ნიკა კვეკვესკირი

პოლონურმა საფეხბურთო კლუბმა ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი გააგრძელა

42
„ლეხში“ ასპარეზობის პერიოდში კვეკვესკირმა 10 მატჩი ჩაატარა (ცხრა პოლონეთის ჩემპიონატში და ერთი ქვეყნის თასზე)

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის „ლეხთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელა, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

კვეკვესკირი „ლეხს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა, მანამდე კი მან სამი სეზონი ყაზახეთის „ტობოლში“ გაატარა. ნახევარმცველსა და პოზნანის კლუბს შორის მოქმედი შეთანხმება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. მაგრამ კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ლეხს“ და 28 წლის ფეხბურთელს შორის შეთანხმება ორი წლით შეიძლება გაგრძელდეს.

„ნიკამ თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ გუნდისთვის სარგებლობა მოაქვს. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია - ეროვნულ ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული. მას ძლიერი წნეხის ქვეშ უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. ასე რომ მომდევნო სეზონზე ჩვენ საყრდენ ზონაში პრობლემები არ გვექნება“, - ასე შეაფასა ქართველი ფეხბურთელის თამაში „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ ჟინსამ.

თავად კვეკვესკირი ასე გამოეხმაურა ახალი კონტრაქტის ხელმოწერას:

„ძალიან მახარებს ახალი შეთანხმება. რაც გუნდში მოვედი, ყველა მატჩში ვცდილობ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინო. ვფიქრობ, დავიმსახურე კონტრაქტის გაგრძელება. მინდორზე დავამტკიცე, რომ კლუბისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვარ. მომდევნო სეზონზე „ლეხი“ ასი წლის იუბილეს აღნიშნავს, და მიხარია, რომ ამ მოვლენის მონაწილე ვიქნები. მომდევნო სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქომაგები გავახაროთ“, - განაცხადა კვეკვესკირმა.

„ლეხში“ ასპარეზობის პერიოდში კვეკვესკირმა 10 მატჩი ჩაატარა (ცხრა პოლონეთის ჩემპიონატში და ერთი ქვეყნის თასზე).

პოლონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „ლეხი“ 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.

42
ზუგდიდი

აზიის განვითარების ბანკი ზუგდიდში სპორტული კომპლექსის მშენებლობას აფინანსებს

21
(განახლებულია 16:35 08.05.2021)
სპორტული კომპლექსის ასაშენებლად 11 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 თვეში დასრულდება.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ზუგდიდში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია და ის ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. იქვე განთავსდება ღია კაფე, მაღაზია და საკონფერენციო დარბაზი. კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც.

ახალ სპორტულ კომპლექსში შესაძლებელი იქნება ტურნირების გამართვა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 თვეში დასრულდება. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ზუგდიდის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა კიდევ სამ ქალაქში – ახალციხეში, რუსთავსა და ქუთაისში დაიწყო. 

აზიის განვითარებული ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია.

21
ბათუმის ახალი სტადიონი

ბათუმი საფეხბურთო დღესასწაულისთვის ემზადება

28
(განახლებულია 14:00 08.05.2021)
ბილეთები ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩზე საფეხბურთო შეხვედრებს დანატრებულმა გულშემატკივარმა სულ რამდენიმე საათში შეიძინა

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმი დიდ საფეხბურთო დღესასწაულს ელოდება – 8 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატის მე–12 ტურის ფარგლებში მეორე წრის ცენტრალური თამაში გაიმართება, სადაც ორი „დინამო“ დაუპირისპირდება ერთმანეთს – ბათუმელები თბილისელებს უმასპინძლებენ.

საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო>>

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის „დინამო“ ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ ბათუმელებს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს; მეორეც, ერთმანეთს ხვდებიან გასული სეზონის ჩემპიონი და ვიცე–ჩემპიონი და სავარაუდოდ, ეროვნულ ლიგაში გამარჯვებისთვის წელსაც სწორედ ეს ორი კლუბი იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

და ბოლოს, მესამე – მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება, ახალ გაზონზე (სპეციალური ჰიბრიდული საფარით) და რაც მთავარია, 6 200 გულშემატკივრის თანდასწრებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

მატჩი 20:15 საათზე დაიწყება.

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა და ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. ბათუმის ახალი არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონია, რომელიც უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.

28
თემები:
სპორტის ამბები
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

0
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

0