კაცი გამოქვაბულში

მარტოდმარტო გამოქვაბულში: 6 თვე სიბნელესა და მარტოობაში... ძილის ბუნების დასადგენად

45
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ დღე-ღამეში 24 საათია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის შინაგანი საათი უფრო მეტს მოიცავს — 24 საათსა და 30 წუთს...

1972 წლის 13 თებერვალს მიშელ სიფრი ტეხასში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულს მიადგა. შევიდა და … მთელი ექვსი თვით დარჩა — გარეთ ერთი წამითაც არ გამოსულა, არც კი გამოუხედავს და დღის სინათლე არ უხილავს.

არა, არც გამოქვაბულის ლაბირინთებში ჩაკარგულა და არც შეშლილი არ ყოფილა. მიშელ სიფრი ფრანგი მეცნიერი გახლდათ, ქრონობიოლოგიის პიონერი — მეცნიერებისა, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ რიტმებს შეისწავლის. ყველაზე ცნობილი რიტმი — ეს ცირკადული რიტმია, რომელიც ძილისა და სიდხიზლის ციკლებს არეგულირებს. და სიფრიც გამოქვაბულში იმისთვის დასახლდა, რომ გაერკვია, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. სიფრმა გამოქვაბულში კარავი გაშალა, რომელშიც საწოლად ხის სადგამი, ასევე მაგიდა და სკამი დადგა. ტელეფონიც შეიტანა, რათა გარეთ დარჩენილ კვლევით ჯგუფთან კავშირი ჰქონოდა და ერთადერთი ნათურაც დაამაგრა, რომელიც თანაბარი, რბილი შუქით ანათებდა კარავს.

ამას გარდა, მოიმარაგა დიდი რაოდენობით გაყინული პროდუქტები და რამდენიმე ტონა წყალი.

რაც ყველაზე მთავარია, სიფრს არ ჰქონდა საათი და არც არანაირი კალენდარი.

მისი ამოცანა იყო, დაკვირვებოდა საკუთარ ორგანიზმს იმ პირობებში, როდესაც არ ეცოდინებოდა, დღე იყო თუ ღამე და შესაბამისად, ვერ დაადგენდა, იყო თუ არა უკვე ძილის დრო. ანუ მეცნიერს ბიოლოგიური საათის მუშაობა უნდა შეესწავლა.

აი, რა ჩაწერა მან საკუთარ დღიურში:

„ბოლოს და ბოლოს, მეწვია სრულყოფილი ძილი! ახლა ჩემი ორგანიზმი თავად ირჩევს, როდის დაიძინოს და როდის ჭამოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ დღე-ღამეში 24 საათია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის შინაგანი საათი უფრო მეტს მოიცავს — 24 საათსა და 30 წუთს“.

ბოლოს და ბოლოს, მიშელ სიფრმა 48 სათში იდეალურ ფორმულას მიაგნო: 36 საათი უწყვეტი სიფხიზლე და 12 საათი ძილი.

სიფრისა და მისი მიმდევრების კვლევას მსოფლიოს უმსხვილესი უნივერსიტეტის მეცნიერებმაც მიაქციეს ყურადღება და თავადაც დაინტერესდნენ ძილის ბუნებით. ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების მეცნიერებმა არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ თუ ორი კვირის განმავლობაში დღე-ღამეში მხოლოდ 6 საათი გძინავთ, თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები ისე დაქვეითდება, როგორც მთელი 48 საათიანი გადაბმით სიფხიზლის დროს.

საინტერესო ისაა, რომ თავად თქვენ ამ დროს შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, რაოდენ ეცემა თქვენი შრომის ნაყოფიერება.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად დავიძინოთ შუადღით, თუნდაც 20-30 წუთით. ეს საკმარისია იმისათვის, რომ თქვენმა ტვინმა განახლებული ძალებით დაიწყოს მუშაობა.

გარდა ამისა, ისინი გვთავაზობენ ცხრილს, თუ რომელ საათზე რა მდგომარეობაშია თქვენი ტვინი და სხეული.

აი ისიც:

  • დილის 6 საათი — კორტიზოლის დონე იზრდება, რაც ტვინსა და სხეულს გაღვიძებაში ეხმარება.
  • დილის 7 საათი — ორგანიზმი წყვეტს ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავებას.
  • დილის 9 საათი — სქესობრივი ჰორმონები პროდუქტიულობის პიკშია.
  • დილის 10 საათი — დგება გონებრივი აქტივობის პიკი.
  • დღის 2:30 საათი — დგება მოტორიკასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სისტემების პიკი.
  • დღის 3:30 საათი — ამ დროს ადამიანს საუკეთესო რეაქცია აქვს.
  • დღის 5 საათი — ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვანი სისტემა ყველაზე უკეთ ამ დროს მუშაობს.
  • საღამოს 7 საათი — სისხლის წნევა და სხეულის ტემპერატურა ამ დროს ყველაზე მაღალია.
  • ღამის 9 საათი — იწყება მელატონინის გამომუშავება. ორგანიზმი სხეულს დაძინებისთვის ამზადებს.
  • ღამის 10 საათი — იზრდება ტუალეტში გასვლის სიხშირე. ორგანიზმი განაგრძობს ძილისთვის მზადებას.
  • ღამის 2 საათი — ღრმა ძილის დრო.
  • დილის 4 საათი — ეს არის დრო, როდესაც სხეულის ტემპერატურა ყველაზე მეტად ეცემა, ხოლო სიფხიზლე ყველაზე მეტად ვნებს ორგანიზმს.
45