მიშო ბაშელეიშვილი

მიხეილ ბაშელეიშვილი: ტყუპისცალთან ერთად თამაში განსაკუთრებულია...

0
(განახლებულია 08:55 04.04.2021)
საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გულშემატკივრებმა გასულ წელს მიხეილ ბაშელეიშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ის უკვე წლებია გუნდში საკუთარ ტყუპისცალთან ნიკოლოზთან ერთად თამაშობს.

საფეხბურთო კლუბი „თელავი“, რომელიც ეროვნულ ლიგა 1-ში მეორე წელია საკმაოდ კარგად ასპარეზობს 2016 წლის 19 ივლისს დაარსდა. გუნდი ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, სოსო გრიშიკაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ დააფუძნეს. დაარსების დღიდან კახური კლუბი წლიდან წლამდე პროგრესირებდა, მათ რეგიონალური ლიგიდან დაიწყეს აღმასვლა. ახლა უკვე მეორე წელია „თელავი“ ცხრილის სათავეში მოსახვედრად იბრძვის და კონკურენტი გუნდებისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედაც კი იქცა.

საფეხბურთო კლუბი „თელავი“
საფეხბურთო კლუბი „თელავი“

თელავურ გუნდს უამრავი საინტერესო ფეხბურთელი ჰყოლია. ბევრმა მათგანმა ამ გუნდიდან უცხოური კლუბებისკენაც გაიკვალა გზა. მიუხედავად ბევრი სირთულისა და იმედგაცრუებისა, „თელავში“ ისეთი ფეხბურთელებიც ირიცხებიან, რომლებიც ერთგულად დგანან კახური გუნდის სადარაჯოზე. ერთ-ერთი მათგანია გულშემატკივრისთვის გამორჩეული ფეხბურთელი მიხეილ ბაშელეიშვილი. ის თელავში თითქმის დაარსების წლიდან ასპარეზობს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მიშოსთან ერთად კახურ კლუბში მისი ტყუპისცალი ნიკოლოზიც თამაშობს.

საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ნახევარმცველმა მიხეილ ბაშელეიშვილმა Sputnik-საქართველოსთან თელავურ კარიერაზე, ტყუპისცალთან ერთად თამაშის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მიშო ბაშელეიშვილი
მიშო ბაშელეიშვილი

- თელავის გუნდში კოვიდი გავრცელდა, რომელიც შენც შეგეხო. ახლა როგორ გრძნობ თავს და რა მდგომარეობაა გუნდში?

- კვირაზე მეტია მოთამაშეების დიდი ნაწილი გუნდს ვერ ვეხმარებით. კლუბში ვირუსი დროის ერთ ინტერვალში გავრცელდა და დაახლოებით 15-16 კაცი დაინფიცირდა. ჩემს შემთხვევაში ბოლო ტესტმა კოვიდზე დადებითი პასუხი აჩვენა, ამ ეტაპზე თბილისში ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში ვიმყოფები, სადაც ექიმების ზედამხედელობის ქვეშ ვარ. ვიმედოვნებ, რომ სათამაშოდ უახლოეს დღეებში უკვე მზად ვიქნები და შევძლებ გუნდის დახმარებას. სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, ზოგიერთი მათგანი კვლავ მკურნალობს, ზოგიც გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

- როდის დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ მოხვდი თელავში?

- ფეხბურთის თამაში მე და ჩემმა ძმამ 10 წლის ასაკში დავიწყეთ. რამდენიმე წელი „ვიტ ჯორჯიაში“ ვვარჯიშობდით და შემდეგ იყო „დინამოს აკადემია“, სადაც ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდით. შემდეგ იყო რთული პერიოდიც, რადგან პატარა ასაკში ტრავმა მივიღე და წელზე მეტი გამიცდა. „თელავს“ მაშინ შევუერთდი, როცა რეგიონალური ლიგიდან მესამე ლიგაში აღზევდნენ, კლუბი პირველ ნაბიჯებს დგავდა მისი არსებობის ისტორიაში, ბევრი ახალი ფეხბურთელი დაიმატა და მეც ამ ახალი, წარმატებული პროექტის ნაწილი გავხდი.

მიშო ბაშელეიშვილი
მიშო ბაშელეიშვილი

- უკვე რამდენიმე წელია კლუბის ბაზაზე ცხოვრობ, რამდენად რთულია სახლიდან ასე შორს ყოფნა?

დიახ, თელავში მისვლის დღიდან ბაზაზე ვცხოვრობ. საწყის წლებში ძალიან გამიჭირდა, რადგან პატარა ასაკში პირველად აღმოვჩდნი სახლიდან ასე შორს, მიუხედავად ამისა ნელ-ნელა გავიარე ადაპტაცია და მივეჩვიე აქაურ გარემოს. შემდგომში ეს ყველაფერი დამეხმარა, რომ უფრო პროფესიონალურად და სერიოზულად შემეხედა საქმისთვის, ასევე მასწავლა როგორ მეცხოვრა დამოუკიდებლად. არის გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ბაზაზე არ ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში ერთად ვართ.

- როგორია ტყუპისცალთან ერთად მოედანზე ყოფნა?

- მართალია ფეხბურთი გუნდური სპორტია, თუმცა ნიკუშასთან ერთად თამაში განსხვავებულია. ერთმანეთის განსაკუთრებულად გვესმის და შეიძლება ითქვას მოედანზე ერთმანეთის გვერდით ყოფნა საქმეს უფრო გვიმარტივებს.

ტყუპები ნიკა და მიშო ბაშელეიშვილები
ტყუპები ნიკა და მიშო ბაშელეიშვილები

- გასულ სეზონში თელავის გულშემატკივარმა გამოგარჩია, რამდენად გრძნობ მათ მხარდაჭერას?

თელავის გულშემატკივარი მარტო ჩემთვის არა, არამედ მთლიანად გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. მთელი გულით და სულით არიან ჩართულები ყველაფერში და მათ მხარდაჭერას თითოეულ ნაბიჯზე ვგრძნობთ. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს და პირობებს, ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან. თელავის ქომაგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით გუნდის წარმატებაში. ახლა მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენლად მეჩვენება ის თითოეული წარმატება და მოგება, რომელიც წარსულში გვქონია. აპრილიდან უკვე გულშემატკივრები ტრიბუნებს დაუბრუნდებიან, რაც ძალიან მახარებს.

- სანიოლი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს აქტიურად აკვირდება, რაც სანაკრებო მატჩებშიც გამოჩნდა.

- ვაისის დროს იშვიათად ენდობოდნენ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს. ნამდვილად უცხოა ის ნდობა ეროვნული ლიგის მოთამაშეების მიმართ, რომელიც ნაკრების ახალმა მწვრთნელმა გამოიჩინა. ჩვენთვის, თითოეული ფეხბურთელისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია და ერთიორად ზრდის მოტივაციას. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე მოირგეს ნაკრების მაისური, მინდა წარმატებები და უამრავი გამარჯვება ვუსურვო.

- რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი?

- პლეი-ოფის შეხვედრა „რუსთავთან“, ეს იყო პირველი რეალური შანსი გადმოვსულიყავით ეროვნულ ლიგაში. პირველ შეხვედრაში, რომელიც თელავში გაიმართა ცოტა უცნაური, არასაგოლე მომენტიდან მოვახერხე გოლის გატანა, რაც საოცრად ემოციური იყო და არასდროს დამავიწყდება. იმ თამაშში ჩემი გოლის წყალობით მოვახერხეთ გამარჯვება, რუსთავში კი უმძიმეს ბრძოლაში მოვიპოვეთ ეროვნული ლიგის (უმაღლესი ლიგა) საგზური. ყველაზე კარგად ალბათ ეს ორი შეხვედრა დამამახსოვრდა.

- სხვა კლუბებისგან შემოთავაზებები თუ გაქვს და რას გეგმავ მომავალში?

- ამ ეტაპზე არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან დღეს „თელავთან“ ერთად ვარ და ამ გუნდთან ერთად მსურს მივაღწიო წარმატებას ეროვნულ ლიგაში. მინდა ჯერ აქ გავაკეთო რაღაც ისეთი, რამაც შესაძლოა განაპირობოს ჩემი კარიერული წინსვლა. თითოეული თამაშის მოგებაზე ვფიქრობ და მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული.

 

0

ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა, ჩაკვეტაძე კვლავ ლაზარეთშია

0
(განახლებულია 16:48 18.04.2021)
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. ქართველმა ძიუდოისტებმა პორტუგალიაში ოქროს მედლის გარეშე დაიწყეს.

ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი და მოსკოვში გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი

ძალოსნობა საქართველოში ლაშა ტალახაძემ პოპულარულ, თუმცა „უინტერესო“ სპორტად აქცია. ქართველი გოლიათი რეკორდს რეკორდზე ამყარებს და ეს მსოფლიოს მასშტაბით აღარავის უკვირს.

ქართველმა ძალოსანმა რუსეთის დედაქალაქში მორიგი ტრიუმფი შემოგვთავაზა. ლაშა ტალახაძემ, რომელიც მძიმე წონაში ასპარეზობს, კიდევ ერთხელ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშამ მოსკოვში გამართულ შეჯიბრზე საერთო ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ გახდა, პარალელურად ორი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 211, 217 და 222 კგ. დასძლია, ბოლო მისვლაზე კი მსოფლიოს რეკორდი დააფიქსირა. აკვრაში ტალახაძემ 245, 253 და 263 კგ. ასწია. ჯამში, ქართველმა გოლიათმა 485 კგ. მოაგროვა და ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელ სომეხ ძალოსნებს - გორ მინასიანსა (464 კგ.) და ვარაზდატ ლალაიანს (445 კგ.) დიდი სხვაობით აჯობა.

მძიმე წონით კატეგორიაში ასევე იასპარეზა საქართველოს ძალოსანთა გუნდის კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ. თურმანიძემ ატაცში 191 კგ-ზე სამივე მისვლა წარუმატებლად დაასრულა და აკვრაში არც კი გამოსულა. ევროპის ჩემპიონატის დასასრულს, ცალკე დაჯილდოების ცერემონილი გაიმართა და სპეციალური ჯილდო საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს – გიორგი ასანიძეს გადაეცა.

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმები არ სრულდება, ჯაბა კანკავა კი საფრანგეთში დააფასეს

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ჩაკვეტაძეს ნამდვილად ცუდი პერიოდი უდგას. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მოედანზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი დრო არ გაუტარებია, მან ტრავმის მიღება მაინც „მოახერხა“. გენტის ნახევარმცველს ისევ პრობლემები აქვს და ვერ თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელის მდგომარეობაზე ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძემ მყესი გაიწყვიტა და კიდევ დიდი ხანი ფეხბურთს ვერ ითამაშებს.

გიორგი ჩაკვეტაძემ 2020/21 წლების სეზონში ბელგიის ჩემპიონატში სულ სამი შეხვედრა ჩაატა. მის ანგარიშზე კი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა. ჩაკვეს ოფიციალურ მატჩში 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მონაწილეობას მხოლოდ ტესტმატჩებში იღებდა.

სასიხარულოა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას წარმატება საფრანგეთში, რომელიც კლუბ „ვალენსიესის“ ფანებმა საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჯაბას ასეთ წარმატებას ფრანგულ გუნდში არავინ ელოდებოდა, თუმცა ქართველი საყრდენი საოცარ შედეგებს დებს. კანკავა თებერვალსა და მარტში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

კანკავა საფრანგეთში, ყაზახეთში გატარებული სამი სეზონის შემდეგ გადაბარგდა და ვალანსიენის საკვანძო მოთამაშედაც იქცა. მან „ვალენსიესის“ მაისურით საფრანგეთის მეორე ლიგაში 10 მატჩში ითამაშა, ასევე ორი შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის თასზე და ძირითად შემთხვევაში შეუცვლელად ითამაშა.

გასულ კვირას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებისთვის. გუნდი „ლანჩხუთის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ჩაიბარა, რომელიც ნაკრების პარალელურად გურულ კლუბსაც გაწვრთნის. საუბარია მწვრთნელზე, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა და გოგონათა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშა.

საქართველოს ნაკრები ჩხაიძის ხელმძღვანელობით მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2022 წლის 11 ოქტომბერს დასრულდება.

საინტერესოა, რომ ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, მის სამწვრთნელო მეთოდიკაზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.

„ინგლისური გამოცდილებიდან ერთი რამ განსაკუთრებით მომეწონა. ჯარიმა დავუწესე იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ვარჯიშისას ზედმეტს გორაობდნენ და მუდმივად ექიმს ითხოვდნენ. ხომ შეიძლება მუდმივად არ წუწუნებდე, განცდებს არ გამოხატავდე და კაცურად ივარჯიშო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეფექტური მეთოდი გამოდგა და მინდორზე აღარავინ გორაობს, თვით კვარაცხელიაც კი”, - განაცხადა ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ.

სლუცკის ინგლისურ „ჰალსა“ და ნიდერლანდურ „ვიტესში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, უცხო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ქართველი შემტევი ხისტი თამაშის მოყვარულია და მის წინააღმდეგ წესებს ხშირად არღვევენ.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. პირველ საჭიდაო დღეს ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (60 კგ.) და ქალთა შორის მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვიხილეთ.

ვაჟა მარგველაშვილი მიმდინარე ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში ესპანელი ადრიან ნიეტო ჩინარო დაამარცხა. ვაჟას საკმაოდ გაუჭირდა მეოთხედფინალში, სადაც ბელარუს დმიტრი მინკუსთან დამატებითი დროში იჭიდავა და საბოლოოდ გამარჯვება სუფთა გდებით მოიპოვა. ფინალური შეხვედრა კი მან იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. წარუმატებელი დღე ჰქონდა საქართველოს ვაჟთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს თემურ ნოზაძეს, მან ტურნირზე პირველივე შეხვედრა წააგო. ის ებრაელ მატან კოკოლაევთან ვაზარზე ორჯერ დაეცა.

სამწუხაროდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი. ის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კოსოვოელ ნორა გიაკოვას დაუპირისპირდა და იპონით წააგო.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მეორე საჭიდაო დღეს, ტატამზე 2 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ორივე უმედლოდ დარჩა. ტურნირზე ვიხილეთ მარიამ ჭანტურიასა (70კგ) და ლაშა შავდათუაშვილის გამოსვლა (73კგ).

მარიამ ჭანტურიამ პირველივე შეხვედრა წააგო. ის ნიდერლანდელ კიმ პოლინგთან დამარცხდა. ლაშა შავდათუაშვილი კი მოლდოველ პეტრუ პელივანს შეხვდა. ქართველმა მეტოქეს ჯერ ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ვაძიმ შოკასთან დამატებით დროში სამი შიდოს მიღების გამო დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლა მონტე კარლოს ATP ტურის მასტერსზე წარუმატებელი გამოდგა. ქართველი ჩოგბურთელი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს მეორე სეტში დანებდა, მიზეზი კი ფეხზე მიღებული ტრავმაა. შეხვედრა სულ 36 წუთს გაგრძელდა, ნიკამ კი მატჩი მეორე სეტის დასაწყისში შეწყვიტა.  

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული რუს დანიილ მედვედევს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მას კორონავირუსი დაუდგინდა და მის ნაცვლად კორტზე არგენტინელი ხუან ლონდერო ითამაშებს.

მიუხედავად მარცხისა, ნიკოლოზ ბასილაშვილი არ ისვენებს და ის კიდევ ერთ ტურნირზე იასპარეზებს. 9-25 აპრილს ATP-ის ტურის 500-იანი სერიის ტურნირი, Barcelona Open Banc Sabadell გაიმართება, რომელშიც საქართველოს პირველი ჩოგანიც ითამაშებს.

პირველ წრეში 29 წლის ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 34 წლის ფრანგი ჟერემი შარდი იქნება. მათ შორის გამარჯვებული მეშვიდე ნომრად განთესილ დენის შაპოვალოვს გაეჯიბრება.

 

0
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ „ურალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო

0
რა სახის დაზიანება აქვს კვარაცხელიას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმაზე

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა რუსეთის პირველი ლიგის XXVI ტურის მატჩში „ურალთან“ და მოედანი დატოვა.

32-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქეს გაცდა, რომელიც მის წაქცევას ეცადა, თუმცა ვერ მოახერხა და, სავარაუდოდ, ორ ნაბიჯშივე კუნთი გაეჭიმა, თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოულოდნელად გაზონზე დაეცა.

Игрок Рубина Хвича Кварацхелия получил травму в матче 26-го тура чемпионата России
© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn
ხვიჩა კვარაცხელიამ „ურალთან“ მატჩში ტრავმა მიიღო

ნახევარმცველმა ხელი ბარძაყზე მოიკიდა და მაშინვე ანიშნა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ფეხბურთელმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

რა სახის დაზიანება აქვს კვარაცხელიას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმაზე. თუ ეს ასეა, ხვიჩა, სავარაუდოდ, 2-3 კვირას გააცდენს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის „რუბინის“ მოგებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს დარკო ევტიჩმა გაიტანა.

„ურალთან“ გამარჯვების შემდეგ „რუბინმა“ 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა. კლუბი სეზონში პირველად ევროთასების ზონაში აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში რუსეთის პირველ ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

0
რიონი

გუმათში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი გადავარდა

0
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც  შეშას აგროვებდა, ხიდზე გადასვლისას მდინარეში გადავარდა

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. გუმათჰესის ხიდიდან რიონში არასრულწლოვანი გადავარდა.

17 წლის ბიჭი მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა  გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, დღეს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და ის მდინარეში გადავარდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

0