გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილი „ლა ლიგაში“ ითამაშებს, ქეცბაიას „ანორთოსისი“ ორმა ქართველმა დატოვა

52
(განახლებულია 18:53 04.06.2021)
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ქართველმა ფეხბურთელებმა უკვე გახსნეს. მამარდაშვილმა „ღამურებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ კი ქეცბაიას „უღალატეს“.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას ესპანურ „ვალენსიაში" გააგრძელებს. ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გიორგი მამარდაშვილი UEFA-მ აღიარა - ქართველი მეკარე საუკეთესოთა შორისაა>>

გიორგი მამარდაშვილი, რომელიც „დინამოს“ მფლობელობაშია, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“ იჯარის წესით თამაშობდა. ვინაიდან მისი სატრანსფერო უფლებები თბილისის „დინამოს“ ეკუთვნის, ესპანურმა კლუბმა მოლაპარაკებები სწორედ საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან გამართა.

ახალგაზრდა ქართველი მეკარე „ღამურებს“ თავდაპირველად ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში „რკინიგზელთა“ რიგებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული. მან თავი განსაკუთრებით წინა სეზონში „ევროპა ლიგის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „კრაიოვასთან“, მოსკოვის „დინამოსთან“ და ესპანურ „გრანადასთან“ გამოიჩინა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მნიშვნელოვანი ტრანსფერები განხორციელდა კვიპროსის შიდა ჩემპიონატშიც. ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ორმა ქართველმა ფეხბურთელმა – გიორგი ქვილითაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა დატოვა. საქართველოს ნაკრების შემტევები „ანორთოსისის“ ერთ-ერთ კონკურენტ „აპოელში“ გადაბარგდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ ქვილითაიასა და ოქრიაშვილის შესაძლო ტრანსფერებზე ბოლო პერიოდში ქართულ და უცხოურ მასმედიაში ბევრი იწერებოდა. გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელებიც ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ისინი არჩევანს კვლავ კვიპროსის შიდა ჩემპიონატის კლუბზე შეაჩერებდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილმა გასულ სეზონში „ანორთოსისის” რიგებში კვიპროსის ჩემპიონატის 20 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ქვილითაიას ანგარიშზე 31 შეხვედრაში 14 გატანილი გოლია.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ნიქოზიის კლუბთან 3-3 წლიანი კონტრაქტები გააფორმეს, რომელიც 2024 წლის მაისში ამოიწურება.

52
თემები:
სპორტის ამბები (1131)
ხელბურთის ნაკრები

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

17
(განახლებულია 20:29 16.06.2021)
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.

17
თემები:
სპორტის ამბები (1131)

ევრო-2020-ის მატჩის წინ მოედანზე პარაპლანერისტი დაეშვა ვიდეო

33
(განახლებულია 15:54 16.06.2021)
მიუნხენში ევროპის ჩემპიონატის შეხვედრის დასაწყისში მოედანზე პარაპლანერისტი დაეშვა, რის გამოც მატჩისათვის მზადება შეწყდა.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის მატჩის დაწყების წინ სტადიონის შუაგულში მოულოდნელად პარაპლანერისტი დაეშვა, რის გამოც ფეხბურთელებმა მზადება შეწყვიტეს.

მამაკაცმა თავდაპირველად ტრიბუნას შემოუფრინა და შემდეგ პირდაპირ გაზონზე დაჯდა, სადაც კამერა დააზიანა. ზოგიერთი ფეხბურთელი ნანახით გაოცებული დარჩა.

პარაპლანზე დატანილი იყო წარწერა „გრინპისი“ და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმის მოწოდება.

თავად მატჩი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რაც ფრანგებმა ჰუმელსის ავტოგოლის წყალობით მოიპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში მსგავსი შემთხვევა მოხდა საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას პოლონეთშიც, სადაც მატჩი პარაშუტისტის დაშვების გამო შეწყდა. შეხვედრის არბიტრმა პარაშუტისტს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითიც ისედაც კურიოზულ ამბავს მეტი ხალისი შესძინა.

33
ვლადიმი8რ პუტინი

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები: პუტინმა 9 წლის გოგონას უპასუხა

0
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები იმისათვის ხვდებიან, რომ სამყარო ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის აყვავებულ სახლად აქციონ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა კანადელი ჟურნალისტის ცხრა წლის ქალიშვილის კითხვას იმაზე, თუ რისთვისაა საჭირო მისი და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეხვედრა და რატომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი.

„პასუხი მარტივია. საჭიროა ირგვლივ მიმოიხედო და თქვა: „ხედავ, როგორი მშვენიერია ეს სამყარო?! და ზრდასრული ადამიანები, ორი ქვეყნის, უმსხვილესი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ერთმანეთს ხვდებიან იმისათვის, რომ ეს სამყარო აქციონ უსაფრთხო, საიმედო, აყვავებულ სახლად ჩვენი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის. ისინი ისაუბრებენ საშიშ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უნდა შეიზღუდოს, და შეიმუშავებენ მისი არგამოყენების საერთო წესებს. ისინი ისაუბრებენ გარემოს დაცვაზე, იმაზე, რომ მდინარეები და ზღვები იყოს სუფთა, რათა არ მოხდეს წყალდიდობები, გვალვები, რათა საკმარისი სურსათი იყოს პლანეტის ყველა ბინადარისთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ისაუბრებენ ჯანდაცვის საკითხებზე, რათა როდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ ნაკლებად იავადმყოფონ, შეძლონ სწავლა და მომავლის არ შეეშინდეთ“. ვისურვებდი, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო (მიმართა ჟურნალისტებს, - რედ.), გააშუქოთ სწორედ ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება. წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0