ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმი საფეხბურთო დღესასწაულისთვის ემზადება

55
(განახლებულია 14:00 08.05.2021)
ბილეთები ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩზე საფეხბურთო შეხვედრებს დანატრებულმა გულშემატკივარმა სულ რამდენიმე საათში შეიძინა

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმი დიდ საფეხბურთო დღესასწაულს ელოდება – 8 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატის მე–12 ტურის ფარგლებში მეორე წრის ცენტრალური თამაში გაიმართება, სადაც ორი „დინამო“ დაუპირისპირდება ერთმანეთს – ბათუმელები თბილისელებს უმასპინძლებენ.

საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო>>

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის „დინამო“ ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ ბათუმელებს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს; მეორეც, ერთმანეთს ხვდებიან გასული სეზონის ჩემპიონი და ვიცე–ჩემპიონი და სავარაუდოდ, ეროვნულ ლიგაში გამარჯვებისთვის წელსაც სწორედ ეს ორი კლუბი იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

და ბოლოს, მესამე – მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება, ახალ გაზონზე (სპეციალური ჰიბრიდული საფარით) და რაც მთავარია, 6 200 გულშემატკივრის თანდასწრებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

მატჩი 20:15 საათზე დაიწყება.

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა და ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. ბათუმის ახალი არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონია, რომელიც უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.

55
თემები:
სპორტის ამბები (1129)
გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია

გიორგი ქინქლაძე ფეხბურთში ბრუნდება! ბაჩანა არაბული კი საბერძნეთში აღიარეს

18
(განახლებულია 17:31 13.06.2021)
განსაკუთრებით საინტერესო კვირა ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის და მარიამ ბოლქვაძის მოგებათა სერია პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე.

ბაჩანა არაბულის აღიარება საბერძნეთში და სატრანსფერო სიახლეებით დატვირთული კვირა

ქართველი ფორვარდის ბაჩანა არაბულის გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს. ბერძნული „ლამიას“ შემტევმა 2020/2021 წლის სეზონის გამორჩეული გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს სალონიკის „არისის“ კარში გაიტანა. ბაჩანა არაბულმა ჯერ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ულამაზესი „მაკრატელას“ ავტორიც გახდა.

სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში ჩატარდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით იმარჯვა, მას ხმების სრული რაოდენობის 52.87% ერგო და უპირობო ლიდერი გახდა.

ბაჩანა არაბული „ლამიას“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და საბერძნეთის სუპერლიგაში 21 თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

სატრანსფერო სიახლეებს რაც შეეხება, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას შემდეგ კლუბის შეცვლა კიდევ რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კარიერის გაგრძელება ბრატისლავას „სლოვანში“ გადაწყვიტა. ინფორმაცია რამდენიმე სპორტულმა მედიასაშუალებამ დაადასტურა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი წვრთნის და სლოვაკ სპეციალისტს კაშიასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აკავშირებს.

პარალელურად კლუბი შეიცვალა ოთო კაკაბაძემაც, რომელიც პოლონეთში გადაბარგდა და „კრაკოვიას“ მაისურს მოირგებს. ოთარმა პოლონურ გუნდთან  3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ „კრაკოვიას“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდმა 2020/2021 წლების სეზონში, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, მე-14 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი აქამდე ესპანურ „ტენერიფეში“ გამოდიოდა, თუმცა ოთომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას მომავალი კლუბის შესახებ, რომელიც შესაძლოა კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდეს. კლუბი, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ქართველმა ლეგიონერებმაც. შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კვიპროსულ მედიაში გავრცელდა. 

გამოცემა ასევე იუწყება, რომ „ანორთოსისში“, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძეც ვიხილოთ. ცხადია, რომ ქართველი ვეტერანი სპორტსმენი საფეხბურთო კარიერას ვერ გააგრძელებს, ამიტომ ის სავარაუდოდ თანამდებობას კლუბის მენეჯმენტში მიიღებს. კვიპროსში აღნიშნავენ, რომ ქინქლაძის რჩევები, საფეხბურთო კავშირები და ქართველ ფეხბურთელებზე მისი გავლენა მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის.

ბექა ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა, შავდათუაშვილმა კი საქართველოს ჰიმნი გააჟღერა

გასული კვირა საინტერესო იყო ძიუდოს ქომაგებისთვის, რადგან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე მედალი აიღეს.

ტურნირის მესამე საჭიდაო დღეს მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) შეძლო, რომელმაც მიჯრით ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში უდანაკარგოდ გავიდა. ფინალში გასულმა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედ სპორტსმენს შეხვედრის მიმდინარეობისას ორი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, რომელიც დამატებით დროშიც გადაჰყვა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში ჩართულმა მაციასმა 50-ე წამზე ტატამი დატოვა, რისთვისაც რიგით მესამე გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილს პირველობა დაუთმო.

„მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო და ჰიმნი ავაჟღერე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვალ და კიდევ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა.

ოქრო ვერა, მაგრამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქმე აქაც დამატებით დრომდე მივიდა. ფინალში გასულმა 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ მატიას კასესთან იპონით წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ყველაზე დასანანი იყო მსოფლიო პირველობაზე ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მარცხი, რომელმაც პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ სპორტსმენთან ულამაზესი გდება შეასრულა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მან ეს აკრძალული ილეთის მეშვეობით შეძლო. ბექა შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ლამაზი ილეთი შემოგვთავაზა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა საეჭვო ვითარების გამო მსაჯებმა მომენტი განმეორებით ნახეს, სადაც გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილთან ერთად მეხუთე საჭიდაო დღეს მარიამ ჭანტურიაც (70 კგ) გამოეთიშა.

სანატრელი ოქროს მედალი ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), რომელიც 1/4-ფინალში სერბ ალექსანდარ კუკოლთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. 32 წლის კაპიტანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი თავისი საყვარელი ილეთი გამოიყენა, მოწინააღმდეგე შებოჭა და ბრინჯაოს მედალს იპონის შეფასებით დაეუფლა.

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირზე ფინალში გავიდა, ბასილაშვილმა კი ჰალეში მოგებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. 23 წლის ბოლქვაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს, ITF დონის ნახევარფინალში იაპონელ ჰონტამასს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბოლქვაძე ფინალში 13 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გაირკვევა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან გერმანიაში ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა გერმანელ რუდოლფ მოლეკერთან მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი, რომელიც საათსა და 31 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზის უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩოგბურთელებმა თავიანთი ჩაწოდებები კარგად გამოიყენეს, რაზეც მატჩის შედეგიც მეტყველებს. ჩოგბურთელებმა ორი ტაიბრეიკი ითამაშეს და ორივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სპორტსმენს შეხვდება. ჩვენებურის მეტოქე ამჯერად იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

18
ანტონ პლესნოი

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზია ოთხმა ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა

26
(განახლებულია 16:07 13.06.2021)
2016 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები იყო წარმოდგენილი 40 სპორტსმენით, ახლა კი ნაკრებს 19 ლიცენზია აქვს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. ზაფხულის ოლიმპიადაზე ტოკიოში საქართველო ოთხი ძალოსნით იქნება წარმოდგენილი, რაც თითოეული ქვეყნისთვის მაქსიმალური კვოტაა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ამჟამინდელი რეიტინგის მიხედვით, ტოკიოში შემდეგი ძალოსნები გაემგზავრებიან: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მოქმედი რეკორდების მფლობელი - ლაშა ტალახაძე (+109 კგ); ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი - ანტონ პლესნოი (-96 კგ); ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი - შოთა მიშველიძე (-61 კგ). ამ ჩამონათვალს დაემატა კონტინენტური ჩემპიონატის გამარჯვებული გოგა ჩხეიძე (-67 კგ).

ამრიგად, საქართველოს ამჟამად 19 ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული.

ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადის საგზურები მოიპოვეს (13.06.2021)

სპორტსმენი სპორტის სახეობა
ნინო სალუქვაძე სროლა პისტოლეტიდან
სახილ ალახვერდოვი -52 კგ, კრივი
ესკერხან მადიევი -69 კგ, კრივი
გიორგი ხარაბაძე -75 კგ, კრივი
გიორგი მუჯარიძე მძლეოსნობა, ბირთვის კვრა
ლაშა გელელაური მძლეოსნობა, სამმაგი ნახტომი
სანდრო ბაზაძე ფარიკაობა
გოგიტა არქანია კარატე, -84 კგ
რამაზ ზოიძე -67 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ლაშა გობაძე -87 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
გიორგი მელია -97 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
იაკობ ქაჯაია -130 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ავთანდილ კენჭაძე -74 კგ, თავისუფალი ჭიდაობა
ელიზბარ ოდიკაძე -97 კგ, თავისუფალი ჭიდაობა
გენო პეტრიაშვილი -125 კგ, თავისუფალი ჭიდაობა
შოთა მიშველიძე -61 კგ, ძალოსნობა
გოგა ჩხეიძე -67 კგ, ძალოსნობა
ანტონ პლესნოი -96 კგ, ძალოსნობა
ლაშა ტალახაძე

+109 კგ, ძალოსნობა

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები სპორტის 11 სახეობაში 40 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

26
წყალდიდობის შედეგები თბილისში. 2015 წლის 13-14 ივნისი

თბილისში ექვსი წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენეს

0
სვანიძის ქუჩაზე დაღუპულთა მემორიალთან დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, მეხანძრე-მაშველები, დაღუპულთა ახლობლები და რიგითი თბილისელები.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი საშინელი ტრაგედია ექვსი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

დღეს დილიდან ისეთივე ნაცრისფერი ღრუბლები იყო თბილისის თავზე, როგორც იმ ავბედით დღეს.

2015 წლის 13 ივნისს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, რომლის ყველა ბინადარი დაიღუპა. ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი. 200 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

გადარჩენილ ცხოველებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებდნენ. ბევრის დაძინება გახდა საჭირო. 17 ივნისს ერთ-ერთი გაქცეული ვეფხის თავდასხმას შემთხვევითი გამვლელი შეეწირა.

სვანიძის ქუჩაზე დაღუპულთა მემორიალთან დღეს დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, მეხანძრე-მაშველები, დაღუპულთა ახლობლები და რიგითი თბილისელები.

პირველები მემორიალთან მივიდნენ მაშველები, რომლებმაც იმ ღამეს თავისი თანამშრომელი დაკარგეს. 37 წლის ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. თბილისის ერთ-ერთი ქუჩა ახლა მის სახელს ატარებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 13 ივნისი დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ბევრი ადამიანი შეიწირა, მეორეს მხრივ კი ამ სიტუაციამ მთელი საზოგადოება გააერთიანა.

„ეს დღე ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ. მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ​მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, კარგად გახსოვთ, რომ ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ხალხი, ერი, ჩვენი ახალგაზრდობა. არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„13 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ამ ადამიანების ოჯახებს, ახლობლებს“, - განაცხადა კალაძემ.

ტრაგედიიდან მეორე დღეს ქალაქის ცენტრი გაივსო მოგლეჯილი ხეებით და ტალახით. ქუჩების გაწმენდის სურვილი ათი ათასმა მოხალისემ გამოთქვა, რომლებსაც „ბოტების თაობა“ შეარქვეს.

0