ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირზე მეტოქის ვინაობა შეიტყო

47
ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე „როლან გაროსზე“ გამოსვლის შემდეგ გაემგზავრა. ქართველმა ტურნირის გრუნტის კორტებზე მეორე წრემდე მიაღწია.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) შტუტგარტში АТР-250-ის სერიის ტურნირის პირველ წრეში გერმანიის წარმომადგენელს, დასტინ ბრაუნს (303) დაუპირისპირდება.

36 წლის ბრაუნმა ტურნირის ორგანიზატორებისგან Wild Card-ი მიიღო, მაშინ როდესაც ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მეხუთე ნომრად არის განთესილი.

ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. პარტია 8 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე „როლან გაროსზე“ გამოსვლის შემდეგ გაემგზავრა. ქართველმა ტურნირის გრუნტის კორტებზე მეორე წრემდე მიაღწია. ნიკამ სამ სეტში (4:6, 2:6, 4:6) დაუთმო 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარუს გარფიას, რომელიც АТР-ს რეიტინგში 97-ე ადგილს იკავებს.

მერვედფინალში ბასილაშვილი-ბრაუნის წყვილის გამარჯვებული შეხვდება მარინ ჩილიჩი (47, ხორვატია) - რუდოლფ მელეკერის (262, გერმანია) წყვილის უძლიერეს ჩოგბურთელს.

Mercedes Cup – ესაა ტურნირი ბალახის საფარიან კორტებზე, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 619 ათასი ევროს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი მარიო ბერეტინი.

47
ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

64
მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (30-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე АТР-500-ის სერიის ჰალეს ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მეორე წრეში ორ სეტში დაამარცხა ფრანგი არტურ რინდერკნეხი (119) – 6:2, 7:5. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი საუკეთესოდ მოქმედებდა თავის ჩაწოდებაზე და მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. თავის მხრივ ბასილაშვილმა ფრანგის ჩაწოდება სამჯერ აიღო, რაც ჩვენი სპორტსმენის წარმატების საწინდარი გახდა.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი შეხვდება სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს ლოიდ ჰარისს (51), რომელმაც ასევე ორ სეტში (6:3, 7:6) სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (214) დაამარცხა.

ჰალეს ტურნირის (Noventi Open) საერთო საპრიზო თანხა თითქმის 1,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.

64
თავისუფალი ჭიდაობა

ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს

44
(განახლებულია 19:57 17.06.2021)
18 ივნისიდან სტარტს აიღებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ ტურნირზე საქართველო 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ თამაზ სულამანიძე (-55 კგ) და თორნიკე სამხარაძე (-80 კგ). გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სულამანიძე სომხეთის წარმომადგენელთან ანდრანიკ ავეტისიანთან დამარცხდა (11:0), სამხარაძემ კი უკრაინელ ალექსანდრ მამროშს (2:4) დაუთმო.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი აბულაშვილმა (-60 კგ), გიორგი გოგრიჭიანმა (-65 კგ), გიორგი ნათობიძემ (-71 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილმა (-92 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 122 ქულით მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე რუსეთის (213), მეორეზე კი სომხეთის (138) გუნდია.

18 ივნისიდან სამოკოვოში სტარტს აიღებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ ტურნირზე საქართველო 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

44
თემები:
სპორტის ამბები
ლარის კუპიურა

მოლოდინების ფასი... ანუ  რამ დაამუხრუჭა ლარი?

0
(განახლებულია 16:22 19.06.2021)
მეორე თვეა ეროვნული ვალუტა მყარდება... რამდენ ხანს გასტანს ლარის აღმასვლის პროცესი და წონასწორობის რა ახალ ნიშნულს დაიკავებს ეროვნული ვალუტა?

 

სამსონ ხონელი

− ევრიკა!.. ეს დასკვნა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია? −  ჩამეძიება მკითხველი ირონიული ტონით, თუმცა რეპლიკას არ შევიმჩნევ და განვაგრძობ თხრობას. წინამდებარე სტატიის პირველი სტრიქონების ჭეშმარიტებას კაცობრიობა დიდი ხანია აღიარებს, დავსძენ, რომ აღმართ-დაღმართის მონაცვლეობას ეროვნული ვალუტის  ბოლო პერიოდის თავგადასავალიც ადასტურებს... 

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკისთვის ფრიად იშვიათი მოვლენის, ლარის გამყარების მომსწრენი ვართ. არადა, 2015 წლიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა პოზიციებს თანდათან თმობდა. ლარმა ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერი ორჯერ გადალახა. პირველად − როდესაც 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ჯერ 2.00 ლარს, ხოლო უკვე მეორედ, როდესაც − 3.00 ლარს გაუტოლდა. მხოლოდ გასულ წელს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში საშუალოდ 15 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს არავინ ელოდა, მეტიც, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის პირობებში, ანალიტიკოსები ლარის შემდგომ გაუფასურებას პროგნოზირებდნენ... მოვლენები კი ყველასთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა თითქმის 30 პუნქტით გამყარდა. რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა? ეს კითხვა ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის.

კაცმა რომ თქვას, საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში დიდად არაფერი შეცვლილა, საბიუჯეტო დეფიციტი, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც მყარდება. ვალუტის კურსს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა განმარტებით, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს. ეს არის: ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გზავნილები, ტურიზმი და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და კრედიტები. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, გასული წლის მარტიდან მოყოლებული მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესდა, რამაც ლარის კურსზე უარყოფთად იმოქმედა. მიმდინარე წლის მარტში, პანდემიის პირობებში პირველად ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. აპრილის თვე რეკორდული აღმოჩნდა. მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანა ცდილობს, გამოვიდეს პესიმისტური გარემოდან. შეინიშნება დადებითი ტენდენციები, რაც ციფრებშიც აისახა. 

          

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 16%–ით გაიზარდა, იმპორტი კი 3%–ით შემცირდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვის მაჩვენებელზე 3.02%–ით მეტია. ერთი სიტყვით, ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. ამასთან ერთად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.  გაუარესებული მოლოდინების ვითარებაში, ლარი უფასურდება, ხოლო თუ მოლოდინები ოპტიმისტურია − მყარდება  მაისის შუა რიცხვებიდან COVD-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ კი სავალუტო ბაზარზე დადებითად იმოქმედა... ამას მალევე სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის ეკონომიკურ ეფექტს ეროვნული ვალუტაც და ჩვენც ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ. მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპიც თუ დაჩქარდება, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად, ტურიზმის სექტორში მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და სხვადასხვა პროგნოზით მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს, რაც დამატებით დადებითად აისახება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ეროვნული ვალუტის კურსზეც...“, − აცხადებს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას, როგორც წესი, ლარში დანაზოგების ზრდაც მოჰყვება. ნდობა იმატებს ეროვნული ვალუტის მიმართ და ეს მომხმარებლის ქცევაზეც აისახება. 

კეპულაძე გვირჩევს, რომ თანხა იმ ვალუტაში დავზოგოთ, რაშიც შემოსავალი გვაქვს. თან ლარში ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც ანეიტრალებს იმ რისკებს, რომელიც გაუფასურებას შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, ლარისადმი ნდობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ასევე სტაბილური გაცვლითი კურსი და რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური რყევა... ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებისგან გიორგი კეპულაძე თავს იკავებს. აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. მისივე შეფასებით, ლარი ჩვენი ეკონომიკის თერმომეტრია, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას გვიჩვენებს...

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, ეროვნული ვალუტის კურსზე მოლოდინების შესაძლო გავლენას ყველა როდი აღიერებს, მეტიც, ზოგი ამ საკითხს ირონიულად აფასებს...

„იმ თანხის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ბიუროკრატიასა და ეროვნულ ბანკზე იხარჯება, ილონ მასკს რომ მივცეთ და მოლოდინებზე ვასაუბროთ, ის გაცილებით მეტ მოლოდინს შექმნის და გაამყარებს ლარს, ვიდრე ის, რაზეც ჩვენი ძვირფასი კობა გვენეტაძე საუბრობს...“, −  ამ სიტყვების ავტორი დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაა. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შეფასებას, ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებაზე მოლოდინების გავლენს თაობაზე, ივა ჭყონია არ იზიარებს და ჩვენს ყურადღებას ლარის კურსის არასტაბილურობაზე ამახვილებს. მისი თქმით, არცთუ იშვიათად, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში გაცვლითი კურსი ჯერ მკვეთრად მყარდება და შემდეგ ისევ უფასურდება. შესაბამისად, ძნელია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირება. შედეგად, ლარის მიმართ ბიზნესის და მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია. 

„რა მოლოდინებზეა საუბარი?! ლოგიკურად რომ მივყვეთ მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა გაცოცხლდა და მეტი ტურისტი შემოვა. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, ძალიან მარტივია, რომ მარაგებს შექმნიან კომპანიები. როდესაც ელოდები, რომ მეტი ტურისტი შემოვა, მეტი სტუმარი გეყოლება, შესაბამის მარაგს ქმნი, ანუ როდესაც მარაგს ქმნი, მეტი პროდუქტის იმპორტი გიწევს, მოთხოვნა არის მაღალი უცხოურ ვალუტაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, ეს უნდა იწვევდეს ლარის გაუფასურებას. ჩვენთან მოხდა პირიქით...“, − აცხადებს ივა ჭყონია.

დროა, ეროვნული ბანკის მოსაზრებასაც გავეცნოთ. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მოლოდინის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, COVID-19-ის პანდემიამ ეკონომიკურ აქტორებს ნეგატიური მოლოდინები გაუჩინა, რამაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში ეკონომიკა გაიხსნა, ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და ლარის გამყარება ამან გამოიწვია...“, − განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. ლარის კურსის ფორმირების პროცესში ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ გასული წლის მსგავსად, ინტერვენციები მიმდინარე წელსაც აქტიურად განახორციელოს.

„გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. ამ წლის დასაწყისში უკვე 254 მილიონი დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული. ამ  პროცესს წლის განმავლობაში გავაგრძელებთ. თუმცა მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. თუმცა, თუ სიტუაცია შეიცვალა და მეტი ინტერვენციის აუცილებლობა დადგა, შარშანდელის, ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნა, მაგრამ იმედია, ამის საჭიროება არ დაგვიდგება...“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

 სტატიის დასასრულს, გაკადნიერდები და გირჩევთ, შეიქმენით პოზიტური მოლოდნები და თქვენს გარშემო ყველაფერი კარგად იქნება... თუმცა, თქვენიც მესმის, პოზიტიური მოლოდინების შექმნას ხომ საფუძველი სჭირდება?!      

0