ძიუდო

ძიუდო: უძლიერესი შემადგენლობა მსოფლიოსთვის ლიპარტელიანი ფავორიტია

40
(განახლებულია 20:43 03.06.2021)
ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. მათ შორისაა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც ტურნირის ფავორიტად მიიჩნევენ.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ ტურნირზე 14 ძიუდოისტით წარდგება. ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობაზე მედლების მოსაპოვებლად ცხრა ვაჟი და ხუთი ქალი იჭიდავებს.

მნიშვნელოვანია, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც გაემგზავრა. 32 წლის ვარლამისთვის მომავალი მსოფლიო პირველობა, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს ოქროს მედლის მოსაპოვებლად. საქართველოს ნაკრების კაპიტანს აღნიშნულ ტურნირებზე უკვე სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს მოპოვებული, ახლა კი საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ვარლამ ლიპარტელიანს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სტატია მიუძღვნა, სადაც კაპიტანი მის წონით კატეგორიაში (100 კგ) ტურნირის ფავორიტად მოიხსენია. სტატიაში ნათქვამია, რომ ვარლამის წინა შედეგებიდან გამომდინარე სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ის ბუდაპეშტში მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალს მოიპოვებს.

„ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თილისმა და კაპიტანია. წლებია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძიუდოისტია. მსოფლიოს პირველობაზე ის წონაში პირველი განთესვით გამოვა, რაც მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ზრდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ლიპარტელიანის გარდა ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე მედლებისთვის, რა თქმა უნდა, სხვა ქართველი ძიუდოისტებიც იბრძოლებენ, ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

  • ვაჟები: თემურ ნოზაძე (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ).
  • ქალები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

მსოფლიოს ჩემპიონატი ბუდაპეშტში 6-დან 13 ივნისამდე გაიმართება და მასში 131 ქვეყნის 703 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.

40
თემები:
სპორტის ამბები (1133)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

9
(განახლებულია 12:28 21.06.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 577 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik.  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა, განახლებული რეიტინგი ATP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანულ ტურნემდე 30-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ჰალეში გამართული ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვსა 20 სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო იტალიელ ლორენცო სონეგოს 57 ქულით ჩამორჩება.

ბასილაშვილმა გერმანიაში ტურნირის  ნახევარფინალური ეტაპი რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის რუსი სპორტსმენი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ნიკოლოზმა ჰალეში ნაჩვენები შედეგით 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათასამდე ევრო გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილზე 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა  ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ATP-ის პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც უკან რუსი დანიილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი მოჰყვებიან.

9
თემები:
სპორტის ამბები (1133)
დევისის თასის მატჩი. საქართველო-ესტონეთი

საქართველოს ნაკრები დევისის თასზე ირლანდიასთან დამარცხდა

36
(განახლებულია 00:13 21.06.2021)
ირლანდია მეორე მსოფლიო ჯგუფში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად პლეი-ოფში გავიდა, ხოლო საქართველო მომდევნო სეზონსაც მესამე მსოფლიო ჯგუფში გაატარებს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ირლანდიის გუნდთან ანგარიშით 1:2 წააგო და კლასში დაწინაურების შანსი დაკარგა.

ქართველი ჩოგბურთელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ მატჩში ალექსანდრე ბაკშიმ ორ სეტში მოუგო ოზგარ ოჰოისინს და გუნდი წინ გაიყვანა.

მაგრამ ორი შემდგომი მატჩი საქართველომ წააგო. მეორე, ინდივიდუალურ მატჩში ალექსანდრე მეტრეველმა წააგო სიმონ კართან - 2:6, 2:6; ხოლო ალექსანდრე ბაკში/ზურა ტყემალაძის წყვილი ვერაფერს გახდა სიმონ კარ/დევიდ ოჰარას დუეტთან - 3:6, 1:6.

ამგვარად, ირლანდია მეორე მსოფლიო ჯგუფში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად პლეი-ოფში გავიდა, ხოლო საქართველო მომდევნო სეზონსაც მესამე მსოფლიო ჯგუფში გაატარებს.

36