ხვიჩა კვარაცხელია

„დამნაშავეა მსაჯი“: „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა

37
სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონზე ნახევარმცველი თავის კლუბს ვეღარ დაეხმარება, რადგან რუსული პრემიერ-ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას ტრავმაში, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა გასული ტურის მატჩში „ურალის“ წინააღმდეგ მიიღო, დამნაშავეა მსაჯი.

„მარტივი მომენტია: ყველა ლიგაში მიდიან ვარსკვლავების სანახავად. ფეხბურთი ქომაგებისთვის არსებობს. გულშემატკივრები მიდიან კვარაცხელიას საყურებლად - ეს ცხადია. იქ იყო „ურალის“ 10 ათასზე მეტი ქომაგი და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიას სანახავად მივიდა. როდესაც პირველ 15 წუთში კვარაცხელიას წინააღმდეგ ხდება სამი ძალიან უხეში ფოლი უკნიდან დარტყმებით, იდაყვებით ... და იმ მომენტშიც კი, როდესაც მან ტრავმა მიიღო, „ურალის“ მოთამაშემ მანამდე მოასწრო და აქილევსის მყესზე დაარტყა“, - უამბო სლუცკიმ გამოცემა championat.com-ს.

მისი თქმით, კვარაცხელიას მიერ მიღებული ტრავმა მეტწილად არბიტრის მიერაა პროვოცირებული, რომელმაც აშკარა სიტუაციებში ფოლი არ მისცა.

ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კვარაცხელიას აქვს დაზიანებული მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები („ჰამსტრინგი“). სავარაუდოდ, მის ფორმაში ჩადგომას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზე ნახევარმცველი თავის კლუბს ვეღარ დაეხმარება, რადგან რუსული პრემიერ-ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა სლუცკის სიტყვები კვარაცხელიას შესაძლო დაბრუნებაზე სეზონის დასრულებამდე: „ყოველთვის ძალიან ძნელია საუბარი წინასწარ, მაგრამ ასე ვიტყვი: კვარაცხელიას სეზონის ბოლომდე თამაშის შანსი აქვს“.

კვარაცხელიამ მიიღო დაზიანება „ურალთან“ გასვლით მატჩზე და მოედნის დატოვება მხოლოდ ექიმების და თავისი გუნდელის დახმარებით შეძლო.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ითამაშა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

XXVI ჩატარებული ტურის შემდეგ „რუბინმა“ 46 ქულა მოაგროვა და ტურნირში მეოთხე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც ევროთასის ზონაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

 

37
ლუხუმ ჩხვიმიანი

საქართველოს ნაკრებმა ყაზანის გრანდ–სლემი ოქროს მედლით დაიწყო

59
(განახლებულია 22:37 05.05.2021)
ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დამატებით დროში დაამარცხა, სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა კი პირველი საჭიდაო დღე მედლების გარეშე დაასრულეს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთში პირველი მედალი აიღო – ლუხუმ ჩხვიმიანმა ყაზანის გრანდ–სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (–60 კგ) ყაზანში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველ ეტაპზე კამერუნელ მეტოქეს ბერნარდინ ცალას აჯობა. ამის შემდეგ ლუხუმმა პორტუგალიელი როდრიგო კოშტა ლოპესის, ჩეხი დავიდ პულკრაბეკსა და რუსი რამაზან აბდულაევის ბარიერი დაძლია. 

ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე იყო. ჩხვიმიანმა მეტოქეს დამატებით დროში შებოჭვის შედეგად აჯობა და ოქრო მედალს დაეუფლა.

ყაზანის გრანდ–სლემზე ჩხვიმიანთან ერთად საქართველოს სახელით დღეს ბაგრატ ნინიაშვილი (–66 კგ) და ტატიანა ლევიცკა–შუკვანი (–52 კგ) ასპარეზობდნენ. ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ყაზახ იესეტ კუანოვთან დათმო. დასანანი მარცხი განიცადა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (–52 კგ), რომელიც საწყის ორთაბრძოლაში შვეიცარიელ ფაბიენ კოხერს ვაზარით უგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მესამე შიდო (გაფრთხილება) მიიღო და ტურნირს გამოეთიშა.

გრანდ–სლემზე მომდევნო დღეებში საქართველოს ნაკრების სახელით გამოვლენ: ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე (ორივე –73 კგ), ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ), იმედა გოგოლაძე, ლუკა მაისურაძე (ორივე –90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ).

ყაზანის გრანდ–სლემმა სტარტი დღეს აიღო და 7 მაისს დასრულდება.

 

59
თემები:
სპორტის ამბები
გიორგი მამარდაშვილი

ქართველი მეკარე ესპანურ გრანდში ტრანსფერი ძალიან მალე დაიხურება

53
(განახლებულია 19:32 05.05.2021)
ტრანსფერის შემთხვევაში „ლოკომოტივის“ მეკარე „მესტალიაზე“ იჯარის წესით ითამაშებს, „ვალენსია“ კი სურვილის შემთხვევაში მამარდაშვილს ერთ მილიონ ევროდ დაიმატებს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას ესპანურ „ვალენსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მესტალიური კლუბი პირველ ეტაპზე მამარდაშვილს სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში განიხილავს. მიუხედავად ამისა, ქართველი გოლკიპერი კლუბის მესამე მეკარე იქნება, რაც მის ძირითად კლუბში დაწინაურების შანსებს ზრდის. მამარდაშვილი „ლოკომოტივისგან“ თანხმობას ელოდება, რის შემდეგაც „ვალენსიაში“ იჯარის წესით გადავა, ხოლო ესპანური კლუბი მის გამოსყიდვას ერთ მილიონ ევროდ შეძლებს.

„ვალენსია“ ქართველი სპორტსმენის ტრანსფერზე თბილისის „დინამოს“ შეუთანხმდა, რადგან ახალგაზრდა მეკარე დედაქალაქელთა საკუთრებაშია და „რკინიგზელების“ კარს დროებით იცავს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილი უეფამ 2021 წლის 50 ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა. მამარდაშვილს ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების ძირითად მეკარედ განიხილავენ.

გიორგი მამარდაშვილმა უეფას „ევროპა ლიგის“ შესარჩევ ეტაპზე „ლოკომოტივის“ რიგებში თავი რამდენჯერმე გამოიჩინა. ის ასევე ეროვნული ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და წლის საუკეთესო მეკარის წოდებით დაჯილდოვდა.

 

53
თემები:
სპორტის ამბები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები