კრივი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა

31
(განახლებულია 21:47 08.06.2021)
ხარაბაძეს და მადიევს ლიცენზიის მოსაპოვებლად თითო გამარჯვება დასჭირდათ. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ჯამში სამი მოკრივე იასპარეზებს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართველმა მოკრივეებმა გიორგი ხარაბაძემ და ესკერხან მადიევმა 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურები მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ოთხი ქართველი სპორტსმენი იღებდა.

გიორგი ხარაბაძე, რომელიც 75 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, შვედ მოკრივე ადამ ჩარტოის დაუპირისპირდა და მსაჯებმა მას ტექნიკური გამარჯვება დაუფიქსირეს. რაც შეეხება ესკერხან მადიევს, მას უკრაინელ ბარაბანოვთან რთული ორთაბრძოლის ჩატარება მოუწია და, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მსაჯებმა გამარჯვება ქართველ სპორტსმენს მიანიჭეს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს სამი ლიცენზია დაუგროვდა. ხარაბაძესთან და მადიევთან ერთად იაპონიაში სახილ ალახვერდოვიც იასპარეზებს. ამ უკანასკნელმა ოლიმპიური ლიცენზია რამდენიმე თვის წინ მოიპოვა.

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

31
თემები:
სპორტის ამბები (1131)
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრენი

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე ისლანდიას მოუგო

39
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მომდევნო მატჩს А ჯგუფში 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირი 19 ივნისს დასრულდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.

პირველები კორტებზე გავიდნენ ალექსანდრე ბაკში და დანიელ სიდალი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქე ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაემარცხებინა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გააორმაგა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელმაც ასევე ორ პარტიაში სძლია ეგილ სიგურდსონს – 6:0, 6:3.

ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა საბა ფურცელაძე/ზურა ტყემალაძის დუეტმა, რომელმაც ანტონ მაგნუსონ/დანიელ სიდალის წყვილს მოუგო -  6:3, 6:4.

მომდევნო მატჩს А ჯგუფში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირში, რომელიც 19 ივნისამდე გასტანს, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.

გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.

39
ხელბურთის ნაკრები

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

23
(განახლებულია 20:29 16.06.2021)
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.

23
თემები:
სპორტის ამბები (1131)
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: საქართველოს ვაქცინების ფართო ასორტიმენტი ექნება

0
(განახლებულია 12:45 17.06.2021)
ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,2 მლნ დოზა ვაქცინაზე.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ფართო არჩევანი და საკმარისი მარაგი იქნება, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.

ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე მწარმოებელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის კონკრეტული ვადა არ სახელდება, თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის საშუალება ექნებათ.

„უახლოეს მომავალში ვაქცინების ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ. საუბარია, როგორც Moderna-ზე, ისე Jonson&Jonson-სა და Novovax-ზე. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რათა მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე დღეისთვის მთავარი პრობლემის - ვაქცინაციის გზით პანდემიის დამარცხებაზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც კვირის დასაწყისში ჯანდაცვის უწყებაში განმარტეს, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე  ქვეყანა სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა და დასძინა, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც დიდი მობილობა შეინიშნება ბრიგადები დაემატა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ დროისთვის საქართველოში 184 ბრიგადა მუშაობს. თბილისში დამატებით 16 ჰოსპიტალი და პირველადი ჯანდაცვის 15 დაწესებულება მზად არის ეტაპობრივად ჩაერთოს ვაქცინაციის პროგრამაში,

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 221.156 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 74.495 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები