ზვიად გოგოჭური

ორი ოქროს მედალი ბაქოდან - ქართველი პარაძიუდოისტების წარმატება

47
(განახლებულია 17:17 27.05.2021)
ბაქოში გამართულ გრან-პრიზე ქართველი პარასპორტსმენების ანგარიშზე ჯამში სამი მედალია. მესამე, ბრინჯაოს მედალი ქალ ძიუდოისტს ერგო

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ პარაძიუდოისტთა გრან-პრიზე ზვიად გოგოჭურმა და გიორგი ქალდანმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

გოგოჭურმა, რომელიც 100 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ფინალში ბრიტანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. რაც შეეხება 73 კგ წონაში მოასპარეზე გიორგი ქალდანს, მან ოქროს მედალი ფინალურ ეტაპზე რუსი მეტოქის დამარცხების შედეგად დაისაკუთრა.

ბაქოს გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებიდან კიდევ ერთი მედალი აიღო ქალთა შორის მოასპარეზე ინა ქალდანმა, რომელმაც ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. ჯამში ქართველმა პარასპორტსმენებმა აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლის წამოღება შეძლეს.

47
თემები:
სპორტის ამბები (1132)
ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია

64
მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (30-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე АТР-500-ის სერიის ჰალეს ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მეორე წრეში ორ სეტში დაამარცხა ფრანგი არტურ რინდერკნეხი (119) – 6:2, 7:5. მატჩი ერთ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი საუკეთესოდ მოქმედებდა თავის ჩაწოდებაზე და მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა. თავის მხრივ ბასილაშვილმა ფრანგის ჩაწოდება სამჯერ აიღო, რაც ჩვენი სპორტსმენის წარმატების საწინდარი გახდა.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 40 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

ნახევარფინალში გასვლაზე ბასილაშვილი შეხვდება სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს ლოიდ ჰარისს (51), რომელმაც ასევე ორ სეტში (6:3, 7:6) სლოვაკი ლუკაშ ლაცკო (214) დაამარცხა.

ჰალეს ტურნირის (Noventi Open) საერთო საპრიზო თანხა თითქმის 1,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია როჯერ ფედერერი.

64
თავისუფალი ჭიდაობა

ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ექვსი მედალი მოიპოვეს

44
(განახლებულია 19:57 17.06.2021)
18 ივნისიდან სტარტს აიღებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ ტურნირზე საქართველო 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ თამაზ სულამანიძე (-55 კგ) და თორნიკე სამხარაძე (-80 კგ). გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სულამანიძე სომხეთის წარმომადგენელთან ანდრანიკ ავეტისიანთან დამარცხდა (11:0), სამხარაძემ კი უკრაინელ ალექსანდრ მამროშს (2:4) დაუთმო.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი აბულაშვილმა (-60 კგ), გიორგი გოგრიჭიანმა (-65 კგ), გიორგი ნათობიძემ (-71 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილმა (-92 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 122 ქულით მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე რუსეთის (213), მეორეზე კი სომხეთის (138) გუნდია.

18 ივნისიდან სამოკოვოში სტარტს აიღებს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ ტურნირზე საქართველო 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

44
თემები:
სპორტის ამბები (1132)
მომავლის გზა - მამა და შვილი

საქართველოში მამის დღე აღინიშნება

0
(განახლებულია 14:41 19.06.2021)
მამის დღე ახსენებს საზოგადოებას, თუ რამდენად დიდია შვილების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა და აქტივობა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში 20 ივნისს მამის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მამის დღე საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში წელს მეექვსედ აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად ზუგდიდსა და ოზურგეთში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.

კერძოდ, 19 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ზუგდიდის სპორტულ დარბაზში მამებისა და შვილებისთვის გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი.

ვორქშოპის მიმდინარეობისას მამები და შვილები ერთად იმუშავებენ ტექნოლოგიურ პროექტებზე, რაც, ერთი მხრივ, დააახლოებს მათ და, მეორე მხრივ, ბავშვების ტექნოლოგიებით დაინტერესებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

ასევე, 19 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება წიგნის „მამები და შვილები“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოიცა.

წიგნში თავმოყრილია 13 წლის მუხრან მაჭავარიანის წერილი მამისადმი, ოთარ და თაკო ჭილაძეები, გელა ჩარკვიანი და მისი შვილები – ირაკლი და თეონა, ფრიდონ და ზაზა ხალვაშები, ვახტანგ და ირინა ჯავახაძეები, ბაჩანა ბრეგვაძე და მისი ქალიშვილები ქეთევანი და ანა. ასევე ამ წიგნში შეგხვდებათ, თუ რას წერდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესახებ მიხეილ და ქეთევან ჯავახიშვილები, პაოლო და მედეა იაშვილები, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები.

ღონისძიებას ზვიად კვარაცხელია და დავით გორგილაძე გაუძღვებიან.

ხვალ, 20 ივნისს, ოზურგეთში, კაფეში „8+1“, საბავშვო წიგნის „ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნის ავტორი დავით გორგილაძეა. წიგნი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგადასავლებზე მოგვითხრობს, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევების გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

ღონისძიებას წიგნის ავტორები, მწერალი დათო გორგილაძე და ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი გაუძღვებიან.

მამის დღე არის დღესასწაული, რომელიც ბევრ ქვეყანაში მამობის აღსანიშნავად და მამების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ის, როგორც წესი, ივნისის მესამე კვირა დღეს იმართება. დღესასწაული პირველად აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს აღინიშნა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ინიციატივით საქართველოში 2016 წელს დაიწყო კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

0