რბოლა ხელოვნური ბედნიერებისთვის – 21–ე საუკუნის ნარკომანია, ანუ მდაბიოთა „აღზევება“

CC BY 2.0 / Bobo Boom / Ferrari 458 Italiaძვირადღირებული ავტომობილები
ძვირადღირებული ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნური ბედნიერებისთვის რბოლაში ადამიანები ნარკომანებად იქცევიან. ისინი ყიდულობენ ძვირად ღირებულ ნივთებს და არცთუ იშვიათად უკიდეგანო ვალში ვარდებიან. როდესაც სიხარულისა და ბედნიერების წყარო შრება, ეს ადამიანები ღრმა დეპრესიაში ვარდებიან. ამასთან, თავის უბედურებაში ყველას ადანაშაულებენ საკუთარი თავის გარდა.

თუ დაფიქრებულხართ, მაგალითად, მგზავრობთ ბოლომდე გაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სადაც ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არაა, სუნთქვაც ჭირს… ამ დროს ვიღაც ჯიბიდან იღებს ბოლო მოდელის ტელეფონს, რომელიც ათასები ღირს და თავმომწონედ ლაპარაკობს… გიჩნდება კითხვა, თუ მაგ ტელეფონის ფული გაქვს, რა ჯანდაბას აკეთებ ამ ავტობუსში? საკუთარი ავტომობილით რატომ არ მოძრაობ? აა, შესაკეთებლად მიიყვანე, რაღაც დაუზიანდა? მაშინ ტაქსი? რატომ ტაქსით არ მგზავრობ? აა, ბანკომატიდან გამოტანილი ასლარიანები ვერ დაახურდავე და ტაქსის მძღოლს, როგორც წესი, მისი ხურდა არა აქვს… არა, ბატონო, ეს სულაც არაა სიმართლე. მაგ მობილურ ტელეფონს და სხვა რამეებს ქართულად კუდაბზიკობა ჰქვია, როდესაც სახლში პურს ვერ ყიდულობ, მაგრამ ქუჩაში მაინც „მაგარი“ ბიჭი (ან გოგო) გამოდიხარ…

© REUTERS / Kim Hong-Jiსმარტფონი Samsung Galaxy Note 7
სმარტფონი Samsung Galaxy Note 7 - Sputnik საქართველო
სმარტფონი Samsung Galaxy Note 7

რასთან გვაქვს საქმე? რა ამოძრავებთ ასეთ ადამიანებს? ბევრი რამ და ერთ–ერთი მათ შორის სურვილია, ჰქონდეთ „ზესტატუსი“, იყვნენ სხვებზე „მაგარი“, წარმატებული, აჩვენონ, რომ უფრო მაღლა დგანან და სულ არ არიან „მდაბიონი“. 

როდესაც გყავს ძვირფასი ავტომობილი, გაქვს ლამაზი ნივთები, მდიდრული სახლი და სტატუსის სხვა სიმბოლოები, თავს ისე გრძნობ, თითქოს უფრო ძვირად ფასობ, უფრო მაღალ დონეზე ადიხარ იმათთან შედარებით, ვისაც ეს არა აქვს. როცა უყურებ მეზობელს, რომელსაც უფრო იაფფასიანი ავტომობილი ჰყავს, საკუთარ თავს ეუბნები, რომ ეს იმიტომაა, რომ „მაგარი“ ხარ და მეტ ფულს შოულობ. ის მდაბიოა, შენ კი – მდიდარი.

ასოციალური ახალგაზრდები - Sputnik საქართველო
თანამედროვე ურთიერთობები: მთავარი პრიორიტეტი – კომფორტი

ფიქრობ – მეზობელი ალბათ ფიქრობს, რომ ასეთი „მაგარი“ ვარ, რადგან ბოლო მოდელის ავტომობილი მყავს. ამაზე ფიქრი გულს გითბობს და საკუთარ თვალში მაღლდები, თვითშეფასება მატულობს, თავს გრძნობ, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, როდესაც სხვა, იაფფასიან ავტომობილებს ჩაუქროლებ…

თუ შენს მეზობელს შენს ავტომობილზე უკეთესი მანქანა ჰყავს, ეს შენს თვითშეფასებას ამდაბლებს, რადგან შენი მეზობელი შენს თვალში უფრო წარმატებული ადამიანია, ვიდრე შენ. და მაშინ ერთადერთი გამოსავალი გაქვს – პირველივე შესაძლებლობისას უპირატესობა დაიბრუნო. და საუბარია არა მხოლოდ ავტომობილზე. 

ასე იქნება უსასრულოდ – შენი თვითშეფასება ხან ამაღლდება, ხან დამდაბლდება. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად ბედნიერად გრძნობთ თავს.

მწერალი და ფილოსოფოსი შარლ დე მონტესკიე ამბობდა – რომ გვინდოდეს, უბრალოდ ბედნიერი ვიყოთ, ამის მიღწევა ადვილი იქნებოდა; მაგრამ გვინდა, სხვებზე ბედნიერი ვიყოთ, ეს კი თითქმის შეუძლებელია, რადგან ყოველთვის გვგონია, რომ სხვები ჩვენზე ბედნიერნი არიან.

CC BY 2.0 / Flickr/ BulleRouge / McLaren MP4-12Cძვირადღირებული ავტომობილი
ძვირადღირებული ავტომობილი - Sputnik საქართველო
ძვირადღირებული ავტომობილი

ხელოვნური ბედნიერებისთვის რბოლაში ადამიანები ნარკომანებად იქცევიან. ისინი ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებენ თავის „ფასეულობას“  გარშემო მყოფებთან შეფარდებით. ისინი იცვლიან  ავტომობილებს, ყიდულობენ ახალ ტელეფონებს, ძვირად ღირებულ ჯინსს, ავეჯს სახლისთვის, იპკურებენ აუცილებლად ძვირად ღირებულ სუნამოს, რათა განსაკუთრებით აღნიშნონ საკუთარი ნატიფი გემოვნება. ეს ყველაფერი ძვირი ღირს და არცთუ იშვიათად ეს ადამიანები უკიდეგანო ვალში ვარდებიან.  

საზოგადოება - Sputnik საქართველო
სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი - კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები

ბედნიერებისთვის რბოლაში ასე ხდება მათი „საკრედიტო ნემსზე შეჯდომა“. მათთვის ყველაზე საშინელია, რომ დაეშვან „მდაბიო“ დონეზე, როგორც ისინი მიიჩნევენ და იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ნებისმიერი ფულის გადახდისთვის მზად არიან.

თავისი არარსებული სტატუსის შესანარჩუნებლად ისინი უზარმაზარ ფულს ხარჯავენ, რათა შეიძინონ ისეთი ნივთები, რომლებიც ამ სტატუსს დაადასტურებს.

თუ რაიმე ნივთი „ზესტატუსს“ არ შეესაბამება, ისინი ყველანაირად დამალავენ ამას, ხოლო ის, რაც ამ სტატუსს შეესაბამება და ხაზს უსვამს, ამის ყველანაირად წარმოჩინებას ცდილობენ. მაგალითად, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება სოციალური ქსელის სტატუსში აუცილებლად იქნება აღნიშნული, ხოლო სამვარსკვლავიანი სასტუმრო – დაიმალება.

თუ მათი სახლი ძვირადღირებული არ არის, ამას ყველანაირად დამალავენ. ასეთი ადამიანების ცხოვრება ტყუილად გადაიქცევა. ისინი მოატყუებენ არა მხოლოდ სხვებს, არამედ, ძირითადად, საკუთარ თავს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნამდვილად მიეკუთვნებიან იმ სტატუსს, რომლის იმიტაციას ახდენენ და ყველანაირად უარყოფენ ფაქტს, რომ ეს იმ ვალების შედეგია, რომლის გადახდაც მთელი ცხოვრება მოუწევთ.

როცა საკუთარი თავი გიყვართ, ცხოვრება ნაკლებად გამძიმებთ, ხოლო ურთიერთობები უფრო მარტივი და სპონტანურია - Sputnik საქართველო
აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ

რაღაც მომენტში, როდესაც ბანკები კრედიტს აღარ იძლევიან და სიხარულისა და ბედნიერების წყარო შრება, ისინი ღრმა დეპრესიაში ვარდებიან. ამასთან, ყველა თავის უბედურებაში ადანაშაულებენ იმავე ბანკებს, მთავრობას, მძიმე ცხოვრებასა და დამსაქმებელს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ისინი არასდროს დაადანაშაულებენ – საკუთარი თავია. მათ ხომ ერთადერთი რამ სურდათ – უბრალოდ, ყოფილიყვნენ, „როგორც ყველა“, ხელიდან არ გაეშვათ ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, მისგან ყოველივე საუკეთესო მიეღოთ. განა შეიძლება, რომ ისინი დამნაშავე ყოფილიყვნენ თავიანთ დუხჭირ ეკონომიკურ მდგომარეობაში?

დასასრულ, ამერიკელი მილიარდერის, ჰენრი ფორდის სიტყვები:

„არ მჭირდება მდიდრულ სასტუმროში დაბინავება, რადგან აზრს ვერ ვხედავ, ზედმეტი ფული გადავიხადო იმაში, რაც არ მჭირდება. სადაც არ უნდა დავბინავდე, მე ჰენრი ფორდი ვარ. დიდ განსხვავებას სასტუმროებს შორის ვერ ვხედავ. ყველაზე იაფფასიან სასტუმროშიც  ისევე შეიძლება დაისვენო, როგორც მდიდრულ სასტუმროში. ეს პალტო – დიახ, მართალი ბრძანდებით, მას მამაჩემი ატარებდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მე ხომ ამ პალტოშიც მაინც ჰენრი ფორდი ვარ. ჩემი ვაჟი ჯერ ახალგაზრდა და გამოუცდელია, ამიტომ შიშობს, რას იფიქრებს ხალხი, თუ იაფფასიან სასტუმროში გაჩერდება. მე კი არ მაშფოთებს გარშემომყოფთა აზრი ჩემ შესახებ, რადგან ვიცი ჩემი თავის ნამდვილი ფასი. მილიარდერი კი იმიტომ გავხდი, რომ ვიცი ფულის დათვლა და ნამდვილი და ყალბი ფასეულობების განსხვავება“.


ყველა ახალი ამბავი
0