დღეს დავით კაკაბაძის დაბადების დღეა

© Sputnik/ РИА Новостиმხატვარი დავით კაკაბაძე
მხატვარი დავით კაკაბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„კაკაბაძეებში ჭკვიანი თუ გამოერია, იმისთანა შეიქნება, ჩამეიტოვებს ყველას მთელ ხონში და იმის იქითო", – დღემდე ასე ხუმრობენ დავით კაკაბაძის მშობლიურ იმერეთში. დავით კაკაბაძე ქართული ხელოვნების ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, საინტერესო და ინტელექტუალი მხატვარი.

 კაკაბაძე ერთ-ერთი მხატვარია, რომელსაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში  შესაძლებლობა მიეცა, გასულიყო ქვეყნის გარეთ და გასცნობოდა სხვადასხვა ერების კულტურულ მემკვიდრეობას. პარიზში გატარებულმა შვიდმა წელმა მხატვარს საშუალება მისცა, პირადად მიეღო მონაწილეობა ხელოვნების მსოფლიო ცენტრში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებში.

იმერეთში, სოფელ კუხში დაბადებული დავით კაკაბაძე, ალბათ, ყველაზე ევროპელი მხატვარია ქართული ხელოვნების ისტორიაში. ის 1889 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. თბილისსა და პეტერბურგში ყოფნისას ატარებდა ექსპერიმენტებს და ეცნობოდა ახალ ხელოვნებას, პარიზული მოდერნიზმის და ავანგარდის მიმდინარეობებს.  

© ალიონა საველიევადავით კაკაბაძის ნახატი "აბსტრაქტული კომპოზიცია"
დავით კაკაბაძის ნახატი აბსტრაქტული კომპოზიცია - Sputnik საქართველო
დავით კაკაბაძის ნახატი "აბსტრაქტული კომპოზიცია"

1918 წლამდე კაკაბაძე  პეტერბურგში დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი (,,ავტოპორტრეტი სარკესთან",  ,,ავტოპორტრეტი ბროწეულით",  ,,ავტოპორტრეტი რუხ ხალათში"), დედის პორტრეტი და ძმის პორტრეტი.  რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად, კაკაბაძემ შექმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც  (,,დასაფლავება იმერეთში",,,ავტოპორტრეტი").

1918-1919 წლები კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მხატვრის შემოქმედებითი სახე, შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები.

1918 წელს დავით კაკაბაძემ შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სურათი,,იმერეთი — დედაჩემი", სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ნახატის ხილვას  ათლარიან კუპიურაზე შეძლებთ. 

© Sputnik/ გიორგი ზელმადავით კაკაბაძის "იმერული პეიზაჟი"
დავით კაკაბაძის იმერული პეიზაჟი - Sputnik საქართველო
დავით კაკაბაძის "იმერული პეიზაჟი"

კაკაბაძემ 1919-27 წლები პარიზში, მოდერნისტული ხელოვნების ცენტრში გაატარა, სადაც წამყვან მოდერნისტებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილ „დამოუკიდებელთა სალონის“ გამოფენებში,  მუშაობდა სტერეო კინოს აპარატის გამოგონებაზე, აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს. 1926 წელს მისი ქანდაკება Z ამერიკაში, ბრუკლინის მუზეუმში SOCIÉTÉ ANONYME-ის მიერ ორგანიზებული მოდერნისტული გამოფენის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

კაკაბაძის ნამუშევრები გამოფენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ლისაბონის MUSEU COLECÇÃO BERARDO-ს მუდმივ ექსპოზიციაში. აკვარელში შესრულებული ბრეტანის 16 პეიზაჟი დღემდე იელის უნივერსიტეტის გალერეის კოლექციაშია წარმოდგენილი. 2013 წელს, თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მოეწყო კაკაბაძის რეტროსპექტივა, სადაც 150 —მდე ნამუშევარი გამოიფინა. 2014 წელს პარიზში,  მაიოლის მუზეუმში მოეწყო კაკაბაძის პარიზის პერიოდის ნამუშევრების გამოფენა  DAVID KAKABADZE PASSAGES.

კაკაბაძის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია,,ბრეტანი",,,წურბელების გამყიდველი",,,ბანანების გამყიდველი"), მეორე მხრივ კი უსაგნო სურათებს და კოლაჟებს.  

© ალიონა საველიევადავით კაკაბაძის "დეკორატიული მოტივი"
დავით კაკაბაძის დეკორატიული მოტივი - Sputnik საქართველო
დავით კაკაბაძის "დეკორატიული მოტივი"

მოდერნისტი მხატვარი დავით კაკაბაძე მუშაობდა როგორც ფერწერის და გრაფიკის მიმართულებით, ასევე იღებდა ფოტოს, მუშაობდა კინოს და თეატრის მხატვრობაზე, სახალხო ზეიმების მხატვრულ გაფორმებაზე. მან გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი (ტოლერის  ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!", კაკაბაძის,,ყვარყვარე თუთაბერი",  ,,სამანიშვილის დედინაცვალი", და სხვა), აგრეთვე კინოფილმები (,,მარილი სვანეთს",,,დაკარგული სამოთხე" და სხვა). 

 დავით კაკაბაძის მხატვრობა მოგზაურის თვალით დანახული და განცდილი ამბების თხრობაა.  პარიზში ყოფნის დროს შექმნილ ნახატებს, რომლებშიც ასახულია სენის ნაპირები, პიგალის მანსარდები თუ ღრუბლები ნოტრ-დამის თავზე, ენაცვლება ბრეტანული იალქნიანი ნავები, ქარის წისქვილები და საკვამურიანი სახლები. თუმცა, გამორჩეულად საყვარელი თემა კაკაბაძისთვის მშობლიური იმერეთია.  იმერული პეიზაჟების ფერთა პალიტრა სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას  ტოვებს. 

 მხატვარი 1952 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ხატია გიგოლაშვილი


ყველა ახალი ამბავი
0