ფერადი კვერცხები

სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა: რამდენიმე ვერსია

84
(განახლებულია 20:28 29.04.2021)
კვერცხების შეღებვა და მოხატვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ტრადიციაა. სააღდგომოდ მაღაზიებში უამრავი დეკორატიული მასალა და მოსართავი იყიდება კვერცხების გასაფორმებლად.

„Sputnik–საქართველო“ კვერცხის ნატურალური ინგრედიენტებით შეღებვის რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

ზოგადი რჩევები

კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოიღოთ მაცივრიდან. ოთახის ტემპერატურის კვერცხი ხარშვისას არ გასკდება.  

იმისთვის, რომ საღებავი თანაბრად დაედოს კვერცხს, აუცილებელია გულდასმით გარეცხოთ. 

იმისთვის, რომ მოხარშული კვერცხი კარგად გაიფცქვნას, მდუღარიდან ამოღების შემდეგ ცივ წყალში უნდა ჩადოთ. 

იმისთვის, რომ შეღებილი კვერცხი ლაპლაპა იყოს, კარგად უნდა გაამშრალოთ და ზეთით გააპრიალოთ. 

საკვები საღებავები

თუ კვერცხის საკვები საღებავით შეღებვა გსურთ, გახსენით წყალში ფხვნილი და 10–20 წუთი ხარშეთ მასში კვერცხი. ფერის ტონალობა საღებავის რაოდენობაზეა დამოკიდებული. 

ნატურალური საღებავები

ეს ბებიების მეთოდია, რომელიც დღემდე აქტუალურია და, რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტურად უვნებელი, ბავშვებისთვისაც კი. 

ხახვის ფოჩების ნახარში კვერცხს ყვითლადაც ღებავს და მოწითალო–ყავისფრადაც. ფერი ხახვის სახეობასა და ღებვის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

ჭარხლის წვენი კვერცხს ვარდისფერს აძლევს; ლიმონი, ფორთოხალი და სტაფილო — ბაც ყვითელს, ხოლო არყის ხის ფოთლები და კალენდულის ყვავილი — კაშკაშა ყვითელს. 

კვერცხს მწვანედ შეგიღებავთ ისპანახისა და ჭინჭრის ნახარში, ლურჯად — წითელი კომბოსტოს ფურცლები, ყავა კრემისფერს აძლევს კვერცხს, ხოლო იის ყვავილები — იისფერს. 

იმის გამო, რომ ზოგიერთი საღებავი არცთუ ინტენსიურად მოქმედებს, შეგიძლიათ კვერცხი მთელი ღამით დატოვოთ ნახარშში, მაგალითად, იისა და ისპანახის ნახარშში.

სააღდგომო კვერცხები
Михаил Мокрушин
სააღდგომო კვერცხები

კვერცხის მოხატვა

გრადაციის ეფექტი

იმისთვის, რომ კვერცხი ლამაზად და „რბილად“ გადადიოდეს ფერიდან ფერში, მოათავსეთ ის ჩამჩაში და 3 წუთის განმავლობაში ნახევარზე ცოტა მეტად ჩაუშვით საღებავში, ოღონდ გამუდმებით უნდა ამოიღოთ-ჩაუშვათ. ამის შემდეგ კვერცხის მეორე ნახევარი 5 წუთის განმავლობაში უნდა ღებოთ, ხოლო შემდგომი 5 წუთი — კვერცხის ძირი. 

ზოლიანი კვერცხები

გააზავეთ რამდენიმე ჭიქა საღებავი სხვადასხვა კონცენტრაციით და კვერცხი რიგრიგობით მოათავსეთ ხსნარში სხვადასხვა სიღრმეზე. ასე შეგიძლიათ მართლაც ათასფერი კვერცხი მიიღოთ. 

მაქმანებიანი კვერცხები 

მჭიდროდ შეფუთეთ კვერცხი მაქმანში და 10 წუთით ჩაუშვით საღებავში. 

ბრჭყვიალა კვერცხები 

ამისთვის სხვადასხვა სპეციალური საკვები, შესაბამისად, უსაფრთხო ბრჭყვიალების გამოყენებაა რეკომენდებული. წაუსვით კვერცხს ცილა და ამოავლეთ ბრჭყვიალებში. 

მეგი გვენეტაძის მოხატული სააღდგომო კვერცხები
მეგი გვენეტაძის პირადი არქივი
მეგი გვენეტაძის მოხატული სააღდგომო კვერცხები

მოხატული კვერცხები 

ამისთვის ჩვეულებრივი გუაშის საღებავისა და ფანქრის გამოყენება შეიძლება. მთავარია, რომ გრიფელი რბილი იყოს. მოხატვა შესაძლებელია ფუნჯითაც.  

მოკაზმული კვერცხი

კვერცხების მოკაზმვა შესაძლებელია პასკისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საკვები მოსართავით. უბრალოდ ამოავლეთ კვერცხი ცილაში და გააგორეთ მოსართავ მასალაში. 

სხვათა შორის, კვერცხზე სხვადასხვა ორნამენტის გასაკეთებლად საიზოლაციო ლენტიც გამოგადგებათ. გამოჭერით მისგან სხვადასხვა ფიგურები, დააწებეთ კვერცხს, ამოავლეთ საღებავში, მერე კი მოხსენით საიზოლაციო ლენტი ფიგურებით. ორნამენტების მისაღებად თეთრი ძაფი და რეზინის რგოლებიც გამოგადგებათ. 

მოზაიკის ეფექტი

სანამ საღებავში ჩაუშვებთ, კვერცხი დაბზარეთ და ორიგინალური მოხატულობა გარანტირებული გაქვთ. ოღონდ აუცილებლად გამოიყენეთ ნატურალური საღებავი, ვინაიდან დაბზარულ კვერცხში ის აუცილებლად შეაღწევს. 

ფერადოვნად დალაქავებული კვერცხები

შემოახვიეთ კვერცხს სხვადასხვა ფერის მულინის ძაფი და მაგრად მოხარშეთ ჩვეულებრივ წყალში. როცა ძაფებს მოხსნით, ხელში ათასფრად მოხატული კვერცხი შეგრჩებათ.  

მარმარილოსებრი კვერცხები

ამისთვის სხვადასხვა ფერის საღებავი, ზეთი და მხატვრის თვალი დაგჭირდებათ. კვერცხი ჯერ კაშკაშა ფერებით მოხატეთ — მაგალითად, ყვითლად ან ნარინჯისფრად, გააშრეთ, შემდეგ სხვადასხვა ჭურჭელში გააზავეთ მუქი ფერები (ლურჯი, ყავისფერი, იისფერი), ჩაამატეთ ყოველ მათგანში თითო ჩაის კოვზი ზეთი და ფრთხილად მოურიეთ. ამოავლეთ კვერცხი მუქი ფერის საღებავში და მაშინვე ამოიღეთ. 

აბრეშუმის ორნამენტი  

თუ შინ აბრეშუმის ნაჭრები გაქვთ, შეგიძლიათ უმი კვერცხი მჭიდროდ შეახვიოთ მასში — წაღმა პირით ნაჭუჭისკენ, კარგად დაამაგრეთ. შემდეგ ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაამატეთ ძმარი და ჩააწყეთ კვერცხები. ხარშეთ წამოდუღებიდან 10–12 წუთის განმავლობაში. მზა კვერცხებს გადაავლეთ ცივი წყალი. როცა კვერცხი კარგად გაცივდება, ფრთხილად შემოხსენით ნაჭერი. ნახავთ, რომ ქსოვილის პრინტი ნაჭუჭზეა გადასული. 

უჯრულა და დაჭორფლილი კვერცხები

თუ კვერცხს დაასველებთ და შეღებვის წინ ბრინჯში ან ფეტვში ამოავლებთ, ნაჭუჭზე გაფანტულ კოპლებს მიიღებთ. ხოლო თუ მას ბადეში გაახვევთ, უჯრულა კვერცხი გექნებათ. 

ქათქათა თეთრი ორნამენტები

ეს შაქრის ფხვნილით შეგიძლიათ გააკეთოთ. შეღებეთ კვერცხი სტანდარტული მეთოდით. შაქრის პუდრს შეურიეთ იმდენი წყალი, რომ საკმაოდ სქელი კონსისტენციის ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მოათავსეთ იგი საკონდიტრო შპრიცში და მოხატეთ კვერცხი. დააცადეთ კარგად გაშრობა.  

84
ევროვიზია

რამდენიმე დღეში „ევროვიზია 2021“ გაიმართება: კონკურსის ეტაპების თარიღები

28
(განახლებულია 14:15 12.05.2021)
ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2021“ ამჯერად როტერდამში 18–22 მაისს გაიმართება.

კონკურსის გამართვის უფლება ნიდერლანდმა 2019 წელს თელ-ავივში გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. 2020 წელს კონკურსის ჩატარებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. 

„ევროვიზია 2021“ საკონცერტო არენა Ahoy Rotterdam-ზე გაიმართება. პირველი და მეორე ნახევარფინალები 18 და 20 მაისს გაიმართება, ფინალი კი შაბათს, 22 მაისს ჩატარდება.

რიგით 65-ე კონკურსის ოფიციალური გახსნის ცერემონია 16 მაისს გაიმართება. „ევროვიზია 2021“-ში 39 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო.

კონკურსის ეტაპების თარიღები

„ევროვიზია 2021“-ის პირველი ეტაპი სამშაბათს, 18 მაისს გაიმართება, რომელშიც ფინალში გადასასვლელი 10 ადგილისთვის 16 ქვეყანა იბრძოლებს.

კერძოდ, პირველ ნახევარფინალში სცენაზე გამოვლენ უკრაინის, კვიპროსის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ლიეტუვის, სლოვენიის, შვედეთის, ირლანდიის, ავსტრალიის, ბელგიის, რუსეთის, ნორვეგიის, ხორვატიის, აზერბაიჯანის, მალტის, ისრაელისა და რუმინეთის წარმომადგენლები.

კონკურსის მეორე ნახევარფინალში კი, რომელიც 20 მაისს ჩატარდება, საფინალო 10 ადგილისთვის 17 ქვეყანა იბრძოლებს – ავსტრიის, დანიის, ისლანდიის, ლატვიის, მოლდოვას, პოლონეთის, შვეიცარიის, სან-მარინოს, სერბეთის, ალბანეთის, ჩეხეთის, საბერძნეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ფინეთის, საქართველოს და პორტუგალიის წარმომადგენლები.

სიმღერის კონკურსის დასკვნითი ეტაპი, რომლის დროსაც „ევროვიზია 2021“-ის გამარჯვებული გამოვლინდება, 22 მაისს გაიმართება.

საქართველოს კონკურსზე მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარადგენს, რომელიც შეასრულებს საკუთარ ინგლისურენოვან კომპოზიციას You. ყიფიანი მეორე ნახევარფინალში მეათე ნომრით წარდგება. კონკურსის მონაწილეთა გამოსვლის გრაფიკი „ევროვიზიის“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თორნიკე ყიფიანს 2020 წელს საქართველო კონკურსზე უნდა წარედგინა სიმღერით Take Me as I am.

28
საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი

საეკლესიო კალენდარი: 12 მაისი

2951
(განახლებულია 09:09 12.05.2021)
საეკლესიო კალენდარში 12 აპრილი არის ანდრია პირველწოდებულის, წმიდა მენელსაცხებლე დედათა: მარიამ მაგდალენელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამის, სუსანას და სხვათა ხსენების დღე.

ანდრია პირველწოდებული

ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. მოციქული ანდრია ცნობილია როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება.

მენელსაცხებლე დედანი: მარიამ მაგდალენელი, მარიამ კლეოპა, სალომე, იოანა, მართა და მარიამი, სუსანა და სხვანი
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. პატივი, როემლსაც ეკლესია მიაგებს მათ, ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიენიჭათ.

მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები უფლის ჯვარცმისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად იდგნენ გოლგოთაზე აღმართული ჯვრის წინაშე და ტირილით შესცქეროდნენ იესოს. ისინი არ შეუშინდნენ სინედრიონის რისხვას და ბრბოს დაუნდობლობას, არ დამალულან, არ მიუტოვებიათ განსაცდელის ჟამს თავიანთი მოძღვარი.
როდესაც იოსებ არიმათიელმა პილატესგან გამოითხოვა ჯვარცმული იესოს სხეული, მათ ცხარე ცრემლით დაიტირეს გარდამოხსნილი მაცხოვარი, ერთი წუთითაც არ მოშორებიან მის ცხედარს და მხოლოს მაშინ დატოვეს, როდესაც სამარხის შესასვლელი ლოდით ჩაკეტეს.

300 ლაზი მოწამე

უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსულმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზე დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავები და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს. დუდიკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.

ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათის (სამღვდელოთა) მთა უწოდა.

ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდე, რუფე, ანტიპატრე, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდოტე, თავმასიოსი და ფილიმონი

ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდე, რუფე, ანტიპატრე, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდოტე, თავმასიოსი და ფილიმონი (286-299). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.

კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.

მოწამენი დიოდორე და როდოპიანე

წმიდა მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკვნები (III-IV) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს კარიის აფროდისიაში. წარმართთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის ისინი ქვებით ჩაქოლეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

2951
ახალი სკვერი თბილისში

კერძო ავტოფარეხების ნაცვლად ახალი სკვერები მოეწყო

0
(განახლებულია 14:54 18.05.2021)
ხმალაძის განმარტებით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

 

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. თბილისში 446 კერძო ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი გაშენდა, განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ ქალაქში  ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე. 

ხმალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ მთლიანი ქალაქისთვის „ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შექმნა ურბანული სიკეთე“.

 „მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისში დამატებით 4 მლნ კვადრატული მეტრის ფართობს მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.

დედაქალაქის მთავრობისთვის რეკრეაციული ზონების შექმნა და აღდგენა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო სამი წლის მანძილზე თბილისში არაერთი პარკისა და სკვერის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. სულ ახლახანს მერიამ ორი მასშტაბური პროექტის – ვაკის პარკის განახლებისა და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობის განხორციელება დაიწყო.

0
თემები:
თბილისის მერია