ია ფარულავა

როგორ ინარჩუნებს ია ფარულავა სასურველ გარეგნობას - მსახიობის გულახდილი ინტერვიუ

18942
(განახლებულია 19:19 24.07.2017)
მერი ბლიაძე
ია ფარულავას საქართველოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად მიიჩნევენ. რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და როგორ ინარჩუნებს ყველასათვის საყვარელი მსახიობი სასიამოვნო გარეგნობას - ია თავად მოგვიყვება. მან „sputnik საქართველოს“ მკითხველს სილამაზის საიდუმლო გაუმხილა და სასარგებლო რჩევებიც გაუზიარა.

- რა არის ის ოქროს წესი, რასაც აუცილებლად იცავს ია ფარულავა თავის მოვლის დროს?

— ქალს კვირის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გამოყოფილი გარკვეული დღეები და ამ დღეებს უთმობდეს თავის მოვლას. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს უშნო ქალი. ყველა ქალი ლამაზია, მთავარია მოუაროს თავს. დღეს უკვე ბევრი საშუალება არსებობს, რომ მცირე კორექტირება შეიტანოს ქალმა გარეგნობაში. ამიტომ პერნამენტულად, ყოველ კვირა, ერთი დღე ან დღის გარკვეული ნაწილი უნდა დავუთმოთ საკუთარ სილამაზეს. შესაძლებელია ეს მოხდეს სალონში, ან სახლის პირობებში. ძალიან ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს და საკმაოდ ეფექტურიცაა. თავის მოვლა ქალისთვის უნდა იყოს, როგორც რიტუალი.

ია ფარულავა
ია ფარულავა

- რა კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებთ და რატომ ანიჭებთ მათ უპირატესობას?

— კოსტავას 76 ნომერში, სულ ეხლახანს დაიკიდა ჩემი ბილბორდი, სადაც მე ვარ „Natali anti age clinic“ სახე. უკვე ძალიან დიდი ხანია ამ კომპანიასთან ვთანამშრომლობ, ამავე დროს ვარ ერთგული მომხმარებელი და ფანატიკურად შეყვარებული ამ ქსელზე, რადგან საუკეთესოთა შორის შაუკეთესო ქსელია. არაჩვეულებრივია ბრენდ „ამბასადორის“ „ჟერმენ დე კაპუჩინი“.  მინდა გითხრათ, რომ მაკიაჟის მოსაშორებელი საცხებიდან დაწყებული, დამთავრებული თვალის ფანქრამდე, ყველაფერი მაქვს ჟერმენის ფირმის. ყოველთვის ვცდილობ შევადარო კოსმეტიკური საშუალებები და მათ შორის  საუკეთესო ავარჩიო. ძალიან მომწონს ამ ბრენდის ტონალურები, აღფრთოვანებული ვარ პუდრით. 

ჩემი პროცედურები კვირაში ორი დღე, სწორედ „Natali anti age clinic“-ში მიმდინარეობს. ხუთშაბათი და კვირა დღე თავის მოვლისთვის მაქვს გამოყოფილი. სულ, რომ არ მინდოდეს იძულებული ვარ მაინც ჩავიტარო ეს პროცედურები, რადგან ამ კლინიკის სახე ვარ და აუცილებელია კარგად გამოვიყურებოდე. აქ ვიკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. დისპორტს მიკეთებს არაჩვეულებრივი სპეციალისტი ნანა ჭითანავა, ასევე ვიკეთებ (მე დავარქვი) სახის დაუთოებას, რომლის პროცედურასაც მიტარებს უსაყვარლესი ნანა კემულარია და მესამე პროცედურაა სახის წმენდა, რომელსაც მიტარებს უმშვენიერესი ტანია ალიბარაშვილი. ერთი სიტყვით ამ მხრივ ძალიან განებივრებული ქალი ვარ, მაგრამ ვფიქრობ ამას ვიმსახურებ. ხალხი არ მაპატიებს, რომ მოვეშვა. ერთი ორჯერ იყო მომენტი, რომ ქუჩაში უმაკიაჟოთ გავედი. არ მოეწონათ, ვინც შემხვდა ყველამ მითხრა, რომ მე სულ ფორმაში უნდა ვიყო და მე ეს ძალიან კარგად დავიმახსოვრე. 

ია ფარულავა
ია ფარულავა

- ყველა ქალს არ აქვს ფუფუნება, რომ იაროს სალონში. სახის მოვლის რა ხალხურ მეთოდებს ურჩევდით მათ?

ჩემს დოდო მამიდას და დედაჩემს ჩემს ბავშვობაში ჰქონდათ  წიგნები, სადაც ეწერა სახის მოვლის ხალხური მეთოდები. იქ ვკითხულობდი ხოლმე, როგორ უნდა დავამზადოთ ხალხური მეთოდით ნიღბები და სხვა საშუალებები. გასწავლით ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას. ავიღოთ 1/2 ჭიქა ცხელი  წყალი, 1/3 ჭიქა გერკულესი. შეურიეთ ერთამენთს და გააჩერეთ 2 ან 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მაწონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი კვერცხის ცილა. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

- სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად გიწევთ დიეტაზე ყოფნა? როგორ აკონტროლებთ წონას?

— მე ვერ ვიტან დიეტებს. დიეტის დაწყება და საშინელი ნერვოზის და დეპრესიის დაწყება ერთია. ვერ ვიტან, როდესაც რაღაც შეზღუდვას ვუწესებ ჩემს თავს. ამიტომ, როცა ჩემი მეგობრები დიეტობენ, მიირთმევენ დღეში მხოლოდ ოთხ კვერცხს, კიტრს და ა.შ ჩემთვის ეს არის მიუღებელი და წარმოუდგენელი. ჩემი ბუნება ეწინააღმდეგება დიეტას და მიწყობს საშინელ საბოტაჟს. ამიტომ მე ვცდილობ ცოტა ვჭამო. ვლაპარაკობ ძალიან პატარა ყავის თეფშზე. თეფშზე რაც დაეტევა, მხოლოდ იმ საჭმელს მიირთმევ დღეში ხუთჯერ. ამ დროს  კუჭიც დაპატარავდება, ტვინიც არ გაგიჟდება, უარს არაფერზე ეტყვი შენს თავს და კლებაც სწრაფად წავა.

რობერტ დე ნირო და ია ფარულავა
intermedia.ge
რობერტ დე ნირო და ია ფარულავა

- ანუ აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტი თამაშობს დიდ როლს?

— დიახ, ცხოვრებაში უკვე ყველაფერი ფსიქიკაა.

- ვარჯიშს თუ უთმობთ დროს? ფიტნეს კლუბში დადიხართ?

— არა, ფიტნეს კლუბში არ დავდივარ. მე მაქვს სახლში პატარა ველოსიპედი. დაახლოებით 12 საათზე დავჯდები ველოსიპედზე, ჩავრთავ რაიმე ფილმს და ერთი საათის განმავლობაში ვატრიალებ, მერე ავიღებ განტელებს და ვივარჯიშებ. შემდეგ გადავივლებ შხაპს და გავდივარ ქალაქში. ორი საათის მერე არ შემიძლია სახლში გაჩერება, აუცილებლად სადმე უნდა გავიდე. 

ია ფარულავა
ია ფარულავა

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის სტრესი, გადაღლა. ეს ყველაფერი თქვენს გარეგნობაზე რამდენად ახდენს გავლენას?

მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ნაკლებად მაქვს გადაღლა და სტრესი. თქვენ იკითხავთ, რატომ არ მუშაობს ია ტელევიზიაში? რატომ არ აქვს გადაცემა? ეს ყველაფერი იმხელა სტრესია და იმხელა ძალისხმევას მოითხოვს, რომ ამის გავლა აღარ მინდა. მე ეს პერიოდი უკვე გავიარე. წარსულს ჩაბარდა „ჩემი მშვენიერი ლედი“, ჩემი ენთუზიაზმი. მე მოვიარე მთელი საქართველო, ვეჯექი ამ ქალებს, ვუგონებდი ამბებს და ვიყავი ერთ ამბავში. მაშინ ძალიან მიხაროდა ამის კეთება, ეხლა ეს აღარ მჭირდება. მე უკვე ჩემს თავს ოდნავი დაღლის უფლებას აღარ ვაძლევ. ამაში კიდევ ძალიან შემიწყო ხელი იმან, რომ მე არ მყავს არც შვილი და არც შვილიშვილი. შეიძლება საშინელებას ვამბობ, მაგრამ შვილები და შვილიშვილები მეტი საზრუნავია. ეხლა უკვე დაჩაჩანაკებული ვიქნებოდი. უკვე ზედმეტად თავს აღარაფერზე ვიწუხებ და ეს მინარჩუნებს ახალგაზრდობას. ეგოისტი ვარ და რა ვქნა? 

ია ფარულავა
ია ფარულავა

- პლასტიკურ ქირურგებთან რა პროცედურები გაქვთ ჩატარებული?

— პლასტიკურ ქირურგებთან ისეთი სერიოზული არაფერი. მუცელზე მაქვს გაკეთებული ლიპოსაქცია. სახეზე ჯერჯერობით არ მჭირდება პლასტიკური ქირურგის ჩარევა. ჩემი მეგობარია უსაყვარლესი ციცინო შურღაია, ჩვენი გენიოსი. ყოველ ჩამოსვლაზე მამოწმებს, რამე ხომ არ შემეცვალა, პატარა კორექტირებები ხომ არ მჭირდება და ა.შ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და თუ დამჭირდება კიდევ ციცინო აქ არ მყავს? 

- რა პროცედურებიც გაქვთ ჩატარებული იქიდან ყველაზე უსიამოვნო და მტკივნეული რომელი იყო?

— კატეგორიულად ვეღარ ვიტან სახეზე ნემსს. ამიტომ ვცდილობ იგივე მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი და სხვა ყველაფერი, რაც ნიშნავს სახეზე ნემსებით ჯიჯგვნას შევანაცვლო აპარატურული კოსმეტოლოგიით, მასაჟებით, სპეციალური ნიღბებით. ადრე ვიკეთებდი ნემსს, მაგრამ ეხლა კატეგორიულად ვეღარ ვიტან. ნუ, თუ ძალიან დამჭირდა და სხვა გზა არ იქნება გავიკეთებ. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მე ტუჩი გავიბერო, ან ნემსი მოვიხვედრო. ერთადერთი სადა მე ძალიან წვრილ ნემსს ვიკეთებ არის შუბლზე და თვალების გარშემო. 

ია ფარულავა
ია ფარულავა

— ამ ბოლო დროს ხშირად აპიარებთ სამკაულს და ბრილიანტებს. ახალი გატაცება გაქვთ?

როგორ შეიძლება, ქალს ბრილიანტი არ უყვარდეს? ეს უძველესი ქვა, რომელიც 2–3 მილიონი წლის წინ აღმოცენდა დედამიწის გულში, ატარებს საოცარ ძალას და ენერგიას. მე ვისურვებდი, ყველა ქალს ჰქონდეს საშუალება, პაწაწინა ბრილიანტი მაინც ჰქონდეს და სამკაულად ატაროს. მე ძალიან მიყვარს ბრილიანტი, ვაპიარებ და სახე ვარ საიუველირო გალერეა–ბუტიკისა „Ponte Vecchio“, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 46 ნომერში. როცა იქ შევდივარ ამ სხივებისგან, ამ ბრილიანტებისგან ვარ უბედნიერესი. ძალიან ბევრი ნაშრომი მაქვს წაკითხული, რომ ეს ქვა ძალიან კარგად ასუფთავებს ნეგატიურ ენერგიას და აურას. მინდა ჩვენს ქალებს ვურჩიო, ნუ იყიდიან ვიღაცის ნახმარ ოქროულს, რადგან სამკაული იმ ადამიანის ენერგეტიკას იმახსოვრებს, ატარებს და ეს ძალიან ცუდია. შეეცადეთ, ცოტა მეტი  გაიმეტოთ საკუთარი თავისთვის და იყიდოთ ახალი სამკაული.

- ყველაზე მეტად ქალში რა თვისებებს აფასებთ?

— ეს ალბათ თვისებაც არ არის. ეს არის ღმერთისგან ბოძებული ნიჭი, მისტიური ძალა, როდესაც ქალს შეუძლია საკუთარი სული და გული თავად განკურნოს. საკუთარი თავი ფენიქსივით აღადგინოს ნებისიერი დაცემისგან, ნებისმიერი გულისტკივილისგან, იმედგაცრუებისგან. ასეთი ძალიან ბევრი ჰქონიათ ჩვენს ქალებს. მე ქალებში ვაფასებ ამ „ჯადოქრობის“ მაღალ კოეფიციენტს და კარგი გაგებით, „კუდის ანტენისებრ მომართვას“ და არა ამოძუებას. ხვდებით, რას გეუბნებით?

- დიახ, რა თქმა უნდა…

— ხო, ყველა ქალი ხვდება, რასაც ვამბობ, მხოლოდ კაცები ვერ ხვდებიან. არც არის საჭირო, მაგათ რამე გაიგონ. 

ბოლოს, მინდა ყველა ქალს ვუსურვო, რომ ეს ანტენები ყოველთვის მომართული ჰქონდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენი ბედნიერება და ბედნიერების ძალა ჩვენს შინაგან მე-ში დევს და არა ვიღაცაში. 

 

 

 

 

 

 

18942
თემები:
ქართველი სელებრითები (36)