ტელეკომპანია „რუსთავი2-ის შენობა

„რუსთავი 2"-ის ისტორია სკანდალები, სასამართლოები და რეპუტაცია

134
(განახლებულია 18:37 08.07.2019)
საპროტესტო აქციების ფონზე „რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა.

ორიოდე წლის წინ, 2017 წლის თებერვალში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა რუსთაველის გამზირზე ტელეარხის დაცვის საბაბით მრავალათასიანი აქცია გამართა. მაშინ აქცია ჩატარდა სიტყვის თავისუფლების დაცვის ლოზუნგით, რომლის განსახიერებასაც, „რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას სიტყვებით, სწორედ ეს ოპოზიციური ტელეკომპანია წარმოადგენს. აქციაზე თავი მოიყარეს „რუსთავი 2"-ის ერთგულმა მაყურებლებმა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, რომლებიც ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

დღეს, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" წამყვანის გიორგი გაბუნიას გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან გადაცემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო ლანძღვა-გინებით დაიწყო, თბილისის მცხოვრებლებმა „რუსთავი 2"-ის შენობასთან სპონტანური მიტინგი გამართეს და წამყვანის დასჯა და მაუწყებლობის შეწყვეტაც კი მოითხოვეს.

იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ გახდა საქართველოს რეიტინგული ტელეარხი კრიტიკის ობიექტი, „Sputnik-საქართველოს" მასალიდან შეიტყობთ.

არხის ისტორია

ტელეარხი „რუსთავი 2" უკვე 25 წელია მაუწყებლობს. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი კომერციული ტელეკომპანიაა. ამ წლების განმავლობაში ტელეკომპანია მფლობელებს ხელთათმანებივით იცვლიდა – ბევრჯერ გადავიდა ხელიდან ხელში.

ტელეკომპანიის წილების ყიდვა-გაყიდვა მრავალ კითხვას ბადებდა და უკავშირდებოდა ბიზნესმენების სიმპათიებს ამა თუ იმ ხელისუფლებისადმი. ყველაზე დიდხანს ტელეკომპანიას ფლობდა მისი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორ თანადამფუძნებელთან – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს ქვეყნის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა თავიანთი წილი გაყიდეს. იქიდან მოყოლებული დაიწყო მუდმივი გარიგებების პერიოდი სხვადასხვა, მათ შორის, ოფშორული კომპანიის მიერ არხის ყიდვა-გაყიდვის საკითხზე, ვიდრე 2012 წელს „რუსთავი 2" ძმებმა ყარამანაშვილებმა არ შეიძინეს.

2015 წელს „რუსთავი 2"-ზე პრეტენზია განაცხადა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ იგი აიძულეს გაეყიდა ტელეკომპანია.

ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა არხის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ მოყვებოდა, თუ როგორ აიძულეს თავის დროზე „რუსთავი 2" ხალვაშისთვის მიეყიდა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, ასევე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამის" სასარგებლოდ მიიღეს.

ქმედება რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს – „ქართული ოცნება“>>

ამის შემდეგ „რუსთავი 2"-ის იურისტებმა მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო თავის გადაწყვეტილებას რეიტინგული ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სარჩელთან დაკავშირებით 18 ივლისს გამოაცხადებს.

ამჟამად ტელეარხის მფლობელები არიან შპს ტელეკომპანია „საქართველო" (51%), ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანაშვილები, ნინო ნიჟარაძე (9%). შპს ტელეკომპანია "საქართველო" ეკუთვნის ნიკოლოზ ნაყოფიას (50%) და ძმებ ყარამანაშვილებს (25-25%).

ტელეკომპანია „რუსთავი 2" გემრიელი ლუკმაა ნებისმიერი ბიზნესმენისთვის – მისმა შემოსავალმა რეკლამიდან და სპონსორებისგან 2018 წელს 32 მილიონ ლარს გადააჭარბა. არხის გადაცემები რეიტინგების სათავეშია.

ამასთან, არხი ხშირად ექცევა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საუბრობს ტელეარხის კავშირზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".

„ბინძური თამაში“ და კომპრომატების ომი

სასამართლო პროცესი „რუსთავი 2"-ის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის კომპრომატების ომის ფონზე მიმდინარეობდა. პერიოდულად ქვეყნდებოდა ფარული ჩანაწერები და არასახარბიელო ინფორმაცია მოსამართლეებზე.

ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. ყოველ ჯერზე გვარამია აცხადებდა, რომ მას სპეცსამსახურები უკანონოდ უსმენდნენ და აქვეყნებდნენ მის პირად ჩანაწერებს.

ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა გვარამიას დიალოგის ჩანაწერი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნდა. საუბრისას გვარამია და სააკაშვილი იხილავენ „რუსთავი 2"-ის საქმეს, როგორც საბაბს რევოლუციისთვის. საქართველოს პროკურატურამ ამ საუბრის საფუძველზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით - „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად". თუმცა ეს საქმე დღემდე არ დასრულებულა.

„რუსთავი 2"-თან დაკავშირებით აღიძრა ასევე საქმე უკანონო თვალთვალისა და სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევის შესახებ. გარდა ამისა, გვარამიას ადვოკატი არ გამორიცხავს კიდევ ერთი - მოსამართლისთვის ქრთამის მიცემის შესახებ - საქმის აღძვრას.

კომპრომატები „რუსთავი 2"-მაც მოაგროვა. პირველი სამიზნე აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე. ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მასალები, რომელთა თანახმად, მოსამართლის დედას ბრალი ედებოდა სიძის მკვლელობის მცდელობაში. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ ტელეკომპანია ამით არ შემოფარგლულა.

საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი: ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია გმობს სიძულვილის ენას>>

მას შემდეგ, რაც ურთმელიძემ გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო, "რუსთავი 2"-მა საზოგადოებაში ჩანერგა ცნება „ურთმელიძის სასამართლო", როგორც უსამართლო სასამართლოს სიმბოლო.

გიორგი გაბუნიას რეპუტაცია

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ფაქტობრივად ტელეარხ „რუსთავი 2"-ის სახე და ყველაზე რეიტინგული გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" წამყვანია. მისი გამონათქვამები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების, საზოგადოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა კრიტიკის ობიექტი.

გაბუნიას ქეისი, ანუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტიკა>>

მაგალითად, 2018 წლის მარტში გაბუნიამ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა აჭარიდან და გურიიდან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას, განაცხადა, რომ იესო ქრისტემ შეცდომა დაუშვა, როდესაც ორი ათასი წლის წინ საქადაგებლად ისრაელში მივიდა. ჟურნალისტის თქმით, ის ორი ან სამი წლის წინ აჭარაში უნდა მისულიყო, სადაც მას ჯვარზე არ გააკრავდნენ, რადგან რეგიონში აღარ დარჩა ხე ჯვრის დასამზადებლად. საპატრიარქომ „რუსთავი 2" ღვთის გმობაში დაადანაშაულა.

134
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)