მიეცით თავს ემოციური საუბრების უფლება;

ისწავლეთ საქმიანობის ჩანაცვლება და გადართვა, ერთი ტიპის აქტივობიდან მეორეზე გადაწყობა;

შეაჯამეთ ყოველი დღე და გამოყავით სასიამოვნო ფაქტები.

ემოციური გადაწვის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც, როგორც ყველაფერი ჩვენ გარშემო, დროებითი და მარტივად ტრანსფორმირებადია.

46617