იეთიმ გურჯი – თბილისელი აშუღი

გამოწერა
1940 წლის 15 ივლისს, 65 წლისა გარდაიცვალა ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, სახალხო მგოსანი და ლოტბარი იეთიმ გურჯი.

იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი) 1875 წელს ქალაქ თბილისში ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი გურჯი (ქართველი) მაშინ შერქმევიათ.  თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს.

© photo: National Library იეთიმ გურჯი
იეთიმ გურჯი - Sputnik საქართველო
იეთიმ გურჯი

15 წლის იეთიმს მამა გარდაეცვალა და მას შემდეგ, დედასთან და დასთან ერთად, სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიულად შეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. მერე შინაც დაიწყო საკრავების გაკეთება. ამასთან ერთად ახალგაზრდა იეთიმ გურჯი თბილისის ბაღებში ყიდდა წიგნის მაღაზიებიდან გამოტანილ წიგნებს.

მამის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, მოულოდნელი და უბედური შემთხვევის გამო, დედაც დაეღუპა. დედის სიკვდილის შემდეგ იეთიმ გურჯი თავის დასთან ერთად ხარფუხიდან მეტეხის ხიდის მახლობლად, მტკვრის ნაპირზე, ერთ პატარა მიწურ ოთახში გადავიდა საცხოვრებლად.

1905-1907 წლებში იეთიმ გურჯი ბაქოს ნავთობის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. 1912 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა. ამ პერიოდს, კერძოდ კი, 1913 წელს ეკუთვნის მისი შესანიშნავი ლექსი:,,გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო".

იეთიმ გურჯმა ლექსების გამოთქმა 1895 წლიდან დაიწყო, რომლებსაც ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თხზავდა. მისი ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა ქალაქში. ის თავად ქმნიდა საკუთარ ლექსებზე სიმღერების მოტივებს. ჰყავდა საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) და სიმღერებს თვითონვე ასწავლიდა და ასრულებდა კიდეც. მისი ლექსები, ძირითადად, მისივე შესრულებული სიმღერების სახით ვრცელდებოდა. იეთიმ გურჯის შემოქმედება ძველი თბილისის ყოფასა და კოლორიტს ყველასთვის გასაგებ ენაზე ასახავდა და ამიტომაც იყო იგი ასეთი  პოპულარული.

© photo: National Library იეთიმ გურჯი
იეთიმ გურჯი - Sputnik საქართველო
იეთიმ გურჯი

იეთიმ გურჯის ლექსები  პატარა კრებულებად გამოდიოდა. მან პირველად 1909 წელს გამოაქვეყნა საკმაოდ მოზრდილი პოემა "გმირი ანაბაჯის ლექსი". მას შემდეგ კიდევ მისი რამდენიმე  კრებული დაიბეჭდა.

იეთიმი  65 წლის,  1940 წლის 15 ივლისს, ღვიძლის ქრონიკული დაავადებით გარდაიცვალა.      

საინტერესო ფაქტები იეთიმ გურჯის შესახებ: 

▪ იეთიმ გურჯს სკოლა თვალით არ უნახავს. წერა-კითხვა ქაღალდის პაკეტებზე წარწერებით შეისწავლა.

▪ იეთიმს კარგი ხმა ჰქონდა, დაჰყავდათ ქორწილებში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ.

▪ ბინა ავლაბარში ჰქონდა, სადაც მთელი თვეების განმავლობაში არ მიდიოდა. მისი ოთახის ფანჯარაზე გამოკრული იყო წარწერა ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად — იეთიმ  გურჯი.

▪ რევოლუციონერ მუშათა ერთ-ერთ კრებაზე მან გამოიტანა საკუთარი დროშა, რომელზეც ეწერა:,,მიხარიან, არ კი მჯერა’’.

▪ იეთიმმა მწერალთა კავშირს მისწერა:  ,,მეყო ამდენი იეთიმობა (ობლობა), მეც თქვენს კავშირში ჩამრიცხეთო’’.

▪ იეთიმის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო, მისი ცხედარი ისნიდან ვაკის სასაფლაომდე ხელით წაასვენეს (მოგვიანებით მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს). იეთიმ გურჯს შეუსრულეს მისი სიტყვები —,,ზედ კუბოზე დამაფარეთ ჩემი შავი ნაბადია“, და კუბოს ზევიდან მართლაც ეფარა მისი შავი ნაბადი.

 

მასალა მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

ყველა ახალი ამბავი
0