ფეხბურთი

ისტორიაში პირველად: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა რუმინეთის გუნდი დაამარცხა

53
(განახლებულია 13:51 03.06.2021)
ამ დრომდე მეტოქეები შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან ექვსჯერ რუმინეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი 2:1 დაამარცხა. თამაში ქალაქ პლოეშტიში გაიმართა.

სამივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა. 61-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა, ხოლო 71-ე წუთზე ანგარიში ორამდე გიორგი აბურჯანიამ გაზარდა. პრესტიჟის გოლი მეტოქის მხრიდან 78-ე წუთზე ანდრეი ივანმა გაიტანა.

შეხვედრა გუნდებმა არასრული შემადგენლობით დაასრულეს. 42-ე წუთზე წითელი ბარათი რუმინეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფლორინ ტანასემ მიიღო, ხოლო 64-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი – ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ.

ვილი სანიოლისთვის, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში, ეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მოგებაა. უფრო მეტიც – საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. აქამდე მეტოქეები შვიდჯერ შეხვდნენ, აქედან ექვსჯერ რუმინეთის ნაკრებმა მოიგო და ერთხელ თამაში ფრედ დამთავრდა.

შემდეგ ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 6 ივნისს ნიდერლანდის ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში გამართავს.

53
თემები:
სპორტის ამბები (1131)
ხელბურთის ნაკრები

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

17
(განახლებულია 20:29 16.06.2021)
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.

17
თემები:
სპორტის ამბები (1131)

ევრო-2020-ის მატჩის წინ მოედანზე პარაპლანერისტი დაეშვა ვიდეო

33
(განახლებულია 15:54 16.06.2021)
მიუნხენში ევროპის ჩემპიონატის შეხვედრის დასაწყისში მოედანზე პარაპლანერისტი დაეშვა, რის გამოც მატჩისათვის მზადება შეწყდა.

საფრანგეთსა და გერმანიას შორის მატჩის დაწყების წინ სტადიონის შუაგულში მოულოდნელად პარაპლანერისტი დაეშვა, რის გამოც ფეხბურთელებმა მზადება შეწყვიტეს.

მამაკაცმა თავდაპირველად ტრიბუნას შემოუფრინა და შემდეგ პირდაპირ გაზონზე დაჯდა, სადაც კამერა დააზიანა. ზოგიერთი ფეხბურთელი ნანახით გაოცებული დარჩა.

პარაპლანზე დატანილი იყო წარწერა „გრინპისი“ და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმის მოწოდება.

თავად მატჩი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რაც ფრანგებმა ჰუმელსის ავტოგოლის წყალობით მოიპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში მსგავსი შემთხვევა მოხდა საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას პოლონეთშიც, სადაც მატჩი პარაშუტისტის დაშვების გამო შეწყდა. შეხვედრის არბიტრმა პარაშუტისტს ყვითელი ბარათი უჩვენა, რითიც ისედაც კურიოზულ ამბავს მეტი ხალისი შესძინა.

33
ვლადიმირ პუტინი

„არ იყო არავითარი მტრული გარემო“ - პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრა შეაფასა.

„არ იყო არავითარი მტრული გარემო, შეხვედრამ პრინციპული დღის წესრიგით ჩაიარა. ბევრ პოზიციაზე ჩვენი შეფასებები ერთმანეთს ემიჯნება. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე მხარემ გამოამჟღავნა სურვილი, გაუგოს ერთმანეთს და მოძებნოს გზები პოზიციების დასაახლოებლად. საუბარი მეტად კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა პუტინმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ის თემებიც დაასახელა, რომლებიც სამიტზე იხილებოდა.

„თემები დაახლოებით ალბათ ყველასთვის ცნობილია - სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება, რეგიონული კონფლიქტები, სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვისაუბრეთ არქტიკაში თანამშრომლობაზე - ესაა მიახლოებითი ჩამონათვალი“, - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენის პრესკონფერენცია თბილისის დროით 21:30 სთ-ზე გაიმართება.

წყარომ დელეგაციიდან „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებამ „სავსებით წარმატებით“ ჩაიარა.

0