ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი „როლან გაროსის“ მეორე წრეში გადავიდა

45
(განახლებულია 09:16 01.06.2021)
„როლან გაროსის“ მეორე რაუნდში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 84 ათასი ევრო საპრიზო თანხა მოუტანა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის - „როლან გაროსის“ მეორე წრეში გავიდა.

პირველი რაუნდის მატჩში ბასილაშვილმა ოთხ სეტში (6:4, 6:3, 0:6) მოუგო სერბ დუშან ლაიოვიჩს (39). მატჩი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

  • ბასილაშვილისთვის წლევანდელი „როლან გაროსი“ მეშვიდეა კარიერაში. პარიზის გრუნტის კორტებზე ქართველის საუკეთესო შედეგი - ტურნირის მესამე წრეში გასვლაა, რა დროსაც ის ესპანელ რაფაელ ნადალთან სამ სეტში დამარცხდა - 0:6, 1:6, 0:6.

თუ მხედველობაში არ მიიღება მესამე სეტი, რომლის დროსაც ბასილაშვილი აშკარად ისვენებდა, მთელი მატჩის განმავლობაში ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა უპირატესობას და თამაშს წარმართავდა. ყველაზე შესამჩნევი ეს მეორე და მეოთხე სეტებში იყო.

მეორე წრეში ბასილაშვილი კარლოს გარფია (97) - ბერნაბე მირალესის (128) წყვილის (ესპანეთი) გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ორივე ჩოგბურთელი „როლან გაროსის“ ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა. ეჭვგარეშეა, რომ ვინც არ უნდა გახდეს გამარჯვებული ამ დაპირისპირებაში, ბასილაშვილი მატჩის ფავორიტი იქნება.

„როლან გაროსის“ მეორე რაუნდში გასვლამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 84 ათასი ევრო საპრიზო თანხა მოუტანა.

„როლან გაროსის“ საერთო საპრიზო ფონდი 17,171 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია რაფაელ ნადალი.

 

 

45
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრენი

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე ისლანდიას მოუგო

39
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები მომდევნო მატჩს А ჯგუფში 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ტურნირი 19 ივნისს დასრულდება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.

პირველები კორტებზე გავიდნენ ალექსანდრე ბაკში და დანიელ სიდალი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქე ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაემარცხებინა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გააორმაგა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელმაც ასევე ორ პარტიაში სძლია ეგილ სიგურდსონს – 6:0, 6:3.

ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა საბა ფურცელაძე/ზურა ტყემალაძის დუეტმა, რომელმაც ანტონ მაგნუსონ/დანიელ სიდალის წყვილს მოუგო -  6:3, 6:4.

მომდევნო მატჩს А ჯგუფში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

ტურნირში, რომელიც 19 ივნისამდე გასტანს, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.

გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.

39
ხელბურთის ნაკრები

ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა

22
(განახლებულია 20:29 16.06.2021)
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები პლეი-ოფში ბულგარეთის ან ანდორის გუნდს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში იასპარეზებს.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები ანგარიშით 27:20 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირზე მეორე გამარჯვებაა. პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 36:16 დაამარცხეს.

ერთა თასის პლეი-ოფის შეხვედრები 18 ივნისს გაიმართება. ტურნირის მოსაგებად საქართველოს ნაკრების ჩათვლით ექვსი ქვეყანა იბრძვის, საიდანაც საუკეთესო სამი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ბულგარეთისა და ანდორის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებიც კვიპროსთან ერთად მეორე ჯგუფში იმყოფებიან და თითო წაგება აქვთ.

22
თემები:
სპორტის ამბები
გიორგი გურგენაშვილი

ქართველის შექმნილი ბენდი ათენში და მისი გიტარისტი, რომელიც Deep purple-ში უკრავდა

0
(განახლებულია 11:48 17.06.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრები მომღერლის, ჯორჯ გურენის შემოქმედებით სიახლეებს გაგაცნობთ.

ჯორჯ გურენი გიორგი გურგენაშვილის შემოქმედებითი ფსევდონიმია. ბოლო წლებში ის ხელოვნების სამსახურში დგას: ქმნის საავტორო სიმღერებს, აქტიურად თანამშრომლობს ბერძენ კომპოზიტორებთან და წარმატებით გამოდის ადგილობრივ სცენაზე. პანდემიის დროს ჩატარებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem fest-ზე, რომელიც მსოფლიო მედიამ და მათ შორის ΒΒC-მაც გააშუქა,  ცნობილ დიჯეებთან ერთად ქართველი ჯორჯ გურენიც მონაწილეობდა. ის ფესტივალზე ერთადერთი მომღერალი იყო.

 

გიორგი გურგენაშვილი
გიორგი გურგენაშვილი

— ჯორჯ, ბოლო წლების შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყოთ...

— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელე. მათ შორის რამდენიმე მასშტაბური იყო და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად წარმატებულიც. ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას მადლობას ვუხდი, რომ არა ისინი, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნი იყო სიმღერა I’m defensless, რადგან მასზე ბერძნული მუსიკალური შოუს, Fame Story-ის მთავარმა ქოუჩიმ, ჯული მასინომ იმუშავა. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ჯული ამერიკელია და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა. ამ სიმღერის ბექვოკალსაც სწორედ მისი ხმა ამშვენებს.

— ვინ შექმნა ეს სიმღერა და სად გაჟღერდა?

— ამ სიმღერის შექმნის ინსპირაცია ალბათ მისტიური გრძნობები გახდა. მისი ავტორი ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადისია, რომელსაც ბერძენი მომღერლებისთვის ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი. სიმღერის მენეჯმენტზე დაიანა ვასილიადუმ იზრუნა, ვიდეოკლიპის გადაღება და მსოფლიოს 227 ქვეყნის digital-პლატფორმებზე გაშვება-გაყიდვა კი ბერძნულმა კომპანია Inside out production-მა აიღო საკუთარ თავზე.

— როგორც ვხედავ, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შემოქმედებითად მაინც არ გაჩერებულხართ. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პანდემიის დროს?

— 2020 წელს ზაკინთოში ჩატარდა ფესტივალი Gem fest-ი, რომელიც მსოფლიო მედიამ პანდემიის დროს მომხდარ უპრეცედენტო მოვლენად შეაფასა. ამ ფაქტს ΒΒC-ც კი გამოეხმაურა. ელექტრონული მუსიკის ამ ფესტივალზე, ბევრ ვარსკვლავ დიჯეისთან ერთად, მომღერალი მხოლოდ მე გახლდით. ასევე გეტყვით, რომ 2020 წელს ჩემი ალბომი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მუშაობის პროცესი პანდემიამ შეაფერხა. თუმცა ახლო მომავალში ვიმედოვნებ, რომ ეს ალბომი აუცილებლად გამოვა.

— ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სად აპირებთ?

— ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სექტემბერში გერმანიაში ვფიქრობ. ეს ელექტრონული სიმღერაა, რასაც გერმანული გარემო უფრო უხდება. ორი კვირის წინ ვიყავი იქ ჩასული და ადგილები შევათვალიერე გადასაღებად.

ამჟამად ვმუშაობ სიმღერაზე სახელწოდებით Milestone, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ცხოვრებასა თუ კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს სიმღერა დაწერა ქართველმა კომპოზიტორმა, რომელსაც იცნობენ სახელით უტა (Uta). ჩემი სიმღერების უმეტესობა მისი დაწერილია.

გიორგი გურგენაშვილი და მისი ბენდის წევრები სცენაზე ჯული მასინოსთან, ნიკოლეტა კონსტანტინოდუსთან და მამუკა ლიპარტელიანთან ერთად
გიორგი გურგენაშვილი და მისი ბენდის წევრები სცენაზე ჯული მასინოსთან, ნიკოლეტა კონსტანტინოდუსთან და მამუკა ლიპარტელიანთან ერთად

— ვიცი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ დაგაჯილდოვეს. რა ჯილდო გადმოგეცათ?

— „ოქროს ნოტი“, რომელიც ჩემს ხუთკაციან George Guren's band-ს მივუძღვენი. ამ ბენდში ყველა ბერძენია. ერთ-ერთი მომღერალი, 65 წლის ნიკოს იდრეოსი, მრავალი წელი იან გილანის ცნობილი ჯგუფის, Deep purple-ს წევრი იყო. ის დღესაც უკრავს იმ გიტარაზე, რომელიც იან გილანმა პერსონალურად მისთვის დაამზადებინა. ამ გიტარის ფასი 100 000 დოლარია.

— მკითხველს შევახსენებ, რომ ბოლო დროს ხატვაც დაიწყეთ, ამ კუთხით ხომ არ არის რაიმე სიახლე?

— ხატვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, ვერ ვხატავ, რადგან მხედველობის პრობლემა შემექმნა და მკურნალობის შემდეგ ოპერაციული ჩარევა გახდა აუცილებელი. როგორც კი ოპერაციას გავიკეთებ, ჩემს საყვარელ გატაცებას მაშინვე დავუბრუნდები.

ჯორჯ გურენის შემოქმედება
ჯორჯ გურენის შემოქმედება

— ადრე ინტერვიუში მითხარით, რომ ცოტა ხანში თქვენი სიმღერების ალბომი უნდა გამოსულიყო, რომელშიც ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე სიმღერები შევიდოდა. გამოვიდა ეს ალბომი?

— ეს სიმღერები Electro Pop R&B სტილში შექმნილი ბალადებია და მათი უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ენა და ქვეყანა. ქართულ სიმღერებს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს რეპერტუარში. ვფიქრობ, ქართველი მსმენელი ამ ალბომში განსხვავებულ, თბილ და ენერგიულ სიმღერებს მოისმენს.

საქართველოში ოთხი წელია არ ვყოფილვარ და როცა ვნახე, ქვეყანა ძალიან შეცვლილი იყო. ბედნიერი ვიქნები, თუ ყოველი ნახვისას საქართველო იქ მომხდარი სასიამოვნო სიახლეებით გამაოცებს ხოლმე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ხომ ჩემი მშობლიური ქვეყანაა?!

0