ყვავილები

ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი: ისტორია და ტრადიციები

144
(განახლებულია 17:02 08.03.2021)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღეს ქალბატონებს ულოცავენ და ცდილობენ მათ ბედნიერება მიანიჭონ.

თავიდან მას წმინდა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის ქალთა ბრძოლის დღე იყო. მაგრამ დრომ ამ დღესასწაულს პოლიტიკური ელფერი დაუკარგა და დღეს ჩვენ გაზაფხულისა და სიყვარულის დღესასწაულს აღვნიშნავთ.

ისტორია

არსებობს ვერსია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.

კლარა ცეტკინი
კლარა ცეტკინი

თუმცა, დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. 

1911 წლიდან ქალთა საერთაშორისო დღეს რიგ ქვეყნებში ქალები ატარებდნენ მიტინგებს, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული.

რამდენიმე წლის განმავლობაში ქალთა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. 1911 წლის 19 მარტს ის გაიმართა გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 1912 წელს ქალები საკუთარი უფლებებისთვის ევროპის მასშტაბით 12 მაისს, 1914 წელს კი 8 მარტს იბრძოდნენ.

ხმის უფლება ქალებმა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში 1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს მიიღეს.

1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც, სხვა დანარჩენთან ერთად, იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა. 

Букеты тюльпанов
© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
ტიტების თაიგული

1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად.

„მსოფლიოში შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება და ეს სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ქალებისთვის. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესი და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ქვეყნების ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილება, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასტაბილური გამომუშავება, ხვალინდელი დღის შიში. ყველა ეს საკითხი აუცილებელია ქალთა ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში გავითვალისწინოთ“, — მიიჩნევენ გაეროში. 

 

1965 წლიდან, საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა. 

საქართველოში დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა. 

ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად აღნიშნავენ. 

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 8 მარტს პრაქტიკულად ყველგან აღნიშნავენ, მათ შორის უკრაინაში, ბელარუსში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში. 

ეს არის დღე, როდესაც ყველა ქალი ამაღლებულ განწყობაზეა, როდესაც ქალს ყვავილებს და საჩუქრებს უძღვნიან. ყვავილებიდან კი 8 მარტს არჩევანს მიმოზებზე, ტიტებზე, ნარცისებზე, ვარდებსა და ენძელებზე აჩერებენ. თუმცა, მათგან მხოლოდ მიმოზა იქცა დღესასწაულის არაოფიციალურ სიმბოლოდ.

ამ დღეს ქალებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, მათ შორის, გამოფენები, კონცერტები, ფლეშმობები და ა.შ.

როგორც წესი, 8 მარტს ზეიმობენ ოჯახურ გარემოში, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. მამაკაცები ამ დღეს ულოცავენ დედას, მეუღლეს, დას, ქალიშვილს… და შეძლებისდაგვარად ოჯახური საქმეებისგან მათ გათავისუფლებას ცდილობენ.

დღესასწაული მდიდარია ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი — ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაა. გაუფრთხილდით ქალბატონებს, მიულოცეთ დღესასწაული, მიუძღვენით ყვავილები და საჩუქრები, გაანებივრეთ ისინი და არა მარტო 8 მარტს, არამედ ყველა დღეს!

144
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 6 მაისი

334
(განახლებულია 08:12 06.05.2021)
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის, მოწამეების: ალექსანდრა დედოფლის, მისი ასული ვალერიას, ანატოლისა და პროტოლეონის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა დიდმოწამე გიორგი

წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.
წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება.

თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს.
მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს:. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს,: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.
ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ. თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.
ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.
მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო.

მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა:
მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა.

გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს.
წმიდა გიორგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.
წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმიდა მოწამენი: დედოფალი ალექსანდრა და ვალერია

წმიდა ალექსანდრა დედოფალი და ვალერია (+314). წმიდა გიორგის წამების ამსახველ პირველ აქტებში წერია, რომ დიოკლეტიანეს მეუღლე, წმიდა ალექსანდრა გარდაიცვალა წმიდა გიორგის წამების დღეს. სინამდვილეში, მან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს.

ამ ხნის განმავლობაში მრავალი მოვლენა მოხდა. 305 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ უარი განაცხადა ტახტზე და ძალაუფლება გადავიდა მისი თანამმართველის, ფანატიკოსი წარმართის, უხეში და სასტიკი მხედრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ხელში. მისი მეუღლე იყო წმიდა ალექსანდრე დედოფლის ასული წმიდა მოწამე ვალერია, რომელიც დიოკლეტიანემ მისი სურვილის გარეშე გაათხოვა.

წმიდა ალექსანდრა ქალიშვილს ქრისტიანული ღვთისმსახურებით ზრდიდა. როდესაც გალერიუსი გარდაიცვალა, იმპერატორმა მაქსიმიანემ ხელი სთხოვა წმიდა ვალერიას. ქრისტიანი ქალის უარით განაწყენებულმა მაქსიმიანემ წმიდა ვალერია სირიაში გადაასახლა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ, 313 წელს იმპერატორ ლიკინიუსის (313-324) მოწყალებაში დაიმედებული დედა-შვილი ნიკომიდიაში ჩავიდა. წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინესთან ერთად ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, რომელიც ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებდა, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობის მტრად დარჩა. ლიკინიუსმა ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ წმიდა ალექსანდრა დედოფალი და მისი ასული წმიდა ვალერია. მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: ანატოლი და პროტოლეონი

წმიდა მოწამენი ანატოლი და პროტოლეონი (303) ქრისტიანობაზე მოიქცნენ წმიდა დიდმოწამე გიორგის მხნეობისა და სასწაულების ხილვის შემდეგ. იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით მათ მახვილებით მოჰკვეთეს თავი.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

334
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 5 მაისი

266
(განახლებულია 07:27 05.05.2021)
საეკლესიო კალენდარში 5 მაისი ღირსი თეოდორე სიკიოტის, ანასტასიუპოლელი ეპისკოპოსის; მოციქულთა: ნათანაელის, ლუკას და კლიმენტის,  ღირსი ვიტალის ხსენების დღეა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ღირსი თეოდორე სიკიოტი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი

ღირსი თეოდორე სიკიოტი, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსი  დაიბადა VI საუკუნის შუა წლებში, სოფელ სიკიეში, ანასტასიოპოლთან ახლოს, მართლმორწმუნეთა ოჯახში.

10 წლის თეოდორე სასიკვდილოდ დაავადდა. ის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მიიყვანეს და საკურთხევლის წინ დააწვინეს. უეცრად ტაძრის თაღზე გამოსახული მაცხოვრის ფრესკიდან ცვრის ორი წვეთი გადმოვარდა, მომაკვდავ ბავშვს ეპკურა და განკურნა. ამ სასწაულის შემდეგ წმიდა თეოდორეს ღამ-ღამობით წმიდა გიორგი ეცხადებოდა და თავის ტაძარში მიჰყავდა.

ღირსი თეოდორე მიწიერ დიდებას გაექცა და განმარტოვდა: ეკლესიის ახლოს, დიდი ქვის ქვეშ მღვიმე გათხარა და ერთ დიაკონს სთხოვა, მღვიმის შესასვლელი მიწით ამოექოლა, მხოლოდ პატარა ნაპრალი დაეტოვებინა ჰაერისთვის. დიაკონს პური და წყალი მოჰქონდა მასთან და არავის ეუბნებოდა, თუ სად იყო ღირსი თეოდორე.

წმიდანმა ორი წელი გაატარა იქ სრულ მდუმარებაში. ბოლოს დიაკონი შეშინდა, რომ ღირსი თეოდორე ვიწრო მღვიმეში მოკვდებოდა, თან მტირალი დედაც ეცოდებოდა და საიდუმლო გასცა. წმიდანი ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს მღვიმიდან.

როცა თეოდორეს ღვაწლის შესახებ გაიგო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, მას ჯერ წმიდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაასხა ხელი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის წმიდანი მხოლოდ 17 წლისა იყო.

წმიდა თეოდორე მკაცრ მოღვაწეობას განაგრძობდა. მისი თხოვნით მჭედელმა დაამზადა რკინის უსახურავო გალია, სადაც მხოლოდ დგომა თუ შეიძლებოდა. ამ გალიაში იდგა ქედზე მძიმე ჯაჭვდადებული წმიდანი წმიდა აღდგომიდან შობამდე. ნათლისღებიდან წმიდა აღდგომამდე მღვიმეში იკეტებოდა და მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის გამოდიოდა შაბათ-კვირას; მთელი დიდმარვხის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეულს და პურს ჭამდა, ისიც შაბათ-კვირას.

ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმიდა თეოდორე ბევრს იღვწოდა ეკლესიის საკეთილდღეოდ, სული კი განმარტოებულ ლოცვას მიესწრაფვოდა. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად, თავისი ხარისხი დამალა, წმიდა საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა და იქ განაგრძო ჩვეული მოღვაწეობა. წმიდა სავანე თეოდორემ მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა დიდმოწამე გიორგი გამოეცხადა და ანასტასიოპოლში დაბრუნებისაკენ მოუწოდა

წმიდანის ფარულ მტრებს მისი მოწამლვა უნდოდათ, მაგრამ წმიდა თეოდორემ შეჭამა სამი მარცვალი, რომელიც ღვთისმშობელმა უბოძა და უვნებლად გადარჩა. წმიდანს უმძიმდა ეპისკოპოსობის უღლის ტარება, ამიტომ კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირიაკეს (595-606) სთხოვა, კვლავ განემწესებინა თავის მონასტერში.

მთელი მართლმადიდებელი ეკლესია სიცოცხლეშივე აღიარებდა ღირს თეოდორეს წმიდანად. წმიდა თეოდორე სიკიელმა 613 წელს მშვიდობით შევედრა სული უფალს.

მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი  

კანას გალილეის მკვიდრი წმიდა ნათანაელი ანუ ბართლომე 12 მოციქულთაგანი იყო. მეერგასე დღეს მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლისას მას და მოციქულ ფილიპეს  წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმიდა ფილიპე მოციქულს თან ახლდა და - ქალწული მარიამნა. სირიისა და აზიის ქალაქებში მათ მრავალი ჭირი დაითმინეს. ერთ-ერთ სოფელში წმიდანები შეხვდნენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველს და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში.

იეროპოლში ცხოვრობდა ვინმე სტაქოსი, რომელიც 40 წელი ბრმა იყო. მოციქულთა ლოცვით იგი განიკურნა, ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო. ეს ამბავი მთელ ქალაქში გახმაურდა და მოციქულების საცხოვრებელს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, დაეტყვევებინათ ნათანაელი და ფილიპე, სტაქოსის საცხოვრებელი კი ცეცხლისთვის მიეცათ. სამსჯავროზე წარმართმა ქურუმებმა მოციქულები დაადანაშაულეს ხალხის მოტყუებასა და წინაპართა ღმერთების შეურაცხყოფაში.

წმიდანებს ჯვარცმა მიუსაჯეს. როცა ფილიპე თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, ქვეყანა შეიძრა, მიწა დასკდა და ქალაქის მმართველი, ქურუმები და სეირის მაყურებლები ჩაიტანა. ცოცხალდ დარჩენილი უღმრთოები დაფრთხნენ და წმიდანის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ მოციქული უკვე აღსრულებული იყო. წმიდა ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამნამ ქალაქის ეპისკოპოსად დაადგინეს სტაქოსი, თვითონ კი სხვაგან გაემგზავრნენ.

ნეტარი მარიამნა ღვთის სიტყვის საქადაგებლად ლიკაონიაში წავიდა და იქვე აღესრულა მშვიდობით.

წმიდა ნათანაელი, იგივე ბართლომე, ინდოეთს გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე თარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. შემდგომ მოინახულა დიდი სომხეთი, სადაც მრავალი სასწაული ქმნა და ბოროტი სულისაგან განკურნა მეფის ასული. მადლიერმა მეფემ გასამრჯელო შესთავაზა მოციქულს, მან კი უპასუხა, რომ მხოლოდ ადამიანთა სულების გამოხსნასა და ცხონებას ეძიებს. მაშინ მეფემ განკურნებულ ასულსა და მრავალ ქვეშევრდომთან ერთად ნათელ-იღო. მათ მაგალითს მიბაძა დიდი სომხეთის ქალაქთა ასეულობით მკვიდრმა. გაბოროტებული წარმართი ქურუმების წაქეზებით მეფის ძმამ ასტივიაგმა ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) შეიპყრო მოციქული და თავდაღმა გააკრა ჯვარზე. წმიდა ბართლომე ჯვარზე განაგრძობდა ქადაგებას. განრისხებულმა ასტიაგმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ და თავი მოეკვეთათ მისთვის.

წმიდა მოციქული ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. წმიდა პავლე მოციქულის თანამოსაგრე პროფესიით მკურნალი იყო. როდესაც ქრისტეს მოღვაწეობის შესახებ გაიგო, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და თვით უფლისგან ეზიარა სახარების სწავლებას. წმიდა მოციქული მაცხოვრის სიცოცხლეშივე იქნა გაგზავნილი ცათა სასუფევლის საქადაგებლად აღდგომის შემდეგ კი თვით უფალი გამოეცხადა კლეოპასთან ერთად ემაუსისკენ მიმავალს.

წმიდა ლუკა თან ახლდა პავლე მოციქულს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს არ განშორებიან. მოციქულთა თავთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმიდა ლუკამ დატოვა რომი და ქადაგებით მოიარა აქია, ლიბია, ეგვიპტე და თებაიდა. ქალაქ თებეში მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე.

გადმოცემა წმიდა ლუკას მიაწერს ღვთისმშობლის პირველი ხატების შექმნას: „მადლი ჩემგან შობილისა, ჩემითა მეოხებითა იყოს ამ ხატთანა“, - უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს ხატის ხილვისას. წმიდა მოციქულს დაუწერია მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ხატები, მის სახელს უკავშირებენ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შექმნას, რომელიც წმიდა ანდრია მოციქულმა ჩამოასვენა საქართველოში.

62-63 წლებში წმიდა პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით წმიდა ლუკას დაუწერია სახარება.

რომში 62-63 წლებში დაუწერია წმიდა ლუკას „საქმე მოციქულთა“, რომელიც ოთხთავის გაგრძელებას წარმოადგენს და მოგვითხრობს წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ.

ღირსი ვიტალი

ღირსი ვიტალი (609-620) იყო ღირსი სერიდის მონასტრის ბერი, ალექსანდრიაში ჩავიდა წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალეს დროს.

60 წელს მიღწეულმა ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და მხურვალედ ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა.

ღირსი ვიტალის წმიდა ლოცვამ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცით. როცა ერთმა ქალმა გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, ეშმაკისგან გვემულ იქნა. ამის შემდეგ ალექსანდრიელებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდათ ღირსი მამის „დანაშაულში“.

რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს".

წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

266
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 მაისს

0
(განახლებულია 12:28 05.05.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, კოსტავას და ვიქტორ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას I ჩიხის და პუშკინის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს