მაია ცქიტიშვილი - ბიოგრაფია

გამოწერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი 45 წლის მაია ცქიტიშვილმა შეინარჩუნა

ცქიტიშვილი დაიბადა თბილისში 1974 წლის 2 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

კარიერა დაიწყო 1996 წელს საქართველოს დასაქმების გაერთიანებულ ფონდში, სადაც გენერალური დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა. შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ავიაკომპანია Georgian Airlines-ში.

გარდა ამისა, იკავებდა მაღალ თანამდებობებს კომპანიებში Bagebi City Group, ParkTown და „ბურჯი“.

2005 წელს დაიწყო მუშაობა Cartu Group Tbilisi, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ოთხი წლის შემდეგ დაწინაურდა და კომპანია Cartu Management-ის დირექტორი გახდა.

2012 წელს, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მუშაობა საქართველოს მთავრობაში დაიწყო. 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით მას მინისტრის პორტფელი ანდეს - 2018 წლის მარტიდან ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. სამი თვის შემდეგ მას ვიცე-პრემიერის რანგი მიანიჭეს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს ქალიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0