ხვიჩა კვარაცხელია

სლუცკი: კვარაცხელია უკვე ევროპის საუკეთესო ჩემპიონატების დონეზე თამაშობს

36
(განახლებულია 14:15 26.04.2021)
ქართველი ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო ლიგებში კონკურენტუნარიანი იქნება, მიიჩნევს „რუბინის“ თავკაცი.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსული ჩემპიონატის დონეს უკვე გასცდა.

„მე ვფიქრობ, ეს მოთამაშე ყველა ძირითადი საფეხბურთო მახასიათებლითა და მეტრიკით ევროპის ლიგების ტოპ-ხუთეულიდან ბრწყინვალე მოთამაშეების ხუთეულში შედის. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ამიტომ არწივს კოლიბრის გალიაში ვერ ჩაატევ“, – განუცხადა სლუცკიმ გამოცემას tatarstan24.tv.

ამასთან „რუბინის“ თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ლიგებში კონკურენტუნარიანი იქნება.

„თუ ადამიანი მართლაც გასცდა დონეს და მართლაც შეუძლია იყოს კონკურენტუნარიანი ფეხბურთის პრინციპულად სხვა დონეზე და პრინციპულად სხვა ლიგებში, ეს, ერთი მხრივ, დასანანია, მეორე მხრივ, ეს უზომო სიამაყეა, რადგან ჩვენ შევძელით მომზადება ადამიანის, რომელიც, იმედი მაქვს, ევროპის წამყვან გუნდებში ზეკონკურენტული გახდება“, – აღნიშნა სლუცკიმ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასმედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიათი დაინტერესებული არიან ევროპის წამყვანი კლუბები: „იუვენტუსი“, „მილანი“, „ნაპოლი“, „ატლანტა“, „ბავარია“, „ბორუსია“. თუმცა ოფიციალური წინადადება „რუბინს“ ჯერ არ მიუღია.

ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt-ის ვერსიით, კვარაცხელიას ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ითამაშა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

36
ლუხუმ ჩხვიმიანი

საქართველოს ნაკრებმა ყაზანის გრანდ–სლემი ოქროს მედლით დაიწყო

60
(განახლებულია 22:37 05.05.2021)
ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დამატებით დროში დაამარცხა, სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა კი პირველი საჭიდაო დღე მედლების გარეშე დაასრულეს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში პირველი მედალი აიღო – ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრანდ–სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (–60 კგ) ყაზანში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველ ეტაპზე კამერუნელ მეტოქეს ბერნარდინ ცალას აჯობა. ამის შემდეგ ლუხუმმა პორტუგალიელი როდრიგო კოშტა ლოპესის, ჩეხი დავიდ პულკრაბეკსა და რუსი რამაზან აბდულაევის ბარიერი დაძლია. 

ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იყო. ჩხვიმიანმა მეტოქეს დამატებით დროში შებოჭვის შედეგად აჯობა და ოქრო მედალს დაეუფლა.

ყაზანის გრანდ–სლემზე ჩხვიმიანთან ერთად საქართველოს სახელით დღეს ბაგრატ ნინიაშვილი (–66 კგ) და ტატიანა ლევიცკა–შუკვანი (–52 კგ) ასპარეზობდნენ. ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ყაზახ იესეტ კუანოვთან დათმო. დასანანი მარცხი განიცადა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (–52 კგ), რომელიც საწყის ორთაბრძოლაში შვეიცარიელ ფაბიენ კოხერს ვაზარით უგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მესამე შიდო (გაფრთხილება) მიიღო და ტურნირს გამოეთიშა.

გრანდ–სლემზე მომდევნო დღეებში საქართველოს ნაკრების სახელით გამოვლენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე (ორივე –73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე (ორივე –90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

ყაზანის გრანდ–სლემმა სტარტი დღეს აიღო და 7 მაისს დასრულდება.

 

60
თემები:
სპორტის ამბები
გიორგი მამარდაშვილი

ქართველი მეკარე ესპანურ გრანდში ტრანსფერი ძალიან მალე დაიხურება

53
(განახლებულია 19:32 05.05.2021)
ტრანსფერის შემთხვევაში „ლოკომოტივის“ მეკარე „მესტალიაზე“ იჯარის წესით ითამაშებს, „ვალენსია“ კი სურვილის შემთხვევაში მამარდაშვილს ერთ მილიონ ევროდ დაიმატებს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანურ „ვალენსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მესტალიური კლუბი პირველ ეტაპზე მამარდაშვილს სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში განიხილავს. მიუხედავად ამისა, ქართველი გოლკიპერი კლუბის მესამე მეკარე იქნება, რაც მის ძირითად კლუბში დაწინაურების შანსებს ზრდის. მამარდაშვილი „ლოკომოტივისგან“ თანხმობას ელოდება, რის შემდეგაც „ვალენსიაში“ იჯარის წესით გადავა, ხოლო ესპანური კლუბი მის გამოსყიდვას ერთ მილიონ ევროდ შეძლებს.

„ვალენსია“ ქართველი სპორტსმენის ტრანსფერზე თბილისის „დინამოს“ შეუთანხმდა, რადგან ახალგაზრდა მეკარე დედაქალაქელთა საკუთრებაშია და „რკინიგზელების“ კარს დროებით იცავს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი უეფამ 2021 წლის 50 ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. მამარდაშვილს ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარედ განიხილავენ.

გიორგი მამარდაშვილმა უეფას „ევროპა ლიგის“ შესარჩევ ეტაპზე „ლოკომოტივის“ რიგებში თავი რამდენჯერმე გამოიჩინა. ის ასევე ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და წლის საუკეთესო მეკარის წოდებით დაჯილდოვდა.

 

53
თემები:
სპორტის ამბები
რუსუდან კერვალიშვილი

კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა

0
(განახლებულია 17:02 06.05.2021)
ყოფილი დეპუტატი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი იხსენებს საპატიმროში დასთან, მაია რჩეულიშვილთან შეხვედრის მომენტს.
კერვალიშვილი: როცა საპატიმროში შევედი, მაია დავინახე, კუთხეში იჯდა
„საპატიმროში შესვლა ჩემთვის განსაკუთრებული განცდა იყო -  ჩვენი ოთახის კუთხეში იჯდა მაია. როდესაც კარები დაიხურა, მომეცა საშუალება, მასთან მივსულიყავი. ამას ვნატრობდი მთელი 9 თვის განმავლობაში. მაიას წინაშე დანაშულის შეგრძნება მქონდა, რადგან ჩვენ ერთად ვაკეთებდით საქმეს. პირველი შეგრძნება მქონდა ასეთი - „მაია, მე მოვედი, ჩვენ ერთად ვართ“. მაია დაფეთებული დამხვდა, მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი დაკავება“, -ამბობს კერვალიშვილი.

დებს – სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს  2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის  4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კერვალიშვილი 2017 წლის 31 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს. რჩეულიშვილი კი იმ დროისთვის უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა სხვა საქმეზე – აჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას თანხების მითვისებაზე.

კერვალიშვილმა ოთხწლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წლის 30 მარტს დატოვა.

0