ოლიმპიური რგოლები ტოკიოში

პირობას ვდებთ: ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

60
ფიცის ტექსტი ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა. ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.

თბილისი, 10 ივლისი  – Sputnik. თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ტოკიოს თამაშებზე საქართველოს სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი მეგობრების, ოლიმპიელთა და პარალიმპიელთა სახელით დავდო ფიცი. XXXII საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები პირობას ვდებთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ყველა მოთხოვნის პატივისცემითა და დაცვით. არ დავზოგავთ ენერგიას და ძალას, შესაძლებლობას და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით  დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი“, - ნათქვამია ფიცის ტექსტში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა.

სპორტსმენებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. ოლიმპიელობა დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა, ასახელო საკუთარი თავი და შენი ხალხი, ასევე ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენ გზას ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს ტოკიოსკენ. წარმატებები!“ - განაცხადა მან.

სიტყვით გამოვიდა ასევე 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მოქმედი მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ ერთ-ერთი ოლიმპიელი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გზა გაიარა თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ოლიმპიადის ლიცენზიები მოგვეპოვებინა. წინ რთული შეჯიბრები გველის და როგორც ერთ-ერთი სპორტსმენი დარწმუნებული ვარ, რომ გუნდთან ერთად მოვიპოვებთ ბევრ მედალს და საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდებით“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოქროს მედლებს მოიპოვებენ, პრიზის სახით თითო მილიონ ლარს მიიღებენ.

გასულ ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა შვიდი მედალი აიღეს: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გასტანს.

 

 

60
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე (47)
ვარლამ ლიპარტელიანი

„იმედია სხვა ცხოვრებაში მაინც შევძლებ გაგახაროთ“ - ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

27
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორია. ის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რამდენიმე წლის განმავლობაში კაპიტნობდა.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ვაჟ-ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა 32 წლის ასაკში ძიუდოისტის კარიერა დაასრულა, განცხადება სპორტსმენმა საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი, რომელიც ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა, გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს მადლობას უხდის.

„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით, მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს“, - წერს ლიპარტელიანი.

ვარლამი გულშემატკივარს ემოციურად მიმართავს და წუხს, რომ მათი გახარება ოლიმპიადაზე გამარჯვებით ვერ მოახერხა და ის დღეიდან სპორტულ კარიერას აღარ გააგრძელებს.

Дзюдоист Варлам Липартелиани а Олимпиаде в Токио
ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე

„იმედია სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ”, - წერს კაპიტანი.

ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე ის იაპონელ აარონ ვოლფთან დამარცხდა. გამოცდილი ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური ბრინჯაოს მოსაპოვებლად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვს შეხვდა და ორთაბრძოლა ამჯერადაც ვარლამის მარცხით დასრულდა.

ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), ის ექვსჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), ერთხელ კი ბრინჯაო მოიპოვა (2011).

ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამჯერ დაეუფლა ვერცხლის მედალს (2013, 2017, 2018), ასევე სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (2014, 2015, 2021). ის ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე სამი მოგებული „მასტერსი“, ხუთი „გრან სლემი“ და ხუთი „გრან-პრია“.

27
ვარლამ ლიპარტელიანი

ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

43
ვარლამ ლიპარტელიანი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთან დამარცხდა. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ტოკიოს თამაშებზე კვლავ სამი მედალი აქვს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა. 

32 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ნიაზ ილიასოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ილიასოვმა პირველი ქულა ორთაბრძოლის ბოლოს მოიპოვა და დარჩენილი წამები ვარლამს შეხვედრის გადასარჩენად აღარ ეყო.

ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი მან ეგვიპტელი რამადან დარვიში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა. მესამე ეტაპზე 32 წლის ქართველი ძიუდოისტი კანადელ შადი ელნაჰასს შეხვდა და შეხვედრის მესამე და ბოლო წუთზე მოპოვებული ორი ვაზარით იმარჯვა. ნახევარფინალურ ეტაპზე კაპიტანი იაპონელ აარონ ვოლფთან ვაზარით დამარცხდა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სულ სამი მედალი აქვს მოპოვებული. სამივე მედალი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები აიღეს, ხოლო გუშინ ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ხვალ მძიმე წონაში საქართველოს სახელით გურამ თუშიშვილი იასპარეზებს და ის იქნება ბოლო ქართველი ძიუდოისტი,  რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოვა.

43
თემები:
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე (47)
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0